კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 როგორ ჩამოიყვანა თვითმფრინავიდან „კაგებემ“ თენგიზ არჩვაძე

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  „...მარტოობა მიყვარს, საკუთარ თავთან დიალოგი მშველის ხოლმე ყოველთვის. მთაში უკეთ ვგრძნობ თავს, მთა ჩემი წარმოუდგენელი სიყვარულია, უასაკო ვარ ცხენთან და მთასთან. ყოფილა შემთხვევა, მარტოდმარტოს გამიტარებია მთელი შვებულება მთაში, ხევსურეთში. კარავი, სიახლოვეს წყალი და მცირეოდენი საკვები საკმარისია... თუ ცხენიც გყავს, ეს ხომ ნეტარებაა!“ – ეს თენგიზ არჩვაძეა, რომელმაც  ხევსურეთისადმი, ბუნებისადმი და ცხენისადმი სიყვარულით კინოეკრანზე გადაინაცვლა. „შეხვედრა მთაში“ – ასე დაერქვა მისი ცხოვრების ამ ეპიზოდს სახელად. ფილმში მისი პარტნიორი, ლეილა აბაშიძე ერთ-ერთ ინტერვიუში გადაღების პროცესს ასე იხსნებეს: „...როდესაც ვიღებდით ფილმს, მახსოვს, კოლია სანიშვილმა მითხრა, ხევსურული კილო შეისწავლეო. არადა, მთის ქალებს ლაპარაკი არ უყვართ. ერთი მშვენიერი ხევსური ქალი, სახელად სამძივარისა შევარჩიე, დავდევ და ველაპარაკები, ის კიდევ ყველაფერზე „ჰოს“ ან „არას“ გაიძახის. – რა ვქნა, ბატონი კოლია, არაფერი გამომდის, ყველაფერზე „ჰოს“ და „არას“ გაიძახის სამძივარისა-მეთქი, – შევჩივლე რეჟისორს. – სიყვარულზე დაელაპარაკე, მგონი, თენგიზი უყვარსო, – გამოსავალიც მასწავლა“. როგორ მოხვდა ყველაზე მორიდებული, ჯენტლმენური თვისებების, გასაოცრად ინტელექტუალური და ძალიან სიმპათიური თენგიზ არჩვაძე კინოსა და თეატრში, რა უჭირდა, ულხინდა, ფიქრობდა, სტკიოდა, ყველაფერზე მისი დღიურებიდან შეიტყობთ.
რთი მსახიობის მონოლოგი
  „თბილისის ერთ-ერთ ძველ და კოლორიტულ უბანში, „ვორონცოვზე“ ვცხოვრობდით, სადაც თითქმის ოცდაათი წელი გავატარე. ახლაც დიდი სიყვარულით მახსენდება ჩემი ძველი სახლი, პატარა, „იტალიური“ ეზო. ერთ ოჯახად მცხოვრები ქართველები, ებრაელები, სომხები ერთმანეთის ჭირისა და სიხარულის გამზიარებლები იყვნენ, ერთის სტუმარი ყველას სტუმრად ითვლებოდა. საოცარი სითბო და სიყვარული სუფევდა ჩვენს ეზოში. ბავშვობა უბედნიერესი ხანაა! მე გულჩათხრობილი ბავშვი გახლდით, მეოცნებე... ჩხუბი და დავიდარაბა არასოდეს მყვარებია. ჯერ მე-19 საშუალო სკოლაში, ხოლო შემდეგ ვაჟთა მე-20 სკოლაში ვსწავლობდი. მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები, გეოგრაფიაც მიყვარდა, აი, ტექნიკურ საგნებს კი ნაკლებად ვწყალობდი (წყარო: msaxiobebi – bio.com). ხატვა ჩემი სერიოზული გატაცება იყო. ვხატავდი ცარცით, ნახშირით, რაც მომხვდებოდა ხელთ, სადაც მომიწევდა – ყველგან და ყველაფერზე. ხატვის სიყვარული არასოდეს გამნელებია. ავიკიდებდი მოლბერტს და ვხატავდი წყნეთის, უძოს, კოჯრის პეიზაჟებს. პიონერთა სასახლეში ხატვის წრეზე დავდიოდი. იქვე დრამწრეც იყო. მე და ჩემმა მეგობარმა, გურამ მაცხონაშვილმა (შემდგომში თეატრის რეჟისორმა) დრამწრეში შესვლა გადავწყვიტეთ. ზაფხულობით პედაგოგებს ჩვენი დრამწრის წევრები ქვიშხეთში, „ბერიას“ ბანაკში მიჰყავდათ. ეს ერთი დიდი ოჯახი იყო. პიონერთა სასახლეს უკავშირდება ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები. სწორედ დრამწრე იყო იმის მიზეზი, რომ მეცხრეკლასელი სკოლიდან ქუჩაში გამიძახეს. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემს გატაცებას არასერიოზულად უყურებდნენ და გაკვეთილებს რომ ვაცდენდი, გამოუსწორებელ ყალთაბანდად მთვლიდნენ. მერე, იცოცხლეთ, მსახიობის გზას რომ სერიოზულად გავყევი, ვინ იცის, რამდენი სპექტაკლის შემდეგ დამხვედრია თეატრის გამოსასვლელთან ჩემი სკოლის დირექტორი, თვალცრემლიანი და გახარებული.
