კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რომელი ქართველი მეფის შეეშინდა ბიზანტიის კეისარს

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  სულ ცამეტიოდე წელი იმეფა დიდმა ხელმწიფემ გიორგი პირველმა. სულ ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ, შეძლო ბიზანტიის დიდი იმპერიის შეზანზარება და გულსასტიკი იმპერატორის, ბასილი ბულგართმმუსვრელის შეშინება.
  რაც მთავარია, ქართული პოლიტიკის დოქტრინად აქცია იმპერიისადმი დაუმორჩილებლობა, ოკუპაციისადმი შეურიგებლობა, გეოპოლიტიკური ვითარების გამოყენების სიბრძნე და საკუთარი რეგიონის შექმნის გეგმა.
  გიორგი პირველმა ისარგებლა ბიზანტია-ბულგარეთის ომით და გაათავისუფლა ბიზანტიის მიერ ოკუპირებული ქართული მიწები. სომხურ მიწებზე გაავრცელა გავლენა და სომხები მოკავშირედ აქცია ბიზანტიელებისადმი დაპირისპირებაში.
   ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრენე, სხვათა გადმოცემების საფუძველზე, წერს:
„რადგან აბაზგიის მთავარმა გიორგიმ (იგულისხმება ჩვენი ხელმწიფე გიორგი პირველი. – გ. მ.) დაარღვია რომაელებთან (ბიზანტიელებთან. – გ. მ.) დადებული ხელშეკრულება და რომაელთა საზღვრებში იჭრებოდა, მეფემ (ბიზანტიის იმპერატორი ბასილი ბულგართმმუსვრელი. – გ. მ.) მთელი ჯარით გაილაშქრა მის წინააღმდეგ, ხოლო პატრიკიოსი ნიკიფორე ქსიფიასი და პატრიკიოსი ნიკიფორე, ბარდა ფოკას ძე, შინ დასტოვა. ამათ კი ძალიან ეწყინათ, რომ ისინი ლაშქრობას გამოთიშეს; შეკრიბეს ჯარი კაპადოკიიდან, როდანტიდან და მეზობელი მხარეებიდან და აჯანყება მოაწყეს“.
ამ ცნობით ჩანს, ბასილი ბულგართმმუსვრელი ბიზანტიის მთელი საომარი რესურსით წამოსულა ქართველთა დასამორჩილებლად.
ბიზანტიელი ისტორიკოსი განაგრძობს:
  „ეს ამბავი რომ აუწყეს მეფეს, მისი ბანაკი შიშმა და ძრწოლამ მოიცვა: ეშინოდათ, ვაი თუ აბაზგებსა (აფხაზებს, ესე იგი, ქართველებს. – გ. მ.) და აჯანყებულთა შუა მოვემწყვდეთ და ცუდი დღე დაგვადგესო (ხმები დადიოდა, ქსიფიას კაცები ამის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებენ აბაზგიის მთავართანო).“
  ამ აბზაცით მტკიცდება გიორგი პირველის პოლიტიკის სიბრძნე. მან ბასილი ბულგართმმუსვრელის დასამარცხებლად, თავად ბიზანტიაში მოიძია მოკავშირეები და ბიზანტიის შიგნიდან აშლას ცდილობდა. ქართველი მეფე და მისი სიძე, დის ქმარი, ფერის ჯოჯიკის ძე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ ამბებში.
გიორგი კედრენე განაგრძობს:
  „მეფემ წერილები გაუგზავნა ქსიფიასს და ფოკას და შიკრიკს დაავალა ყოველნაირად ცდილიყო, რომ ერთიმეორის ჩუმად გადაეცა წერილები. შიკრიკმაც შეასრულა დავალება და ჩუმად ჩააბარა წერილები; ფოკამ მაშინვე გააცნო ქსიფიასს თავისი წერილი, ამან კი თავისი წერილი არ გამოუჩინა და სრულიად უარყოფდა წერილი არ მიმიღიაო; ერთ დღეს ქსიფიასმა მოსალაპარაკებლად უხმო მას და რომ მოვიდა, წინასწარ ჩასაფრებულ კაცებს მოაკვლევინა იგი. მეამბოხეთა კავშირი მაშინვე დაიშალა“.
  გაქნილმა პოლიტიკოსმა, ბასილი მეორემ, მოახერხა შეთქმულების გამოაშკარავება და ჩაშლა. ამგვარად, ბასილი ბულგართმმუსვრელმა გიორგი მეფის მიერ მისთვის ზურგში დაგეგმილი ამბოხება გაანეიტრალა. ამან შეასუსტა საქართველოს შანსი, თუმცა, ჩვენი ახალგაზრდა და უშიში ხელმწიფე, მაინც არ აპირებდა ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას.
კედრენე განაგრძობს:
  „მეფეს რომ აცნობეს ფოკას სიკვდილი, მან გაგზავნა დამიანე დალასენოსის შვილი, თეოფილაქტე, რომელმაც დაატყვევა ქსიფიასი და შებორკილი მიჰგვარა სატახტო ქალაქში იოანე პროტონოტარს. იოანემ იგი ბერად აღკვეცა და ანტიგონეს კუნძულზე გადაასახლა“.
ოდნავ ადრე, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ჩვენი მეფის ბუნებრივი მოკავშირე, ხალიფა ალ-ჰაკიმი, რომელსაც მტრობა ჰქონდა ბიზანტიასთან. მისი რესურსის გამოყენებასაც ცდილობდა გიორგი პირველი. ეს ვარიანტიც ჩაიშალა. აშკარად არ უმართლებდა ჩვენს ქვეყანას.
