კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 როგორ დაამარცხა მარიამ სირბილაძემ სიმსივნე ერთ წელიწადში და როგორ ეხმარება ის დღეს ონკოლოგურ პაციენტებს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ერთ დღეს ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დადგა. თუმცა დანებებაზე ერთი წუთითაც არ უფიქრია. მეორე დღიდანვე დაუღალავი ბრძოლა დაიწყო და ერთი წლის თავზე უკვე იცის, რომ გამარჯვებულია.
  მარიამ სირბილაძე: თავს კარგად ვგრძნობდი. მჯეროდა, რომ ძალიან ჯანმრთელი ადამიანი ვიყავი. ერთ დღეს, საწოლში შვილებთან ერთად ვთამაშობდი. პატარას ფეხი მოუხვდა მკერდზე და მეტკინა. თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია. ჩავთვალე, რომ პატარა ტრავმა იყო, მაგრამ აღარ გამიარა. ის ადგილი დღითიდღე უფრო მაგრდებოდა, წითლდებოდა და ვხვდებოდი, რომ ანთებითი პროცესი იწყებოდა. არ მინდოდა ექიმთან მისვლა, შიშმა მომიცვა. ვფიქრობდი, რომ გადამივლიდა, რომ ხვალ უკეთესად ვიქნებოდი. ერთი თვე რომ გავიდა, ჩემი მდგომარეობა უფრო დამძიმდა: საშინელი ტკივილები მქონდა, ვეღარ ვიძინებდი, მარჯვენა მხარეს საერთოდ ვერ ვწვებოდი და დავიწყე ექიმის ძებნა. მაშინ თბილისში ვიყავი, მაგრამ გადავწყვიტე, აუცილებლად წავსულიყავი უცხოეთში. მეშინოდა, რადგან ბევრჯერ მქონდა გაგონილი საქართველოში არასწორად დასმული დიაგნოზის შესახებ და რადგან იტალიაში ბინადრობის უფლება მქონდა, ვიცოდი, თუ რამე დამჭირდებოდა, იქ აუცილებლად მომხედავდნენ. მოკლედ, იტალიაში ვიპოვე ექიმი  – რიკარდო მასეტი, რომელიც ძუძუს კიბოს კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელია. მაგრამ მასთან ვიზიტის დანიშვნა შეუძლებელი აღმოჩნდა. ივნისში დავრეკე და ნოემბრამდე ადგილები არ იყო. არადა, შინაგანი ინტუიცია მკარნახობდა, რომ ეს ის ექიმი იყო, რომლის ნდობაც შემეძლო. გადავწყვიტე, მიმეწერა ჩემი სიმპტომების შესახებ და ფოტოებიც გავუგზავნე. მეორე დღესვე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ვიზიტი ჩანიშნული იყო. სასწრაფოდ გამოვემგზავრე რომში. ექიმმა როგორც კი დაინახა ჩემი მდგომარეობა, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე მითხრა, ეს არ არის კარგი ამბავი, ოღონდ შენ არ უნდა შეგეშინდეს, მივხედავთო. მეორე დღესვე გამიკეთეს ბიოფსია და მოვიდა პასუხი, რომ მქონდა სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, მესამე C სტადია. კვლევებმა აჩვენა, რომ 35 მეტასტაზი მქონდა ლიმფურ კვანძში. ძალიან ცოტათი ავცდი ბოლო სტადიას.
– ალბათ, განგაშის სიგნალი მაშინვე ჩაგერთოთ, როცა სასწრაფო შეხვედრა დაინიშნა.
