კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№39 როგორ იგეგმებოდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ლიკვიდაცია თბილისში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

პუბლიკაციაში ნახსენები „კაგებეს“ ქართველი პოდპოლკოვნიკის ვინაობა შეცვლილია და მისი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
საიდუმლო ინფორმაცია
  1955 წლის 10 ივნისს საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ალექსი ინაურს მოსკოვიდან სპეციალურად მივლინებული პოლკოვნიკი სტეპან გუსევი ეწვია და ორი საათი ესაუბრა. პოლკოვნიკი გუსევი „კაგებეს“ ცენტრალურ აპარატში მსახურობდა, ოპერატიული განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და საგანგებო მისია დაევალა. რუსი პოლკოვნიკი საქართველოში „კაგებეს“ თავმჯდომარემ, ივანე სეროვმა გამოაგზავნა, რათა ინაურისთვის მოეხსენებინა, რომ 13 ივნისს თბილისს ორი დღით ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ და მისი ქალიშვილი ინდირა განდი უნდა სწვეოდა. ინდოელი სტუმრები საბჭოთა კავშირში 7 ივნისს ჩამოფრინდნენ და ქვეყანაში მოგზაურობდნენ. თუმცა მათი მარშრუტი წინასწარ არ აფიშირდებოდა. საქმე კი ის იყო, რომ საბჭოთა დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ინდოელებზე თავდასხმა უნდა მომხდარიყო, თუმცა, სად და როგორ, ეს ცნობილი არ იყო. ამიტომ, საბჭოთა უშიშროებამ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიმართა და გარდა იმისა, რომ სტუმრებს „კაგებეს“ სპეციალური ჯგუფი იცავდა, აამოქმედეს გეგმა „A1“. ამიტომ ნერუსა და განდის საქართველოში ვიზიტის შესახებ მოსკოვმა მხოლოდ საქართველოს ცეკას პირველ მდივანს, ვასილ მჟავანაძესა და „კაგებეს“ თავმჯდომარეს, ალექსი ინაურს შეატყობინა. დანარჩენები კი ამის შესახებ 13 ივნისის დილას გაიგებდნენ.
საგანგებო გეგმა
  საგანგებო გეგმა „A1“ უმაღლესი რანგის უცხოელი სტუმრების დაცვის უმაღლეს კატეგორიას ნიშნავდა. პრაქტიკულად კი, ის ასე ხორციელდებოდა: უშიშროება იზოლაციაში აქცევდა შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებს, ვისაც აკვიატებული ჰქონდათ იდეაფიქსი, რომ უმაღლესი რანგის პოლიტიკოსის მკვლელობით მსოფლიო ისტორიის შეცვლას შეძლებდნენ. ასევე, დროებით იზოლაციაში აქცევდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, დისიდენტებსა და სხვა პათოლოგიური გადახრის მქონე ადამიანებს. ასევე იმ კატეგორიის ადამიანებსაც, ვისაც „კაგებე“ ამა თუ იმ მიზეზის გამო საეჭვოდ მიიჩნევდა. თბილისში ასეთ კატეგორიად ბოშები ითვლებოდნენ და მათ დასახლებიდან გამოსვლა აუკრძალეს, ხოლო მთელს პერიმეტრზე კი მილიციის პატრულირება ხორციელდებოდა. უსაფრთხოების ზომები მიიღეს კორტეჟის საგანგებო მარშრუტზე. საგანგებოდ შეარჩიეს ქუჩების ორივე მხარეზე განლაგებული ადამიანები, მათ საკონტროლებლად კი უშიშროების თანამშრომლები გაანაწილეს. ფანჯრების გაღება აუკრძალეს ახლომდებარე სახლებში მცხოვრებთ, გააფრთხილეს, რომ მათ სნაიპერები აკონტროლებდნენ. კორტეჟს კი კარგად გაწვრთნილი და საგანგებოდ  შეიარაღებული სპეცრაზმელები აცილებდნენ, რომლებიც ოსტატურად იყვნენ შენიღბული. ინდოელი სტუმრები „კაბრიოლეტში“ (თავღია  მანქანა) ისხდნენ და მათთან ერთად ვასილ მჟავანაძე იმყოფებოდა. კორტეჟს აეროპორტიდან რუსთაველის გამზირამდე უნდა ემოძრავა. მთავრობის სასახლესთან შეჩერებულიყო, სადაც პატარა ტრიბუნა იყო გამზადებული და ნერუ სიტყვით უნდა გამოსულიყო. რუსთაველის გამზირზე უამრავი მილიციელი და გადაცმული უშიშროების თანამშრომელი იყო მობილიზებული, რომლებიც ხალხს აკვირდებოდნენ. დამკვირვებლებს შორის იმყოფებოდა „კაგებეს“ კაპიტანი ზურაბ ქორქია, თავის ჯგუფთან ერთად.
