კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ზურა შარია: განგაში უნდა ავტეხოთ, არ შეიძლება, ყველაფერს სიყვარული ერქვას

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: ზურაბი.
გვარი: შარია.
პროფესია: მსახიობი.
– ბავშვობა...
– ბავშვობაში წელიწადში ოთხჯერ მაინც მიწევდა კრასნოდარში გადაფრენა, სადაც მეორე ბებია ცხოვრობდა. იქ სხვა გართობა იყო. იქვე მდინარის პირას აგარაკიც გვქონდა. იქაურები თბილისურ „ნავაროტკებიან“ ქართველ ბავშვს, ცოტა გაკვირვებულები მიყურებდნენ. იდეალური ბავშვობა მქონდა იმ მხრივ, რომ არაფერი მაკლდა, რაც მაშინ არსებობდა. მაგრამ იყო მეორე მხარე – ორი წლიდან, რაც ტელეფონი აღვიქვი, „კაგებე“ მისმენდა. რაც სხვებისთვის დასაშვები იყო, ჩემთვის – დაუშვებელი. სხვების დიდ შეცდომებთან შედარებით, ჩემი პატარა შეცდომაც დიდად მოჩანდა. მახსოვს, სკოლაში კომკავშირში არ მიმიღეს. ალბათ, მამაჩემის შვილი რომ ვიყავი, პასუხისმგებლობა ვერ აიღეს.
– პროფესია განაპირობა...
– ექიმი ან მსახიობი უნდა გამოვსულიყავი. ექიმობა მინდოდა და სკოლის მერე სამი წელი საავადმყოფოშიც ვიმუშავე. თუმცა, სამედიცინოს გამოცდაზე მივხვდი, რომ ეს არ იყო ის საქმე, რაც უნდა მეკეთებინა. სამედიცინოს ერთ გამოცდაზე ვარ გასული, როცა ვწერდი, უცებ გავიფიქრე, აქ რომ ჩავაბარო, მერე არ ვინანო-მეთქი და ისეთი სისულელე დავწერე, წაკითხვაც არ შეიძლებოდა. ისე მოხდა, რომ ბატონ მიხეილ თუმანიშვილს აჰყავდა ჯგუფი და მეც მასთან ჩავაბარე. მამა წინააღმდეგი იყო, მეუბნებოდა, მსახიობობა დაუფასებელიაო.
– მამის როლი...
– პირველად მამაჩემი რომ ვნახე, 21  წლის ვიყავი. მაშინ ვუთხარი, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შენი გამტყუნება შეუძლია, მე ვარ, მაგრამ არ გამტყუნებ, გამართლებ-მეთქი. ჩვეულებრივი მამაშვილური ურთიერთობა გვქონდა.
– ადამიანში ვაფასებ...
– პასუხისმგებლობას და სიმართლეს.
– მეშინია..
– შიში ყველას გვაქვს. გვეშინია, რომ რაღაცის გაკეთებას ვერ მოვასწრებთ, მაგრამ დრო არ არსებობს. დრო არის ახლა, ამ წუთს რაც ხდება და მას არ აქვს წარსული ან მომავალი. ხშირად გვეშლება და დროს ვზომავთ არა მატერიალურად, არამედ ფიზიკურად. ამიტომ რაღაცას უცებ-უცებ ვაკეთებთ. ის, რაც საჭიროა, ისედაც გაკეთდება.
– მაღიზიანებს...
– ამპარტავნობა, მით უმეტეს, როცა ადამიანს ამის მზეზიც არ აქვს. ამპარტავნობა ბევრ რამეს მოიცავს და ეს სასიკვდილო ცოდვაა.
– ბედისწერის გჯერათ?
– ბედისწერა რაღაცას ექვემდებარება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს. ქაოსსაც ხომ თავისი თეორია გააჩნია, ბედისწერასაც თავისი კავშირი აქვს. რაღაცა არის, რომელიც განსაზღვრავს, რა როგორ უნდა მოხდეს. ჩვენს მონდომებაზე არაფერია დამოკიდებული, ამ ყველაფერს კოსმოსი, დიდი ძალა თუ უფალი განაგებს, არ ვიცი. ჩვენს ქცევასა და ხასიათს  ბიოქიმია და ფიზიკა განაპირობებს, ტვინში ნეირონები მიგვითითებენ – შეგვიყვარდეს, შეგვძულდეს თუ ასე შემდეგ.
