კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ დააკვდა შვილებს ლევან დადიანი და რის გამო დასაჯა მან სასტიკად საკუთარი ძმა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ლევან მეორე დადიანი — ოდიშის მთავარი 1611-1657 წლებში, მანუჩარ პირველი დადიანის ძე. იგი 14 წლის ასაკში აღმოჩნდა სამთავროს ტახტზე, ხოლო დროებითი ძალაუფლება ხელში აიღო მისმა ბიძამ, გიორგი ლიპარტიანმა.
  ლევანი კახეთში, თავისი პაპის, ალექსანდრე მეორის ოჯახში იზრდებოდა და შაჰ-აბასის მუხანათური პოლიტიკის სისტემას ის პატარაობიდან ეცნობოდა. ამასთანავე, კახეთის მეფის კარზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად იბრძოდნენ ოსმალეთისა და მოსკოვის მეფის დიპლომატები. გაბატონებული იყო თვალთმაქცობა, მლიქვნელობა და ყოველგვარი სიბოროტე. ასეთ პირობებში აღზრდილ ლევან დადიანსაც ახასიათებდა ორპირობა, ცბიერება, სიმკაცრე და სხვა. რაც იმ ეპოქის პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად იყო მიჩნეული. ამიტომ ვახუშტი ბატონიშვილი ლევანს ასე ახასიათებს: „რამეთუ ესე ლევან იყო ბოროტი, ხვანჯიანი, ამაყი, მზაკვარი და ძვირის-მომხსენე და იმარჯვებდა ჟამთა“.
  მაგრამ ამასთანავე ლევან დადიანი იყო ნიჭიერი მთავარი, უშიშარი და მტკიცე ნებისყოფის ადამიანი, რომელიც კარგად ერკვეოდა იმდროინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში და მოხერხებულად იბრძოდა თავისი სამთავროს გაძლიერებისათვის იმ ხერხებითა და საშუალებებით, რომელიც მაშინ იყო გამოყენებული.
  დავით ოყუჯავა (მკვლევარი): ლევანს ბავშვობიდან ბიძა – გიორგი ლიპარტიანი ზრდიდა. 14 წლის იყო, როცა მთავარი გახდა. მისი მმართველობის დროს აფხაზეთს უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდა ოდიშის სამთავროსგან. საკმაოდ მოხერხებული პიროვნება იყო. მან სასტიკი კანონები შემოიღო მოპარვისა და ძარცვის წინააღმდეგ.
– გამორჩეული იყო ლევანის პირადი ცხოვრება...
– მისი პირველი ქორწინება პოლიტიკური აქტი იყო. სეტემან შარვაშიძე ერთ-ერთი ძლიერი აფხაზი მთავარი იყო თავის რეგიონში. მთლიანად აფხაზეთის სამთავრო მას არ ემორჩილებოდა. ლევანმა მისი შვილი მოიყვანა ცოლად და მასთან ორი ვაჟი გაუჩნდა. ლევანს მეორე მეუღლისგანაც პყავდა ორი ვაჟი.
  ზოგადად, მას ახასიათებენ, როგორც უკიდურესად თავშეკავებულ ადამიანს, რომელსაც არ მოსწონდა ღრეობა, პირიქით, ძალიან ცოტას მიირთმევდა. სუფრის დაწყებისას წესად ჰქონდა, ჯერ სუფრის ყველა წევრს გაუზიარებდა ნადიმს და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთმევდა თვითონ.  
