კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ვინ გადაარჩინა ნანუკა ჟორჟოლიანი „გაქრობას” და რატომ არის ნიკა გვარამია მისთვის ძალა „თეთრი ბილეთით”

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

  ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ცხოვრების ახალი ეტაპი „მთავართან“ ერთად დაიწყო. „რუსთავი 2-თან“ დამშვიდობების შემდეგ „სხვა ნანუკა“ მაყურებელს  ორიგინალური ლოკაციიდან – ანგარიდან შეხვდა, სადაც ძალიან მალე ნანუკას კიდევ ერთი ახალი გადაცემა დაიწყება. ფორსმაჟორში მუშაობა მოსწონს, საკუთარ სტიქიაშია, დროდადრო ახალი სტუდიისთვის „პაიალნიკს“ და „ზუბილას“ თვითონაც „ეძებს“, თუმცა ეს თავსატეხად არ ექცა – ამბობს, რომ კარიერაში ამაზე რთული ეტაპებიც ჰქონია და თავის გადასარჩენად ბევრი რამ აქვს გამოვლილი. ბოლო წლებში ცხოვრება „გადაარესტარტა“, „რესტარტში“ ოდესღაც მისთვის ძვირფასი ადამიანებიც მოჰყვნენ და მათთან დაკავშირებული მოგონებებიც, რაც სხვა ნანუკას ცხოვრების წარსულში, მიხურული კარის მიღმა დარჩა.
–  ნანუკა, რატომ დარჩი ნიკა გვარამიასთან „მთავარზე“ და არ გააკეთე არჩევანი მეორე მეგობარზე – დავით კეზერაშვილზე, რომელმაც ასევე, ახალი არხი დააფუძნა?
– კეზერა ჩემი უახლოესი ადამიანია, ახლო მეგობარი, ნიკა ჩემი თანამებრძოლია. ძალიან ძნელია, როდესაც იმ ქვეყანაში ხარ და ცხოვრობ, სადაც ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილი, მას ცხვირს ცხვირზე ადებ და ეუბნები, რომ დაგამარცხებ. ნიკა გვარამიასაც შეეძლო, ეცხოვრა სხვა ქყვეყანაში, როგორც კარგ იურისტს ჰქონოდა მაღალი ხელფასი, შეეძლო, კეზერასთანაც კი წასულიყო, რა, არ წაიყვანდა თუ რა?! ნიკა მუშაობდა კეზერასთან, უახლოესი მეგობრები არიან. ჩემი ხასიათი ჩემი ენერგეტიკა, ტემპი, მიზნები თავიდან ბოლომდე ემთხვევა „მთავარს“. ალბათ, 18 წელია, რაც მე და ნიკას ერთმანეთთან ურთიერთობა გვაქვს. ნიკა გავიცანი, როდესაც ის იყო პოლიტიკაში, იურდიულ კომიტეტში. მე მაშინ რეპორტიორად ვმუშაობდი კრიმინალურ საკითხებზე, შესაბამისად, მასთან აქტიური შეხება მქონდა. როგორ დავმალავ, ნიკასთან სერიოზული კონფლიქტები მქონია, მოქმედი დირექტორი იყო, როდესაც საჯაროდ დავუწერე ჩემი დამოკიდებულება „რუსთავი 2-ის“ წილების განაწილების დროს. მაშინ მე არ ვიყავი მასთან ამ ბრძოლაში, მე ვფიქრობდი, რომ იმ ომში სხვა მხარეს უნდა ვმდგარიყავი და არა ნიკას გვერდით, თუმცა, ამას არც ერთი წამით არ შეუშლია ხელი, რომ მას ჩემთან გაეგრძელებინა მუშაობა, ურთიერთობა. ეს საქმეზე არ ასახულა.  ჩვენ გვქონდა დისტანციური ურთიერთობები, მაგრამ მერე ეს გადავლახეთ, ჩვენი მეგობრობა საომარ მდგომარეობაში უფრო გაძლიერდა, თვითონაც იცის, რომ როდესაც უჭირს, მე მის წინ ვარ ფარივით, შეიძლება, მას არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ნებისმიერ ბრძოლის ველზე თამამად გავყვები.  ნიკა არის ძალა, ტიპი „თეთრი ბილეთით“, რომელიც არ უშინდება არაფერს, წინ არ აქვს კედელი, ასე რომ, კეზერამ ძალიან კარგად იცის, რომ მე იქ უნდა ვიყო, სადაც ვარ!