– მწამს...
– უსასრულობის ანუ ღმერთის.
– სიყვარული – ეს არის?
– განგაში უნდა ავტეხოთ. არ შეიძლება ყველაფერს ერთი და იგივე სიტყვა – სიყვარული ერქვას. სიყვარული რა არის, ეგ არავინ იცის. უფალია სიყვარული.
– წესები აქვს სიყვარულს?
– ნებისმიერ საკითხში სამყაროს მოწყობის მთავარი სამი წესი არსებობს: ბალანსი, ინფორმაცია, მიზიდულობა ანუ ვნება. რამდენიც არის მინუსი, იმდენივე უნდა იყოს პლუსი, ამ ყველაფერის შესახებ უნდა არსებობდეს ინფორმაცია, რომ მინუსმა და პლუსმა ერთმანეთის შესახებ შეიტყონ, რაც წარმოქმნის მიზიდულობას, იგივე ვნებას. ვნება არის სამყაროს მამოძრავებელი მთავარი ძალა.
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივეა?
– ნამდვილი სიყვარული ვნებაა.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– თუ მოვიხსნით ამპარტავნობას, შეიძლება. პირადად ჩემთვის არის ისეთი რაღაცები, რასაც ვერც ვაპატიებ და არც ვპატიობ, მაგალითად: ღალატი, ტყუილი.
– შეგშურებიათ?
– შემშურებია, ოღონდ შავი შურით არასოდეს. არიან ადამიანები, ვისაც იმაზე გაცილებით მეტი აქვთ, ვისიც შავი შურით შურთ.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– ვცდილობ, არავის გადავუხადო სამაგიერო. ყველას თავისი მიეზღვება. მოთმინებაა მთავარი. ყოველთვის ისეთ მდგომარეობაში ვართ, რასაც ვიმსახურებთ.
– ეჭვიანი ხართ?
– საბაბი არ მაქვს საეჭვიანო, მაგრამ, თუ გიყვარს, ეჭვიანი ხარ. მე არ ვარ ეჭვიანი, რადგან ეჭვიანობის საგანი ზუსტად ვიცი ხოლმე. თუ საბაბი არ არის, მაშინ სანერვიულოც არაფერია. ეჭვიანობას ჯობს, გაარკვიო.
– როგორია თქვენთვის იდეალური ქალი?
– ყველა ქალი იდეალურია. ყველა მამაკაცს სხვადასხვა კრიტერიუმი აქვს, მე როგორიც მინდა, ისეთი მყავს.
– ქალს ალამაზებს...
– კაცი.
– კაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ?
– არა, პირიქით, ძალიან კომფორტულად გრძნობენ კაცები თავს ძლიერი ქალების გარემოცვაში.
– თქვენთან ურთიერთობა მარტივია?
– ძალიან. ადამიანს მივიღებ ან არ მივიღებ. ფენომენალური ინტუიცია მაქვს. თუ ადამიანი არ მომწონს, სულ რომ დაიქცეს ქვეყანა, მაინც არ დავიჭერ მასთან საქმეს.
– სიზმრების გჯერათ?
– სიზმარი არის ფიქრის შედეგი, თუ ის აგიხდება, ესე იგი, სწორად იფიქრე.
– როდის ტირით?
– სხვათა შორის, ბავშვობაში, რომ ვეცემოდი, არასოდეს ვტიროდი და დედაჩემი გიჟდებოდა ხოლმე. არავინ იყო და ვისთვის მეტირა, მე ხომ ისედაც
მტკიოდა. ტირილის დროს შენი თავი გეცოდება და შენ თავს გლოვობ. მეც მიტირია ახლობელი ადამიანისა და აფხაზეთის დაკარგვა. ისე, ბევრი რამის გამო მიტირია...
