კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 სიყვარული შემთხვევით

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #37-40(979)
კოკამ ვისკის ცარიელი ჭიქა აიღო და სინათლეზე გახედა. შუშამ მაგიდის სანათის სხივი აირეკლა.
– მე ჭკუის დამრიგებლად არ გამოგადგები, მაგრამ მგონი, მოხუცი მართალია. ცოდო ხარ ასე. ბოლო-ბოლო ყველა ქალი ხომ ერთნაირი არ არის. აი, მე რაც ტატას ხელი ვთხოვე, მას მერე სულ რაღაც მიხარია. ცხოვრება მიხარია, გესმის? შეიძლება, ეს ილუზიაა, შეიძლება, ხვალ ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ.
 – კარგია. მიხარია... მესმის ისიც, რასაც გულისხმობ. მაგრამ ახლა სიყვარულისთვის არ მცალია.
კოკამ თავი დაუქნია.
– მაშინ დახმარება სთხოვე.
– არ ვიცი, შესაფერის მომენტს ვიპოვი თუ არა... ტატას რომ უთხრა. ჯერ ის რომ დაელაპარაკოს, უფრო გამიადვილდებოდა.
– შენ ასე ფიქრობ? მე კი მგონია, ტატას ამ საქმეში ჩარევა აუცილებელი არ არის. არც ჩემი. შენ უნდა დაელაპარაკო, უბრალოდ და პირდაპირ. ეს ყოველთვის ამართლებს.
– შეიძლება, მართალი ხარ. დაველაპარაკები.
– ასე აჯობებს. მე მეპატიჟები მოხუცის იუბილეზე?
– ალბათ. ჰო, რატომ არა... მარტო მაინც არ ვიქნები განსაცდელების პირისპირ. ეს დღე როგორმე უნდა გადავიტანო.
***
თიკომ დაჩის ტანსაცმელი დაკეცა და კომოდის უჯრაში ფაქიზად ჩაალაგა. ოთახში შუქი ჩააქრო. გასვლისას კიდევ ერთხელ დახედა, გაიღიმა. მათ შორის უხილავი, დამაკავშირებელი ძაფები გაჩნდა. უსიტყვოდაც ძალიან კარგად უგებდნენ ერთმანეთს. მთელი დღე იმით იყვნენ დაკავებული, რომ ახალ-ახალ გასართობს იგონებდნენ.
სამზარეულოში ჭურჭლის რეცხვას მორჩა და ყავა მოიმზადა. საქმეს სწრაფად და მარტივად აუდიოდა, ტექნიკა შრომას უადვილებდა. ასე მყუდროდ და კომფორტულად თავი არსად უგრძნია. მადლობელი იყო ვატოსი. თავს არ უტყდებოდა, რომ მოსწონდა. ამის დაშვება არ უნდოდა. იცოდა, თუ ფიქრებს გასაქანს მისცემდა, შეიძლებოდა, გამოუსწორებელი რაღაც მომხდარიყო...
– არ გძინავს? – გაიგონა ვატოს ხმა და შეკრთა. თითქოს დანაშაულში გამოიჭირეს. ტკბილეულის ქურდობაში წაასწრეს, როგორც პატარა ბავშვს.
– დღეს არ გელოდებოდი. ხომ თქვი, შეიძლება, ორი-სამი დღე ვერ მოვიდეო?
– ბაბუაჩემთან ვიყავი, ქალაქგარეთ. მეგონა, დავრჩებოდი, მაგრამ საჭირო აღარ გახდა. ყველაფერი კარგად არის?
თიკომ თავი დაუქნია და უცებ დაფაცურდა.
– ყავა რომ არ შემოგთავაზე... ახლავე მოვამზადებ.
– იყოს, არ მინდა, იცი, რა ვიფიქრე?! სამოგზაუროდ ხომ არ წავიდეთ. დაჩისთვის ახალი შთაბეჭდილებები სასარგებლო იქნება.
თიკომ ოდნავ გაიღიმა, ტუჩის კუთხეებით.
– მომენატრა ფრენა... საით ფიქრობ?
– პარიზი არ იქნებოდა ცუდი, „დისნეილენდი“... ნამყოფი ხარ პარიზში?
– აეროპორტში, თანაც რამდენჯერმე... მე მხოლოდ აეროპორტები მაქვს ნანახი, – თიკომ გადაიკისკისა და გამხიარულდა, – ამაზე არ მიფიქრია. სტიუარდესას მხოლოდ აეროპორტების ნახვა შეუძლია ხშირად და განსაზღვრული დროით.
– ჰოდა, ჩვენ მაგ მავნე ტრადიციას დავარღვევთ.
– როდის გავემგზავრებით?
– ჯერ ზუსტად არ ვიცი. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, – ვატო შეყოყმანდა. ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ უფრო შესაფერის მომენტს დალოდებოდა.
თიკო რაღაცას მიხვდა. ხელზე ფრთხილად შეახო ხელი და გაუღიმა.
– შემიძლია, რამით დაგეხმარო?
ვატოს წამით ჟრუანტელმა დაუარა.
– თიკო, შეგიძლია... ოღონდ, არ ვიცი, რამდენად მისაღები იქნება შენთვის.
– მითხარი, თუკი ეს მარტო ჩემზეა დამოკიდებული...
– შენზეა დამოკიდებული გადაწყვეტილებაც და ჩემი შემდგომი ცხოვრებაც. მინდა, ისიც იცოდე, რომ ამ სიტუაციაში სხვა გზა ნამდვილად აღარ დამრჩა.
– რამე სერიოზულია? – შეშფოთდა თიკო, – დაჩის ხომ არ ეხება?
– ჩემს ბიზნესს ეხება, ჩემს კომპანიას, რომელიც ბაბუაჩემმა შექმნა და დღემდე მისი საკუთრებაა... გადაწყვიტა, საკონტროლო პაკეტი მომცეს, ოღონდ...
თიკომ ფინჯანი დადგა და რაღაცის მოლოდინით შეპყრობილმა შეხედა. გრძნობდა, რომ ვატო ბოლომდე ვერ აბამდა სათქმელს თავს. ამიტომ სიტყვა გაიმეორა...
– ოღონდ?
– პირობა წამომიყენა, მალე დაბადების დღე აქვს, დიდ წვეულებას აწყობს. მომთხოვა, საცოლე წარვუდგინო.
– გთხოვა თუ მოგთხოვა? – ჰკითხა ხმადაბლა.
– მომთხოვა და ახლა გამოუვალ მდგომარეობაში ვარ.
– ანუ, საცოლე არ გყავს. ამას მივხვდი. მაგრამ ის ვერ გავიგე, მე რით უნდა დაგეხმაროთ.
– არც კი ვიცი, როგორ გითხრა...
– გინდა, რომ იუბილეზე წამოგყვე, როგორც საცოლე – ვატოს ჯერ გაოცება გამოესახა სახეზე, მერე კი გულიანად გაიცინა.
– თიკო, მაოცებ. საიდან მიხვდი?
– დიდი მიხვედრილობა არ იყო საჭირო, – ჩაეცინა თიკოს, – ისე მიყურებდი, ამას რომ ამბობდი...
– მერე, რას მეტყვი, დათანხმდები?
თიკო გაჩუმდა, თავი დახარა და მაგიდის ზედაპირს ჩააშტერდა.
– უარზე ხარ? – ვატო შეცბა, – უხარხული რაღაც გთხოვე, ჰო?
– შენი მესმის, დახმარებაც მინდა, მაგრამ უნდა დავფიქრდე, ტყუილს ვერ ვიტან, ყოველთვის მგონია, რომ ტყუილით გაკეთებული საქმე ბოლოს მაინც გამომჟღავნდება ხოლმე. იმის თქმა მინდა, რომ ტყუილი თავად არის პრობლემა და სხვა პრობლემა როგორ უნდა მოაგვაროს.
– მაგაში გეთანხმები. მეც ძალიან არ მინდა, ბაბუაჩემი მოვატყუო, მაგრამ სიტუაციაა ისეთი. მოკლედ, თუ იუბილეზე საცოლით არ მივალ, კომპანიის საკონტროლო პაკეტს დავკარგავ.
– ანუ ფულს დაკარგავ?
– ფული არ არის მთავარი. ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული მაგ კომპანიაში...
თიკომ თავი დაუქნია.
– კარგი..
– კარგი, ანუ?
– ვიქნები ერთი დღით შენი საცოლე. მართალია, თავს კომფორტულად ვერ ვიგრძნობ, მაგრამ შევეცდები, დაკისრებულ როლს თავი კარგად გავართვა.
