კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 სიყვარული შემთხვევით

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #37-38(977)

კოკამ თავი გადააქნია.
– უყურე ახლა ამას... ქალი ხომ ხარ? ჰოდა, ბავშვის მოვლა შენი ბუნებრივი მდგომარეობაა. მით უმეტეს, რომ ჩვილის მოვლა არ მოგიწევს. ხუთი წლისაა ის ბავშვი, საკმაოდ ჭკვიანიც. ცოტათი უცნაური, მაგრამ საინტერესო. თან, კარგად გადაგიხდის.
– მოიცა, არ ხუმრობ? – დასერიოზულდა ტატა და თიკოს გადახედა. მგონი, სერიოზულად ლაპარაკობს.
– რა თქმა უნდა, სერიოზულად ვლაპარაკობ. მივლინებაში რომ ვიყავით, ვატო სულ ბავშვზე ლაპარაკობდა. ნერვიულობდა და განიცდიდა. დედამისთან ჰყავდა დატოვებული, ანუ ბებიასთან..
 – ცოლი არ ჰყავს? – დაინტერესდა ტატა.
– გადამრევს ეს გოგო! ცოლი რომ ჰყავდეს, ბავშვისთვის ძიძის შერჩევით თვითონ ხომ არ იქნება დაკავებული. ორი წელია, რაც გაშორდა. გაშორდა რა, ის გაექცა.
თიკომ ამოიოხრა.
– ხედავ, ტატა, რა დღეში ვარ? – პატარა ბავშვის მოვლაღა მაკლდა, ცოლგაქცეული მამით.
– თუ არ გინდა, კი არ გაძალებ, – მხრები აიჩეჩა კოკამ, – დახმარება მინდოდა. ვატო კარგი ბიჭია, ფულიც აქვს. რა ვიცი, რატომ არ უნდა გეცადა. ნუ, ცოტა ხანი მაინც, სანამ რამე გამოჩნდება.
ტატა დაფიქრდა და თიკოს მიუბრუნდა.
– მართალს ამბობს კოკა. რატომ არ უნდა სცადო. კომუნიკაცია არ გიჭირს, პატარა, საყვარელ გოგოს როგორ ვერ მიხედავ.
– ბიჭია... – თქვა კოკამ.
– რა შუაშია ბიჭი... – ვერ მიხვდა ტატა.
საუბარში თიკო ჩაერია, რომელიც აქამდე ჩუმად იყო და ფიქრობდა.
– კოკას, მგონი, იმის თქმა უნდა, რომ ბავშვი ბიჭია და არა გოგო. თუმცა, ჩემთვის ეს არაფერს ცვლის. თანახმა ვარ. მადლობის მეტი რა მეთქმის. თან, ბინის მოძებნაც აღარ დამჭირდება. იქვე ვიცხოვრებ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. ახლავე დავურეკავ ვატოს, – კოკამ მობილურს სტაცა ხელი, მაგრამ საათს რომ დახედა, გადაიფიქრა.
– გვიანია, ხვალ დავურეკავ, დილითვე...
***
დანახვისთანავე იცნო. უფრო სწორად ეცნაურა და ვერ გაიხსენა, სად შეიძლებოდა ენახა, ეს ათლეტური აღნაგობის, სიმპათიური, გემოვნებით ჩაცმული მამაკაცი. სახლიც ძალიან ჰგავდა პატრონს, უბრალო იყო, მაგრამ ძვირფასად მოწყობილი. ბოლო თაობის ტექნიკით აღჭურვილი, ყველა კომფორტის გათვალისწინებით. იდეალური ხედებითა და დაცვის უნიკალური სისტემით.
– აი, მოვიყვანე, – კოკამ მხიარული ღიმილით წარუდგინა გოგო და დიდ სავარძელში არხეინად მოკალათდა.
მასპინძელმა თიკო შეათვალიერა.
– რა უცნაურია, რომ ისევ შევხვდით ერთმანეთს. თანაც, სულ სხვა გარემოში და ყოვლად წარმოუდგენელ სიტუაციაში.
კოკა გაოცდა:
– როგორ, ერთმანეთს იცნობთ? თიკო, რატომ არ მითხარი?
– მე... მე... – თიკო გაწითლდა. ერთბაშად გონება გაუნათდა, – ღმერთო, ეს თქვენ ხართ? კოკა, ძალიან გთხოვ, ახლავე წავიდეთ აქედან, – გოგო გაოგნებულ კოკას ხელში სწვდა და წამოყენებას შეეცადა.