– ექიმმა რომ სასწრაფოდ შეხვედრა დამინიშნა, მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან ცუდად იყო ჩემი საქმე. მივუჯექი კომპიუტერს და დავიწყე ჩემი სიმპტომების მიხედვით იმფორმაციის მოძიება. ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო, იმდენად დავისტრესე იმით, რაც წავიკითხე, რომ ფაქტობრივად, დავგეგმე საკუთარი დაკრძალვა. წარმოვიდგინე, როგორ იქნებოდნენ ჩემი შვილები, დედაჩემი – საშინელებებზე ვფიქრობდი. ამიტომ ყველას ვურჩევ, არ „დაგუგლონ“, ყველას მდგომარეობა ინდივიდუალურია და არ შეიძლება, ყველას ერთი და იგივე ჩივილი ჰქონდეს. მერე, პირიქით, გადარჩენილი პაციენტების ინტერვიუების გაცნობა დავიწყე.
– მერე დაისვა ძალიან მძიმე დიაგნოზი. როგორი იყო ის დღე და როგორ შეძელით, რომ თავი არ დაგეკარგათ?
– საკუთარ თავს ყველაზე ცუდისთვის ვამზადებდი, მაგრამ თურმე, არასდროს არ ხარ მზად იმის მოსასმენად, რომ მსოფლიოში სიკვდილიანობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე დაავადება გჭირს. წინა დღით ჩემს მეგობრებს ვეუბნებოდი, რაც უნდა მოხდეს, ყველაფრისთვის მზად ვარ-მეთქი, მაგრამ „მეხის გავარდნა“ რბილად ნათქვამია იმ შეგრძნებასთან, როცა გეუბნებიან, რომ კიბო გაქვს. სამყარო თავზე გექცევა. რაც დრო გავიდა, უფრო დეტალურად აღვიდგინე ის დღე. ექიმიდან რომ გამოვედი, ძალიან ვცდილობდი, არ მეტირა. წამოვედი და გათიშულმა თორმეტი კილომეტრი ავტობანზე ფეხით ისე გავიარე და სახლში მოვედი, დაღლილობის განცდა კი არა, ისიც კი არ მახსოვდა, იქ როგორ აღმოვჩნდი. ახლა რომ ვფიქრობ, ვხვდები, რომ რეალურად პირველი ოცდაოთხი საათი ვიყავი ავად. დიაგნოზის დასმიდან ოცდაოთხ საათში მოვასწარი სიკვდილიც, თავიდან დაბადებაც, დარჩენილი სიცოცხლის დაგეგმვაც და მივიღე გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად უნდა მეცოცხლა, იმიტომ, რომ ბევრი ოცნება ასასრულებელი მქონდა. უნდა მებრძოლა შვილებისთვის, დედაჩემისთვის, ახლობლებისთვის. დანებება გამორიცხული იყო.
– დედას და შვილებს როგორ უთხარით ეს ამბავი?
– ყველაზე რთული ამის თქმა დედაჩემისთვის იყო. ერთადერთი შვილი ვყავარ დედას. რამდენიც არ უნდა გყავდეს, შვილი შვილია, მაგრამ დედამ მთელი სიცოცხლე მე მომიძღვნა, ყველაფერი გააკეთა ჩემთვის. თავიდანვე ვამზადებდი, რაც არ უნდა იყოს, კარგ ხელში ვართ-მეთქი. დიაგნოზი რომ გავიგე, დავურეკე და ვუთხარი, კარგად ვარ, მაგრამ თუ მკურნალობა არ დავიწყე და ქიმიოთერაპია არ გავიკეთე, ძალიან ცუდად ვიქნები. ახლა ძალიან მჭირდები და შენ თუ ცუდად იქნები, მე საკუთარ თავზე ზრუნვას ვეღარ შევძლებ-მეთქი. დედა ჩემზე  ძლიერი აღმოჩნდა. მითხრა, ჩემს მეგობარს 25 წლის წინ ჰქონდა ეს ამბავი და ხომ იცი, დღეს როგორ კარგადააო. ძალიან დამეხმარა, მას ლომის წილი მიუძღვის ჩემს გამოჯანმრთელებაში. არც ზედმეტი ზრუნვა უგრძნობინებია და არც უზრუნველობა, როგორც მანამდე, ისე მექცეოდა მთელი ავადმყოფობის პერიოდში. არასწორია პაციენტს აგრძნობინო, რომ საცოდავია – ეს თრგუნავს და აფიქრებინებს, რომ შეიძლება ერთ დღეს მართლა აღარ იყოს. რაც შეეხება შვილებს, 6 და 7 წლისები არიან და მათ თავიდანვე ავუხსენი, რომ დედა ავადაა. რა თქმა უნდა, არ იციან სიმსივნის მნიშვნელობა, მაგრამ იციან, რომ არსებობდა კეთილი ექიმი, იმ ქვეყანაში, სადაც ისინი დაიბადნენ, დედა მასთან უნდა ჩასულიყო და ის გადაარჩენდა.