– „მთავარი“ შენი ცხოვრების მთავარი ეტაპია?
– როცა „რუსთავი 2-ში“ ვიყავით, სოციალურ ქსელში განთავსებულ ჩვენს ვიდეოებს ხალხისგან უზარმაზარი აგრესია მოჰყვებოდა ხოლმე, არ გვენდობოდნენ, გვლანძღავდნენ, ჩვენ მიმართ მაინც იყო მიუღებლობა და ეს პოლიტიკას უკავშირდებოდა. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ლოიალურები ვიყავით თავის დროზე ძველი ხელისუფლების მიმართ და ამას არ გვპატიობდნენ. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ შეიცვალა მაყურებლის დამოკიდებულება, რაც „მთავარზე“ გადმოვედით. თითქოს ჩვენ გადავიხადეთ ჩვენი „საფასური“, მოვიხადეთ სახადი განაწყენებულ მაყურებელთან, ადამიანებმა ეს ყველაფერი გვაპატიეს და გვითხრეს, აა, თქვენც გამოგაგდეს?! თქვენც ომი დაგიწყეს?! ოკ! მაშინ ვიმეგობროთ. ამაზე მეტყველებს ის რეიტინგი, რაც „მთავარმა“ უმოკლეს დროში დადო. ასეთი პრეცენდენტი არ ყოფილა. გეტყვით ერთ ახალ ამბავსაც – ძალიან მალე ვიწყებ მეორე გადაცემას, რომელსაც წავიყვან დათო ერაძესთან ერთად. ეს იქნება გადაცემა, სადაც დათო ისაუბრებს სპორტზე, როგორც პროფესიონალი. აუტი, პენალტი მე არ მაინტერესებს. ჩემი მიმართულება იქნება ცხოვრების ჯანსაღი წესი, კვება, რეჟიმი, ჩემს სტიქიაში შევდივარ. მესის პენალტისა და საუკეთესო ფეხბურთელობის ამბებს ერაძე მოყვება, მესის ყვითელ ამბებს, როგორ უყვარდა ცოლი ბავშვობიდან მე მოვყვები.   
– ძალიან საინტერესოა ლოკაცია – ანგარში ხარ დაბანაკებული, გაპრიალებული სტუდიის ნაცვლად აქ მუშაობა მთლად იოლი არ უნდა იყოს.
– ფორსმაჟორში მუშაობა მომწონს, სულ ვამბობ, თუ ვსუქდები, ჩემს ცხოვრებაში სტაგნაციაა. როგორც კი ტონუსში ვვარდები, სადღაც მეჩქარება, დრო არ მყოფნის, მაშინ კარგად გამოვიყურები, რაც ნიშნავს, რომ მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს.  
– რა დარჩა უკან, წარსულში „რუსთავი 2-თან“ ერთად?
– უკან დარჩა ბევრი ძვირფასი რამ, ყველაზე მნიშვნელოვანი წლები, რომელიც იქ გავატარე და რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. „ნანუკას შოუმ“ სატელევიზიო სივრცეში შექმნა ბრენდი და ისტორია. რაც შეეხება ადამიანებს, ვერ ვიტყვი, რომ ვინმეზე იმედგაცრუებული ვარ. აბსოლუტურად არ გამკვირვებია მათი, ვინც დარჩა იქ ან მივიდა. მათ შორის არც ჩემი მეგობარი, რომელთანაც თითქმის ათი წელია, აღარ მაქვს მეგობრული ურთიერთობა (გულისხმობს ნინო შუბლაძეს – ავტორი).  ჩვენ პოსტების დალაიქების დონეზეც კი აღარ ვკონტაქტობდით. ეს იყო მხოლოდ ნაცნობობა, რაც მოჰყვა იმ წყალგამყოფებს, რაც ჩვენ შორის გაჩნდა. ჩვენს ურთიერთობებში მთავარი წყალგამყოფები 2009 წლიდან დაიწყო, მაშინ, როდესაც მე „იმედზე“ გადავედი.
