კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რატომ ვერ ბედავდა ილია ვაჟა-ფშაველასთან სიტყვის შებრუნებას

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  „ნატურალისტი მწერალი, ერთგვარი საღის რეალიზმის გადაგვარებისა, დეკადანსისა კიდევაც იმას გვიქადაგებდა: მწერალმა ფოტოგრაფის მოვალეობა უნდა იკისროს და ფოტოგრაფიულის სინამდვილით უნდა გადმოგვცეს ცხოვრებაო“. – წერს კიტა აბაშიძე ვაჟა-ფშაველაზე.
  „ვაჟა-ფშაველამ საოსტატო სემინარიის კურსი ოთხი წლის განმავლობაში დაასრულა და მასწავლებლად დაინიშნა თავის სოფელ ჩარგალში, სადაც ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ პირველ დაწყებითი სკოლა დააარსა, მაგრამ ვაჟამ მასწავლებლობას თავი ვერ დაუდვა და პეტროგრადს გაემგზავრა უმაღლესი სწავლის მისაღებად. აქ იგი გულმხურვალედაც დაეწაფა სერიოზული სწავლის მიღებას, გაიცნო გერბერტ სპენსერის, კავალევსკის თხზულებანი, აგრეთვე, ისმენდა სახელოვანი პროფესორების ლექციებსაც. სოფლის ღარიბი მღვდლის შვილი ნივთიერმა ხელმოკლეობამ აიძულა, მიეტოვებინა უნივერსიტეტი, საყვარელი სტუდენტობა და საქართველოში ჩამოსულიყო. აქ მან მალე მიიღო ადგილი შინაური მასწავლებლისა ერთ კერძო ოჯახში ქართლისკენ. ამ მშვენიერ, მდიდარ ქართლში შეირთო მან მეუღლე და ოჯახობას მოეკიდა... ვაჟა-ფშაველა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლაში, სოფელ თონეთს, მანგლისის მახლობლად, დანიშნეს მასწავლებლად. ჩქარა მასწავლებლობას სულაც მიანება თავი და, დედ-მამით დაობლებული, სამუდამოდ დაბინავდა ცოლ-შვილით სოფელ ჩარგალში. თავის სამშობლო სოფელში იგი ცხოვრობდა ისე უბრალოდ, როგორც მისივე მეზობლები, ფშაველები, მისდევდა მეურნეობას და სამწერლო ასპარეზზედაც მუშაობდა ნაყოფიერად. ხანდახან თბილისს ჩამოხედავდა და თავის ახალ ნაწერებს ქართულ რედაქციებს მიუტანდა ძღვნად და ფეშქაშად… ვაჟა-ფშაველას ავტობიოგრაფიული ცნობიდან ჩანს, რომ მას შეგირდობაშივე დაუწყია წერა 1877-1878 წლებში, გაზეთ „დროებაში“. ნიჭიერი მწერლის სახელი მან მოიხვეჭა 1884 წელს, როცა საყმაწვილო ჟურნალ „ნობათში“ დაისტამბა მისი ნაწარმოები „შვლის ნუკრის ნაამბობი“. როცა მთელ საქართველოში მარტო ერთადერთი გაზეთი „ივერია“ ისტამბებოდა, ვაჟა-ფშაველას ჩვენ ვხედავთ ამ გაზეთში მომუშავეს. ხელმძღვანელი ამ გაზეთისა, დიდი მამამთავარი ქართული ახალი ლიტერატურისა, დიდი ქებით იხსენიებდა ვაჟას პოემებს, სადაც დახატული იყო მთიელთა გმირობა და თავ-გადასავალი. ილია, ისე ღრმად იყო დარწმუნებული ვაჟას პოეტური ტალანტის დიადობაში, რომ სიტყვის შებრუნება არ ხერხდებოდა მასთან. ილიას დიდი ქებით ვაჟას ტალანტის მოხსენიებამ ის სარგებლობა მოუტანა ვაჟასაც და ქართულ მწერლობასაც, რომ ვაჟა ამ გარემოებამ დიდი ხალისით და იმედით აამუშავა და ხალისი წერისა თითქმის გაუათკეცა იმ კაცს, რომელიც მიყრუებულ მთებში იყო გადავარდნილი და მიწის მუშაობას მისდევდა (წყარო: „ბურუსი“). ილიამ გასამხნევებლად ჰონორარიც კი დაუნიშნა ვაჟა-ფშაველას და სტრიქონობით აძლევდა რედაქცია ჯილდოს, როგორც პროზის, ისე ლექსისთვის. პირველად სტრიქონში სამ-სამ კაპიკს აძლევდა, შემდეგ ჰონორარი გადიდებულ იქნა და ლექსებში შაური ეძლეოდა. ბოლოს ეგ ჰონორარი თვიურ ჯამაგირად გაუხადა ილიამ და თვეში ოცდახუთი მანეთი დაუნიშნა... ვაჟა-ფშაველა იყო ერთადერთი მწერალი, რომელსაც ამ პირობებში ეძლეოდა ჯამაგირი. ახლა ადვილად წარმოიდგენთ, პატიოსანი, თავმოყვარე, ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი თუ რატომ იყო გაუტეხელი, დაუზარებელი და თავდადებული ქართული მწერლობისთვის და ჩვენ ამას უნდა ვუმადლოდეთ ილიას, და მხოლოთ მარტო ილიას… “
***
  „ჩასულა მამაი ქალაქშია. სცმია თავის დაბღლეძილი ჩოხა. გაუვლავ ჩემ ბიძასთან, სანდროსთან სტუმრადა, – ეს ხდება ვერაზე, – იქ პოეტებს უქეიფებავ. მისალმებია მამაი. გამოუხედავ, უნახავ, ეს დაბღლეძილჩოხიანი კაცი, დიდად არავის არაფერი უთქვამ მამაისთვისა. შასულა სანდროსთანა, დაუბანავ დაწესრიგებულა, ბიძაის ახალი ჩოხა ჩაუცვამ და გამოსულა. საქმეზე მიდიოდა თურმე, რაღაც ჰქონია დასაბეჭდი. რომ მიუახლოვდაო ამ მწერლებს, რომლებიც ქეიფობდნენ და წეღან ყურადღება არ მიაქციეს, ახლა მოუხედავთ, – ვაჟა, შემობრძანდიო. ძალით შეუყვანავ მამაი და მიუწვდავ ღვინიანი ჭიქა. ვაჟას სადღეგრძელო უთქვამს და ჩოხის მასრებზე დაუსხამს ღვინო.  – რა ჰქენიო? – გაჰკვირვებიათ. წეღან აქეთ არ გავიარე, რომ ვერ შემამჩნიეთ, თქვენ ახლა ამ ჩოხას დაუძახეთ და ამ ძონძებს ეცით პატივი და ამან დალიოსო. გამოსულა და წამოსულა.“ (წყარო: „არტინფო“)
***
  ცნობილია, რომ ვაჟა-ფშაველას მთის არწივს უწოდებდნენ. ის უშიშარი კაცი იყო, კარგი მოჩხუბარი და ადამიანის დაჩაგვრას არავის აპატიებდა. თუმცა იყო რაღაც, რისაც მას ყველაზე მეტად ეშინოდა და ეს მის ბავშვობასთან იყო დაკავშირებული. ვაჟა-ფშაველას, არც მეტი, არც ნაკლები, ხეზე ასვლის ეშინოდა, რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა. ამ ფაქტთან დაკავშირებულ ისტორიას მისი მეუღლე თამარ დიდებაშვილი იხსენებდა: „ლუკას ხეზე ასვლისა ძალიან ეშინოდა. ვაშლის დაკრეფის დრო რომ მოატანდა, ხეზე ვერ ადიოდა, მუხლები მიკანკალებსო. მიზეზი რომ ვკითხე, ერთი ამბავი მიამბო: ბავშვობისას ძალიან მიყვარდა ხეზე ასვლა. სულ ერთთავად ხეებზე ვიჯექი, დედაჩემს ეშინოდა, ხიდან არ ჩამოვვარდნილიყავი და დამაშინა. მითხრა: შენ თუ ხეებზე ასვლას არ მოიშლი, აგერ, ახუნის გორაზე, სულ ზევით, მაღალი წიფელი რომ დგას, ავალ, იმ წიფელზე შევხტები, სულ წვეროზე მოვექცევი, იქიდან გადმოვვარდები, დავეცემი და მოვკვდები, შენ კი უდედოდ დარჩები, დედა მოგიკვდება და რაღა გეშველება ობოლსაო. დედის სიტყვამ ისეთი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ის დღეა და ის დღე, მე ხეზე აღარ ავსულვარ. როცა ხესთან მივალ, მაშინვე დედაჩემის სიტყვები მომაგონდება და მუხლები ამიკანკალდებაო. დედაჩემმა ისეთი ტკბილი და შთამაგონებელი ლაპარაკი იცოდა, რომ იმის ნაამბობი ზღაპრები დღესაც მახსოვსო, – იტყოდა ლუკა.“