ვატოს სახე გაუნათდა.
– არც ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო. თიკო, შენ ახლა ისეთი რაღაც გააკეთე ჩემთვის... ამ დღეებში საყიდლებზე უნდა წავიდეთ. ჩემს საცოლეს ყველაზე ლამაზი კაბა უნდა ეცვას. რამდენიმე ვარიანტი შევარჩიოთ.
– მეც მაქვს რაღაც ტანსაცმელი... – უხერხულად აწრიალდა თიკო, – არ მინდა ამის გამო თავი დავალებულად იგრძნო. მხოლოდ ერთი დღე და მერე ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება...
თიკო რომ თავის ოთახში გავიდა დასაძინებლად, ვატო კიდევ კარგა ხანს იჯდა სამზარეულოში. წინ ღვინით სავსე ბოკალი ედგა და ნელა წრუპავდა.
***
ქალი ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს და ტერასაზე ბოლთას სცემდა. კაცი დაძაბული ადევნებდა თვალს.
– ლან, საყვარელო, იქნებ, არ ღირს?
ქალი შედგა და ქმარს ავად შეხედა.
– ნეტავი შენ, ყველაფერი ფეხებზე როგორ გკიდია. მე რომ არ გყავდე, სიგარეტის ფულიც კი არ გექნებოდა.
– ვიცი, საყვარელო და მადლობელი ვარ. ოღონდ ახლა დამშვიდდი, ძალიან გთხოვ. თან ვერ ვხვდები, რატომ აფორიაქდი. იუბილესთვის მზადება კარგად მიდის. შენი მოხუცი კმაყოფილი დარჩება. წარმოვიდგინე, როგორ იბრწყინებ წვეულებაზე... შენ ჩემი საოცრება გოგო ხარ.
კაცმა სცადა ცოლისთვის წელზე მოეხვია ხელი, მაგრამ ლანამ გამძვინვარებული ძუ ლომივით შეუტია.
– იცი, რას გეტყვი? არაფერში ივარგე, საერთოდ არაფერში... კომპანიიდან ამბები  უნდა გამოგეტანა – თავი ვერ გაართვი. ვატოსთვის ვინმე უნდა მიგეჩინა – არ გამოგივიდა, „ნაშაც“ ვერ მოძებნე ისეთი, ჩემი ძმის ნდობა რომ დაემსახურებინა.
– აღარ ენდობა ქალებს თავისი ცოლის შემდეგ და რა გავაკეთო?
– თავს ნუ იმართლებ. მოგწონს ხომ კარგი ცხოვრება, ძვირფასი მანქანა, ბრენდული ტანსაცმელი, უცხოეთში მოგზაურობა, კაზინო.
– ლანა... – შეწუხებულმა ამოიოხრა კაცმა, – რა გინდა ჩემგან, რას მოითხოვ?
– ვერ ხვდები, ხო? – გაწიწმატდა ქალი, – ეგ ყველაფერი იმ დღეს გაქრება, როცა მოხუცი კომპანიის საკონტროლო პაკეტს ვატოს გადასცემს, ერთადერთ მემკვიდრედ გამოაცხადებს და ჩვენ მშრალზე დაგვსვამს.
– ნუ ნერვიულობ, – კაცმა ისევ სცადა, ცოლს მოხვეოდა, მაგრამ ისევ უშედეგოდ. – მოხუცის პირობა ხომ იცი, ვატოს იქამდე არ გადასცემს საკონტროლო პაკეტს, სანამ საცოლეს არ გააცნობს. მეეჭვება, ერთ თვეში ვინმეს შეყვარება მოასწროს. ქუჩაში ხომ არ დაუწყებს ძებნას. არც ეგრეა საქმე. ისე, შენ რომ ძმასთან უკეთესი კომუნიკაცია და სიახლოვე გქონდეს, მის პირად ცხოვრებაზე მეტი გეცოდინებოდა, და ჯაშუშობაც აღარ გახდებოდა საჭირო.
– მოიცა, მე მადანაშაულებ? – გაანჩხლდა ქალი, – ზაზა, ჩემს მოთმინებიდან გამოყვანას ნუ ცდილობ, თორემ ერთ დღეს ქუჩაში აღმოჩნდები და ერთი გაცრეცილი ლარი არ გეგდება ჯიბეში.
– ნუ მემუქრები, საყვარელო. მითხარი, რა გავაკეთო, ყველაფრისთვის მზად ვარ.
