კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ ქმნის გურამ სუდაძე საკუთარი ხელით ექსკლუზიურ ავტომობილებს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მანქანის აწყობა პირველად „ზაპოროჟეცის“ ნაწილებით 20 წლის ასაკში დაიწყო და იმის მიუხედავად, რომ პირველმა ცდამ არ გაამართლა, ფარ-ხმალი არ დაუყრია და ოცნებების განხორციელებას 25 წლის შემდეგ შეუდგა.
  გურამ სუდაძე: ბავშვობაში პატარა მანქანებით ვთამაშობდი და რომ გავიზარდე, დიდებით დავიწყე თამაში (იცინის). მოზარდი ვიყავი, როცა „ზაპაროჟეცის“ აგრეგატებზე ავაწყვე პირველი ორადგილიანი ბაგი. მაშინ ინტერნეტი სად იყო და ჟურნალებში ვეძებდი ინფორმაციებს. მაგრამ პირველ ჯერზე არ გამომივიდა. რაღაც იყო, მაგრამ ის არა, რაც მე მინდოდა. ექსკლუზიური ავტომობილის შექმნა ფუფუნებაა. ამისთვის თავისუფალი დრო და შესაბამისი ფინანსები უნდა გქონდეს. გამოცდილებას კი ნელ-ნელა იძენ. იმ პერიოდში არც თავისუფალი დრო მქონდა და არც ფული. ამიტომ ოცდახუთწლიანი პაუზა გავაკეთე, სანამ სოციალურ პირობებს გავიუმჯობესებდი და მერე დავიწყე ბავშვობის ოცნებების განხორციელება. დღეს უკვე სამი მანქანა მყავს აწყობილი: „წიქარა“, „ჯეირანი“ და „ახალციხელი“. სამივე მუშა მდგომარეობაშია. პირველი ბაგი „ოპელ ვექტრის“ აგრეგატებით ავაწყვე. მისი აწყობა, დაახლოებით, ორი ათასი დოლარი დამიჯდა. ეს იყო 2012 წელს. ყოველთვის ისეთი არ გამოგივა, როგორც გინდა. შეიძლება, რაღაც შეგეშალოს, გამოცდილება არ გეყოს და ასე შემდეგ. მაგრამ სამოცდაათი პროცენტი თუ გამოვიდა ისეთი, როგორც მინდა, მე უკვე კმაყოფილი ვარ. საკუთარი ხელით აწყობილ მანქანაში რომ ჩაჯდები და გაატარებ, ეს ყველაზე მაგარი შეგრძნებაა. ამ მანქანით შეგიძლია, ძალიან სწრაფად იარო. რამდენჯერმე ვიყავი ბათუმსა და თბილისში, სხვა კუთხეებშიც და გზაში არსად დავრჩენილვარ.
  ასაწყობად, ძირითადად, მეორად ნაწილებს ვიყენებ. ინტერნეტის ხანაში უკვე მარტივი გახდა ინფორმაციის მოძიება. წინასწარ ზუსტად არასდროს იცი, გამოგივა თუ არა და ამიტომ ვცდილობ, მინიმალური თანხა დავხარჯო. პირველ მანქანას „ჯეირანი“ ჰქვია, იმიტომ, რომ მართლა ჯეირანივით გამოიყურება. რაც შეეხება „ახალციხელს“, ეს ჩემი მეორე ავტომობილია. ის 1933 წლის „ფორდის“ რეპლიკაა – „ფორდ-კუპე“, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მომწონდა და ვფიქრობდი, რომ აუცილებლად უნდა მყოლოდა. ჩემი „ახალციხელი“ ძალიან ჰგავს ორიგინალს, ოღონდ მოცულობით უფრო პატარაა. ამერიკაში არის მანქანების საწარმო Factory Five, სადაც ასაწყობი მანქანებიც იყიდება და მზაც. იქ ასეთი მოდელი 30-დან 45 ათას დოლარამდე ღირს, მე კი დაახლოებით 2 ათას დოლარად და 4-წლიან შრომად დამიჯდა. ახალციხე ჩემი ქალაქია, ძალიან მიყვარს და ამიტომ გადავწყვიტე, ეს სახელი დამერქმია. კარგი რომ არ
გამომსვლოდა, ამ სახელს არ დავარქმევდი, ჩემს ქალაქს არ შევარცხვენდი. ქალაქში რომ დავდივარ, ყველა პოზიტიურად მხვდება, მეც მსიამოვნებს და ხალხსაც.
– მესამე როგორ შეიქმნა?
– ახალციხეში ბაიკერთა კლუბი გვაქვს. მის წევრ ბიჭებს ძალიან დავუმეგობრდი და კლუბშიც გამაწევრიანეს, მაგრამ წესდებით, ან მოტოციკლი უნდა მყოლოდა, ან ტრაიციკლი. რადგან მოტოციკლი არ მყავდა და არც მინდოდა, ამიტომ ტრაიციკლის შექმნა გადავწყვიტე, თან, ძალიან მაინტერესებდა, გამომივიდოდა თუ არა. სამი წლის განმავლობაში ვაკეთებდი, თუმცა, ყოველდღიურად არ ვმუშაობდი და აქაური კლიმატისა და საკურორტო სეზონის გამო ზამთარსა და ზაფხულშიც ვერაფერს ვაკეთებდი. ასე რომ, სუფთად, ერთი წელიწადი ვიმუშავე. ეს შემოქმედებითი სამუშაოა და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, ხოლო ზამთრის ყინვაში რომ გამოვიდე და ვაკეთო, ვერაფერ სიამოვნებას ვერ მივიღებ.