...სხვათა შორის, მე ჯერ ინსტიტუტში მომცეს დიპლომი, სკოლის ატესტატი კი მხოლოდ ამის შემდეგ მიბოძეს.
 ბაბუა და „მარუსა“
  ...ჩემს დედულეთში, მრავალძალში, წმიდა გიორგის შესანიშნავი ეკლესია იყო, რომელიც ამ 10-12 წლის წინ მიწისძვრამ, სამწუხაროდ, მთლიანად დაანგრია. დიდად შემიყვარდა იქაურობა, რაჭის ხშირი სტუმარი გავხდი. ბაბუას რაჭაში ცხენი ჰყავდა - „მარუსა“ ერქვა, ჩერქეზული იყო. 14 წლის ვიქნებოდი მაშინ, ცხონებულმა ბაბუაჩემმა ცხენი რომ შემიკაზმა. „შენს ტოლებს არაფერში გამოაკლდეო“, – მითხრა და შქმერის კლდეში, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე ჩვენს ახლობლებთან გამიშვა. გასაკვირია, მაგრამ ქალაქში გაზრდილმა ბიჭმა მშვიდობით მოვახერხე სოფელში ჩასვლა. საღამოს უკან დაბრუნება მოვისურვე, შევჯექი ჩემს ცხენზე და წამოვედი. ჭალებს რომ მოვუახლოვდი, ცხენმა აქეთ გაიწია, მე სხვა მხარეს გავქაჩე, ერთხანს მაწვალა, მაგრამ ბოლოს დამყვა.... მთელი ღამე ვიარე, როცა ირიჟრაჟა, მივხვდი, რომ გზა ამრეოდა და სხვა მხარეში ვიყავი გადასული. უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. უკან უღრანი ტყე იყო. ახლა კი ჭკუა ვიხმარე, ცხენს დავუჯერე, აღვირი მივუშვი და შინ მშვიდობით დავბრუნდი. ძალიან ჭკვიანია ცხენი! ეს იყო ჩემი პირველი გამოცდა და პირველი დამოუკიდებელი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი.  
რთული გზა
  როგორც ვთქვი, ხატვისთვის თავი არასოდეს დამინებებია, ახლაც მიყვარს, მაგრამ ერთხელ, სამწუხაროდ, ცუდ ხასიათზე მყოფმა, ყველა ჩემი ნახატი დავწვი... ისევე, როგორც გოგოლმა, „მკვდარი სულების“ შემდგომი ნაწილები. ასეა თუ ისე, პიონერთა სასახლის დრამწრის წყალობით, მხატვრობას  მსახიობობა ვარჩიე და თეატრალურ ინსტიტუტში უგამოცდოდ ჩავირიცხე. პირველი მთავარი როლი „კეთილ ადამიანებში“ ვითამაშე. როლზე წინასწარი სასინჯი გადაღების გარეშე ამიყვანეს. არ გამჭირვებია, რადგან საკმაოდ დიდი სკოლა მქონდა გავლილი პიონერთა სასახლეში, შემდეგ კი თეატრალური ინსტიტუტის ოთხი-ხუთი წელი იყო. ისიც შეიძლება ითქვას, რომ, მიხეილ თუმანიშვილის რეკომენდაციით, ბაში-აჩუკის როლის შესრულების ერთ-ერთი პრეტენდენტი ვიყავი, თუმცა არჩევანი ოთარ კობერიძეზე შეჩერდა და ეს სრულიად ლოგიკური იყო, რადგან მაშინ იგი, თავისი ასაკითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით, უფრო შეესაბამებოდა ბაში-აჩუკის როლს. აქვე ის ამბავიც მინდა გავიხსენო, სტუდენტობისას ფარიკაობაზე რომ დავდიოდი და ვარჯიშის დროს სასიკვდილო ჭრილობა რომ მივიღე. მაშინ 21 წლის ვიქნებოდი, თითქმის მთელი წელი ლოგინს მიჯაჭვულმა გავატარე. სიცოცხლის შენარჩუნებას ექიმსა და ძველ სპორტსმენს, გამოჩენილ ტანმოვარჯიშე ქალს იულია ფარეშაშვილს უნდა ვუმადლოდე. აღარავინ ფიქრობდა, რომ ხელში კვლავ ავიღებდი დაშნას, მაგრამ მე ფარიკაობისთვის თავი არ დამინებებია. როლზე უარი ბევრი რამის გამო მითქვამს, მაგრამ ფინანსური ინტერესების გამო – არასოდეს (თუ დამიჯერებთ, ცხოვრებაში ფული არასოდეს დამითვლია). უარს ვამბობდი იმ შემთხვევაში, როცა ნაწარმოები ან გმირი არ მომწონდა. უარყოფითი გმირიც კი გამოკვეთილი, სრულყოფილი უნდა იყოს და ესთეტური ჩარჩოებიდან მთლად ამოვარდნილი არ უნდა ჩანდეს. მძაგს დაბალი დონის ნაწარმოები, რომელთა ინსცენირება თუ ეკრანიზაცია მაყურებლის გემოვნებას აქვეითებს... ყველაფერს ობიექტურ მიზეზებს ვერ დააბრალებ. სუბიექტურმა ფაქტორებმა, საკუთარმა თავმა უფრო მეტად შემიშალა ხელი.