  მაგრამ ისე მოხდა, რომ საკუთარი ბიძის ცოლი შეუყვარდა. მის აღმზრდელ ბიძას, რომელმაც ასწავლა და მოამზადა ლევან მეორე დადიანი სამთავრობო სააქმებისთვის, ცოლად ჰყავდა მასზე ბევრად ახალგაზრდა ქალბატონი, ნესტან-დარეჯან ჭილაძე. ლევან მეორე და ნესტან-დარეჯანი, ძალიან დამეგობრდნენ. ნესტან-დარეჯანი დიდ დროს ატარებდა მთავრის სასახლეში და მასთან ლევან დადიანი ხშირად სამთავრობო საქმეებსაც განიხილავდა. არავის ეჭვი არ შეჰპარვია მათ მეგობრულ ურთიერთობაში, ვინაიდან ორივე დაოჯახებული იყო და თან სისხლით ნათესაობა აკავშირებდათ. პირველი მეუღლის დასჯისა და აფხაზეთში გაგზავნის შემდეგ ყველაფერი გამოაშკარავდა და მთელს სამთავროში გავარდა ხმა მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. გიორგი ლიპარტიანმა მეუღლე თავისთან იხმო და სამთავრობო სასახლიდან წამოიყვანა. ლევანი ჯარით ეახლა ბიძას და მეუღლე წაართვა, იქორწინა მასზე და სამთავროს დედოფლად გამოაცხადა.
  ბიძა გიორგი ლიპარტიანი ძმისწულისაგან შეურაცხყოფილი, გლოვას იწყებს. ისე იქცევა, თითქოს ცოლი გარდაცვლილიყო. ყველა მისი მსახური სამგლოვიარო სამოსით იმოსება და ორმოცი დღე გლოვობს.
  სამთავრო ორ ნაწილად იყოფა. ერთნი – ძირითადად, ახალგაზრდები მხარს ლევანს უჭერენ, მეორენი – ძირითადად, ასაკოვანნი, ვერ ეგუებიან ასეთ შეურაცხყოფას და ლევანს სისხლის აღრევაში ადანაშაულებენ. მის მიმართ მზადდება შეთქმულება, რომლის მიზანია ლევანის მოკვლა და მისი ძმის გამეფება. შეთქმულებას ორგანიზებას უწევს მთავრის პირველი მეუღლის საყვარელი ლევანის მიერ გურიაში განდევნილი მერაბ ქორთოძე. შეთქმულება ჩაიშალა, ლევანი გადარჩა და უსასტიკესად დასაჯა შეთქმულების მონაწილეები, თავისი ძმის ჩათვლით.
მანამდე ლევან დადიანმა თავისი და – მარიამი მიათხოვა გურიის მთავრის, მამია გურიელის ვაჟს – სიმონ გურიელს, ანუ დადიანი დამოყვრდა აფხაზეთთანაც და გურიასთანაც. მოგვიანებით გურიის სამთავროში საშინელი ცოდვა დატრიალდა. ლევან დადიანის სიძემ – სიმონმა, მოკლა საკუთარი მამა – მამია გურიელი და მისი ადგილი დაიკავა. ლევანი თავს დაესხა გურიელს, სასტიკ ბრძოლაში დაამარცხა და თვალები დასთხარა. მისი ცოლი კი, ანუ თავისი და – მარიამი, დისშვილ ოტიასთან ერთად სამეგრელოში წამოიყვანა.