– მაშინ ნინო შუბლაძე „რუსთავი 2-ში“ დარჩა, რამ გაყარა თქვენი გზები?
– ერთ წყალგამყოფ ისტორიას როგორმე გადალახავ, მაგრამ როცა ამას ემატება მეორე, მესამე... იქ ურთიერთობა სრულდება. მე არ გამკვირვებია მისი მისვლა „რუსთავი 2-ში“. როდესაც ხედავ ადამიანების ტრანსფორმაციას, რომლებიც „დიდების“ დროს „დიდებულ“ ადამიანებთან არიან და მერე გასაქრობად დღე ან დღე-ნახევარი კი არა, სულ ერთი საათი სჭირდებათ, კიდევ რამ უნდა გაგაკვირვოს?! როდესაც ადამიანებს ერთმანეთთან, მოვლენებთან არ აქვთ ღირებულებითი კავშირები, იქ დასაკარგიც არაფერია. მე 2012 წელს ვნახე ადამიანების ტრანსფორმაცია – ისინი ჩემ თვალწინ „გაქოცდნენ“ და გაქრნენ. შესაბამისად, ეს გზა გავლილი მაქვს. ასეთი რთული პერიოდი ბევრჯერ მქონია. წარმოიდგინე, 2012 წელი, მე ვმუშაობ „იმედში“, ვიგებ, რომ ეს ტელეკომპანია პატარკაციშვილებს დაუბრუნდათ და მე ვარ ჯერ კიდევ ერეკლე კოდუას ცოლი.  წამოვედი „იმედიდან“, „რუსთავი 2-ში“ მითხრეს, თანამშრომლების შემცირებაა და ვერ მიგიღებთ, იმიტომ რომ ფული არ გვაქვსო. მე უნდა დამემტკიცებინა ბიზნესისთვის, რომ მე მათთვის მომგებიანი ვიქნებოდი და ჩემში ფული ჩაედოთ. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მაშინ გვენდო ფრანგული ბანკი – „სოსიეტე ჟენერალი“ და მთელი ცხოვრება ვიქნები რამდენიმე ადამიანის მადლიერი, მათ შორის შოთიკო მაჭავარიანის, რომელმაც „გაქრობას“ გადამარჩინა, შანსი მომცა იმ პერიოდში, როცა ურთულესი პოლიტიკური სიტუაცია იყო და ამ სიტუაციაში ერეკლე კოდუა „ტვირთად“ იყო ქცეული. მე ჩემი პირადი განცდები მაქვს. თუ წარსულს კარი არ დაუკეტე, წინ კარი არ იხსნება – ეს არის გადარჩენის ინსტინქტი და ასეა ნებისმიერ შემთხვევაში, მეგობართან, მამაკაცთან, სამსახურთან. „რუსთავი 2-ში“ კარი რომ არ გამოკეტილიყო, „მთავარი“ არ გაიხსნებოდა.
– ბევრი ადამიანი დარჩა დაკეტილ კარს მიღმა?