ბიზანტიელი მემატიანე განაგრძობს:
  „მეამბოხეთაგან განთავისუფლებული მეფე ეკვეთა აბაზგებს: თუმცა რომაელთაგან ბევრნი დაიღუპენ, მაგრამ ორივე მხარის ჯარები რომ დაიშალნენ, აღმოჩნდა, რომ გამარჯვება არავის არ ჰრგებია“.
  ამის შემდეგ მეფე გიორგიმ უკან დაიხია. ელოდებოდა კახეთ-ჰერეთის ლაშქარს. სოფელ შირიმთან მტრის ჯარის ავანგარდი წამოეწია ჩვენი წინაპრების ჯარის არიერგარდს და შეუტია. ქართველები მოუტრიალდნენ მტერს და დიდი ზიანი მიაყენეს დამპყრობელს. გაძარცვეს მათი ბანაკიც. ბასილი გაქცევას აპირებდა... მაგრამ, ქართველთა შორის შეუთანხმებლობა იყო. ზოგს აღარ უნდოდა ომი. ამიტომ, ჩვენი წინაპრები დამარცხდნენ.
ამას გიორგი კედრენე ასე მოგვთხრობს:
  „ამის შემდეგ მოხდა მეორე ბრძოლა, სექტემბრის თერთმეტს, მეექვსე ინდიქტიონს, 6531 (=1023) წელს, ამ ბრძოლაში დაეცა ლიპარიტი (იგი ჰყავდა გიორგის მთავარსარდლად) და მასთან ერთად აბაზგების ჯარის საუკეთესო ნაწილი. თვითონ გიორგი გაიქცა იბერიის შიდა მთებში.“
ბასილი ბულგართმმუსვრელმა წინ წასვლა ვეღარ შეძლო და ტრაპიზონისკენ გაემგზავრა გამოსაზამთრებლად.
ჩვენს მეფესა და ბერძენთა მეფეს შორის გაიმართა მოლაპარაკება. „მატიანე ქართლისას“ ცნობით, ამ პერიოდში მოხდა აჯანყების წამოწყება ბასილი იმპერატორის წინააღმდეგ, რისი ჩახშობაც მოახერხა იმპერატორმა.
კედრენე წერს:
  „ცოტა ხნის შემდეგ მან (გიორგი პირველმა – გ. მ.) მოლაპარაკება გამართა მეფესთან, დაუთმო თავისი ქვეყნის ის ადგილები, რომლებიც მეფეს სურდა, და შეკრა ზავი; თავისი ვაჟი ბაგრატიც მძევლად მისცა. მეფემ მაგისტროსობა უბოძა ბაგრატს და უკან გაისტუმრა“.
ბერძენ ისტორიკოსს გამოტოვებული აქვს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მოთხრობილი არის „მატიანე ქართლისაში“. როცა ტრაპიზონის მიდამოებიდან ბასილი კეისარი ჯარით შემოვიდა ბასიანში, მასთან გიორგი მეფემ გააგზავნა ზვიად სპასალარი, რომ ზავზე მოლაპაკებით დრო გაეწელა. ჩვენი მეფე კი უკან მიჰყვა ჯარით. თუ ღირსეული მშვიდობა იქნებოდა, ხომ კარგი, თუ არა და, ჩვენი ხელმწიფე ოკუპანტისთვის დათმობას არ აპირებდა. ჩვენი ჯარი თავს დაესხა ბასილი ბულგართმმუსვრელის არმიას და დიდი ზიანი მიაყენა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბასილი კეისარი ტყვედ ჩავარდნის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. შეშინებულმა იმპერატორმა მოატანინა წმიდა ჯვარი და წმიდა მანდილი. შუბის წვერზე წამოაცვა გიორგი მეფის სამშვიდობო წერილი, აღმართა ცისკენ და შეჰღაღადა ჯვარს, 15 000 ბულგარელისთვის თვალების დამთხრელმა: „თუ ტყვედ ჩამაგდებ გიორგის ხელში, არასოდეს გცემ თაყვანსო“.
  ბრძოლა გაგრძელდა, ქართველებმა ისევ დაუშვეს ბრძოლაში შეცდომა და დამარცხდნენ. არ გაუმართლა მაშინ ჩვენს ახალგაზრდა მეფეს და სამშობლოს.
კედრენე განაგრძობს:
  „სხვებს კი იმათი რიცხვიდან, ვინც ქსიფიასსა და ფოკას ეხმარებოდნენ, ქონება ჩამოართვა და დაატუსაღა; სიკვდილით მხოლოდ პატრიკიოსი ფერსი დასაჯა, რომელიც ყველაზე უწინარეს მიეკედლა აჯანყებულებს“.
ამ ცნობით ირკვევა, რომ მოაკვდინეს ჩვენი მეფის სიძეც. დის ქმარი, ფერსი (ფერის) ჯოჯიკის ძე.
იღბალს რომ არ ეღალატა ჩვენი ხელმწიფისთვის, სხვაგვარად წარიმართებოდა საქმე. ამიტომ წერია მასზე „ხელმწიფის კარის გარიგებაში“: „დიდი გიორგი,   რომელმან ბასილი ბერძენთა მეფე გააქცია“!

скачать dle 11.3