კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რატომ დასრულდა ლადო აფხაზავას სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად და როგორ აღმოჩნდა ის ამერიკის სენატორის ოჯახში მწვადზე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, რისი მიზეზებიც ყველამ კარგად ვიცით. ბატონი ლადო ახლახან დაბრუნდა ამერიკიდან და იქ მიღებულ გამოცდილებასა და საკუთარ ცხოვრებაზე გვესაუბრა.
  ლადო აფხაზავა: „ღია სამყაროს“ პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სფეროს წამყვან სპეციალისტებს, მიიღონ დამატებითი ცოდნა თავიანთ სფეროში და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მის რეალიზებაზე იზრუნონ. ამ პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების კუთხით, საქართველოდან ექვსი ადამიანი წავედით. კანზასის შტატში ვიყავით და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდით, მათ შორის, კანზასის უნივერსიტეტის, ასევე, სკოლის მასწავლებლებს. მათ თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს. იქ თვალში საცემია თავისუფლების ძალიან მაღალი ხარისხი. საინტერესო იყო მათთან აზრებისა და გამოცდილებების გაცვლა.
– ისინიც სასიამოვნოდ გაოცებულები უნდა ყოფილიყვნენ, ალბათ, პატარა ქვეყნიდან ასეთი მოლოდინი არ ჰქონდათ.
– დიახ, ასეა. სკოლებში ჩვენს გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მცდელობებზე რომ ვუყვებოდით, ბევრი შეკითხვა უჩნდებოდათ. ისინი დაინტერესდნენ ჩემი (სათემო) პროექტებით. ქალაქის მერს პრობლემებზე რომ ვკითხეთ, გვიპასუხა, რომ ბევრი პრობლემა არ აქვთ, მაგრამ ჩვენთან საუბრის დროს მათ გონებაში ბევრი რამ განათდა და რაღაცები აღმოაჩინეს.
– კანზასის სენატორს მიუპატიჟებიხართ სახლში.
– როდესაც სენატორმა გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავით ჩასული, თავისთან მიგვიპატიჟა. ძალიან უყვარს ქართველები და ჩვენს ქვეყანაშიც რამდენჯერმეა ნამყოფი. მის სახლში არაერთი ქართული ნივთია – ხალიჩები, შოთა რუსთაველის ფერესკა და სხვადასხვა სუვენირი, რაც კედლებზე აქვს გამოფენილი. ბარბიქიუ მოგვიმზადა და გვითხრა, რომ არასდროს ჰქონია სახლში მაგიდა. კერძები მუხლებზე დავიდეთ და ისე მივირთვით. ძალიან უბრალოდ და თავისუფლად ცხოვრობს. მეორე სენატორიც შეგვხვდა, გადაწყვიტა, ჩვენთან ერთად ევახშმა. უკვე თოთხმეტი წელია, ეს ქალბატონი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორია. გვითხრა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ახალგაზრდა მერი ვიყავი და ვაპირებ, ახლა ყველაზე ასაკოვანი მერი ვიყოო. ახლა საკმაოდ ასაკოვანს ცოტა ხანში ვადა ეწურება და აპირებს მერის არჩევნებზე იყაროს კენჭი. მოკლედ, ძალიან საინტერესო ადამიანებს შევხვდით.
– როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ შემდეგ?
– მე გუნდური მოთამაშე ვარ, ყოველთვის ჩემს კოლეგებთან ერთად ვმოქმედებ. დღეს ამერიკიდან ჩამოვედით, მაგრამ ხუთი გაკვეთილის ჩატარება მაინც მოვასწარი. დილის ოთხ საათზე ჩამოვფრინდი და ჩქაროსნული მატარებლით უკვე ლანჩხუთში ვიყავი. მიხარია, რომ ხვალ კოლეგები ერთად დავსახავთ ამ წლის გეგმას. გვინდა, სასკოლო ცხოვრება უფრო აქტიური გავხადოთ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და გვიხარია, რომ ეს მშობლებსაც ესმით და ბავშვებსაც. დღეს ვნახე, რომ ბავშვები სხვადასხვა სკოლიდან გადმოვიდნენ, რაც ნიშნავს, რომ კონკურენტულ გარემოს ვქმნით.