***
  22 წლის იყო ლუკა რაზიკაშვილი, სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა, მაგრამ ხელმოკლეობის გამო ერთ წელიწადში კვლავ საქართველოში დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, მისთვის ნაყოფიერი გამოდგა პეტერბურგში გატარებული ერთი წელიწადი, იქ ფსევდონიმიც შეიძინა – ვაჟა-ფშაველა, რომელიც თუშმა მეგობარმა, დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა. მთიელმა მეგობარმა კარგად იცოდა, რომ ფშავ-ხევსურეთში „ვაჟა“ „კარგ ბიჭს“, „ვაჟკაცს“ ნიშნავდა. ლუკა რაზიკაშვილს კი ყრმობიდან უკვე ვაჟკაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ვაჟა-ფშაველას ერთადერთი ჩოხა ჰქონდა, რომელიც მწერალთა კავშირის წევრებმა საჩუქრად გადასცეს. ერთხელ, ვაჟას მეზობელი გარდაეცვალა, მეზობლებს კი არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ იგი ჩაცმული
დაემარხათ, სწორედ ამიტომ შიშველს უპირებდნენ დამარხვას. ვაჟამ ეს რომ გაიგო თქვა: ქრისტიან კაცს შიშველს ხომ არ დავმარხავთო და მეზობლის ბავშვს თავისი ერთადერთი ჩოხა გაატანა...
  ვაჟა-ფშაველას არასდროს შეეძლო ერთ საქმეზე კონცენტრირება. როდესაც ლექსს წერდა, მუდამ ყოფით პრობლემებზე ეფიქრებოდა, ხოლო როდესაც მიწას ამუშავებდა, მუდამ მუზები მოუფრენდენ ხოლმე. რამდენჯერ ყოფილა, რომ ბარი გაუგდია ხელიდან და ლექსი დაუწერია (წყარო: „ქართული აზრი“).
კობა ჭუმბურიძე: ვაჟა ბრგე კაცი და ჩინებული მოკრივე ყოფილა. ამბობენ, მჯიღის დაკვრით გოჯიან ფიცარს ამტვრევდაო. თავისი კუთხის ხალხის ქომაგი და იმედი იყო, რის გამოც მუდმივად დავა ჰქონია მეტყევეებთან, რომლებიც გლეხებს გადასახადს სთხოვდნენ, ვაჟა კი ამბობდა, ტყე ფშავლებისაა და მეფეს არაფერი ერგებაო.
  ერთ ზაფხულს ვაჟას ბიძას, მწარიას, ხარი დაუკლავს, რომელიც ციმბირის წყლულით, როგორც მაშინ ეძახდნენ – „ბედნიერით“ ყოფილა ავად. ვაჟა წასულა ბიძამისთან და ნახევარი ხარი წამოუღია. სანამ სახლში დაბრუნდებოდა, მწარიას მწვადები შეუწვავს და ზედ ფშაური არაყიც დაუყოლებიათ. სახლში მისულ ვაჟას იმ საღამოსვე აუჭრია რბილობი ხორცისთვის და ხინკალი მოუმზადებია, დანარჩენი კი ბასთურმად ქილაში ჩაუდევს. მეორე თუ მესამე დღეს კი სიცხე მისცა და თვალის ქუთუთოზე ქავილი დააწყებინა, შემდეგ ზედ მუწუკიც გამოსვლია. სხვათა შორის, ვაჟას დედას მაშინვე დაუსკვნია, რომ ეს მუწუკი „ბედნიერი“ იყო. ხორცი მაშინვე გამოიტანეს სახლიდან და მიწაში ჩაფლეს, რომ ძაღლებსაც არ ეჭამათ. ვაჟა ამ ამბის შემდეგ თვე-ნახევარი ლოგინიდან არ ამდგარა. პირველ ხანებში მას შინაურულად მკურნალობდა დედამისი, შემდეგ, როცა დაინახეს, რომ დღითიდღე ურთულდებოდა მდგომარეობა, იგი თბილისში წავიდა და მიხეილის საავადმყოფოში გაიკეთა ოპერაცია – მისთვის მკლავის სიღრმიდან ამოუჭრიათ ხორცი და თვალისთვის მიუკერებიათ.



скачать dle 11.3