კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ბინძური თამაში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– ელენე, მე შენ ძალიან მიყვარხარ, – უთხრა საწოლში დედიშობილა მწორიარე სიმპათიურმა ბიჭმა ოთახში შემოსულ ულამაზეს გოგონას, რომელსაც ლანგრით ორი ჭიქა ყავა მოჰქონდა.
წითური, ტანწერწეტა ელენე ადგილზე გაქვავდა. ბიჭს გაოცებული მზერა მიაპყრო და ფრანგულად უთხრა:
– ჟორჟ, მომეჩვენა თუ მართლა ქართულად დამელაპარაკე?
ყმაწვილი საწოლიდან წამოდგა, გოგონას მიუახლოვდა. ლანგარი გამოართვა და მაგიდაზე დადო. შემდეგ გოგონას მხრებზე დაადო ხელები და გამართული ქართულით უთხრა:
– სინამდვილეში, მე გურამი მქვია და არა ჟორჟი. ქართველი ვარ და არა ფრანგი, როგორც ამ ორი თვის წინ, გაცნობისას გითხარი.
გოგონა საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და სული მოითქვა. შემდეგ კი ყმაწვილს უთხრა:
– კი მაგრამ, რა საჭირო იყო ასეთი ტყუილი?
– ყურადღებით მომისმინე და არ შემაწყვეტინო. ყველაფერს გეტყვი და უნდა გამიგო.
– გისმენ.
– სინამდვილეში, მე გურამ ბაქრაძე ვარ, საქართველოს უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, – დაიწყო ბიჭმა, მაგრამ გოგონამ შეაწყვეტინა:
– უშიშროების თანამშრომელი?
– ხომ გთხოვე, არ შემაწყვეტინო-მეთქი, – თქვა გურამმა და განაგრძო, – ჰო, უშიშროების თანამშრომელი და აქ იმიტომ ვარ, რომ შენ მომეხიბლე და შენთვის თავი შემეყვარებინა.
– ამას შენ საუცხოოდ გაართვი თავი, – ირონიით თქვა გოგონამ.
– ბოლომდე მომისმინე და გთხოვ, ნუ მაწყვეტინებ. ყველაფერს რომ შეიტყობ, დასკვნები მერე გააკეთე.
– განაგრძე.
– ამის გაკეთება გენერალმა შალვა კორღალიძემ მაიძულა. მას ჩემი ძმის წინააღმდეგ სასიკვდილო სამხილი აქვს და მისი გამჟღავნებით დამემუქრა. მე კი სხვა გზა არ მქონდა და ამ საზიზღრობაზე დავთანხმდი. გეგმის მიხედვით, მე შენზე უნდა დავქორწინებულიყავი. შემდეგ მამაშენი მომეკლა და შენ მთელი მისი ქონების მემკვიდრე გახდებოდი...
გოგონას სახე წამოეჭარხლა და ვაჟს მიახალა:
– ბოლოს მეც მომკლავდი, ქონების პატრონი შენ გახდებოდი და ნახევარს გენერალს გაუყოფდი, ხომ?
– შენ არ უნდა მომეკალი. სპეციალური პრეპარატების მეშვეობით უნდა გამეგიჟებინე და შეურაცხადად რომ გცნობდნენ და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოგათავსებდნენ, ქონების განმკარგავი მე გავხდებოდი და კორღალიძეს გავუყოფდი.
– მერე და რამ შეგიშალა ხელი ამის გაკეთებაში?
– შენმა სიყვარულმა, ელენე და... სინდისმა.
გოგონამ მუცელზე დაიდო ხელი და ყმაწვილს აღელვებულმა უთხრა:
– წეღან რომ გითხარი, ფეხმძიმედ ვარ-მეთქი, სინდისმა შეგაწუხა და გადაიფიქრე, ხომ?! დღესვე მოვიშორებ ბავშვს. მკვლელისა და ფლიდის ნაშიერი არაფერში მჭირდება!