– იყო ბევრი ქება და მადლობა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც მიწასთან გასწორებდნენ.
– როცა ნეგატივი წამოვიდა, ჩემზე გადაღებულ სიუჟეტებს დავაკვირდი და მივხვდი, რომ ნახვების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა, ანუ ჩემი საქმიანობის პოპულარობა იზრდებოდა. ასე რომ, კარგი საქმე გამიკეთა იმ ხალხმა. ქუჩაში შემთხვევით დამინახა ადამიანმა, მიცნო და მასთან ერთად ფოტოს გადაღება მთხოვა. აი, ასეთ ფოტოზე „გამომეკიდნენ“. ვერავის მოვთხოვ ფოტოს გადაღებისას ავტობიოგრაფიას. თავის მართლებასაც ვერ დავიწყებდი. არც მაშინ განვიცდიდი ამას და ახლაც ღიმილით ვიხსენებ. წერდნენ, თითქოს მდიდარი ვარ, მოსამსახურეები მყავს, სოროსი მაფინანსებს და ბავშვებს გონებას ვურევ. მოაცილეთ ბავშვებსო. მერე ვნახე, ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე კვირა ჩემი ლანძღვით იყვნენ დაკავებულები, პროფილებზე სტალინის სურათები ედოთ და გამიხარდა, რომ ისეთებს არ მოვწონდი, ვინც სტალინს მისტირის.
მე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მხოლოდ სკოლაში არ ვსაქმიანობ, რეგიონის განვითარებას ვცდილობ, ოკუპაციის მუზეუმი შევქმენი, ევროპის თუ ამერიკის ელჩები  ჩამოდიან და მათ ლანჩხუთელ მოსწავლეებს ვახვედრებ. ზოგს ეს არ მოსწონს, რას ვიზამთ, ყველასთვის მოსაწონ საქმეს ვერ გავაკეთებ.
– სოციალურად უფრო მეტად გააქტიურდით, მაგრამ ლანჩხუთში რჩებით.
– დიახ. შემოთავაზება ბევრი იყო, მაგრამ ბოლომდე არც მომისმენია. მადლობა გადავუხადე. თანხებსა და უკეთეს პირობებს ვერ გავეკიდები. მუშაობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში დავიწყე. აქ არაჩვეულებრივი პროექტები მაქვს. კოლეგებთან ერთად კარგი გუნდი შეიქმნა. მათ გარეშე შეიძლება, არც არაფერი ვიყო, არსად ვაპირებ წასვლას. სხვადასხვა კერძო სკოლიდანაც იყო შემოთავაზება, მაგრამ ეს არ შედის ჩემს გეგმებში.
– ბავშვებისთვის, ალბათ, დიდი სტიმულია თქვენი ასეთი წარმატებები.
– ძალიან აქტიური მოსწავლეები გვყავს. უკვე თავად ჩაერთნენ სხვადასხვა პროგრამაში. ერთ-ერთი, მაგალითად, შინდისის გმირებისადმი მიძღვნილი მუზეუმის აშენების პროპაგანდაა. აღარ სჭირდებათ ჩვენთან კონსულტაციები, პროექტებს უკვე დამოუკიდებლად ახორციელებენ, აქტივობებს გეგმავენ, დონორებს იძიებენ, სტუმრებს იწვევენ... ბიზნესსექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობის გამოყენება ისწავლეს. ცოტა ხნის წინ ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიში გამოქვეყნდა და ძალიან სასიამოვნო იყო, როცა ვნახე, რომ ჩიბათის სკოლის მოსწავლეების მიერ გამართული აქტივობებისთვის გამოყოფილ ფინანსებს უზარმაზარი სვეტი ეთმობოდა. თავისუფალი აზროვნების მქონე ბავშვები არიან. დღეს ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა: ადამიანი, ვინც თავისუფალი არ არის და სხვის აზრებს იყენებს, ფინჯანში ჩადებულ კოვზს ჰგავს. ის მხოლოდ მოსარევადაა შექმნილი და ვერასდროს შეიგრძნობს, ჩაი მარილიანია თუ ტკბილიო. ასეთ დროს მეც ვსწავლობ მათგან.
