კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ აპირებს ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლე ქმრის ციხიდან გამოხსნას და რა არ დასცდენია მასთან

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

  თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი – ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობის დღეებს მატროსოვის ციხეში ატარებს. ბრალდება, რასაც მას პროკურატურა უყენებს, საკმაოდ მძიმეა – ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძველზე არის დაკავებული, რასაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს მისი დაცვის მხარე. მათი მტკიცებით, არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პარლამენტზე შტურმსა და ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას დაადასტურებს.
  რა მოლოდინი აქვთ მის ახლობლებს, როგორ ატარებს თავად ის პატიმრობის დღეებს და რა შეუთვალეს ირაკლი ოქრუაშვილს შვილებმა, ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლეს – ირინა გორდელაძეს გავესაუბრეთ: ირაკლიმ ივნისის დასაწყისში პარტია „გამარჯვებული საქართველო“ დააარსა და დაანონსა, რომ აპირებდა პოლიტიკურ აქტივობებს. ამას ძალიან მალე მოჰყვა 20 ივნისის ღამე.  საქართველოს მტრის, გავრილოვის პარლამენტში მისვლა აღმოჩნდა ბოლო წვეთი ხალხისთვის, ვინც იმ დღეს პარლამენტთან პროტესტის გამოსახატავად მივიდა. მათ შორის ძალიან ბევრი აპოლიტიკური ადამიანი იყო. ირაკლი მეგობრებთან ერთად სპონტანურად მივიდა აქციაზე. ის ყველა დანარჩენ მოქალაქესთან ერთად აპროტესტებდა და რა თქმა უნდა, ბრალდება, რომელსაც უყენებს პროკურატურა, უსაფუძვლოა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, გარდა გახარიას რამდენიმე პოლიციელის ჩვენებისა. ირაკლი აბსოლუტურად უდანაშაულოდ არის დაკავებული. ასევე უსამართლოდ არიან დაკავებული ის 19 ადამიანი, ვინც იმ ღამის შემდეგ აიყვანეს. მე მჯერა, რომ საზოგადოებრივ აზრს გაითვალისწინებენ და ამ ადამიანებს მალე გაათავისუფლებენ.
 – 20 ივნისის ღამეს მოჰყვა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები, „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით, რასაც ძალიან მალე მოჰყვა კიდეც მისი დაკავება.
– როდესაც ნიკა მელიას წაუყენეს ბრალი და სამაჯურით სახლში გამოკეტეს, დაიწყო საუბრები ირაკლის შესაძლო დაკავებაზე, ირაკლი მაინც არ ფიქრობდა, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ის უცხოეთში იყო წასული, აქედან შეუთვალეს, რომ თუ ჩამოვიდოდა, დააკავებდნენ, მაგრამ ირაკლის ასეთი მუქარა ვერ შეაჩერებდა. მასზე განსაკუთრებით მძიმედ იმოქმედა მისი მეგობრისა და სანდო ადამიანის, კობა კოშაძის დაპატიმრებამ, რომელსაც სოფლიდან სახლში, ოჯახში მიმავალს ჩაუდეს ავტომობილში იარაღი. აშკარა იყო,  რომ კობას დაკავება მის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა მას ამითიც ვერ გააჩერებდნენ. ამას მოჰყვა ირაკლის განცხადებები „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით, რაც იყო. ასევე, არხის მხარდაჭერის მცდელობა. ირაკლის დაკავებაში ძალიან მნიშვნელოვანი „რუსთავი 2-ის“ თემა იყო, თუმცა გადამწყვეტი გახდა მის მიერ გამოხატული მწვავე კრიტიკა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც როგორც ჩანს, ძალიან შეაწუხა ირაკლის განცხადებებმა.  ფაქტია, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და  დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი.
– როგორ ატარებს პატიმრობის პერიოდს ციხეში?