– ასე თუ მოიქცევი, მკვლელი თავად გახდები. მე არც მკვლელი ვარ და არც ფლიდი. რომც არ დაფეხმძიმებულიყავი, სიმართლეს მაინც გეტყოდი. არც იმის გაკეთებას ვაპირებდი, რაც კორღალიძემ დამავალა. ხოლო გამომგზავრებაზე რომ უარი მეთქვა, გენერალი თავის სიტყვას შეასრულებდა და ჩემს ძმას დაღუპავდა. იქნებ, მამაშენმა შეძლოს დახმარება. ის მდიდარი, გავლენიანი ადამიანია და იქნებ მოახერხოს რამე?
– კარგი. დაველაპარაკები მამას. ახლა კი, ძალიან გთხოვ, წადი და მარტო დამტოვე. გურამი გქვია, ხომ?
გურამ ბაქრაძემ სწრაფად ჩაიცვა და ფეშენებელური აპარტამენტები დატოვა, რომელიც პარიზის ცენტრში მდებარეობდა და ელენე ყიფიანს ეკუთვნოდა.
***
21 წლის ელენე ყიფიანი მილიონერ ვახტანგ ყიფიანის ერთადერთი ქალიშვილი იყო. ეს ულამაზესი გოგონა სორბონის უნივერსიტეტში სწავლობდა და ხელოვნებათმცოდნის პროფესიას ეუფლებოდა. 27 წლის გურამ ბაქრაძე მან პარიზის გრანდოპერაში, სიმფონიური მუსიკის კონცერტზე გაიცნო. ეს სიმპათიური ახალგაზრდა მას მარსელელ ჟორჟად გაეცნო და „მოწონებისა და შეყვარების“ ოპერაცია ამგვარად დაიწყო. გურამ ბაქრაძე აბსოლუტურ სიმართლეს ამბობდა და ის მართლაც შალვა კორღალიძის დავალებას ასრულებდა, რომელიც უშიშროების ახალგაზრდა ოფიცერს მისი ძმის განადგურებით ემუქრებოდა. გენერალი შალვა კორღალიძე საქართველოს უშიშროების სტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა და ყველაზე ძველი თანამშრომელი იყო. ის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გახდა „კაგებეს“ ოფიცერი. შემდგომ კი თავისი კარიერა საქართველოში გააგრძელა. სამი მთავრობა გამოიცვალა და იმ დროს, როდესაც მისი კოლეგები სტრუქტურიდან ერთიმეორის მიყოლებით დაითხოვეს, კორღალიძემ წინ წაიწია, გენერალი გახდა და დიდი გავლენა მოიპოვა.
გურამ ბაქრაძე კი უშიშროების სტრუქტურაში ძმის, მერაბის რჩევის შემდეგ მოხვდა. გურამზე ათი წლით უფროსი მერაბი უშიშროების საიდუმლო სპეცოპერაციების განყოფილებაში მუშაობდა და უზადო ლიკვიდატორი, ანუ მკვლელი იყო. გურამის უფროს ძმას მხოლოდ და მხოლოდ ეს საქმე ემარჯვებოდა და მას უდიდესი პროფესიონალიზმით ასრულებდა. დანარჩენისა კი არაფერი გაეგებოდა და ინტელექტითაც არ ბრწყინავდა. აბსოლუტურად განსხვავებული ტიპი იყო გურამი. მის ფართო ერუდიციას, ექვსი ენის უზადო ცოდნასა და ხელჩართული ბრძოლის უმაღლეს ოსტატობას შესანიშნავი გარეგნობაც ერთვოდა თან, ამასთან, უცხო გარეგნობაც ჰქონდა და გოგონები, რომ იტყვიან, ჭკუას კარგავდნენ მასზე. თუმცა გურამი მექალთანე არ იყო. ზნეობრივი პრინციპები ჰქონდა და მიაჩნდა, რომ საკუთარი გარეგნობის ან სხვა საშუალებების გამოყენება „ჭკუადაკარგული“ ქალის მიმართ ამორალურობა იყო. უშიშროებაში გურამი ანალიტიკურ სამსახურში მსახურობდა და სხვა განყოფილებებისგან განსხვავებით, სუფთა სამუშაოს ასრულებდა. ერთ დღეს კაპიტანი გურამ ბაქრაძე გენერალმა შალვა კორღალიძემ დაიბარა.  გურამი  მაშინვე მივიდა, კაბინეტის კარი შეაღო და იკითხა:
– შეიძლება, ბატონო გენერალო?