– ასეც მოხდა და დიაგნოზის დასმიდან ერთი წლის შემდეგ კიბო დამარცხებულია. როგორი იყო მკურნალობის პერიოდი?
– 19 ივლისს დამისვეს დიაგნოზი და მომდევნო ერთი თვე ყველაფერს იკვლევდნენ. შემდეგ შედგა კომისია, რომელმაც შეადგინა მკურნალობის სქემა და 24 აგვისტოს დავიწყეთ ქიმიოთერაპია. ქიმიოთერაპიაზე ძალიან გაპრანჭული მივედი, გადასარევი განწყობით. ამდენი პრეპარატი და ექიმი რომ დავინახე, ჩემი თავის დარწმუნება დავიწყე: მარიამ, ეს არაა ის, რამაც უნდა მოგკლას, ამან უნდა გადაგარჩინოს. რამდენიმე ექიმი მაკვირდებოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ საერთოდ არაფერი მიგრძნია და პირველი ქიმიოთერაპიიდან რომ გამოვედი, რვა კილომეტრი ფეხით ვიარე. სახლში მოვედი, არანაირი სისუსტე, ტკივილი.
სულ თვრამეტი გადასხმა გავიკეთე, ექვსი სრული ციკლი. ბოლოს, დოზები რომ გამიზარდეს, თმა დამცვივდა, შეშუპება დამეწყო და ცოტა დავუძლურდი. თუმცა ისე ცუდად არ ვყოფილვარ, როგორც სხვა პაციენტები. იმდენად მჯეროდა, რომ კარგად ვიყავი, შეიძლება, მართლა ცუდად ვიყავი, მაგრამ ვერ ვგრძნობდი. პირიქით, ექიმები მეუბნებოდნენ, არ შეიძლება ასეთი აქტიურობა, უნდა დაისვენოო. სამსახურში დავდიოდი, სხვა პაციენტებს ვეხმარებოდი. უამრავ ადამიანს ვესაუბრებოდი, ვისაც იგივე პრობლემა ჰქონდა. პალატიდან პალატაში დამატარებდნენ, შეხედეთ, ამ გოგომ დღეს მეათე ქიმიოთერაპია გაიკეთაო. ძალიან მიჭირდა, როცა ვხედავდი, როგორ მისდიოდათ გული სხვებს ქიმიოთერაპიის დროს, რა ცუდად გრძნობდნენ თავს და უხერხულ მდგომარეობაშიც ვვარდებოდი ხოლმე იმის გამო, რომ მე კარგად ვიყავი.
