კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ ეხმარება ბექა ლომთაძეს მეუღლე წარმატების მიღწევაში და რის გამო ეთიშებოდა ის შეჯიბრებებს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძემ 61 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში რუსი მაგომედრასულ იდრისოვი 6:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
  ბექა ლომთაძე: 27 წლის ვარ და ქუთაისში ვცხოვრობ. ბავშვობაში სულ ბურთით დავრბოდი და შესაბამისად, ფეხბურთზე დავდიოდი, მაგრამ მერე აღარ მომეწონა და გადავწყვიტე, ჭიდაობაზე შევსულიყავი. 14 წლის ვიყავი, როცა ვარჯიში დავიწყე. ჩემი ოჯახის სურვილიც იყო, რომ მეჭიდავა. თავად მამამ მირჩია, რომ კარგი იქნებოდა, თუ ჭიდაობაში ვცდიდი ბედს, თავადაც ყოფილი მოჭიდავეა. შეიძლება ითქვას, მის გზას გავყევი. მამამ კარგად იცოდა, როგორ უნდა მევარჯიშა, რა უნდა გამეკეთებინა. რჩევა-დარიგებებს მაძლევდა, ვარჯიშებზე და შეჯიბრებებზეც ხშირად დამყვებოდა. მაშინ კი, როცა სპორტისთვის თავის დანებება გადავწყვიტე, დიდი სტიმული მომცა – იმდენი მელაპარაკა, გადამაფიქრებინა. მეუბნებოდა, რომ ბოლომდე უნდა მებრძოლა. ჩემი ძმაც ამ სპორტშია, ერთად ვვარჯიშობთ და ერთად ვჭიდაობთ, საქართველოს ჩემპიონია. დედაც არ იყო უარზე, მანაც კარგად იცოდა ჭიდაობის ფასი და მეც დავუჯერე მშობლებს. იქიდან გამომდიანრე, რომ ამ სპორტის სახეობაში კარგად ერკვეოდნენ, მათგან დიდი ხელშეწყობა მქონდა. დედას გაუხარდა კიდეც, ჭიდაობაზე სიარული რომ გადავწყვიტე.
– რატომ გინდოდა ვარჯიშისთვის თავის დანებება?
– ჭიდაობა ისეთი სპორტია, რომ ბევრ სირთულესთან ასოცირდება. ჩემთვისაც არ ყოფილა ეს გზა მარტივი. საკმაოდ დიდი ვიყავი, როცა ვარჯიში დავიწყე, დავაგვიანე შესვლა. ვარჯიშების დროს იმდენი სირთულე მხვდებოდა ხოლმე, რომ თავის დანებებაზეც ვფიქრობდი. ბევრი ტრავმა მივიღე - ერთ რამეს მოვირჩენდი, მეორე იჩენდა თავს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს რომ გაუძლო, ძლიერი ნერვები და მყარი ფსიქოლოგიაა საჭირო. შესაბამისად, იყო პერიოდი, როცა თავის დანებება გადავწყვიტე, მაგრამ აქაც ჩემი ოჯახი დამიდგა გვერდით და არ მომცეს საშუალება, რომ ხელი ჩამექნია.
– პირველი წარმატება როდის მოვიდა?
– ჩემს პირველ წარმატებას ცოტა დააგვიანდა, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ტრავმა მქონდა. დასახულ მიზნამდე ყოველთვის ცოტა მაკლდა. ტრავმების გამო, ბოლომდე ენერგია არასდროს მყოფნიდა. ჩემპიონატებზე, ძირითადად, მეორე-მესამე ადგილს ვიკავებდი.  ყველაზე დიდი წარმატება 2015 წელს მქონდა, რომელმაც ამ სპორტში დამტოვა. მაშინ, ევროპულ თამაშებზე მეორე ადგილზე გავედი, თუმცა, სამწუხაროდ, ფინალი წავაგე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდში შევქმენი ოჯახი, ცოლი მოვიყვანე და ამან კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა, რომ წარმატებული ვყოფილიყავი. გულწრფელად გეუბნებით, ჩემი მეუღლის დიდი დამსახურებაა ის შედეგი, რაც დღეს მაქვს. როგორც ჩემი ოჯახის წევრები, ანალოგიურად ისიც მამხნევებდა.
– სერიოზული ტრავმები გქონდა?