  ლევან დადიანი ამბობდა, რომ მის ცოლს თითქოს, სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მისსავე პირად ვეზირთან, მერაბ ქორთოძესთან. ეს უკანასკნელი იმდენად პოპულარული ყოფილა იმდროინდელ დასავლეთ საქართველოში, რომ ლევან დადიანმა მისი დასჯა ვერ გაბედა. ამიტომ, იგი სამეგრელოდან გურიის სამთავროში, თავის სიძესთან და დასთან, გადაასახლა. მართალია, ლევან დადიანმა გიორგი ლიპარტიანის პრობლემა გადაჭრა და ნესტან-დარეჯანზე ქორწინება შეძლო, თუმცა ამავე პერიოდში მას ახალი თავსატეხი გამოუჩნდა. ამის მთავარი შემოქმედი მერაბ ქორთოძე გახლდათ, რომელიც ინტრიგებს გურიიდან ხლართავდა. ქორთოძე დადიანის წინააღმდეგ აქეზებდა გურიელს და იმერეთის მეფეს – გიორგი მესამეს. სიმონ გურიელმა და ქორთოძემ გადაწყვიტეს, ლევან დადიანი მოეკლათ – ახლანდელი ტერმინით, ტერაქტი მოეწყოთ მისთვის. დაიწყეს მზადება, ამ საქმეში განაწყენებული ყოფილი სიმამრი – სეტემან შერვაშიძეც ჩართეს. შეთქმულებმა გადაწყვიტეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ დადიანს ვახშმობის დროს მოკლავდნენ. წყაროებში წერია, რომ ლევანს წესად ჰქონდა ერთი და იგივე დროს ვახშმობა. ვახშმის შემდეგ კი, დიდხანს მიეყუდებოდა ხოლმე სკამის საზურგეს. გეგმის მიხედვით, სწორედ ამ საზურგის უკან (დაიმალებოდა) მკვლელი, რომელსაც ხანჯალი ზურგიდან უნდა ჩაეცა დადიანისთვის. ერთ-ერთ საღამოს, ვახშმის შემდეგ, მოღალატე  მერიქიფემ თვალით ანიშნა დადიანის ზურგს უკან ჩასაფრებულ მკვლელს, რომ მთავრისთვის ხანჯალი ჩაეცა. ლევან დადიანი ძალიან ფრთხილი და ეშმაკი ადამიანი იყო და მას ეს ნიშანი არ გამოჰპარვია. მიხვდა, რომ უკნიდან უპირებდნენ თავდასხმას და მაშინვე გადაემხო სუფრას. ამიტომ ხანჯალი მის ზურგს შეეხო და მხოლოდ მსუბუქი ჭრილობა მიიღო. ამის შემდეგ, აფხაზმა თავს უშველა, დანარჩენები კი შეიპყრეს. ლევან დადიანმა გამოძიება დაიწყო და გაარკვია, რომ შეთქმულებთან კავშირში იყო მისი ძმა – იესე. ლევანმა მას თვალები დასთხარა და ქონებაც ჩამოართვა. ამის შემდეგ ხელში ჩაიგდო ყოფილი ვეზირი მერაბ ქორთოძე და დაახრჩო.
  გარდა ამისა, სხვადასხვა წყარო სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდის ლევან მეორის ცხოვრებაზე. მათ შორის მის მიერ ბიძისთვის ცოლის წართმევისა და პირველი ცოლის დასჯის შესახებ: ბიძა გიორგი ლიპარტიანი ამ დროს ოთხმოცი წლის იყო, მან ცოლად შეირთო 16 წლის გოგო, რომელიც ძალიან შეუყვარდა ლევან დადიანს და ამ გრძნობას აჰყვა. ნესტან-დარეჯანი ძალიან ლამაზი ყოფილა. ამ ფონზე ლევანი ცოლს ბრალად სდებს ღალატს. ისტორიაში მისი პირველი მეუღლე – შარვაშიძის ქალი ძალიან დადებითადაა აღწერილი. ამიტომ საეჭვოა, რომ მისგან ღალატი იყო მოსალოდნელი. ლევანმა მეუღლე ღალატისთვის ბერძნული წესით დასაჯა – ცხვირი მოაჭრა. რის შემდეგაც მამამისთან გაგზავნა აფხაზეთში. წყაროებში ვკითხულობთ, რომ მას დიდი ხნის წინ ჰქონდა განზრახული აფხაზეთისთვისაც ეჩვენებინა საკუთარი ძალა და ბოლომდე დაემორჩილებინა. ამიტომ, როცა ქალი მამას გაუგზავნა, თავად ჯარით მიჰყვა უკან ისე, რომ მათ გონს მოსვლაც არ აცალა და აფხაზეთიც დაიმორჩილა.