  ...რას იზამ?! ასეთი ყოფილა ცხოვრება!..  ერთ ამბავი გამახსენდა: ერთხელ მურმან ლებანიძემ რუსთაველის საზოგადოებაში მისვლა მთხოვა. ვიფიქრე, რამე პოლიტიკურ პარტიაში არ გამაწევრიანონ-მეთქი და ფეხი ვითრიე, ბოლოს მურმანმა ამიხსნა, რუსთაველის საზოგადოების წევრი უნდა გახდეო. პოლიტიკური ხომ არაფერია-მეთქი ვიკითხე, ჰოდა, რომ დავრწმუნდი, პოლიტიკური არაფერი იყო, მივედი. არაჩვეულებრივად შემხვდნენ. ქალბატონმა ლენამ (მურმანის მეუღლემ) რაღაც კონვერტი გადმომცა, ვიფიქრე, ალბათ, ადრესია. მერე ბატონმა მურმანმა მითხრა, სახლამდე მე თვითონ გაგაცილებ და ვიდრე ფანჯრიდან არ გადმოიხედავ და არ დავრწმუნდები, რომ სახლში ხარ, მანამ არ წავალო. მივხვდი, საქმე რაღაცაში იყო. თურმე, კონვერტში 2000 ლარი ჩაუდიათ. ასე შემატანინა ძღვენი ოჯახში ბატონმა მურმანმა.
 ასეთებიც მომხდარა
  მე და რეზო ლაღიძეს ერთხელ გვითხრეს – პარიზში უნდა წახვიდეთ, ფესტივალზე გაიმარჯვეთ და პრიზებით გაჯილდოებენო.
დაგვიბარეს „კაგებეში“ და თავიანთ პოლიკლინიკაში წაგვიყვანეს...
შეგვიყვანეს ერთ ოთახში, სადაც სავარძელში მჯდარი ჩინოვნიკი დაგვხვდა. ჩვენთვის სკამიც არ შემოუთავაზებია, პირდაპირ შეუდგა ანკეტის შევსებას:
– სახელი?
– რევაზი, ბატონო!... რეზოს მეძახიან.
– გვარი?
– ლაღიძე.
– პროფესია?
მეგობარმა, რომელიც თან გვახლდა, ვეღარ მოითმინა და გაკვირვებულმა განმარტება სცადა:
– კომპოზიტორია, ბატონო, ნუთუ „თბილისო“ მაინც არ...  
პოლკოვნიკმა მეგობარს სიტყვა არ დაამთავრებინა და იმავე კითხვებით მე მომმართა.
ანკეტის შევსების შემდეგ მე და რეზოს რაღაც ნემსები გაგვიკეთეს, იმხელა შპრიცები იყო, ახლაც შიშით მახსენდება. ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც იქნა, ჩავსხედით მე და რეზო თვითმფრინავში, ჯიბეში 200-200 დოლარი გვიდევს და სადაცაა გავფრინდებით. რეზო შეფიქრიანებული მეკითხება:
– კაცო, ეს 200 დოლარი რაში გვეყოფაო?!
მე ვამშვიდებ: – შენი 200, ჩემიც 200, უკვე ოთხასია! პარიზში რომ ჩავალთ, იქაური ქართველები გვნახავენ და გვიპატრონებენ-მეთქი.
ამ ლაპარაკით ვართ გართულნი და ასაფრენად დაქოქილ თვითმფრინავს ტრაპი ისევ მოაყენეს და მე და რეზო ჩამოგვსვეს... ბუნებრივია, ის 200-200 დოლარიც ჩამოგვართვეს.