მოკლედ, ვიყიდე დამტვრეული მოტოციკლი, ცხვირი მოვაჭერი და ერთადგილიანი გავაკეთე. ჩვეულებრივ მანქანასავით მართავ – აქვს სატერფულები, საჭე, სიჩქარეები. მოტოციკლს ხომ ყველაფერი ხელზე აქვს, მე ეს ყველაფერი ფეხებზე და წინ გადავიტანე. ატარებ მოტოციკლს, მაგრამ ზიხარ როგორც მანქანაში. სამბორბლიანია – უკან ერთია წამყვანი და წინ ორი – სამართავად. გამოცდისას მივხვდი, რომ სიჩქარის აკრეფისას სამი ბორბალი სახიფათო ხდება, ამიტომ ერთადგილიანს დავჯერდი. ჯობია, მარტომ გავრისკო, ვიდრე უკან სხვაც მეჯდეს და ისიც ხიფათში ჩავაგდო. მას „წიქარა“ დავარქვი, როგორც ვიცით, ის ქართული ზღაპრის პოზიტიური გმირია. მანქანაც საქართველოში შეიქმნა და უცხოური სახელი რატომ უნდა დამერქმია?! ხასიათითაც ჰგავს ხარს – საკმაოდ ექსტრემალური აპარატია, ცოტა სახიფათოც და თავისი ადრენალინი მოაქვს.
  საქართველოში ბევრმა დაიწყო თავისთვის ექსკლუზიური ავტომობილების შექმნა, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანეს. მე, ასე თუ ისე, სამი პროექტი მივიყვანე ბოლომდე, რაც ძალიან მსიამოვნებს. ტექნიკურად სამივე განსხვავებულია ერთმანეთისგან. ერთი და იმავეს კეთება საინტერესოც არ არის.
– თქვენ რომელი გიყვართ ყველაზე მეტად?
– მშობლები რომ შვილებზე ამბობდნენ ხოლმე, ერთმანეთისგან ვერ გამოვარჩევო, ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაქვს ამ მანქანებთანაც (იცინის). ავტოფარეხიდან ერთი რომ გამომყავს და ორი ცოტა ხანი გაჩერებულია, ბოდიშს ვუხდი ხოლმე (იცინის). სენტიმენტალურად ჟღერს, მაგრამ ასეა. ძირითადად, დამოუკიდებლად ვმუშაობ, მაგრამ რამდენჯერმე დამჭირდა ელექტრიკოსის დახმარება, ასევე დიზაინერისაც. მე ხომ დიზაინერი არ ვარ, კონსტრუქტორი ვარ და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იყო.
– გაყიდვაზე გიფიქრიათ?
– მაგ კითხვით ბევრი ინტერესდება, მაგრამ გასაყიდად ძალიან მენანება. დიდი შრომა მაქვს ჩადებული თითოეულში. ღმერთმა არ გამიჭირვოს ისე, რომ
რომელიმეს გაყიდვა დამჭირდეს.
– თავიდან რომ დაიწყეთ, ცოტა სკეპტიკურად არ გიყურებდნენ?
– თავიდან – კი, მაგრამ ახლა ყველას უნდა, რომ ჩაჯდეს და ამ მანქანით გაისეირნოს.
– იმდენად გიყვართ თქვენი მანქანები, რომ ხელზე ტატუები გაიკეთეთ მათი გამოსახულებით.
– ერთი მეგობარი მყავს, ბაიკერი, ბელორუსი ბიჭია. ხუთი წელია, ჩვენთან ჩამოდის დასასვენებლად. ჩემი მანქანები რომ ნახა, ამ ტატუების სახით, საჩუქარი გამიკეთა. ახლა სამივე მანქანა ხელზე მახატია. მართალია, მეუღლე კარგა ხანი არ მელაპარაკებოდა, რაღა დროს შენი ტატუებია, რას იტყვის ხალხიო, მაგრამ, დროთა განმავლობაში შეეგუა (იცინის).
– თქვენი პროფესია?
– სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, მექანიზაციის განხრით. მაგრამ ამ სპეციალობით არასდროს მიმუშავია. ოჯახური ბიზნესი გვაქვს და ეგაა ჩემი შემოსავლის წყარო. დიდი შვილები მყავს და უკვე ორი შვილიშვილის ბაბუა ვარ. სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან მეც არ მეგონა, რომ ამ ყველაფრის გაკეთებას შევძლებდი. არცერთი პროექტის დაწყების წინ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ბოლომდე გავიდოდი. ნელ-ნელა იმკი შედეგს. საკუთარი სახლი გვაქვს და ავტოფარეხი კი – ეზოში. მთელ თავისუფალ დროს იქ ვატარებ. დიდბიუჯეტიანი პროექტები არ მაქვს, შესაბამისად, ოჯახიც არ ზარალდება.
– ალბათ, მთელი ქალაქი გიცნობთ თქვენც და თქვენს მანქანებსაც.
– ასე გამოდის. ამ ქალაქში დაბადებული და გაზრდილი ვარ და აქამდეც მიცნობდნენ, მაგრამ ახლა უკვე ამით გამიცნეს. თბილისშიც რომ მხედავენ, რა მაგარიაო, მეუბნებიან. ფოტოებსა და ვიდეოებს მიღებენ. სასიამოვნოა, ამდენი პოზიტივი რომ მოდის.

скачать dle 11.3