– მოხუცს მეტი ყურადღება მიაქციე და კომპანიაშიც ფხიზლად იყავი. რამე ხელჩასაჭიდი მჭირდება, რომ ბაბუას წინაშე „გავაშავო“.
– კარგი, საყვარელო, ფხიზლად ვიქნები.
ლანამ ამოიოხრა და ქმარს საყვედურით შეხედა.
– ოჰ, ზაზა, შენ რომ სულ ცოტათი მაინც ჰგავდე ბაბუაჩემს, ახლა კომპანიის პრეზიდენტი და ერთადერთი მფლობელი მე ვიქნებოდი.
– ყველაფერი ჩვენი იქნება, უფრო სწორად, შენი. მოხუცი ისე აღფრთოვანდება შენ მიერ ორგანიზებული წვეულებით, რომ ვატოს მაგივრად კომპანიის პრეზიდენტად დაგნიშნავს.
– ჰო, მეც მაქვს მაგის იმედი. მთავარია, ვატომ სიურპრიზი არ მოგვიწყოს და ორ კვირაში ცოლი არ მოიყვანოს...
***
თიკომ კმაყოფილმა შეათვალიერა საკუთარი გამოსახულება სარკეში და მეგობრისკენ შებრუნდა.
– აბა, რას იტყვი?
ტატამ აღფრთოვანებით აიქნია ხელები.
– სიტყვები არ მყოფნის. ულამაზესი ხარ. არც კი ვიცი, რომელი კაბა უფრო გიხდება.
– ვატომაც ვერ გადაწყვიტა, ამიტომ დაიჟინა, სამივე უნდა ვიყიდოო და სახლში კიდევ ერთხელ შეხედეო. უნდა, ბაბუამისზე შთაბეჭდილება მოვახდინო.
ტატამ ეშმაკურად დაუქნია თითი.
– გამოტყდი, ვატო მოგწონს ხომ?
თიკო გაწითლდა.
– ჰო, მომწონს, ძალიან მომწონს. იმიტომაც დავთანხმდი ამ სპექტაკლზე. უარი ვერ ვუთხარი. დაჩიც ძალიან მიყვარს, იმასაც შევუყვარდი... მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ვატოს არ ვაინტერესებ, როგორც ქალი და არ ვუყვარვარ.
– მე კი მგონია, ძალიანაც მოსწონხარ. უბრალოდ, ვერ რისკავს შენკენ ნაბიჯის გადმოდგმას.
– რატომ? ასეთი საფრთხობელა ვარ?
– არა, გოგო... მაგას ცოლი უყვარდა... იცი, როგორი კარგი ქმარი იყო? კოკამ მომიყვა. ჰოდა, იმ ქალმა რომ მიატოვა და ვიღაც ტიპს გაეკიდა, ისეთი დარტყმა მიიღო, ახლაც იმ სტრესის გავლენის ქვეშ არის.
– ვერ გავიგე. ახლა ყველა ქალი თავისი ცოლისნაირი უნდა ეგონოს? – გაღიზიანდა თიკო,–  მგონი, საერთოდ არ უნდა დავთანხმებულიყავი.
– პირიქით, ძალიან კარგად მოიქეცი. ვატო ამას დააფასებს.
– მე მისგან დაფასება კი არა, სიყვარული მინდა, – წამოსცდა თიკოს და გაწითლდა, – კიდევ კარგი, რომ ვატოს არ ესმის ეს...
... ვატოს არ ესმოდა, სამაგიეროდ, სიტყვა-სიტყვით გაიგონა კოკამ, რომელმაც სწორედ იმ მომენტში შეაღო ოთახის კარი. მაგრამ შიგნით არ შესულა. იქვე გაჩერდა და დაელოდა. მერე შებრუნდა და ფეხაკრეფით მოსცილდა იქაურობას.
***
დას კომპანიის ოფისის კიბეზე შეხვდა. ლანას თავი ამაყად ჰქონდა აწეული. ხელოვნურად დაბერილ, თუმცა საკმაოდ ვნებიან ტუჩებზე ირონიული ღიმილი ჰქონდა მორგებული.
– გამარჯობა, ლანა... ასე გვიან აქ რა გინდა, ქმარს მოაკითხე? ზაზა თავის კაბინეტშია. კონტრაქტები მივეცი გადასამოწმებლად.
