კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 წარმატებული ადვოკატი – ბექა ნემსიწვერიძე განქორწინების პროცედურასა და მის თანმდევ მოვლენებზე

ნინო კანდელაკი ინა სიმონია

  იურიდიული მომსახურების სფეროში ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის  პროფესიონალური მოღვაწეობა, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის ფედერაციაში, 10 წელზე მეტს ითვლის. ბექა ნემსიწვერიძე სერტიფიცირებულ საადვოკატო საქმიანობას საქართველოში 2011 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლობაში საკუთარ პრაქტიკაში არსებულ საქმეთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგო. ბექა ნემსიწვერიძის აზრით, ადვოკატი უნდა იყოს უცვლელი დამხმარე არა მარტო მისი კლიენტისთვის, არამედ მოსამართლისთვის, რომელიც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.
  2018 წელს საქართველოში 10 288 განქორწინება დაფიქსირდა და თუ ამ რიცხვს წინა წლების მონაცემებს შევადარებთ, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ განქორწინებების რაოდენობა სტაბილურად იზრდება, შესაბამისად, დიდია მოთხოვნაც აღნიშნულ საკითხზე იურიდიული მომსახურების გაწევაზე, ამიტომ გადავწყვიტეთ, განქორწინების თემის ირგვლივ არსებულ საინტერესო კითხვებზე პასუხი ცნობილი და წარმატებული ადვოკატისგან,  ბექა ნემსიწვერაძისგან მიგვეღო.
– ბატონო ბექა, რა პროცედურებთანაა დაკავშირებული განქორწინების პროცესი?
– იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე მეუღლე თანახმაა განქორწინდეს და მათ შორის არ არსებობს დავა, განქორწინება ხდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ერთობლივი განცხადების შეტანის გზით, ხოლო, დავის არსებობის შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე არ არის თანახმა განქორწინებაზე, განქორწინება ხდება სასამართლოს მიერ.
– როგორ ხდება განქორწინების პროცესის ინიცირება სასამართლოში და რა შეიძლება, იყოს მეუღლეებს შორის დავის საგანი განქორწინებისას?
– განქორწინების პროცესის დაწყებისთვის საჭიროა სასამართლოში სარჩელის შეტანა. გასათვალისწინებელია ის, რომ სასამართლოს განქორწინების საქმის განხილვისას შეუძლია, მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, თუმცა, ეს ვადა შეიძლება, ნაკლებიც იყოს. ვიმეორებ, ეს სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. მას შეუძლია, საქმე შესარიგებელი ვადის დანიშვნის გარეშეც განიხილოს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ დანიშნა შესარიგებელი ვადა, მაგრამ დადგინდა, რომ ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, ხდება განქორწინება.
  როგორც წესი, განქორწინებისას მეუღლეები დავობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა – ანუ რომელი შვილი რომელ მშობელთან უნდა დარჩეს საცხოვრებლად, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა,  რომელ მშობელს რა ოდენობით უნდა დაეკისროს სარჩო (ალიმენტი) და ასე შემდეგ.
– როგორ იყოფა განქორწინებისას თანასაკუთრება, რა პრინციპით ხელმძღვანელობს ასეთი ქონების გაყოფისას სასამართლო?
– სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის შემდეგ მეუღლეთა თანასაკუთრება იყოფა თანაბრად, თუმცა არსებობს ამ წესისგან გამონაკლისიც. სასამართლოს შეუძლია, გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს, თუ ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი ბავშვები ან, თუ ერთ-ერთი მეუღლე შრომისუუნაროა. ასევე საინტერესოა პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთების გაყოფის წესი. ასეთი ნივთები, თუნდაც ქორწინების პერიოდში იყოს შეძენილი, გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელიც მათ პროფესიული საქმიანობისათვის იყენებს, თუმცა, თუ ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთი, რომლის ღირებულება აღემატება მის წილს, მეორე მეუღლეს მიეცემა ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია.
– რა ტიპის ქონება არ ითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად?
– საერთო საკუთრებად არ ჩაითვლება ის ქონება, რომელიც მეუღლეებს ეკუთვნოდათ დაქორწინებამდე. ასევე, რომელიც მათ ქორწინების პერიოდში მიიღეს მემკვიდრეობით ან ჩუქებით. ინდივიდუალურ საკუთრებად ასევე ითვლება ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, თუმცა ეს წესი არ ეხება ძვირფასეულობას და მაგალითად, ავტომობილს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტომობილით შეიძლება, მხოლოდ ერთ-ერთი მეუღლე სარგებლობდეს.