  ლევან მეორე პირდაპირ მიადგა სახლში გიორგი ლიპარტიანს და ცოლი წაჰგვარა. სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. წყაროებში წერია, არავინ იცის, ყოველივე რით დამთავრდებოდა, მოულოდნელად გიორგი ლიპარტიანი რომ არ გარდაცვლილიყოო. ამასთან დაკავშირებით, მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ გიორგი ლიპარტიანი საკუთარმა ძმისშვილმა, ლევან დადიანმა მოწამლა და ასე იქორწინა საკუთარ ბიცოლაზე, ნესტან-დარეჯან ჭილაძეზე. კათოლიკე მისიონერების ცნობით, ნესტან-დარეჯანი ყოფილა ძალიან ამპარტავანი, დაუნდობელი, ძალაუფლების მოყვარე და ბოროტი ადამიანი. ნესტან-დარეჯანმა გული ააცრუებინა ლევან დადიანს საკუთარ შვილებზე, რომლებიც მას პირველი ცოლისგან ჰყავდა. ჩააგონა, რომ ეს ბავშვები მისი შვილები არ იყვნენ – შენი ცოლი ხომ გღალატობდა და ვინ იცის, ვისგან ჰყავდა ისინიო  (ავტორი).
– მიუხედავად ასეთი ცხოვრებისა, ძალიან ბევრი ცნობა გვაქვს მის შესახებ, რაც დადებითად ახასიათებს ლევან დადიანს, ცნობილია, ასევე, მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობისადმი. საერთო ჯამში, როგორ პიროვნებად განიხილავენ ამ ადამიანს?
დავით ოყუჯავა: სამეგრელოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავარი იყო, მთავარი, რომელიც გლეხებზე ზრუნავდა, მკურნალობდა მათ. ლევანს შესწავლილი აქვს საექიმო საქმე და ამზადებს სამკურნალო წამლებს, რომელთაც გლეხებს ურიგებს. თავის ხალხს ვაჭრობასა და სხვა ხელობას ასწავლის, რისთვისაც იწვევს სომეხ და ებრაელ ვაჭრებს. ზრუნავს, რომ  გააუმჯობესოს მათი ცხოვრება. ბევრი ეკლესია-მონასტრის რესტავრაცია და მოხატვა უკავშირდება მის სახელს. ააგო რუხის ციხე და იქვე დააარსა ზარაფხანა.  ლევანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქველმოქმედი იყო. მან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვარის მონასტერი და მისი რესტავრირებისთვის საჭირო თანხებიც გაიღო, მანვე გადააწერინა მამუკა თავაქარაშვილს რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი”, რომელიც ამჟამად პოემის უძველეს ხელნაწერს წარმოადგენს. ლევანის მოღვაწეობის წლებში დიდი რაოდენობით ეპიგრაფიკული ძეგლები იქმნებოდა. მართალია, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ლევანი, ხშირ შემთხვევაში, ულმობელი ხდებოდა, მაგრამ მას მაინც სამართლიანად მიიჩნევენ დიდ ქართველად, რადგან ოდიშის განვითარებითა და მისი კულტურული საგანძურის შენარჩუნებით სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული. საერთო ჯამში მას, სამეგრელოს ძლიერ მმართველად და პიროვნებად განიხილავენ.
  გამჭრიახობითა და გონიერებით იცილებს თურქეთისგან მომდინარე საფრთხეებს. ოსტატურად ატყუებს თურქ ელჩებს და არწმუნებს მათ, რომ სამთავრო ძალიან ღარიბია. მისი ბრძანებით, ელჩებს, რომელთაც თავიანთი წესის მიხედვით, ღვინის დალევა ეკრძალებოდათ და მიუხედავად ამისა სიამოვნებით მიირთმევდნენ კარგ ღვინოს, მხოლოდ ცუდი ღვინით უმასპინძლდებიან და ამით ისინი იძულებულები ხდებოდნენ, თავიანთი ადათი დაეცვათ.
მისი შვილები მისსავე სიცოცხლეში დაიღუპნენ. ერთმა 1657 წლამდე, ანუ ლევან დადიანის გარდაცვალების თარიღამდე იცოცხლა, თუმცა ლევან დადიანი ყველა შვილის სიკვდილს მოესწრო და როდესაც უკანასკნელის სიკვდილის შესახებაც შეიტყო, თავზე ლახტი გადაირტყა და დაუმარხავ შვილს ზედ დააკვდა.

скачать dle 11.3