ზაზამ არც იცის, აქ რომ ვარ. უბრალოდ, ახლოს ვიყავი და შემოვიარე. შენ როგორ ხარ?
ვატომ ღიმილით დაუქნია თავი.
– გმადლობ, კარგად.
– ბავშვს ისევ პრობლემები აქვს? სულ მინდა, მის სანახავად მოვიდე... ცუდი მამიდა ვარ. ერთხელაც ვერ მოვიცალე.
– არა უშავს, დაჩის არ სწყინს. სხვათა შორის, სერიოზული წინსვლა გვაქვს. ახალმა ძიძამ კარგად გაუგო. მშვენივრად არიან ერთად და მეც მეტი დრო გამომიჩნდა, ჩემს პირად ცხოვრებას რომ მივხედო.
ლანამ ცნობისმოყვარედ ასწია წარბები.
– ჰო? ამით იმის თქმა გინდა, რომ ბაბუას იუბილეზე მარტო არ იქნები?
– არა, რა თქმა უნდა. საცოლესთან ერთად ვაპირებ მოსვლას. მოხუცსაც დავპირდი.
ლანა შესამჩნევად გაფითრდა.
– შეიძლება, გავიგო, ვინ არის? – მაინც ჩაეკითხა.
– ვატომ თავი გააქნია.
– არა, სიურპრიზია, საღამოზე გაიცნობ.
***
თიკო ღელავდა...  ასეთ საზოგადოებაში ყოფნა მისთვის უცხო და ცოტათი უჩვეულოც იყო. ამას ისიც ემატებოდა, რომ ვატოს საცოლის როლი უნდა შეესრულებინა, რაც მარტივი ნამდვილად არ იქნებოდა. ვატომ გააფრთხილა, ყველაზე მეტად მის დას, ლანას უნდა მორიდებოდა.  იმედი ჰქონდა, დაჩი იქნებოდა მის გვერდით და ბავშვზე ზრუნვა გაუადვილებდა მტანჯველ და რთულ საღამოს მაგრამ, როგორც კი  ვატოს ბაბუის სასახლის ვრცელ ეზოში შედგეს ფეხი, ბიჭუნა მაშინვე სადღაც გაძვრა და დიდი სახლის ოთახებში დაიკარგა. შეშფოთებულმა თიკომ ძებნა დაუწყო.
ვატომ თიკოს ვეღარსად მოჰკრა თვალი და  ანერვიულდა,  სპეციალურად დაქირავებულ ოფიციანტს ვისკის მიტანა სთხოვა და თავად  ვრცელ ტერასაზე გავიდა.  ხალხი ნელ-ნელა იწყებდა მოსვლას. ვატომ იცოდა, როდის უნდა წარედგინა ოჯახის  მომავალი ახალი წევრი  იუბილარისთვის – საზეიმო ცერემონიალის  შუა ფაზაში. ზუსტად ტორტის გაჭრის წინ...
– ნერვიულობ? – ვატო შემობრუნდა და კოკა დაინახა. მკლავზე ტატა ჰყავდა ჩამოკონწიალებული. გოგოს  ტანზე მჭიდროდ მომდგარი ატმისფერი კაბა ეცვა და  მაღალ, წვრილ ქუსლებზე შემდგარი, ეფექტური საღამოს მაკიაჟით ძალიან ლამაზი იყო.
– კარგი წვეულებაა და ბევრი სტუმარიც მოვიდა. შენ დას ყველაფერზე უზრუნია. მაგრამ თავად ვერ ვხედავ. მიკვირს, აქ რომ არ დგას და სტუმრებს არ ეგებება, როგორც საღამოს მთავარი დიასახლისი.
– მეც სწორედ ეგ მაშფოთებს, – ჩაილაპარაკა ვატომ, – თან ლანას ხასიათი რომ ვიცი...
– ტყუილად ღელავ, თიკო ჭკვიანი გოგოა, ყველაფერი გამოუვა. შენც ვერავინ შეგატყობს, რომ თამაშობ, –  თვალი ჩაუკრა  კოკამ.
ვატო გაწითლდა. ჯერ მეგობარს შეხედა საწყლად, მერე  ინტერესად ქცეულ ტატას და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
– პრობლემაც მაგაშია, რომ არ ვთამაშობ. უფრო სწორად, არ ვაპირებ, რომ ვითამაშო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3