– მოიცა, ვერაფერი გავიგე. რა ხდება? ვატო, შენ მაინც ამიხსენი, ასე რით შეაშინე ეს გოგო ან ერთმანეთს საიდან იცნობთ.
– არ ვიცნობთ. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ამ არსებამ ჩემი ძვირფასი პერანგი ყავით ისე დაალაქავა, გადავაგდე.
– ჯერ ერთი, მე ეს შეგნებულად არ გამიკეთებია, შემთხვევით მომივიდა. მერე მეორე – მაგ ინციდენტის გამო საკმარისად დავისაჯე – სამსახურიდან გამომიშვეს. იმედია, ამის მოსმენა გაგახარებთ. კოკა, თუ შენ არ წამოხვალ, მე წავალ.
კოკამ ხელები გაშალა.
– საერთოდ ვერაფერი გავიგე, მართლა...
– არ ვიცოდი, სამსახურიდან თუ გაგიშვეს. ძალიან ვწუხვარ, – ვატოს სახის გამომეტყველება შეეცვალა. გოგოს უკვე თანაგრძნობით უყურებდა, – ძალიან გთხოვთ, დაბრძანდით. თიკო გქვიათ, ხომ? – თიკო, შემთხვევით არაფერი ხდება. როგორც ჩანს, ეს ასეც უნდა მომხდარიყო. პერანგის შესახებ კი ვიხუმრე.
– ანუ, ჩემს გათავისუფლებასთან თქვენ არაფერ შუაში ხართ?
– არა, რა თქმა უნდა.
უხერხულმა სიჩუმემ დაისადგურა. კოკაც კი დაიბნა და არ იცოდა, რა გაეკეთებინა. ვატო დაუფარავი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა ლოყებაწითლებულ თიკოს. დუმილი ისევ გოგომ დაარღვია.
– ახლა რა ვქნათ. ალბათ, დამიწუნებთ თქვენი შვილის მომვლელის პოზიციაზე – მე ხომ ყავის დასხმაც არ ვიცი წესიერად.
– არა, არა... ეს არ მიფიქრია, პირიქით, მინდოდა მეთქვა, იქნებ ეგ ინციდენტი საერთოდ დაგვევიწყებინა. ყავას კი მე თავად მოგართმევთ.
კოკამ ხელები მოიფშვნიტა.
– მშვენიერი აზრია. თან, შენ ყოველთვის კარგი ყავა გაქვს.
– ბავშვს როდის შევხვდები, – იკითხა თიკომ, იმით დაიმედებულმა, რომ ვატო სამსახურში აიყვანდა.
– ჯერ ყავა დავლიოთ და მერე შეგიყვანთ მის ოთახში, – ვატო შეყოყმანდა. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და ყავის მოსატანად სამზარეულოში გავიდა.
– რა ხდება? – თიკო კოკას მიუბრუნდა, – ვერაფერი გავიგე. შენი მეგობარი ცოტა უცნაური ვინმეა. ყავაზე დამპატიჟა თუ სამსახურს მთავაზობს? საერთოდაც ვეღარ ვიტან ყავას. რომ არ გადამესხა თვითმფრინავში ვატოსთვის, მირიანს ჩემს გასაგდებად მიზეზი ხომ არ ექნებოდა.
– მიზეზს მაინც მოგიძებნიდა. იმიტომ, რომ მთავარი მიზეზი მირანდაა – ასე ჰქვია ხომ შენს დაქალს, მასთან რომ შეუსწარი?
თიკო მოიღუშა და კოკას უკმეხად მიმართა:
– იცი, რას გეტყვი, მე ერთი დაქალი მყავს – ტატა და მირიანსაც ნუ მიხსენებ, ნერვები მეშლება. მინდა, დავივიწყო და ცხოვრება გავაგრძელო. ახლა მარტო იმაზე მინდა ვიფიქრო, როგორ შევძლებ პატარა ბიჭის მოვლას ჩემი მწირი გამოცდილებით ამ საქმეში.
– დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად შეძლებ, – საუბარში ჩაერთო ოთახში დაბრუნებული ვატო. ლანგარი ყავის ფინჯნებით ფრთხილად დადგა მაგიდაზე და გოგოს გაუღიმა. სასმლის არომატმა თიკოს სასიამოვნო ჟრუანტელად დაუარა.
– რამე განსაკუთრებულია? საოცარი სუნი აქვს.