– გადავიდეთ არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე და მშობლების საალიმენტო ვალდებულებებზე. რით ხელმძღვანელობს სასამართლო ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას?
– სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებს. საჭიროებისას საქმეში ერთვება სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი მუშაკი, რომელიც მშობლებთან და ბავშვთან გასაუბრების შედეგად, თითოეული მშობლის საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით, ადგენს დასკვნას, რომელსაც წარუდგენს სასამართლოს. საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, უმეტეს შემთხვევაში, ბავშვს საცხოვრებლად ტოვებენ დედასთან, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებული კვლევების თანახმად, ბავშვის ინტერესებს ეს უფრო პასუხობს, თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც და ბავშვს საცხოვრებლად მამასთან ტოვებენ. ყოველივე ეს დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებაზე.
რაც შეეხება ალიმენტს, მისი მიღების უფლება აქვთ არასრულწლოვან, ასევე სრულწლოვან შრომისუუნარო შვილებს. ალიმენტის ოდენობასა და მისი გადახდის წესს განსაზღვრავენ მშობლები, ხოლო მათი შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სასამართლო. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ საჭიროებებს, რაც აუცილებელია ბავშვის სრულფასოვან რჩენა-აღზრდისათვის. არ არსებობს კანონით დადგენილი ალიმენტის ოდენობა. ის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურია. რიგ შემთხვევებში, ალიმენტის გარდა, მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს მეორე მშობლის სხვა აუცილებელ ხარჯებშიც მონაწილეობა, როგორიც არის მკურნალობა, სწავლა და ასე შემდეგ.
– რატომ არის იურისტის ჩართვა განქორწინების პროცესში მნიშვნელოვანი?
– იურისტის ჩართვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განქორწინების, არამედ ნებისმიერ პროცესში, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს. რაც შეეხება განქორწინების პროცესში იურისტის მონაწილეობის მნიშვნელობას,  გარდა ზემოთ აღნიშნულისა, არსებობს კიდევ ძალიან ბევრი იურიდიული ნიუანსი ქონების გაყოფასთან, ალიმენტთან და სხვა საოჯახო-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რისი ერთ ინტერვიუში გადმოცემა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც განქორწინებისას მეუღლეები ცდილობენ და ხშირად ახერხებენ კიდეც, ეგრეთ წოდებული, „გადაფორმების“ გზით იმ ქონების გადამალვას, რომელიც გაყოფას ექვემდებარება, თუმცა ამ პროცესში უშვებენ ისეთ შეცდომებს, რაც კვალიფიციურ იურისტს საშუალებას აძლევს, იდავოს ასეთი გარიგებების ნამდვილობაზე.  ამ შემთხვევებში, სპეციალური იურიდიული უნარ-ჩვევების არმქონე ადამიანისათვის ძალზე რთული იქნება, თუ არა საერთოდ შეუძლებელი, ასეთი ქონების მიგნება და მისი დაბრუნება ძველი მესაკუთრის სახელზე, რომ ამის შემდგომ მოხდეს ქონების გაყოფა. ზემოთ ხსენებულის გარდა, სასამართლოში საქმის წარმოებისთვის საჭიროა სპეციალური საპროცესო კანონმდებლობის ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები. სასამართლოში საქმის წარმოებისას თითქმის ყველა მოქმედებას აქვს განსაზღვრული ვადები. ამ ვადების დარღვევა ხშირად ხდება მტკიცებულებების მიუღებლობის გამო, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება, საქმის წაგების მიზეზი გახდეს, ვინაიდან, სასამართლო შეფასებას აძლევს და გადაწყვეტილებას აფუძნებს იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც საქმეში კანონით დადგენილი წესით არის წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები კლიენტმა შეიძლება, ადვოკატზე არანაკლებ კარგად იცოდეს,  მაგრამ პროცესის წარმართვა, მტკიცება, მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის უარყოფა/შესუსტება, მოწმის სწორად დაკითხვა და სხვა საპროცესო მოქმედებების შესრულება ისეთი უნარ-ჩვევებია, რომლებსაც პრაქტიკოსი იურისტები წლების განმავლობაში ეუფლებიან და შესაბამისად, ისინი ამ საქმეს გაცილებით უკეთ უმკლავდებიან, ვიდრე სხვები. განქორწინების საქმის ადვოკატზე მინდობის კიდევ ერთი პლუსი არის ის, რომ კლიენტს შეუძლია, დაზოგოს დრო, ენერგია და ნაწილობრივ მაინც  აიცილოს თავიდან ის უარყოფითი ემოციები, რაც თან ახლავს განქორწინების პროცესს.

скачать dle 11.3