– ირაკლი ძალიან ძლიერი ადამიანია, არის მხნედ და იმედიანად, დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე გამოვა და გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას. ეს არ არის მისთვის პირველი პატიმრობა, უფრო რთულ პერიოდებშიც აქვს გავლილი. როგორც მისი ადვოკატისგან ვიცი, დღეებს ვარჯიშსა და კითხვაში ატარებს. ირაკლის დაპატიმრებას ძალიან განიცდიან ბავშვები.  მია 16 წლის არის, სხვანაირად მიდგას გვერდით, ჩემთან ერთად სასამართლო პროცესზეც იყო. მია მამას ჰგავს ძლიერი ხასიათით. როცა ირაკლი დააკავეს, დიდი ადამიანივით მოიქცა. მე ძალიან მძიმედ მახსოვს, როდესაც 2007 წელს ჩვენს სახლში ჩხრეკაზე უცხო ადამიანები მოვიდნენ. მაშინ მოვახერხე და მიას თავიდან ავარიდე ეს მძიმე და უსიამოვნო სცენა, თუმცა ის განცდა დღემდე ვერ დავივიწყე. მია ახლა ამისთვისაც კი მობილიზებული იყო. როდესაც ირაკლი დააკავეს, ანდრია და ტყუპები სოფელში იყვნენ. ტყუპებმა დამირეკეს და მკითხეს, შენ და მამას ხელები რატომ დაგიბესო? ჯერ 6 წლისები არიან და ძალიან განიცდიან. მათთვის მე და ირაკლი იმდენად განუყოფელები ვართ, როცა ნახეს კადრები, სადაც ირაკლის ბორკილებს ადებენ, ჩათვალეს, რომ მეც „დამიბეს ხელები“. ანდრია 11 წლის არის, მან იცის, რომ მისი მამა მზადაა, თვითონ აღმოჩნდეს მძიმე სიტუაციაში და ქვეყანაში ხალხის მდგომარეობა კარგისკენ შეიცვალოს. ძალიან უნდოდა, რომ მამას სკოლაში წაეყვანა. ამის შესახებ მამას წერილიც კი მისწერა. მიუხედავად ამისა, მამის პატიმრობას როგორც დიდი ბიჭი, ისე ხვდება, თუმცა რა თქმა უნდა, ემოციურად ძალიან განიცდის. ტყუპები მთხოვდნენ, მამას ნომერი ჩაგვაწერინე, უნდა დავურეკოთო. ვერ წარმოიდგინეს, სად შეიძლება, იყოს მამა, რომ მას ტელეფონი არ აქვს. ტელეფონზე რომ ვერ დაუკავშირდნენ, წერილი მისწერეს. არ მინდა, მოვატყუო და ვეუბნები, რომ მამა დაკავებულია. თუმცა ვერ გაიგეს, ეს დაკავებულია ზუსტად რას ნიშნავს. ის იციან, რომ მამა მიას დაბადების დღის შემდეგ მოვა სახლში. მიას დაბადების დღე სექტემბერშია და იმედია, ასეც იქნება. ბევრი საქმის მიუხედავად, ირაკლი ყოველთვის იყო ჩართული ბავშვების გაზრდაში. უფრო მეტიც – ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად მიწევს მივლინებებში წასვლა. ირაკლი თავისუფლად იტოვებს ოთხ ბავშვს, უვლის კიდეც, აჭმევს, გოგონები ბაღში მიჰყავს. ის ძალიან თბილი, მზრუნველი, ყურადღებიანი მამაა. უჭირს მათ გარეშე ყოფნა. იმ წლებში, როდესაც პოლიტიკას ჩამოშორდა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ბიზნესი წამოიწყო, თვითონ ფიზიკურად მუშაობდა მიწაზე, რადგან ძალიან უყვარს სოფელი, მიწა, ის ადამიანები, ვინც იქ ცხოვრობენ. იმ დროს სულ ცდილობდა, ანდრიაც მის გვერდით ყოფილიყო და სოფლის, მიწის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გასჩენოდა. ანდრიაც, იმის მიუხედავად, რომ პატარაა, გვერდით ედგა.
– მეუღლის პოლიტიკაში დაბრუნების პერიოდს, ალბათ, ის წლები გერჩიათ, როდესაც უფრო მშვიდი ცხოვრება გქონდათ.