– ყავა მიყვარს და საგანგებოდ ჩამომაქვს ხოლმე. თან, აპარატიც ძალიან კარგი მაქვს. განსაკუთრებული. მერე გაგარკვევ ჩემი სამზარეულოს ტექნიკაში. დაჩის კვების სპეციალური რეჟიმი აქვს და ყველაფერს არ ვაჭმევ.
– გასაგებია. დაჩი – ანუ, თქვენი შვილი, ვისზეც მე უნდა ვიზრუნო. შეიძლება, გკითხოთ. ძიძა რატომ არ ჰყავთ? მაპატიეთ, თუ ეს ჩემი ცნობისმოყვარეობა ცოტა თამამად ჟღერს.
– არა, ეს ნორმალურია, – გაუღიმა ვატომ და თითქოს რაღაცამ შეაშფოთა, თქვენ უფლება გაქვთ, სრული ინფორმაცია გქონდეთ ბავშვზე. მასზე ხომ თქვენ მოგიწევთ ზრუნვა. სულ მის გვერდით უნდა იყოთ. საქმე ისაა, რომ ჩვენთან, ძიძები დიდხანს ვერ ძლებენ.
თიკოს გაეღიმა.
– ანუ, ისეთი მოთხოვნები გაქვთ, რომ ვერავინ დააკმაყოფილა?
ვატომ ამოიოხრა.
– ასე მარტივად რომ იყოს საქმე... დაჩი, ჩემი შვილი დედამისის წასვლის შემდეგ ძალიან შეიცვალა. ისეთი გახსნილი, თბილი და კომუნიკაბელური ბავშვი იყო... ფაქტობრივად, საერთოდ აღარ ლაპარაკობს. იშვიათად თუ იტყვის ორ-სამ სიტყვას, ისიც აუცილებლობის შემთხვევაში. ამიტომ მასთან ურთიერთობა უჭირთ და მიდიან. მე სულ მივლინებაში ვარ. ზოგჯერ დედაჩემთან, ანუ ბებიამისთან ვტოვებდი, მაგრამ ბოლოს მასთანაც აღარ გაჩერდა. ძალიან განერვიულებული და გაღიზიანებული დამხვდა. თქვენი იმედი მაქვს, რატომღაც მგონია, მასთან კომუნიკაცია არ გაგიჭირდებათ. წამოდით, გაგაცნობთ. იმ ოთახსაც გაჩვენებთ, სადაც უნდა იცხოვროთ.
თიკომ ფინჯანი დადგა და მასპინძელს უკან გაჰყვა.
***
... ტატამ კარი გააღო და ცნობისმოყვარედ მიაჩერდა ზღურბლზე აღმართულ მოღიმარ საქმროს.
– აბა, გამოვიდა ეგ საქმე?
– ჯერ მაკოცე, იმიტომ რომ დავიმსახურე. მერე თიკოს ნივთები ჩაალაგე და შენც მოემზადე, ვატომ ვახშამზე დაგვპატიჟა თავისთან. კერძებს რომელიმე ეგზოტიკურ რესტორანში შეუკვეთავს.
ტატას სახე გაუბრწყინდა.
– აჰა, ეს იმას ნიშნავს, რომ თიკო მოეწონა.
– კი. ვატოს მოეწონა, მიუხედავად იმ ინციდენტისა, თვითმფრინავში...
– რა ინციდენტი? მე არ ვიცი?
– არც მე ვიცოდი, თიკომ რომ ყავა გადაასხა თვითმფრინავში და ამის გამო გაუშვეს სამსახურიდან.
ტატა გაოცდა:
– მოიცა, ვატო იყო ის მგზავრი? შეუძლებელია. თიკომ ეგ იცის?
– ჰო. იცნეს ერთმანეთი, მაგრამ ვატოს თიკოს სამსახურიდან გაშვებასთან კავშირი არ აქვს. მთლიანად მირიანის სინდისზეა ეგ ამბავი.
ტატამ თავი დაუქნია.
– ეჭვიც არ მეპარება. ვიცნობ მირიანს, ჩვეულებრივი იდიოტია, მაგრამ ინანებს, თიკოს ასე რომ მოექცა.
კოკამ საცოლეს წელზე მოხვია ხელი და მუხლზე დაისვა.
– იცი, რა ვიფიქრე? მე ხომ ყველა ადამიანის გაბედნიერებაზე ვარ ორიენტირებული მას მერე, რაც შენ გაგიცანი. იქნებ ეს შანსია თიკოსთვის და ვატოსთვისაც.
