კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№39 გიორგი გოცირიძეს თოთხმეტი ოპერაციის შემდეგ თავიდან მკურნალობა დასჭირდა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გიორგი გოცირიძის ცხოვრებაში ახალი, ბედნიერი ეტაპი დგას – იუმორისტი რამდენიმე დღეში მამა გახდება, რისთვისაც განსაკუთრებულად ემზადება. პარალელურად, კარგი ამბები აქვს შემოქმედებით ცხოვრებაშიც – ის ტელევიზიაში დაბრუნდა, და როგორც უკვე ვნახეთ, მაყურებელს ახალ, „მთავარ არხზე“ ძველ კოლეგებთან ერთად შეხვდება.
  გიორგი გოცირიძე: ახალი სეზონიდან ახალ ტელევიზიაში ვართ. ძალიან მაგარი განწყობითა და შემართებით ვიწყებთ „ახალ შაბათის შოუს“. ვცდილობთ, ყველაფერი ნულიდან გავაკეთოთ, თან, ძალიან მაგრად. ჯგუფი გაიყო: ნაწილი „რუსთავი 2-ზე“ დარჩა, ნაწილი – „მთავარ არხზე“ გადმოვედით.
– შენთვის რა იყო მთავარი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღე?
– გაყოფის მომენტში „რუსთავი 2-ზე“ არ ვყოფილვარ. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო, ბოლო ერთი წელი ბიჭებთან ვერ ვიყავი. რომ დავბრუნდი, აქეთ ვარჩიე წამოსვლა. აქაც და იქაც ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ ჩემთვის  უფრო სწორი აქ მუშაობაა. მთავარი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე, თავისუფლებაა. ჩემი აზრით, იქ დარჩენილ ბიჭებს გარკვეული შეზღუდვა შეეხებათ. მერჩივნა, აქ ვყოფილიყავი და ჩვენი საქმე გვეკეთებინა ისე, რომ მასში არავის არანაირი ცვლილება არ შეეტანა. გვინდა, ბიძინაზე ვიხუმრებთ და გვინდა – მიშაზე. ვფიქრობ, იქ ამის საშუალება აღარ იქნებოდა, რადგან „ისინი“ მოვიდნენ სათავეში. გული დამწყდა ამ ყველაფრის გამო. მინდოდა ერთად ვყოფილიყავით, თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს, ისინი იქიდან იტყვიან თავიანთ სათქმელს, ჩვენ – აქედან.
– შეგქმნია პრობლემები ან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილხარ პოლიტიკური იუმორის გამო?
– ერთადერთი შემთხვევა მახსენდება: ქუჩაში მივდიოდი, ბებომ დამინახა და საცემრად გამომეკიდა, შე მიშისტოო – მეძახდა. ქალბატონო, რა დაგიშავეთ-მეთქი, – ვეკითხები. შენ მიშას ტელევიზიაში მუშაობ, შე პირსისხლიანო შენაო, – მეძახდა და ჯოხს მირტყამდა (იცინის). მეღიმებოდა და ვამშვიდებდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი, მაინც „გავილახე“.
– რა ხდებოდა ამ ერთი წლის განმავლობაში. მთელმა საქართველომ იცის შენი ამბები – უმძიმესი ავარია და სასწაულებრივი გადარჩენა. თუმცა მერე უკეთ იყავი, „კომედი შოუშიც“ დაბრუნდი და რა შეიცვალა?
– ავარია სამი წლის წინ მომივიდა, რის შემდეგაც თოთხმეტი ოპერაცია გავიკეთე. თბილისში საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, ბიჭებთან დავბრუნდი. რამდენიმე სკეტჩშიც ვითამაშე. ეტლით გადავაადგილდებოდი, ასე თუ ისე, სამსახურში დავდიოდი, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ფეხზე სერიოზული პრობლემები შემექმნა. რომ უნდა წამოვმდგარიყავი, მდგომარეობა გამირთულდა და ოპერაცია თავიდან გახდა  გასაკეთებელი.
– რა გახდა ამის მიზეზი?
– არასწორად მქონდა ფეხი შეხორცებული, ოპერაციაც არასწორად იყო გაკეთებული. ამიტომ დამჭირდა თურქეთში წასვლა და იქ ოპერაციის თავიდან გაკეთება. ჩამისვეს რკინები, ის ძვლები კი, რომლებიც არასწორად იყო რკინებით დამაგრებული ამომიღეს. საქართველოში რომ დავბრუნდი, ერთი წელი რეაბილიტაციას გავდიოდი. მძიმე პერიოდი იყო. გრაფიკი ისეთი მქონდა, ვერაფრის კეთებას ვერ ვახერხებდი, მათ შორის, ვერც სამსახურში გასვლას. სულ ექიმებზე ვიყავი გადართული და ყველაფერი ზედმიწევნით დავიცავი. შედეგიც სახეზეა – წამოვდექი და უკვე ნელ-ნელა სირბილსაც ვიწყებ. ახლა ფეხში ისევ რკინები მაქვს, მაგრამ რამდენიმე თვეში ამასაც ამოვიღებ და მგონი, ყველანაირ ოპერაციასა და მკურნალობას დავამთავრებ.