– შემოდი, შემოდი, რა ზღურბლზე დგახარ. ნათქვამია, ზღურბლზე დგომამ სიღარიბე იცისო, – „კაგებეშნიკურ“ სტილში მიაყოლა შალვა კორღალიძემ. ბაქრაძეს შუა კაბინეტში შეეგება და მაგრად ჩამოართვა ხელი. შემდეგ სავარძელზე მიუთითა, თვითონაც მის პირდაპირ მოთავსდა, ახალმოსულს გაუღიმა და უთხრა:
– საერთოდ არ ჰგავხარ უფროს ძმას. მერაბს კარგად ვიცნობ. სერიოზული პროფესიონალია.
– დიახ. არავის სჯერა, რომ ძმები ვართ, – თქვა გურამმა.
– ძმა ძმისთვისო და შავი დღისთვისო, ხომ გაგიგონია, – თქვა კორღალიძემ და დაამატა, – ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, კაპიტანო. მოდი, მე შენ ერთ ჩანაწერს გაჩვენებ და ყურადღებით შეხედე, მერე კი დანარჩენსაც გეტყვი.
გენერალმა შალვა კორღალიძემ ნოუთბუქი გაშალა და ჩანაწერი ჩართო. ეკრანზე თბილისის ერთ-ერთი საზაფხულო რესტორანი გამოჩნდა. მაგიდას, რომელთანაც ორი მამაკაცი  იჯდა, სათვალიანი წვერულვაშიანი, კიკინიანი მამაკაცი მიუახლოვდა და მოულოდნელად მარჯვნივ მჯდომს ორი ტყვია დაახალა თავში. დაჭრილი უკან გადავარდა. მარცხნივ მჯდომმა მამაკაცმა ხელი ქამრისკენ წაიღო და პისტოლეტის ამოღება სცადა, მაგრამ მკვლელმა მეორესაც ორი ტყვია ესროლა, მასაც თავში, შემდეგ შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა ქუჩის მეორე მხარეს მდგომი მანქანისკენ, რომელიც აშკარად მას ელოდებოდა. შავ „ბეემვეში“ ჩაჯდა თუ არა,  მანქანა მაშინვე მოსწყდა ადგილს და დიდი სისწრაფით მოშორდა იქაურობას. შემდეგ ფირზე მკვლელი მამაკაცი იყო აღბეჭდილი, რომელიც მანქანაშივე იხსნიდა სათვალეს, წვერ-ულვაშს, პარიკს...  შემდეგ ჩანდა, როგორ წაუკიდა მანქანას ცეცხლი და ჩანაწერი ამ კადრზე შეწყდა.
კორღალიძემ ნოუთბუქი გამორთო, დახურა და გურამ ბაქრაძეს ჰკითხა:
– რას იტყვი, კაპიტანო?
გურამმა თავი გააქნია და გენერალს უთხრა:
– პირველ რიგში იმას ვიტყვი, ბატონო გენერალო, რომ ეს კადრები ვიდეოთვალით კი არა, სპეცკამერითაა გადაღებული, რომელიც ჩვენს უწყებას აქვს, თანაც ორი კამერის კადრებია. პირველმა მკვლელობები გადაიღო და მეორემ კი გრიმისა და პარიკის მოხსნა და მანქანის დაწვა.
– როგორ გეტყობა, რომ მაღალი კლასის ანალიტიკოსი ხარ, – ირონიით უთხრა გენერალმა კაპიტანს და დააყოლა, – მთავარი გამოგეპარა, ანალიტიკოსო და ეგ მითხარი.
– ალბათ, მერაბს გულისხმობთ, ბატონო გენერალო, – ირონიითვე თქვა გურამმა.
გენერალს ცინიკურად გაეცინა და უთხრა:
– იცანი, ხომ შენი ძმა?
– ნიღაბშივე ვიცანი.