– შანსი? რას გულისხმობ?
– რაც ცოლმა მიატოვა, ვატო ძალიან გულგატეხილია. სერიოზულად აღარავის უყურებს. თიკოსაც აწყენინა მირიანმა... იქნებ, რაღაც გამოვიდეს, მშვენიერი წყვილია.
– არ ჩაერიო მაგ ამბავში, – წარბი შეიკრა ტატამ, – გაფრთხილებ! შენმა ძმაკაცმა თიკოსთან თამაში არ გაბედოს, თორემ ორივეს მოგკლავთ.
– პირიქით, მე ორივესთვის კარგი მინდა. იქნებ ის ბავშვიც შეეჩვიოს თიკოს. ეს ბევრს ნიშნავს. ფაქტობრივად, ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტით განსაზღვრავს ურთიერთობის ბედს.
– კოკა, გეუბნები, ფრთხილად იყავი-მეთქი.
– მე რა შუაში ვარ? – გაიცინა ბიჭმა, – თიკო ძალიან ლამაზია და ვატოც ბრმა ნამდვილად არ არის. თუ შენი დაქალი ბავშვის გულს მოიგებს, მამაც მუჭში ეყოლება გამომწყვდეული. უკეთეს ვარიანტს ვერც ინატრებს. ვატოზე ბევრი ქალი ოცნებობს. მართალია, კომპანიის წილების მფლობელი ოფიციალურად ბაბუამისია, მაგრამ ბატონი დავითი ჭკუას კარგავს შვილიშვილზე. ყველაფერს მას უტოვებს. ცოტა უცნაური ვინმე კია ეს ბატონი დავითი, მაგრამ ფული იმდენი დააგროვა, სამ ვატოსნაირსაც ეყოფა.
– ეგ თიკოს არ მოუყვე, კარგი? – მოიღუშა ტატა, – ვიცი მე მაგის ამბავი. მიხედოს ბავშვს და აიღოს ამაში ხელფასი. აბსოლუტურად საკმარისია. აწყენს ზედმეტი ემოციები.
– მე შენი მეგობრისთვის სიკეთე მინდა, მაგრამ თუ შენ ასე თვლი... – მხრები აიჩეჩა კოკამ, – კარგი, მიდი, ჩაიცვი და თიკოს ნივთებიც ჩაალაგე. გველოდებიან.
ტატა ოთახში შევიდა და ცოტა ხანში საშუალო ზომის ჩანთით დაბრუნდა.
– კოკა, ისე, იმ ბავშვს რა სჭირს?
– რაც დედამისმა მიატოვა, აღარ ლაპარაკობს. უფრო სწორად, ივშიათად ლაპარაკობს. ძალიან ბევრ ექიმთან ჰყავდა ვატოს, უცხოეთშიც კი წაიყვანა, მაგრამ უშედეგოდ. ეუბნებიან, რომ პრობლემა არა აქვს, მაგრამ ბავშვი მაინც უარს ამბობს კომუნიკაციაზე.
– უჰ, საწყალი თიკო. რა უნდა ჰქნას? – შეეცოდა ტატას დაქალი.
– არა უშავს, მაგასაც დეპრესია აქვს და გაუგებენ ერთმანეთს, – „დაამშვიდა“ კოკამ.
***
პატარა, ძალიან ლამაზი ბიჭუნა სავარძელში იჯდა და თავი „პადში“ ჰქონდა ჩარგული. თიკო ნელა მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა. ბიჭუნა არ განძრეულა, არც კი შეუხედავს მისთვის. თითქოს არ ესმოდა, რა ხდებოდა მის გარშემო. თიკო ერთხანს დაკვირვებით უყურებდა. მერე ფრთხილად შეახო ხელზე ხელი. ბიჭუნამ არაფრის მთქმელი მზერა მიაპყრო და ისევ თამაშს დაუბრუნდა.
თიკო სასტუმრო ოთახში დაბრუნდა. ვატო მაგიდაზე თეფშებს ალაგებდა.
– ყურადღება არ მომაქცია, საერთოდ... და ეს სულ ასეა?
– ჰო. იშვიათად მეკონტაქტება, მარტო მე. ისიც დედას კითხულობს. მეკითხება, როდის დაბრუნდებაო.
– დიდი ხანია, ასეა?
