კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (50)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№40 ზურა გორგაძე: პრობლემები შევიქმენი და ცხოვრება გავირთულე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ცნობილი ამბების შემდეგ, ახალი სეზონი „რუსთავი 2-მა“ ახალი სახეებით დაიწყო. „დილა მშვიდობისა, საქართველოს“ ერთ-ერთი ახალი სახე, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ხმა, მსახიობი ზურა გორგაძეა.
  ზურა გორგაძე: ასეთი ამაღლებული განწყობა არასდროს მქონია. „რუსთავი 2-ში“ აქამდეც ვმუშაობდი და ჩემთვის ეს ტელევიზია მრავალ კარგ წელთან ასოცირდება. თუმცა, წინათ მხოლოდ ჩემი ხმის გაგონება შეეძლოთ, რადგან გახმოვანებაზე ვმუშაობდი. „დილა მშვიდობისა, საქართველო“ ახალია ჩემს ცხოვრებაში და დიდი პასუხისმგებლობა, რადგან რთული პერიოდის შემდეგ მოგვიწია ეთერში შესვლა და ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც იმ მოვლენების შემდეგ გახსნა სატელევიზიო ეთერი. ამ გუნდის წევრები, რომლებიც სხვა არხზე გადავიდნენ, ჩვენი მეგობრები არიან და ის ადამიანები იყვნენ პირველები, რომლებიც მილოცავდნენ და წარმატებებს მისურვებდნენ ახალ ამპლუაში. მე პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ და ჩემთვის მთავარია, ის საქმე ვაკეთო, რომელიც ძალიან მიყვარს. ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდით, რომელიც აქ დამხვდა. საოცრად შეკრულები არიან და ყველამ ისე კარგად იცის თავის საქმე, რომ აქ მუშაობაზე დიდი კომფორტი არ არსებობს. გემრიელად შევეწყვეთ ერთმანეთს და ანი გიუნტერი ხუმრობდა, ეთერიდან იგრძნობა, რომ ერთმანეთი გვიყვარსო, მართლა ასეა.
– ტელევიზია როგორ გაჩნდა შენს ცხოვრებაში?
– თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. პირველი სატელევიზიო გამოცდილება ტელეკომპანია „რეალ ტვ-ის“ უკავშირდება, სადაც შემეცნებით-გასართობ-საგანმანათლებლო გადაცემაზე ვმუშაობდი. შემდეგ იყო დილის ეთერი. „რუსთავი 2-თან“ აქამდე უფრო მსახიობის ამპლუაში ვთანამშრომლობდი, როგორც არხის ხმა და ასევე ვმონაწილეობდი „კომედის“ შოუებში.
– მანამდე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და საკმაოდ სკანდალურ ბიჭად გაგიცნო საზოგადოებამ, რეალურ ცხოვრებაში რამდენად სკანდალური ხარ?
– ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ სკანდალები ჩემგან ძალიან შორს არის. ეს რომ ჩემი სურვილი ყოფილიყო, მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ძალიან ხმაურიანი და რეიტინგში ერთ-ერთი პირველი. სკანდალში ყოველთვის ჩემდაუნებურად ვეხვეოდი და ასე მოხდა იმ პროექტის ფარგლებშიც.
– ჯანმრთელობის პრობლემების გამო სირთულეები გაქვს გამოვლილი. რა გაწუხებდა?
– ის პრობლემა, რომელიც მე მქონდა, დღევანდელი გადასახედიდან, ძალიან დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, მაგრამ მაშინ 90-იანი წლები იყო, მე ბავშვი ვიყავი, არ იყო განვითარებული ტექნოლოგიები და ეს ყველაფერი ერთად დიდ პრობლემად გადაიქცა. ორი ოპერაცია მაქვს გულზე გაკეთებული. მაშინ საქართველოში არ კეთდებოდა ეს ოპერაცია, ჩემი ოჯახი კი არასდროს ყოფილა ფინანსურად შეძლებული და მით უმეტეს, 90-იან წლებში. ამიტომ ძალიან დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდათ იმისთვის, რომ ეს ოპერაციები გერმანიაში გამეკეთებინა. 14 წლის ვიყავი, მეორე ოპერაცია რომ გავიკეთე და ამით ჩემი პრობლემები დამთავრდა. ისე, ზოგადადაც, ძალიან ხიფათიანი ადამიანი ვარ. ერთი შეხედვით, ძალიან მოწესრიგებული ვარ, მაგრამ რატომღაც ჩემი ცხოვრება „ექშენებითაა“ სავსე (იცინის). არ მიყვარს ერთფეროვანი ცხოვრება, თავგადასავლები მიზიდავს. ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი მომბეზრდა, ერთფეროვნებამ დამღალა. გადავწყვიტე ავსტრიაში წავსულიყავი, სადაც ჩემი ახლობლები ცხოვრობენ. მინდოდა, ევროპული ცხოვრება მეცადა. სამსახიობოზე ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, თუმცა ვიცოდი, რომ იქ დამრჩენი არ ვიყავი. რვა ან მინიმუმ ექვსი სამსახური მაინც მქონდა ხოლმე და სიგიჟე იყო მათი დატოვება. თუმცა ჩემი ხელმძღვანელების დამსახურებით, სხვა ქვეყნიდან დისტანციურად გავაგრძელე გახმოვანებაზე მუშაობა. აბსოლუტურად იგივე რეჟიმში ვმუშაობდი და მგონი, ამან გამაძლებინა იქ. ძალიან რთულია, რომ ჩადიხარ, შენი პროფესიით მიაღწიო წარმატებას მოკლე დროში. პარალელურად, ვმუშაობდი „სეილსმენად“ და „ჰაუსმეისთერად“. გაყიდვები იქნებოდა თუ კომპანიის ტექნიკურად მოწესრიგება  ჩემზე იყო დამოკიდებული. საერთოდ არ მეთაკილებოდა, არ არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც მეუხერხულება, თუ იმ მომენტში საჭიროა. თუმცა ვფიქრობდი, რამდენად დიდი რამ დავდე სასწორზე ჩემს ქვეყანაში და რისი დათმობა დამჭირდებოდა კიდევ იქ სრული ადაპტირებისთვის და ამის გამო საკმაოდ დიდი ბრძოლები მქონდა საკუთარ თავთან. ავსტრიაში ორწელიწად-ნახევარი ვცხოვრობდი. ბოლოს გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი. და ორი თვეა, რაც საქართველოში ჩამოვედი.
– შენი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი რას უკავშირდება?
– აზარტულ თამაშებს. ეს იყო საზღვარგარეთ წასვლამდე და წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო – მინდოდა, რეალობა შემეცვალა. ჩემმა ყოველდღიურმა რუტინამ სხვა გართობებისკენ და სიამოვნებებისკენ მიბიძგა, რაც ძალიან საზიანო აღმოჩნდა ჩემთვის და ჩემი გარშემო მყოფებისთვის. ყველა ძალიან ბევრი ვანერვიულე და თავისთავად, მეც ვნერვიულობდი. მოკლედ, პრობლემები შევიქმენი და ცხოვრება გავირთულე, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. რა არ ვცადე, ფსიქოლოგი, ეკლესია და ასე შემდეგ, მაგრამ გამოსავალი საბოლოოდ მაინც საკუთარმა თავმა მაპოვნინა. უნდა დაარწმუნო თავი, რომ მის გარეშე გაცილებით უკეთესი იქნება ცხოვრება. მტკიცე არა უნდა უთხრა ცუდ რაღაცებს და კარი პოზიტივს გაუღო.
– კიდევ ერთი სირთულე გქონდა, ძმისშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
– ჩემს ძმისშვილს ცერემბრალური დამბლის მსუბუქი ფორმა აქვს, რის გამოც სიარული არ შეუძლია. წამოვიწყე აქცია, საქველმოქმედო კონცერტი, მთელი მეგობრები და შოუ-ბიზნესი დამიდგა გვერდით და ძალიან დიდი ღონისძიება გამოვიდა. შედეგად წავიყვანეთ თურქეთში, სადაც ჩაუტარდა მკურნალობა. გვპირდებოდნენ, რომ გაივლიდა და ბავშვმა მართლა დაიწყო მცდელობა. თუმცა, ეს მუდმივი პროცესია და დღემდე ვიბრძვით მისი ჯანმრთელობისთვის და ფეხზე სრულყოფილად გასავლელად.
– მახსოვს, რომ შორენა ბეგაშვილზე აპირებდი დაქორწინებას. რა მოხდა შემდეგ?
– არა, შორენაზე დაქორწინებას არ ვაპირებდი (იცინის). სატელევიზიო შოუ იყო „ჭირვეულის მორჯულება“. შორენა იყო ჭირვეული და ჩვენ უნდა მოგვერჯულებინა. პროექტიდან გამომდინარე, გააქტიურდა ეს თემა. ჩემთან, რადიოში იყო მოსული და იქ გავაჟღერე – ჩემი მომავალი ცოლი-მეთქი და ამაზე ატყდა ამბავი (იცინის).
– ახლა რა ხდება პირად ამბებში?
– არაფერი არ ხდება. ღმერთმა დამიფაროს, არავინ მომეწონოს, არავის ვუყვარდე და არავინ მიყვარდეს, მაგრამ ისე, სიყვარულთან ცოტა ისე ვარ... სხვა რაღაცებზე ვარ გადართული, სტაბილური ურთიერთობები არ მაქვს, თორემ, რა თქმა უნდა, ხდება რაღაცები, ეს აუცილებელიცაა, თუმცა, სერიოზული არაფერი.

скачать dle 11.3