– რაც შეეხება თქვენს ოჯახს. სენტიმენტალური ისტორია გაქვთ. რამდენჯერმე აპირებდით ოჯახის შექმნას, მაგრამ არ გამოვიდა.
– სამჯერ მოხდა ასეთი რამ. დედაჩემი ძალიან ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. პირველი შეყვარებული რომ მყავდა, მაშინ დედა ცუდად იყო. სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, 17 წლის ვიყავი. მეც გადავწყვიტე და ნათესავებმაც მირჩიეს, რადგან დედა ცუდად იყო, მის სიცოცხლეშივე დავოჯახებულიყავი. შევიკრიბეთ მეგობრები, ნათესავები და დავგეგმეთ: ეს გოგონა მოვიდოდა სახლში, დედა დაგვლოცავდა და შევუღლდებოდით. ისე მოხდა, რომ ზუსტად იმ დროს, როცა ეს გოგონა მოდიოდა, დედა გარდაიცვალა და ხმაური რომ ატყდა, გაბრუნდა. ერთ კვირაში კი ოჯახი შექმნა და მითხრა, რომ კარგი ოჯახი ჰყავს. ჩემი სიყვარულის ისტორია ასე დასრულდა. ძალიან მალე მამაც გარდაიცვალა და მარტო დავრჩი. სამი და მყავს, სამივეს თავიანთი ოჯახები აქვთ. ვფიქრობ, რომ ჯერ გვიანი არ არის. ლანჩხუთში ვიყიდე სახლი იპოთეკით. ჩემი შემოსავლით ექვს წელიწადში შევძლებ ვალის დაფარვას და შემდეგ შევქმნი ოჯახს. პირველი სიყვარული რომ ასე დასრულდა, რამდენიმე წლის შემდეგ, კიდევ გამოჩნდნენ გოგონები, ვინც გულთან ახლოს მოვიდნენ. მათაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდათ. ჩვენთან, გურიაში მოტაცების ტრადიცია იყო. როცა დაინახავდნენ, რომ ჩვენ შორის სერიოზული ურთიერთობები იწყებოდა, ისინი მოტაცებას არჩევდნენ. მე არასდროს ვიყავი ამის მომხრე და ისე გამოვიდა, რომ ამით მაჯობეს (იცინის). ბედნიერი ოჯახები აქვთ და მიხარია, რომ გაუმართლათ.
– მშობლების გარდაცვალების შემდეგ ადრეულ ასაკში მარტო დარჩენილს ძალების მოკრება არ გაგიჭირდათ?
– დედის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში მამამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ძალიან უყვარდა და ვერ გაძლო მის გარეშე. სადაც დედა დაიღუპა, ზუსტად იქ, იმავე ადგილზე ვნახეთ. მამის დაკრძალვიდან სახლში რომ დავბრუნდით, სრულიად მარტო აღვმოჩნდი, რადგან ქელეხი მეზობლის ეზოში გვქონდა და ყველა იქ იყო. სახლის წინ ვიჯექი და ვფიქრობდი, რა მექნა. მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრებისთვის მზად არ ვიყავი და იმ დღიდან დავიწყე საკუთარი თავის გაძლიერება. მე მგონი, მოვახერხე და ჩემს მოსწავლეებსაც იმავეს ვასწავლი. ტესტების ჩასაბარებლად არაა საჭირო სწავლა, ის მომავალი გამოწვევებისთვის გვამზადებს. ცხოვრებაში შეიძლება, ბევრჯერ დავეცეთ, მაგრამ წამოდგომა უნდა შეგვეძლოს.
– ბოლოს იმ თანხაზეც გკითხავთ, რომლის შეგროვებაც თქვენთვის დაიწყეს. „მილიონი – ლადო აფხაზავას“  ფარგლებში. რა ბედი ეწია?
– თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს ყველაფერი ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა. თუმცა, გარკვეული თანხა შეგროვდა და ის ჩემს ნუნუ მასწავლებელს გადავეცი, რომელიც სიმსივნეს ებრძვის. მას მანამდეც ვეხმარებოდი და ამჯერადაც, რა თანხაც ჩამირიცხეს, სრულიად მის საჭიროებებს მოხმარდა.

скачать dle 11.3