– ანუ, გაინტერესებს, რამდენი ხანია, რაც ცოლმა მიმატოვა? – ჩაეცინა ვატოს, – ჰო, რეალობა ეს არის, – მიმატოვა. ერთ დილას ადგა, თავისი ტანსაცმელი ჩაალაგა და არავისთვის არაფერი რომ არ უთქვამს, სად მიდიოდა, კარი გაიხურა... გაიპარა. იმ დღის შემდეგ ექვს თვეზე ცოტა მეტი გავიდა. ვერც მოვასწარი ნერვიულობა. არ მქონდა ამის დრო. დაჩისთვის უნდა მიმეხედა. ამ ექვს თვეში ოთხი ძიძა გამოვიცვალეთ. ზოგჯერ აგრესიული ხდება. ყველაფერს ძირს ყრის და იატაკზე გორაობს.
– სერიოზულად ამბობ? – შეშფოთებით ჰკითხა თიკომ.
– ხომ არ გადაიფიქრე და შენც წასვლას ხომ არ ფიქრობ? – ვატომ საწყლად გაიღიმა.
გოგომ თავი გააქნია.
– ვცდი, ძალიან საყვარელი ბავშვია და არ მემეტება დეპრესიისთვის. ვერაფერს დაგპირდები, მაგრამ ცდას არ დავაკლებ. ჰო, ვერც იმას გეტყვი, რომ პედაგოგიური გამოცდილება მაქვს.
– ეგ ვიცი. ფსიქოლოგებმა და პედაგოგებმა ბევრი ვერაფერი გააკეთეს. რატომ არ უნდა სცადოს გამოუცდელმა, მაგრამ მოტივირებულმა? მოდი, ხელფასზეც დავილაპარაკოთ. ბუნებრივია, სულ აქ მოგიწევს ყოფნა. საკვებზე და ყველა საჭირო ხარჯებზე მე ვიზრუნებ. საყიდლებზე შეგიძლია, ჩემი მძღოლი გაგზავნო. დილით მოვა და გაგაცნობ. მყავს დამლაგებელი. მაგრამ დაჩისთვის საჭმლის მომზადება შენ მოგიწევს.
– ვიცი. ეგ უკვე მითხარი.
– კარგი. შეგიძლია, დაჩის ოთახში გამომყვე? განახვებ, როგორ ვაძინებ.
თიკომ თავი დააქნია. რაღაცნაირი სიმპათიით განეწყო მარტოხელა მამის მიმართ. ვატო აშკარად უარეს მდგომარეობაში იყო. მირიანი ცუდად კი მოექცა, მაგრამ ის არც ქმარი იყო და არც ბავშვით ხელში მიუტოვებია.
– დედამისი საერთოდ არ კითხულობს? – თიკომ თანაგრძნობით შეახო ხელზე ხელი ფიქრებში წასულ ვატოს. კაცი შეკრთა.
– რა მკითხე?
– დაჩის დედაზე ვიკითხე, შენს ყოფილზე, შვილის ამბით არ ინტერესდება? ბავშვს არ ურეკავს მაინც?
ვატო გაფითრდა.
– მოდი, ამ თემაზე ნუღარასდროს ვილაპარაკებთ. ჩემს შვილს მხოლოდ მე ვყავარ, სხვა არავინ.
ბიჭუნა უხმაუროდ შემოვიდა ოთახში და მაგიდას უსიტყვოდ მიუჯდა. თიკომ გაუღიმა. ბავშვმა ოდნავადაც არ გამოხატა მის მიმართ ინტერესი. კედელზე მიმაგრებულ ტელევიზორში მულტფილმი იყო ჩართული და იმას დაუწყო ყურება. თიკომ თეფშით ბლინები, ჭიქით კი რძე დაუდგა და თავადაც მაგიდას მიუჯდა. ბიჭმა მექანიკურად აიღო ბლინი და ჭამა დაიწყო. ჯერ უხალისოდ ღეჭავდა, მერე თითქოს რაღაცამ აზრი შეაცვლევინა, თვალებიც აენთო და უფრო მადიანად განაგრძო ჭამა.
თიკო ლოყაზე ხელშემოდებული უყურებდა. მერე ალაპარაკდა.
– იცი, რა ვიფიქრე, – მიმართა ბავშვს – მე ვნახე შენი მენიუ და მამაშენმაც მითხრა, რა უნდა მომემზადებინა დილით, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ცოტა მრავალფეროვნება სულაც არ გაწყენს.
ბიჭუნა არ უყურებდა და არც პასუხობდა, თუმცა, თიკოს მოეჩვენა, რომ უსმენდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3