კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№40 როგორ აპირებდა ძმის გამო შურისძიებას ქართველი სამხედრო მფრინავი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოხდა და ოფიციალურად არ გახმაურებულა. მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია. რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
უსამართლო განაჩენი
  1973 წლის 2 ივლისს მოსკოვში საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ციხეში 37 წლის სამხედრო, მაიორი გაიოზ კოვზირიძე სიკვდილით დასაჯეს. ქართველი მაიორი საჰაერო-სადესანტო ძალებში მსახურობდა და „გრუს“ პოლკოვნიკი ვიტალი ტიმოფეევი მოკლა. შემთხვევა მოსკოვის გარნიზონის სპეციალური ძალების ერთ-ერთ სამხედრო ქალაქში მოხდა, სადაც მოკლული და მკვლელი ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა რუსმა პოლკოვნიკმა ქართველი მაიორის მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენა. მან  ქალს სახლში წაყოლა და სქესობრივი კავშირი შესთავაზა. ორი შვილის დედამ, ეკატერინე ლაბაძემ თავხედს სილა გააწნა. პოლკოვნიკმა კი სანაცვლოდ მუშტი ჩაარტყა სახეში და მიწაზე დააგდო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ქართველი მაიორი, რომელიც სახლში ბრუნდებოდა. კოვზირიძემ ტიმოფეევს ცემა დაუწყო. ტიმოფეევმა კი ტაბელური პისტოლეტი ამოიღო და სროლა დააპირა. კოვზირიძემ მას იარაღი წაართვა და ტარი რამდენჯერმე თავში ჩაარტყა. პოლკოვნიკი ადგილზევე გარდაიცვალა, რისთვისაც  კოვზირიძე მაშინვე აიყვანეს. მიუხედავად მოკლულის ბრალეულობისა და არაერთი მოწმის ჩვენებისა, კოვზირიძის სასარგებლოდ (მოგვიანებით ყველა ჩვენება საქმიდან გაქრა), ქართველი მაიორი სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა. მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რაც ორ კვირაში აღასრულეს. მაიორ კოვზირიძეს ახალგაზრდა ქვრივი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ვაჟი – 10 წლის ცოტნე და 11 წლის თორნიკე დარჩა.
ძმა ძმისთვისაო
  უსამართლოდ დახვრეტილ გაიოზ კოვზირიძეს მასზე 2 წლით უმცროსი ძმა ჰყავდა – გოდერძი, რომელიც ასევე სამხედრო პირი იყო და საჰაერო ძალებში მსახურობდა. უმაღლესი კატეგორიის მფრინავი გოდერძი კოვზირიძე კაპიტნის ჩინს ატარებდა და იმ პერიოდში ვიეტნამის სახალხო რესპუბლიკაში ინსტრუქტორად მსახურობდა. ქართველი კაპიტნისთვის ძმის ამბავი არავის შეუტყობინებია. თუმცა, ის ვიეტნამიდან ჩამოიყვანეს, ფრენებიდან მოხსნეს და აეროდრომ „ჟუკოვსკიზე“ სახმელეთო მომზადების ჯგუფში გაამწესეს, რაც აშკარა დაქვეითება იყო, თან, მკაცრად გააფრთხილეს, რომ ძმის სიკვდილის ისტორიით არც დაინტერესებულიყო, თუმცა გოდერძი კოვზირიძემ საკუთარი ძალებით და ნაცნობ-მეგობრების დახმარებით, მაინც მოახერხა სრული სიმართლის გაგება და ისიც დაადგინა, რომ გაიოზის დახვრეტაში მთავარი როლი გენერალმა ევგენი კოჩეტკოვმა ითამაშა, რომელიც მოკლული პოლკოვნიკის ცოლის ძმა იყო. ქართველმა კაპიტანმა გენერალი კოჩეტკოვი მისსავე სახლის სადარბაზოში 1974 წლის 4 სექტემბერს დანით მოკლა და მიიმალა. ხოლო მეორე დღეს აეროდრომ „ჟუკოვსკიდან“ სამხედრო „სუ“ გაიტაცა, რათა თავდაცვის სამინისტროს შენობას დატაკებოდა მოსკოვში. თუმცა, მოსკოვის საჰაერო სივრცეში რომ შეიჭრა, „პევეოს“ სისტემა ამოქმედდა და თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თავად ქართველმა კაპიტანმა კატაპულტირება მოახერხა, თუმცა მიწაზე რომ დაეშვა, ის სპეციალურმა ჯგუფმა შეიპყრო და იმავე საპყრობილეში ჩასვეს, სადაც მისი ძმა დახვრიტეს.