...რეზო ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ამ ამბის გამხელის უფლება არ მისცემია, აქამდე მეც გაჩუმებული ვიყავი.
თაყვანისმცემლები
...თაყვანისმცემლებიო? - მეკითხებით.
  ასეთები ბევრნი იყვნენ. საიდან არ მომდიოდა წერილები: ციმბირიდან, ვლადივოსტოკიდან... უმეტესად ქალები მწერდნენ. წერილებს ჩემს მეუღლეს ვაძლევდი – შენ უპასუხე-მეთქი. დღეში რატომ ასი წერილი არ მომდიოდა, მაგრამ არ მაღიზიანებდა, მყვირალა სიტუაციებიდან ყოველთთვის იოლად ვახერხებდი თავის დაძვრენას... ერთხელაც, ნასვამმა და საკუთარ თავზე გაჯავრებულმა, თითქოს გამოწვევა მივიღე და სამარშრუტო ტაქსის მთელ შემადგენლობას პატივი ვეცი – „ყველასი გადახდილია-მეთქი!“
 პირველი შეხვედრა სასმელთან
  სახლში დიდი მარანი გვქონდა, მამაჩემი ჩინებულ წითელ ღვინოს აყენებდა. 26-27 წლამდე ღვინო დათრობამდე არ დამილევია, მაგრამ სუფრის სიყვარული კი დიდი მქონდა. სასმელი ვერ მათრობდა ადვილად. ახლა საერთოდ აღარ ვსვამ, ამიკრძალეს... არადა, ჩემთვის წარმოუდგენელია, კაცი ღვინოს არ სვამდეს. კახური ღვინო მიყვარდა განსაკუთრებით, თუმცა კი მაინცადამაინც სასმელს არ განვარჩევდი...“
 „სუფრული ჩანართი“ (ზურაბ ქაფიანიძის მოგონებიდან)
 „როდესაც თენგიზი სადღეგრძელოს ამბობს, ვერ იტანს, თუ ვინმე ლაპარაკობს. ჰოდა, ყოველთვის გასაოცარი სიჩუმეა ხოლმე. ერთხელაც, რაჭაში ვართ... თენგიზი სადღეგრძელოს ამბობს და ყველას უხარია ხესაც, მიწასაც, კავკასიონსაც, ზემოდან რომ დაგვცქერის... ასეთი განწყობა ახლავს თენგიზის სადღეგრძელოს და ამ დროს მამალმა არ დაიყივლა! თენგიზი გაჩერდა... მამალიც გაჩერდა... თენგიზმა განაგრძო სადღეგრძელო და, ბიჭოს, მამალმა ისევ დაიყივლა. თენგიზი ისევ გაჩერდა, მაგრამ მესამედაც იგივე რომ განმეორდა, გაგულისებული წამოდგა და ხის ტოტი შეარხია. მამალი ტოტიდან კი აფრინდა, მაგრამ თენგიზს შემოაჯდა მხარზე და ამჯერად ყურთან დაჰყივლა!  ...იმ მამალს „თენგიზის მამალი“ დავარქვით. ვინც მაშინ რაჭაში ამ დიდი მსახიობის ნახვა ვერ მოასწრო, მამლის სანახავად მოდიოდა ხოლმე.“
 ძმობა და ქალაქელობა
  „ძველი თბილისი, კაცობა, კაიყმობა, ურთიერთპატივისცემა და გატანა ერთი და იგივეა. ადრე თბილისში მცხოვრები კაცი არასოდეს იტყოდა – თბილისელი ვარო, იგი ქალაქელს უწოდებდა თავს. „ქალაქად“ მოიხსენიებდა თბილისს პერიფერიაში მცხოვრებიც, რადგან „ქალაქის“ ცნება მხოლოდ თბილისს ეკუთვნოდა. იყო ქუთაისიც, თელავიც, ფოთიც, სოხუმიც, ბათუმიც და გორიც, მაგრამ ქალაქი მხოლოდ თბილისს ერქვა და ეს იმიტომ კი არა, რომ, ვთქვათ, ქუთაისი ან სხვა დანარჩენი, ქალაქი არ იყო, არა, მაშინ სიტყვა დედაქალაქს არ ხმარობდნენ და ქალაქი სწორედ რომ დედაქალაქს ნიშნავდა. იმ ქალაქს – გულიანს, ნაღდს და საოცრად ლამაზს, თავის ჭრელაჭრული უბნებითა და გულღია ქალაქელებით – მართლაც ვერ ვივიწყებ! წარსული წარსულს ჩაბარდა, დღევანდელობას ყოფა ჰქვია...“
ეკა პატარაია

скачать dle 11.3