– ორი ტრავმა იყო ყველაზე სერიოზული, ერთხელ მხარი – ლავიწის ძვალი ამომივარდა და მეორედ კი ნეკნი გამიტეხეს. ორივეზე დიდი პერიოდი დამჭირდა რეაბილიტაციისთვის. ორივე ტრავმა შეჯიბრებაზე მომივიდა, ნეკნი საქართველოს ჩემპიონატზე, ნახევარფინალში გამიტყდა. ლავიწის ძვალი კი – თურქეთში, საერთაშორისო ტურნირზე ამომივარდა. იძულებული გავხდი, შეჯიბრებას გამოვთიშულიყავი: ნეკნი რომ გამიტყდა, ვერ ვიმართებოდი, მხარი რომ ამომივარდა, ბეჭს ვერ ვწევდი.  ორმაგად ცუდი მომენტია, როცა ტრავმის გამო ეთიშები შეჯიბრებას. თან მაშინ, როცა კარგად ხარ მომზადებული და შეგიძლია, საუკეთესო შედეგის ჩვენება.
– რამდენად ელოდებოდი ამ გამარჯვებას?
– ველოდებოდი და უკვე დრო იყო, გავმხდარიყავი მსოფლიოს ჩემპიონი, რადგან პირველობას ყოველთვის ძალიან ცოტა მაშორებდა. 2015 წლის ევროპულ თამაშებზე ფინალი წავაგე, 2016 წლის მსოფლიოზე მეორეზე გავედი, 2018-ში ევროპის ჩემპიონატზეც მეორე ადგილი დავიკავე და 2019 წელსაც მეორეზე ადგილი მხვდა წილად. ოთხ ოფიციალურ შეჯიბრებაზე მქონდა მეორე ადგილი, ოთხი ფინალი წავაგე და ეს იყო მეხუთე ფინალი, რომელიც ნამდვილად არ უნდა წამეგო. აქედან გამომდინარე, ძალიან ბედნიერი ვარ. ოთხი ფინალის წაგების შემდეგ  ცუდად ვიყავი, ოთხი შანსი რომ ვერ გამოვიყენე, ვნერვიულობდი. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, ახლა რა სიხარულს განვიცდი. ჩემი მინუსი ის იყო, რომ როცა ფინალში გავდიოდი, ვიძაბებოდი, ვნერვიულობდი. ეს ყველაფერი მიშლიდა ხელს მაქსიმალური შედეგის მიღწევაში. ახლა ბევრი ვივარჯიშე ფსიქოლოგიაზე მწვრთნელებთან და ექიმებთან ერთად, ამ მხრივ, ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდში. ჩემი ცოლი იმდენს მელაპარაკებოდა ხოლმე... (იცინის). ფინალში რომ გავედი, დამირეკა და მითხრა, არაფერზე იფიქრო, მეორე ადგილი ოთხჯერ გაქვს და ახლა მაქსიმუმი უნდა აჩვენოო. ამ საუბრებმა ჩემი ფიქოლოგია შეცვალა, გააძლიერა და შედეგმაც არ დააყოვნა. რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონატს, რთული იყო. ფინალამდე მისასვლელი გზაც არ იყო მარტივი. ფინალში რუსს შევხვდი. ამ ჭიდაობაში რუსი სპორტსმენები გამორჩეულები არიან და მათთან შერკინება მარტივი არ არის. ვინც დავამარცხე, ადრეც მქონდა მასთან ნაჭიდავები და მოგებული. ვიცოდი მისი ფსიქოლოგია და მეორედაც შევძელი მისი დამარცხება. იმ მომენტში სიამაყით ვიყავი სავსე. ჩემი ოცნება იყო მსოფლიოს ჩემპიონობა და ის, რომ საქართველოს დროშა ამეფრიალებინა. ღმერთის წყალობით, ეს ყველაფერი შევძელი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს, რომლებმაც გამზარდეს: თემო მურღულიას, რამაზ ჩაჩხიანსა და კობა ახვლედიანს.
- ანუ, გამოდის, რომ მეუღლე ფსიქოლოგის ფუნქციას ითავსებდა. მოგვიყევი თქვენი სიყვარულის ისტორია.
– კი, ნამდვილად. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს კარიერაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. მისი საუბრები იყო ჩემთვის სტიმული. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის. სპორტსმენს დიდი ხელშეწყობა სჭირდება მეორე ნახევრისგან, ისე რთულია რამეს მიაღწიო, ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა. ორმაგად მიხარია ეს წარმატება, რადგან ჩემი მეუღლე გავახარე. ჩემი მეუღლე არის სოფიო ნოზაძე, 24 წლის. ხუთი წელია, უკვე დაქორწინებულები ვართ და ორი გოგონა გვყავს – ნიაკო და ბარბარე. ჩემი გოგონები ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან, როცა ვჭიდაობ, ტელევიზორთან დადგებიან და მამხნევებენ, მერე ხატებთან მიდიან და ლოცულობენ. რაც შეეხება ჩვენს ისტორიას, სოფიო ბიძაშვილის დაბადების დღეზე გავიცანი. მაშინვე თვალში მომხვდა, მომეწონა და  ერთ წელში ოჯახიც შევქმენით.

скачать dle 11.3