– ალბათ, არ იცოდი, რომ მერაბი ჩვენი უწყების საუკეთესო ლიკვიდატორი იყო.
– არა.
– შენ, ალბათ, არც ის იცი, რომ ვინც მას საქმეზე მძღოლად ახლდა და მანქანის დაწვისა და გრიმის მოხსნის კადრები გადაიღო, შენმა ძმამ მეორე დღესვე მოკლა, მას შემდეგ, რაც მძღოლმა გადაღებული კადრები გადმომცა.
 – არა.
– ჩემო გურამ, საქმე ისაა, რომ მერაბმა ორი არასანქცირებული მკვლელობა ჩაიდინა. პირველ შემთხვევაში ჩეჩენი ეროვნების „ეფესბეს“ ოფიცერი მოკლა, მეორე შემთხვევაში კი – თავისი კოლეგა მეწყვილე. ჯანდაბას, მეორე მკვლელობაზე მას არავინ მოსთხოვს პასუხს, მაგრამ ნურიევის გასაღებისთვის მას მთელი „ეფესბე“ ეძებს და საკმარისია, მათ ეს კადრები ჩაუვარდეთ ხელში, რომ არა მარტო მერაბს ამოთხრიან მიწიდან, არამედ მთელ თქვენს ნათესაობას თვალისდაუხამხამებლად  გაწყვეტენ და მათ ამაში ვერავინ შეუშლის ხელს. ასე რომ, შენი ძმისა და მთელი თქვენი ნათესაობის ბედი, მათი სიცოცხლე შენზეა დამოკიდებული. მათ შორის, რა თქმა უნდა, შენი სიცოცხლეც.
გურამს გაეცინა და გენერალს უთხრა:
– ეს შანტაჟია! რა უნდა გავაკეთო?
– რა საჭიროა ასეთი მკვეთრი გამოთქმები, შვილო. შანტაჟი პრიმიტიული ადამიანების საქმეა. ჩვენ კი სერიოზული ხალხი ვართ და მინდა, ერთი სამსახური გამიწიო. მით უმეტეს, რომ შენთვის ეს ორმაგად სასარგებლო იქნება.
– რა სამსახური?
– „რიჟა ვახოზე“ გსმენია რამე?
– არა, – თავი გააქნია გურამმა.
– არის ასეთი ქართველი მილიციონერი ვახტანგ ყიფიანი, რომელსაც მრავალი წლის წინ თბილისში „რიჟა ვახოს“ ეძძახდნენ, რადგან წითურია. ახლა პარიზში ცხოვრობს და იქ სერიოზული ბიზნესი აქვს. მას ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს – ოცდაერთი წლის ელენე. შენ ეს გოგონა უნდა გაიცნო, თავი შეაყვარო, ცოლად მოიყვანო, შემდეგ კი მამამისი მოკლა. ბოლოს სპეცპრეპარატებით გოგო გააგიჟო და როდესაც მას შეურაცხადად ცნობენ და ყიფიანის ქონების მმართველი შენ გახდები, ქონების ნახევარი გამიყო. აი, სულ ესაა.
– ასეთი ვერაგობა რაში გჭირდებათ, გენერალო?
– მჭირდება, კაპიტანო, მჭირდება. „რიჟა ვახო“ მრავალი წლის წინ თავადვე მომექცა ვერაგულად და ახლა სამაგიეროს გადახდის დრო დადგა.
– მე ეს არ შემიძლია. სხვა  ვინმე მოძებნეთ.
კორღალიძემ მწველი მზერა მიაპყრო გურამს და უთხრა:
– დიდი ხანია, შესაფერის კანდიდატურას ვეძებდი და შენზე უკეთ ამ საქმეს ვერავინ გააკეთებს. ან დამთანხმდები, ან ეს კადრები „ეფესბეში“ მიუვათ. გასაგებია?
– სადაა ახლა მერაბი? – ჰკითხა გურამმა კორღალიძეს და თავს ძალა დაატანა, რომ გენერალი არ მოეხრჩო.
– საიმედო ადგილზე იმალება. მე მას ვუთხარი, რომ ასეა საჭირო და დამიჯერა. ასე რომ, ჯობია, შენც დამიჯერო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალე.