– როდის ყვირით?
– ძალიან რთულია ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა. არის ხოლმე, როცა ადამიანს რაღაცას უხსნი, მაგრამ თავს ისე გაჩვენებს, თითქოს არ ესმის. ამ შემთხვევაში გამოვდივარ წონასწორობიდან. გაწონასწორებული ვარ მაშინ,  როცა ყვინთვას ვასწავლი. მანქანის ტარება არც ერთი ოჯახის წევრისთვის არ მისწავლებია, ერთხელ რომ ავუხსნი, მეორედ აღარ შემიძლია. თუ გამოვდივარ წყობიდან, მერე უკვე შარია ირთვება (იცინის).
– ბილწსიტყვაობთ?
– სამწუხაროდ, კი. უფრო მოკლედ გამოდის ხოლმე გრძელი ამბის მოყოლა.
– რას ერიდებით?
– ქუჩაზე ზემოდან გადასვლას, ანუ ისეთ ადგილზე გადასვლას, სადაც არ შეიძლება.
– იტყუებით?
– სამწუხაროდ, მიწევს ხოლმე, ოღონდ ისეთი ტყუილის თქმა, რომელიც ადამიანისთვის მავნებელი არაა. მაგალითად, როცა ადამიანი რაღაცის მოლოდინშია, დასამშვიდებლად შეიძლება, ვუთხრა, რომ  ტყუილუბრალოდ არ ინერვიულოს და ის კონკრეტული რამ დროზე ადრე მოხდება. ეს უფრო გაფრთხილებაა, ვიდრე ტყუილი.
– რას ნანობთ?
– არაფერზე არ უნდა ინანო არასოდეს. ჩინგიზ-ხანი ამბობდა: თუ გაკეთების თავი არ გაქვს, არ უნდა გააკეთო და თუ გააკეთებ არ უნდა ინანოო. უნებლიე საქციელზე როგორ უნდა ინანო და თუ რაღაცას ჩაიდენ, რაც არასწორია, იმაზე სინანული რას უშველის. როცა გააზრებულად აკეთებ, რომ ნანობ, ვის ატყუებ?
– როდის ზარმაცობთ?
– თუ ვატყობ, რომ კონკრეტული საქმე შედეგს არ გამოიღებს, მაშინ. შუა გზიდან საქმის მიტოვებას მირჩევნია, საერთოდ არ დავიწყო.
– თქვენი ცხოვრების მთავარი შეხვედრა?
– როცა მამაჩემი პირველად ჩამოვიდა. ეს იყო დიდი მოლოდინი. ბავშვობაში მქონდა პერიოდი, როცა ვფიქრობდი, რომ ვერასდროს ვნახავდი.
– რა გაკომპლექსებთ?
– არ მიყვარს გამოპრანჭვა. ბავშვობაში მე რომ მქონდა და სხვას არა, არ მომწონდა, შესაბამისად, არ მიყვარდა გამოპრანჭვა.
– რას აგროვებთ?
– უამრავ რამეს, მათ შორის დანებსაც: წყალქვეშას, სანადიროს, საომარს, სამგზავროს და ასე შემდეგ.
– ადამიანი რისთვის იბადება?
– რომ მოკვდეს. თითოეულ ადამიანს თავისი ამოცანა აქვს. მთავარია, გყავდეს შვილი – ამისთვის იბადები.
– რომ არა სიკეთე, ბოროტებას რით დავამარცხებდით?
– ფულის გაუქმებით. ფული ხომ არაა ბუნებრივი მოვლენა, ის უნიათო ადამიანმა მოიგონა. სიხარბემ წარმოშვა ფული. როგორი ფორმითაც დღეს ის არსებობს, არის არაკონსტიტუციური – სიცოცხლესთან შეუთავსებელი.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ?
– ბებიაჩემმა მითხრა ებრაელების ასეთი გამოთქმა: მოგებული ხარ, როცა შენ გთხოვენ და წაგებული – როცა თავად ითხოვო.

скачать dle 11.3