კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 მაია სტეფნაძე: თქვენ რა გგონიათ, სულ ასეთი ნაზი და ფუმფულა კი არ ვარ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მაია სტეფნაძემ ტელეკომპანია „იმედიდან“ სკანდალური გამოშვების შემდეგ, რთული პერიოდი გამოწვევად აქცია და ახალი სეზონიდან მაყურებელს „ტვ პირველზე“ ახალი გადაცემით შეხვდება.
  მაია სტეფნაძე: 7 ოქტომბერს გადის ეთერში ჩემი პირველი გადაცემა და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც სხვადასხვა ფორმით დამიჭირა მხარი. ბევრი ქუჩაში მაჩერებდა, მწერდნენ, მირეკავდნენ. ეს დიდი მუხტი იყო ჩემთვის, ამ დროს ხვდები, რომ დამარცხებული არ ხარ. პირიქით, შევძელი, ამხელა სტრესი გადამეტანა და ახალი ცხოვრება დამეწყო. გავუსწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ გადაცემაში „იმედს“ ვუხდი მადლობას, იმისთვის, რომ გამომიშვა. ჩემი პირველი გადაცემის თემაა „ცხოვრება ბუმერანგია“. თუ შენ შეძლებ, რომ დიდი სირთულე გაკვეთილად მიიღო და გზა გააგრძელო, გამოდის, რომ ერთი კარის დახურვის შემდეგ, ახალი კარი გეხსნება. იმ მომენტში რომ გგონია, საშინელება მოხდა და ფიქრობ: ვაიმე, დავიღუპეო, გადის ძალიან ცოტა დრო და ხვდები, ის რომ არ მომხდარიყო, უფრო მაგარ ადგილას ვერ მოხვდებოდი.
– გაგიჭირდათ რთული პერიოდისგან თავის დაღწევა და ძალების მობილიზება?
– მივხვდი, რომ ცხოვრება ბუმერანგია. თუ შენ ამ შემთხვევამდე კეთილგანწყობა გქონდა გაშვებული სამყაროში, თურმე, ყველაფერი ორმაგად გიბრუნდება. იმ მომენტში ყველა ჟურნალისტი საოცრად დამიდგა გვერდში, მამხნევებდნენ და ამხელა მხარდაჭერამ გამომიყვანა იმ მდგომარეობიდან. ჩემს პრობლემებთან მარტო არ დავრჩენილვარ. ძალიან მადლიერი ვარ ამ სიტუაციის, სხვა შემთხვევაში ამას ვერ დავინახავდი. ეს მთელი ცხოვრება მემახსოვრება. როგორც ჩანს, ცოტათი მეც დავიმსახურე ეს დამოკიდებულება და ამიტომ ვამბობ: ცხოვრება ბუმერანგია-მეთქი.
– რა იყო ამ მომენტში ყველაზე რთული?
– უმადურობა! პირდაპირ რომ ვთქვა, ეს ძალიან მტკივნეულია.
– რა უნდა გააკეთო, რომ ბრაზმა არ შეგცვალოს?
– იმ მომენტში არჩევნის წინაშე ვიდექი. ან ნეგატივისკენ უნდა წავსულიყავი, გავბრაზებულიყავი, დავბოღმილიყავი და ვიღაცებისთვის სამაგიეროს გადახდაზე მეფიქრა, დამემცირებინა, ძალიან მეტკინა მათთვის, ან მიმეღო ეს ყველაფერი და გამეანალიზებინა, რომ შეცდომები დავუშვი და ამიტომ დამემართა ეს. შეცდომები გავიაზრე და ცხოვრება გავაგრძელე. იმ მომენტში ჩემი მომავალი სასწორზე იდო, ან სიშავესა და სიბნელისკენ უნდა წავსულიყავი, ან სინათლისკენ. გაანალიზების პროცესში ჩვენ თავს უნდა ჩავუღრმავდეთ. ძალიან ძნელია ყველასთვის ყველაფრის პატიება, მაგრამ თუ ბნელ გზას გაჰყვები და დაიბოღმები, ჩათვალე, უფსკრულისკენ მიდიხარ. მაგრამ პირველი სტრესი რომ გადაგივლის და ჯანსაღი აზროვნება დაგიბრუნდება, შეგიძლია, სრულიად სხვა გზა აირჩიო. ამხელა დარტყმები შინაგანად გაზრდისთვის დიდი შანსია. თქვენ რა გგონიათ, სულ ასეთი ნაზი და ფუმფულა კი არ ვარ, აგრესიაც იყო ჩემში, ამბიციაც არის დღესაც და ამ ყველაფრის დათრგუნვა და ნაბიჯების წინ გადადგმაა ჩემთვის ადამიანობის ფასი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, თავის დროზე, 2006 წელს, როცა დიდი რეფორმა ჩატარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გამომიშვეს ისე, რომ ჩემი საბუთები არც კი გაუხსნიათ. არ დაგავიწყდეთ, მაშინაც ფარული გამოკითხვებით, უნივერსიტეტის სტუდენტებმა ხუთ საუკეთესო ლექტორს შორის დამასახელეს. იქაც უმადურობა იყო, თუმცა მაშინ ასეთი გაზრდილი არ ვიყავი და წლების განმავლობაში უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რომ გავივლიდი, ცრემლები მომდიოდა.