– ასეთი მძიმე პერიოდის გადალახვის შემდეგ, როცა თითქოს  ყველაფერი რიგზე იყო, გაიგე, რომ კიდევ ერთი ოპერაცია უნდა გაგეკეთებინა. ეს, ალბათ, ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო.
– ეგ მომენტი ყველაზე რთული იყო, ფსიქიკისთვის მართლა ძნელი გადასატანია. გაგიჟებს ამაზე ფიქრი. წარმოიდგინეთ, ამდენი ხანი წევხარ, ვერც დადიხარ და ვერც ეტლში ჯდები. სულ იმას ვფიქრობდი, ფეხზე როდის გავივლი-მეთქი, როგორც იქნა, ეტლში გადავჯექი და მერე კიდევ რომ შემექმნა პრობლემა ფეხზე, გამიჭირდა ამ აზრთან შეგუება. საუბარი იყო იმაზეც, რომ შეიძლებოდა, საერთოდ ვერ გამევლო. ძალიან რთულად იყო საქმე და ფსიქოლოგიურად დიდი პრობლემის წინაშე ვიდექი. წარმოიდგინეთ, ჯერ ამდენი წელი რომ წევხარ, მერე ამდენი ოპერაცია და კიდევ იგებ, რომ შეიძლება, ასეთი რამ დაგემართოს. ზუსტად, ჩემი მეგობრები, ვინც დღეს აქ არიან და ნაწილი, ვინც „რუსთავი 2-ზე“ დარჩნენ ძალიან დამეხმარნენ. ჩემი ოპერაცია თურქეთში დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული და ისინი არა მარტო ფინანსებით, ფსიქოლოგიურად და მორალურადაც ძალიან დამიდგნენ გვერდით. მათი და კეთილი ხალხის წყალობით ნელ-ნელა გამოვძვერი სიტუაციიდან. სულ მამხნევებდნენ, ხან სად დავყავდი, ხან სად, მარტო არასდროს მტოვებდნენ და ეს დამეხმარა ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გამკლავებაში.
– ძალიან დიდხანს გაგრძელდა ეს პრობლემები. მე მახსოვს თავიდან შენი შემართება. შენი დაც ყვებოდა, რომ პირიქით, იქით ცდილობდი ყველას გამხნევებას, ხუმრობდი შენს მდგომარეობაზე...
– ახლა ვიტყვი სიმართლეს, ამ გზით მე საკუთარ თავსაც ვამხნევებდი. სულ ვცდილობდი, ვინმესთვის რაიმე მძიმედ არ მეთქვა და იუმორით გადმომეცა ჩემი ამბავი, რომ მეც უფრო მარტივად გადამეტანა. ვიღაცის თვალში შეიძლება, ჩანდა, რომ მართლა მარტივად ვიტანდი, მაგრამ სულ არ იყო მარტივი. ეს ერთგვარი თერაპია იყო. ბევრს ნორმალური არ ვეგონე – რა აცინებს ამ ადამიანს, ასეთი რამე სჭირსო. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ასე მართლა ვეხმარებოდი ჩემს თავს და ახლაც ვხვდები, რომ სწორად ვიქცეოდი. სხვებსაც ვურჩევ რთულ სიტუაციაში ასე მოიქცნენ.
– რა ხდება ამ დროს პირად ცხოვრებაში?
– ო, ძალიან, ძალიან კარგი ამბები მაქვს. მალე მამა გავხდები. ვცხოვრობ ადამიანთან, რომელიც მიყვარს და ძალიან ბედნიერები ვართ ერთმანეთით. ახლა პატარას ველოდებით. რამდენიმე დღეში  მამა გავხდები და სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ ამას. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ უბედნიერესი ადამიანი ვარ იმ ყველაფრით, რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება. გოგოს ველოდები, ალექსანდრა უნდა დავარქვა... ვაიმე, ისეთი ბედნიერი ვარ...
P.S. ინტერვიუ ჩაწერილია 18 სექტემბერს. 19 სექტემბერს კი პატარა ალექსანდრა დაიბადა.
ჟურნალ „თბილისელების“ რედაქცია ულოცავს გიორგისა და მის მეუღლეს შვილის დაბადებას.

скачать dle 11.3