  მეოთხე ქიმიოთერაპიაზე უკვე აღმოჩნდა, რომ ავადმყოფობამ უკან დაიხია. 30 ოქტომბერს, უკვე არც ერთი მეტასტაზი აღარ არსებობდა. მეთექვსმეტე გადასხმიდან მეორე დღეს, ფაქტობრივად, უთმომ გავიღვიძე. ამისთვის მზად ვერასდროს იქნები, მით უმეტეს, ქალი. ყველაზე რთული ამ პროცესში ჩემთვის ფიზიკური ცვლილებები იყო. უდიდესი ტრავმა მივიღე. კიბო არაფერს გიშავებს, სანამ მასთან ბრძოლას არ დაიწყებ. იწყებ ბრძოლას და ცდილობს, მთლიანად დაგამახინჯოს, ფსიქოლოგიურადაც და გარეგნულადაც. სარკეში, თითქოს, სხვა ადამიანს ვხედავდი. გადასხმა რომ გავიკეთე და მეორე დილით სასწორზე დავდექი, ათი კილოგრამით მეტს მიჩვენებდა. საერთო ჯამში, 37 კილოთი მეტი ხარ, თმა არ გაქვს, წამწამები არ გაქვს, შეშუპებული ხარ, ყველა ნაკვთი გეცვლება, შენი ხელები აღარ გაქვს, შენი ფეხები აღარ გაქვს და გგონია, რომ შენი სული სხვა ადამიანში ჩასახლდა, რომ რაღაცის გამო ისჯები და ჯოჯოხეთში მოხვდი. მინდა, რომ ეს არც ერთმა ქალმა არ გამოსცადოს. თუმცა არასდროს მიფიქრია დანებებაზე და არც დაღლა მიგრძნია. ახლა უფრო დაღლილი ვარ, ვიდრე მაშინ. მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ უნდა გადავრჩენილიყავი და თან, ეს  რაც შეიძლება მალე მინდოდა, მომხდარიყო, რომ საკუთარ თავს დავბრუნებოდი. დღეს ჩემთვის ეს კლინიკა მეორე სახლია, აქ პაციენტიც ვარ და თანამშრომელიც. პირველივე დღიდანვე საოცრად კარგი გარემო შემიქმნეს.
– მკურნალობის პროცესში საკმაოდ შეუპოვარი ყოფილხართ და გაგიმართლათ იმაში, რომ იტალიის მოქალაქე ხართ და მთელი მკურნალობა ფინანსურად უზრუნველყოფილი იყო.
– ყველაფრისთვის მზად ვიყავი. შევედი და პროფესორს ვუთხარი, ორივე ძუძუ მომკვეთეთ, თუ გინდათ ხელები და ფეხებიც მომკვეთეთ, მთავარია, მე ვიცოცხლო, იმიტომ რომ ჩემს შვილებს ვჭირდები, მე ისინი მჭირდებიან და ჩემთვის ესაა პრიორიტეტი-მეთქი. რაც შეეხება ფინანსურ ამბებს, მოქალაქე არა, თუმცა ვარ  იტალიის მუდმივი მობინადრე, რაც ნიშნავს იმას, რომ მაქვს სახელმწიფო დაზღვევა და აქ ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულია. პირველად ჩემი დაფინანასება იყო 300 ათასი ევრო. აქედან 200 ათასი უკვე დაიხარჯა და დანარჩენს ალბათ, ოპერაციაზე გამოვიყენებთ.
ახლა ჩემი ორგანიზმი სრულიად სუფთაა. თუმცა ყველა, ვინც ეს გზა გაიარა, სიცოცხლის ბოლომდე ითვლება ონკოლოგიურ პაციენტებად და მუდმივი კონტროლია საჭირო. რადგან ონკოლოგიური პაციენტი ვარ, ინვალიდად ვითვლები და პენსია უნდა დამერიცხოს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სოციალურად აქტიური არ უნდა ვიყო და არ უნდა ვიმუშაო.
– მანამდე იტალიაში საცხოვრებლად გადასვლა რას უკავშირდებოდა?
– 16 წლის წინ ჩამოვედი იტალიაში და ხელოვნების აკადემიაში დავიწყე სწავლა. ნახევარი ცხოვრება აქ გავატარე, ჩემი მეორე სამშობლოა, არ ვიცი, რა ბედი მეწეოდა, ამ დიაგნოზით რომ თბილისში ვყოფილიყავი. გავთხოვდი, ჩემი შვილები აქ დაიბადნენ. ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წლები აქ გავატარე და აქაურობის უზომოდ მადლობელი ვარ. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადამიანების მორალურ მხარდაჭერას, სწორედ მათ არ მომცეს დანებების უფლება და მინდა თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

скачать dle 11.3