– როგორ დაიწყო ეს ახალი ეტაპი?
– ინგა გრიგოლია ჩემი მეგობარია. იცით, რომ ხუთი წელი მისი პროდიუსერი ვიყავი. ის შეუპოვრობა, რაც დღეს ჩემშია, ინგასგან ვისწავლე. ინგამ ძალიან იდარდა, როცა ეს მოხდა, სულ გვერდით მედგა და მან შემახვედრა ვატო წერეთელს. კურიოზი ისაა, რომ როცა მე ის პოსტი დავწერე სოციალურ ქსელში, რის გამოც „იმედიდან“ გამომიშვეს, საერთოდ არ ვიცნობდი ვატო წერეთელს. გაცნობიერებულად დანახულიც კი არ მყავდა. გამომიშვეს ვატოს გამო, როცა არც კი ვიცნობდი. მერე ინგამ შემახვედრა. მასთან მივედი იდეებით და ვთავაზობ ჩემს თავს, როგორც პროდიუსერს, მაგრამ ლაპარაკს რომ მოვრჩი, მითხრა: არ მაინტერესებს ეს ყველაფერი. მინდა არხზე გამიკეთო გასართობი გადაცემა, რომელიც არ მაქვს. წამყვანიც შენ უნდა იყო, პროდიუსერიც და ყველაფერიო. ამდენი სტრესის მერე, ვფიქრობდი, ვაიმე, რა ვქნა-მეთქი. ბევრი პრობლემა მქონდა, თუნდაც ბინის თხუთმეტწლიანი კრედიტი და უცებ, ამ ადამიანმა საოცრება მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. მეორე დღეს დავიწყე დიეტა და ფიქრი, რა გავაკეთო-მეთქი (იცინის).
– როგორი იქნება ახალი გადაცემა?
– თუ მაყურებელი გამომყვება, ძალიან ბევრ რამეს გაიგებენ, ცნობილი და წარმატებული ადამიანებისგან. მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ მეტის გაკეთება შეუძლია, მინდა, ჩემი გადაცემა ბიძგი იყოს. დღეს ყველას გვიჭირს და სამწუხაროდ, დაგვავიწყეს, რომ პირველ რიგში, სულიერი არსებები ვართ. მატერიალური მნიშვნელოვანია, მაგრამ არა პირველხარისხოვანი. მინდა, ეს იყოს აქცენტირებული ჩემს გადაცემაში. თქვენ იცით, რომ მე შემიძლია ტაშ-ტაშით ხუთ წუთში დავგეგმო გადაცემა. ძალიან თამამად ვამბობ, ეს ტრაბახი არაა, რომ ჩემზე კარგად დღეს ტელესივრცეში არავინ იცის, რას მოაქვს რეიტინგი. მაგრამ არ წავედი მარტივი გზით. სიახლე მინდოდა, რომ ამით მადლიერება გამომეხატა იმ მაყურებლისთვის, რომელიც ასე დამიდგა გვერდით.
– ახლობლებთან ურთიერთობაშიც ასეთი შეუპოვარი ხართ?
– ჰოროსკოპით მორიელი ვარ და მებრძოლი ხასიათი მაქვს. ცხრა თვის ორსული ვიყავი მეორე შვილზე, როდესაც ასპირანტურის გამოცდები ჩავაბარე. მთელი ჩემი ცხოვრება ყოველ ახალ გამოწვევაზე საკუთარ თავს ვუმტკიცებ, რომ ამასაც შევძლებ.
– არასდროს გიფიქრიათ, რა მინდოდა, ნეტავ გავჩერებულიყავიო?
– არასოდეს. „იმედიდან“ ახალი გაგდებული ვიყავი, არ მახსოვს რა, მაგრამ რაღაც მოხდა კიდევ, „გამოვხტი“ და ისევ პოსტი დავწერე. ჩემი მეგობარი – ეკა მიშველაძე მწერს, კარგი, გოგო, სანამ „ფეისბუქიდანაც“ არ გაგაგდებენ, არ უნდა დაისვენოო?! (იცინის) მე მაპატიეთ და როცა უსამართლობას ვხედავ, რატომ უნდა გავჩუმდე,?! რომ გავჩუმებულიყავი, ხომ ვიფიქრებდი, „ვა, მაია, შეგეშინდა?“ ან „მაია, რა გჭირს, ბერდები?“.
ამ სივრცეში თუ კი ვინმეა დიდი, ყველასთან მიმუშავია: ხუთი წელი ინგას პროდიუსერი ვიყავი, ხუთი – ნანუკასი, ხუთი – ჯაჯანიძის, ნოეს გადაცემა გავაკეთე, იმედი მაქვს, მომავალშიც ბევრი რამ იქნება. როცა იმას აკეთებ, რაც გაინტერესებს, ცხოვრება გასაჩუქრებს. თუ მტანჯველია საქმე, მაგ დროს მოვდივარ ხოლმე.

скачать dle 11.3