– არ დაგიმალავთ, მქონდა განცდა, რომ უნდა დავმშვიდობებულიყავით მშვიდ ცხოვრებას. ჩვენ იმ წლებში ავინაზღაურეთ ის, რაც სულ გვაკლდა. მაქსიმალურად ბევრ დროს ვატარებდით ერთად, იმ პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც ირაკლისთვის მთავარი იყო ჯარი და მთელ დროს სამსახურში ატარებდა. დღეს ეს თითქოს დაავიწყდათ,  მაგრამ ყველამ კარგად იცის, ირაკლის როლი იმ ჯარის ჩამოყალიბებაში, ასევე ის წვლილი, რაც ირაკლის მიუძღვის საპატრულო პოლიციის შექმნაში – რეფორმა სწორედ ირაკლის მინისტრობის დროს დაიწყო. იმ წლებში ირაკლი ოჯახს „დაკარგული“ გვყავდა, ისე იყო გადართული საქმეებზე, სახლში  იშვიათად იყო. რაც დააკლდა მიასთან ურთიერთობა, ანდრიასთან და ტყუპებთან აინაზღაურა. იმის მიუხედავად, რომ უცხოეთში ცხოვრების დროსაც საკმაოდ მძიმე წლები გავატარეთ, ირაკლის არ მოუკლია ყურადღება ბავშვებისთვის. სამი შვილი გავაჩინე ემიგრაციაში, სადაც ხუთ-ნახევარი წელი ვიყავით, საბედნიეროდ, ტყუპების დაბადების შემდეგ მალე მოგვეცა საშუალება, საქართველოში დავბრუნებულიყავით. იმ წლებში, როდესაც ირაკლი გარიდებული იყო პოლიტიკას და მეტ დროს უთმობდა სოფელში, სამეურნეო საქმიანობას, უფრო მშვიდი ცხოვრება გვქონდა, მეტ დროს ატარებდა სოფელში და ხედავდა, როგორ მძიმე მდგომარეობაში იყო ხალხი, როგორ უჭირდათ მათ. გაჭირვება ხომ რეგიონებში მეტად ჩანს. უამრავი ჩვენი ნაცნობი და ახლობელი წავიდა ქვეყნიდან სხვაგან სამუშაოდ. ირაკლი ვერ ეგუებოდა იმ გაჭირვებას, უსამართლობას, რასაც სოფელში ხედავდა. მე ვგრძნობდი, რომ ის კვლავ ჩაერთვებოდა პოლიტიკაში, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოწოდება და ირაკლის მოწოდება ეს არის. როდესაც ხედავ, შენი მეუღლე ვერ აკეთებს იმ საქმეს, რაც უყვარს, ამით ვერ იქნები ბედნიერი, სწორად გამიგეთ, ერთი ვენახის გაშენებისთვის ვერ გავიმეტებდი ირაკლის შესაძლებლობებს და რესურსს, ამიტომაც მშვიდად შევხვდი მის ჩართვას პოლიტიკაში წლების შემდეგ. თუმცა, სულ ვთხოვდი, რომ განცხადებებში არ ყოფილიყო ისეთი ხისტი და მწვავე, როგორიც ადრე იყო. წელს, ივნისში ქორწინებიდან 20 წელი შეგვისრულდა, გვინდოდა, მეგობრებთან ერთად აგვეღნიშნა ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამბავი, მაგრამ იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა, ამის აღსანიშნავად როგორ მოვიცლიდით?! იმედი მაქვს, ეს თარიღი  დიდი ხნით არ გადაიდო.
– მისი კარიერიდან გამომდინარე, ეს 20 წელი არ იყო მარტივი, მეუღლისთვის არასდროს გითქვამთ საყვედური, რომ თქვენი ცხოვრება ასე გაართულა?
– არა, არასდროს არ დამცდენია არც ერთი სიტყვა და არც ვთვლი ასე. ასეთ „ბრალდებას“ ვერ წავუყენებ. ეს 20 წელი, რაც ჩვენ ერთად გავატარეთ, იყო რთული, მაგრამ საინტერესო. წყნარმა, რუტინულმა ცხოვრებამ შეიძლება, უფრო დაგღალოს, თუმცა, როდესაც ვიხსენებ ირაკლის დაპატიმრებებს, რაც ჩემთვის ძალიან მძიმეა, მაშინ ვიწყებ ხოლმე ფიქრს, რომ ეგებ ჯობდა ის დრო, როცა მას დინჯი, ჭკვიანი იურისტის ცხოვრება ჰქონდა. ირაკლი ძალიან აფასებს ჩემს თანადგომას, იმის მიუხედავად, რომ მას არ უყვარს პირადი ემოციების გამოხატვა, ეს მაინც ბევრჯერ მიგრძნია. როდესაც ჩვენ დავქორწინდით, ირაკლი იურისტად მუშაობდა, იყო მაღალი კვალიფიკაციის იურისტი და არანაირად არ გეგმავდა პოლიტიკურ კარიერას, შესაბამისად, მაშინ არანაირი ნიშნები არ იკვეთებოდა, წინ რა გველოდა და ასეთ ქარტეხილებში თუ ვიქნებოდით, ვერ წარმოვიდგენდი (იცინის).
– მეუღლემ პოლიტიკაში თქვენც ჩაგითრიათ?
– მე მაქვს ჩემი საქმე – როგორც იურისტი, ვმუშაობ საერთაშორისო ორგანიზაციაში. არასდროს მქონია სურვილი, პოლიტიკაში ვყოფილიყავი ჩართული, თუმცა ყოველთვის მაქვს ჩემი პოზიცია იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მე ვერ ვუღალატე ჩემს მოწოდებას და იურისტად ვრჩები. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ყოველთვის ვერიდებოდი საზოგადოებრივ აქტივობებს, ინტერვიუებს, ამაზე მე და ირაკლი წლების წინ შევთანხმდით (იცინის). ახლა ჩვენი ოჯახისთვის ძალიან რთული პერიოდია, ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი გამოვიხსნა პატიმრობიდან, ყველაფერს გავაკეთებ, მათ შორის იმასაც, რაც ჩემს ძალებს შეიძლება, აღემატებოდეს.

скачать dle 11.3