ბოშა და უშიშროების „თხუნელა“
  შუადღე სრულდებოდა. ქორქია და მისი ცხრა ხელქვეითი ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებდნენ. სამთავრობო კორტეჟი წუთი წუთზე უნდა გამოჩენილიყო. ამ დროს უფროსმა ლეიტენანტმა გივი კანკავამ შენიშნა, რომ ალექსანდრეს ბაღიდან ბოშის სამოსში გამოწყობილი, ოცდაათიოდე წლის საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი მამაკაცი გამოვიდა. მას მარჯვენა მხარზე ტყავის ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული, მარცხენაზე კი თუთიყუში ეჯდა. კანკავამ იცოდა, რომ ბოშები ამ დროს ქალაქის ქუჩებში არ უნდა ყოფილიყვნენ, თან, მათ მილიცია მეთვალყურეობდა. ამიტომ ეს გარემოება საეჭვოდ მოეჩვენა და ქორქიას ამცნო.
 – ბიჭებს უხმე და ჩუმად ავიყვანოთ. განძრევაც კი ვერ უნდა მოახერხოს, – უთხრა კაპიტანმა კანკავას და სულ რაღაც ნახევარ წუთში ბოშა უშიშროების თანამშრომლების ხელში აღმოჩნდა.
  დაკავებული სწრაფადვე ჩაიყვანეს ბაღში. შემდეგ კი „ერაზში“ ჩასვეს და შევჩენკოს ქუჩაზე, „კაგებეს“ შენობაში მიიყვანეს, რომელიც იქვე, სულ რაღაც ორასიოდე მეტრში მდებარეობდა. დაკავებული მოსკოველებმა საგანგებოდ დაჰკითხეს და გაირკვა, რომ ის მოლდოველი, კიშინიოვში მცხოვრები, 30 წლის ვიტალი ბორისოვსკი იყო. მას ჩანთაში სპეციალურად დამზადებული უხმო თოფი აღმოუჩინეს – „ბოშას“ სწორედ ამ იარაღიდან უნდა მოეკლა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი. სასროლ პოზიციად კი მას მხატვრის სახლი ჰქონდა შერჩეული, სადაც იმ დღეს ეთნოგრაფიული გამოფენა იმართებოდა და როდესაც ის დააკავეს, სწორედ იქითკენ მიემართებოდა.
  ორი დღის შემდეგ თავისსავე კაბინეტში დააპატიმრეს პოდპოლკოვნიკი ჯამბულ ქელეხსაშვილი. სწორედ ის უწევდა კოორდინაციას ამ ოპერაციას და ინფორმაციებს აწვდიდა პაკისტანში დისლოცირებულ სეპარატისტული ორგანიზაციის წევრებს. ქელეხსაშვილი სეპარატისტებმა ეგვიპტეში მუშაობის დროს გადაიბირეს.
  ქართველ პოდპოლკოვნიკსა და მოლდოველ „ქილერს“ 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოლდოველი ციხეში გარდაიცვალა, ქელეხსაშვილმა სრულად მოიხადა პატიმრობა. ქორქიასა და მის ჯგუფის წევრებს კი რიგგარეშე ჩინები უბოძეს და სოლიდური პრემიებით დააჯილდოვეს.


скачать dle 11.3