ჯოჯოხეთიდან გაქცევა
  ციხეში გამომწყვდეულ შურისმაძიებელ ძმასაც, ალბათ, იგივე მეთოდით სწრაფად და უსამართლოდ გაუსწორდებოდნენ, რომ არა ერთი გარემოება. თავდაცვის სამინისტროზე ტარანის მცდელობის ისტორია საბჭოთა კავშირის მეთაურ ლეონიდ ბრეჟნევისთვისაც გახდა ცნობილი. გარდა ამისა, ამ ისტორიაზე დიდი ხმაური ატეხეს „ამერიკის ხმამ“, „რადიო თავისუფლებამ“ და დასავლურმა პრესამ. ამიტომ საქმის მიჩუმათება უკვე აღარ გამოვიდოდა და სამხედრო პროკურატურამ კომპლექსურ გამოძიებას მიჰყო ხელი. არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი დასაჯეს და ჩამოაქვეითეს და არა იმიტომ, რომ ქართველ კაპიტანს გამოუცხადეს სოლიდარობა, არამედ იმიტომ, რომ კაპიტანმა კოვზირიძემ რეალური საფრთხე შეუქმნა ერთ-ერთ სტრატეგიულ საბჭოთა შენობას... სამაგიეროდ, ციხეში გამომწყვდეული კოვზირიძე ყოვლად აუტანელ პირობებში ჰყავდათ და მას ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს. ქართველი კაპიტანი წყლიან საკანში ჩასვეს და ძილის საშუალებას არ აძლევდნენ. აშკარა იყო, რომ ბოლოს მაინც სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ. მანამდე კი ყველა ფორმალობას იცავდნენ, თუმცა, უკიდურესი წამების პარალელურად. ორი თვის შემდეგ პატიმარი ჯერ სერბსკის ფსიქიატრიულ კლინიკაში დააწვინეს ექსპერტიზისთვის, ერთ თვეში კი, იმავე მიზნით, ქალაქ ყაზანის ფსიქიატრიულ ციხეში უკრეს თავი. ყაზანის ეს დაწესებულება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ადგილი იყო – იქ ჯერ ბოლომდე მოუშლიდნენ ადამიანს ფსიქიკას, ამავე დროს, დასჯისთვის ვარგისად სცნობდნენ, შემდეგ კი სასჯელის აღსრულებისთვის უკან აბრუნებდნენ..
1975 წლის 2 სექტემბერს, ერთწლიანი ტანჯვა-წამების შემდეგ, გოდერძი კოვზირიძემ ყაზანის ჯოჯოხეთიდან გაქცევა მოახერხა. იმ მომენტში ის 49   კილოგრამს იწონიდა, ადამიანის იერი ჰქონდა დაკარგული და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თავის დაღწევას შეძლებდა. დაიწყო გამოძიება, საგულდაგულოდ დაჰკითხეს მთელი მედპერსონალი, მაგრამ ვერ დაადგინეს, როგორ მოახერხა გაქცევა... და მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში გახდა ცნობილი, რომ კოვზირიძე პრაქტიკანტმა, 25 წლის ირინა შკლოვსკაიამ გაიყვანა იმ ჯოჯოხეთიდან. უმკურნალა, ფეხზე დააყენა. შემდეგ კი ორივენი არალეგალურად გაიქცნენ ჯერ ფინეთში, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იქორწინეს და წიგნიც კი გამოსცეს ამ ისტორიის შესახებ.


скачать dle 11.3