– ჩემს ცხოვრებაში არის ორი მნიშვნელოვანი ადამიანი, ვინც სამუდამოდ უკან დარჩა და ჩემთვის დასრულდნენ. ერთ-ერთი არის ის, ვინც დღეს „რუსთავი 2–ში“ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილს და მეორე – ირაკლი, ადამიანი, რომელიც დავტოვე წარსულში და კარი გამოვუკეტე. ჩვენ დღეს არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. ორი წელია, აბსოლუტურად არანაირი კონტაქტი არ გვქონია. ის უკავშირდება თავის შვილს, ჩემ გარეშე, ეს მე არ მეხება. ბოლო წლებში ჩემი ცხოვრება დავარესტარტე. ეს მოხდა პანიკური შეტევების შემდეგ და მოჰყვა იმ განცდებს, რაც ირაკლის გამო მქონდა. გადავარესტარტე ჩემი ყოველდღიური ცხოვრება, წესი... ასე მომიწია, უნდა მეზრუნა ამაზე. ალბათ, გავიზარდე კიდეც, დავამარცხე ერთი მთავარი თვისება – მალე აღარ ვბრაზდები, ახლა ვუყურებ ცხოვრებას და ვტკბები. ვტკბები ჩემი შვილით, მარიამით, ვხედავ, მასშია ყველაფერი, რაც მე ვერ გავეკეთე და რაც ვერ მოვასწარი. ის, რაც არ მქონდა და მინდოდა, მქონოდა. მარიამშია თავმოყრილი გაწონასწორებული ხასიათი, სიმშვიდე, სიდინჯე, კარგი განათლება, რომელიც მან მიიღო ამერიკაში – ნიუ-იორკსა და ბოსტონში და ჩემთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება.  
– მას შემდეგ, რაც მარიამი აქტიურად გამოჩნდა ანტისაოკუპაციო მოძრაობაში და ერთ-ერთი ლიდერიც გახდა, ვერც ის გაექცა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მძიმე ბრალდებებს, ამ მხრივ, შენი შვილიც შენს ხვედრს იზიარებს?
– მარიამი ასეთ დარტყმებს პატარა ასაკიდან შეეჩვია. ჯერ კიდევ სკოლაში იყო, როდესაც აბულინგებდნენ იმის გამო, რომ ჩემი შვილი იყო. საბასგან განსხვავებით, მას არასდროს უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. მან ახლაც საკუთარი გზა დაიწყო, მაგრამ ჩემ გამო მაინც ვერ გადაურჩა დარტყმებს. სპეციალურად, არც ერთ აქციაზე არ მივახლოვებივარ სცენას, ვიყავი ყველაზე შორს და შეუმჩნევლად. მინდა, ეს იყოს მარიამის ისტორია, ეს გზა მან უნდა გაიაროს უჩემოდ, იმ დონეზე უჩემოდ, რომ ამაზე სახლშიც  კი არ ვსაუბრობთ. როდესაც ყური მოვკარი, როგორ საუბრობდა ტელეფონით, ცხვრები გამომივლიან და მოვალო, წარმოდგენა არ მქონდა, რომ საუბრობდა ნამდვილ ცხვრებზე, მერე ფოტოთი გავიგე ეს ამბავი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ცხოვრება 100 პროცენტით არის გადაბმული, არ მინდა, მარიამი ჩემი გავლენის ქვეშ მოვაქციო. დაუშვას შეცდომები, ეს მისი შეცდომები იქნება. ახლა, როცა პარლამენტთან მიყვანილ ცხვრებზე ძალიან დააბულინგეს, დავურეკე და ვუთხარი, ხომ იცი, ახლა რა ეტაპია, ამაზე არ იდარდო. პირიქით, ეს შემოტევა ნიშნავს, რომ სწორად მიდიხარ. მარიამი 22 წლის არის.  მას, ჩემგან განსხვავებით, ძალიან აინტერესებს პოლიტიკა, განათლებაც შესაბამისი მიიღო. ახლა ეკონომიკის კუთხით წავა, პოლიტიკა და ეკონომიკა არის მისი ინტერესის სფერო. პოლიტიკა მარიამის არჩევანია და მე არ ვერევი. მარიამს კი არა, საბას აქვს თავისი „პოლიტიკური მიზნები“. აქციაზეც იყო და იცის, რომ თუ ქვეყანაში რაღაცები შეიცვალა, ის მამას უფრო ხშირად ნახავს.  საბას მოტივაცია ყველაზე ადამიანურია და ჰუმანური (იცინის).

скачать dle 11.3