– მერაბთან შემახვედრეთ.
– გამორიცხულია, – თავი გააქნია გენერალმა.
– მაშინ თანახმა არ ვარ. რა გარანტია მაქვს, რომ ჩემი ძმა ცოცხალია? თუკი ამაში არ დავრწმუნდები, მაშინ უარს ვაცხადებ თქვენს წინადადებაზე.
კორღალიძეს გაეცინა და გურამს უთხრა:
– თუ მასეა, კარგი, დაგარწმუნებ, რომ შენი ძმა საღ-სალამათია, მაგრამ მასთან ვერ დაგალაპარაკებ. გაწყობს?
– მაწყობს.
ამ საუბრიდან ორი დღის შემდეგ თვალებახვეული გურამი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს და მხოლოდ მაშინ მოხსნეს სახვევი, როდესაც კონსპირაციულ სახლში შეიყვანეს. ოთახში, სადაც გურამს მხოლოდ გენერალი ახლდა, ერთი კედელი საიდუმლო სათვალთვალო შუშით იყო დაფარული.
– აი, შენი ძმა. დარწმუნდი, რომ ცოცხალი და ბედნიერია, – უთხრა გენერალმა გურამს და შუშაზე ჩამოფარებული ფარდა გადასწია.
შუშის მიღმა საძინებელი იყო, სადაც შიშველი მერაბი და მისი პარტნიორი გოგონა სექსით იყვნენ დაკავებული. რომ დარწმუნდა, მერაბი ცოცხალი იყო, შუშას ზურგი შეაქცია, გენერალს ზიზღნარევი მზერა მიაპყრო და უთხრა:
– თანახმა ვარ.
მოსამზადებელი სამუშაოები ორი კვირა გაგრძელდა. გურამმა ფრიადზე შეისწავლა თავისი როლი და როცა კორღალიძე დარწმუნდა, გურამი მზად იყო, უთხრა:
– საფრანგეთში ზეგ გაემგზავრები. საბუთები უკვე მზადაა და აბა, შენ იცი! გახსოვდეს, რომ შენი ძმის, ნათესაობისა და საკუთარი სიცოცხლე მხოლოდ შენს ხელთაა. მოტყუებით ვერ მომატყუებ და ვერც ვერსად დამემალები. ყოველ შემთხვევაში „ეფესბეს“ ვერ დაუძვრები. შენთან კავშირზე ჩემი კაცი იქნება, რომელიც პარიზში ცხოვრობს და დაგეკონტაქტება ხოლმე. სამსახურის საქმეებს მე მოვაგვარებ. დღეიდან შენ ექვსთვიან მივლინებაში ხარ და ამ ვადებში უნდა ჩაეტიო. საჭიროების შემთხვევაში კი, მივლინება გაგრძელდება.
საფრანგეთში გამგზავრების პრეისტორიაზე გურამი ელენესგან წამოსვლის შემდეგ ორი დღე ფიქრობდა და ყველა დეტალს დაწვრილებით იხსენებდა. ელენე ყიფიანზე უზომოდ შეყვარებული გურამი ორი დღის განმავლობაში არ ამდგარა საწოლიდან, რომელიც პარიზის ერთ-ერთი იაფფასიანი სასტუმროს ერთოთახიან ნომერში იდგა და იმ ზომამდე იყო მისული, რომ უკვე თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. ელენესთან დაშორებიდან თითქმის 72 საათი იყო გასული, რომ სასტუმროს ნომერში ტელეფონმა დარეკა. გურამმა გვიან უპასუხა.
– ელენე ვარ, გურამ. მამას ველაპარაკე და ყველაფერი მოვუყევი. შენთან შეხვედრა უნდა და გელოდებით, ერთ საათში იქნებ მოხვიდე.
გურამ ბაქრაძეს ფრთები შეესხა და მეორე სუნთქვა გაეხსნა. სასწრაფოდ წამოხტა ლოგინიდან და თავი მოიწესრიგა. ჩაიცვა, სასტუმროდან გავიდა და ყიფიანების აპარტამენტებისკენ აიღო გეზი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3