კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№38 სიყვარული შემთხვევით

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #37(976)

  რა არის ღალატი... საერთოდ, რატომ განიცდიან ადამიანები მას ასე მწვავედ და მტკივნეულად. ღალატს ბევრი ახსნა შეიძლება, მოუძებნო, მაგრამ ის მაინც მიჯაჭვულობის გაწყვეტაა, როცა ჯაჭვის ერთი ბოლო მწარედ გხვდება ცხვირში, ისე მწარედ, რომ ტკივილისგან მთელი ხმით ბღავილი გინდება.
***
  მომხდარი მაშინ გააცნობიერა, როცა ლიფტიდან გამოსულს უსიამოვნო სიცივემ სხეულში ჟრუანტელივით დაუარა. ჩემოდანზე ჩამოჯდა და ატირდა. მხარზე ხელის შეხებამ გამოაფხიზლა. ცრემლით სავსე თვალები მუშტებით მოიწმინდა და კარისკაცს შეხედა.
– რამე მოხდა? რით დაგეხმაროთ? გინდათ, მანქანას გამოგიძახებთ, ტაქსის ან სასწრაფოს...
– წყალი დამალევინეთ.
კარისკაცმა ამოიოხრა. თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. თავის ჯიხურში შევიდა და წყლით სავსე ჭიქით დაბრუნდა. თიკომ რამდენიმე ყლუპი მოსვა. მობილური მოიძია, არც ჩანთაში იყო, არც თხელი პალტოს ჯიბეში. მეხსიერებაში ნელ-ნელა ამოტივტივდა კადრები: მობილურ ტელეფონს მირიანისკენ ისვრის. შიშველ ტანზე ზეწარშემოხვეული მირანდა სააბაზანოსკენ გარბის და თავის ტანსაცმელსაც მიარბენინებს. მირიანი უყვირის... „ისტერიჩკა, არანორმალურო! თუ ასე გინდა, წადი, გაიქეცი!“ ჰოდა, გარბის კარისკენ, მობილური რჩება.
– ტელეფონი გაქვთ? დამარეკინებთ?
– ჰო, რა თქმა უნდა. კარგად ხართ? ნამდვილად?
თიკომ თავი დაუქნია. ტელეფონი გამოართვა და მადლიერებით გაუღიმა. ტატამ საკმაოდ გვიან უპასუხა. ნამძინარევი ხმა ჰქონდა.
– თიკო, შენ ხარ? რა ხდება. იცი, რომელი საათია? ან ვისი ტელეფონით რეკავ? რა გჭირს აღარ იტყვი?
– ტატა, მომისმინე: მე ახლა შენთან მოვალ. მობილური ტელეფონი არ მაქვს. კარი გამიღე, კარგი?
... ერთი საათის შემდეგ თიკო ტატას მყუდრო სამზარეულოში იჯდა პლედშემოხვეული, ყავის ჭიქით ხელში და ყრუდ სლუკუნებდა.
– ნაძირალა! ერთი მაგას უყურე?! – ბობოქრობდა ტატა, – ის ძუკნა თმით ვერ ითრიე? გეკითხები, თმით რატომ არ ითრიე-მეთქი?
– კარგი რა, ტატა, ის რა შუაშია, – ამოიოხრა თიკომ.
– როგორ თუ რა შუაშია, მივიდა და საწოლში ჩაუწვა. ხომ იცოდა, შენი საქმრო რომ იყო?
– საქმრო? რომელი საქმრო? კარგი, რა! მირიანს არასოდეს ვყვარებივარ. ის შტერი მირანდა არ იქნებოდა, სხვა იქნებოდა ან საერთოდ, სხვები... შეიძლება, ჰყავს კიდეც ეგ სხვები. იცი, რომ ყველაზე მეტად საკუთარ თავზე მეშლება ნერვები? ისე მეშლება, რომ აღშფოთების თავიც აღარ მაქვს. რატომ ვიყავი ბრმა? არა, უფრო სულელი... რატომ მივეცი ჩემი მასხრად აგდების საშუალება? ტატა, მითხარი, შენ ხვდებოდი, რომ მირიანს არ ვუყვარდი?
ტატამ რაღაც ჩაიბურტყუნა. თიკომ სასოწარკვეთით ახედა:
– ასეა, ხომ? ხვდებოდი. ალბათ, სხვებიც ხვდებოდნენ. მარტო მე, მე გამოვედი იდიოტი!
– გეყოფა თვითგვემა. მირიანი ჩვეულებრივი მექალთანე ხეპრეა, ოღონდ ფულიანი. რა გასაკვირია, რომ პირველივე კახპას იწვენს ლოგინში. ისე კი... შეგიძლია, აღარ იფიქრო ამაზე?
– არ ვიფიქრო? ამით რისი თქმა გინდა?
– იმის, რომ დაიკიდე, რა...
თიკო ისევ აზლუქუნდა.
– შენ არ იცი, რა დამემართა, როცა ერთად დავინახე, შიშვლები... ნაძირალა მირიანმა კი ისე შემომხედა, თითქოს მე დავაშავე, ხელი რომ შევუშალე.. წარმოგიდგენია? ალბათ, ყოველთვის ასე იქცეოდა, როგორც კი რეისში წავიდოდი, მოათრევდა ხოლმე მაგ ძუკნას ან სხვას, რა მნიშვნელობა აქვს? ტატა, ასეთი სულელი რატომ ვიყავი?
– ყველა შეყვარებული ქალი სულელია, – მხრები აიჩეჩა ტატამ, – მომისმინე, ახლა რის გაკეთებას აპირებ?
თიკომ ცრემლით სველი სახე ხელისგულებით მოიწმინდა.
– ჯერ ჩემი ტელეფონი და ტანსაცმელი უნდა წამოვიღო იქიდან.
– მაგას მე ვიზამ, თორემ შენ იქ არ გაიშვები. არ გადაირიო და რამე არ ჩაარტყა იმ მოღალატეს.
– ჰო, გამორიცხული არ არის, – თიკომ ამოიოხრა, – რატომ მომექცა ასე? მე კი მეგონა, ჩვენ შორის ყველაფერი სერიოზულად იყო. იქნებ რაღაც ისეთი გავაკეთე, რამაც აქამდე მიგვიყვანა?
– გეყოფა, ამაზე ნუღარ ფიქრობ. რაც მოხდა, იმას ვეღარაფერს უშველი. მოდი, დავიძინოთ. ისე, ერთს გეტყვი – გაცილებით უარესი იქნებოდა, ცოლად თუ გაჰყვებოდი და მერე აღმოაჩენდი მის საწოლში ბოზს. დარწმუნებული იყავი, ზუსტად ასე იქნებოდა.
– როგორ უნდა დავიძინო, არ ვიცი, ლამის გული გამისკდეს...
ტატამ თანაგრძნობით შეხედა.
– გინდა, დამამშვიდებელი დაგალევინო? გამოიძინებ. დილით კი გადავწყვიტოთ, რა გავაკეთოთ. შური ხომ უნდა ვიძიოთ მაგ ნაძირალაზე?!
თიკომ ხელი ჩაიქნია.
– რა აზრი აქვს. ან რომელი შურის მაძიებელი მე მნახე. კიდევ კარგი, რომ სამსახური მაინც მაქვს, გულს გადავაყოლებ. სულ რეისებში ვიქნები. იქ, ცაში მირიანზე ნაკლებად ვიფიქრებ.
თიკოსთვის ძნელი წარმოსადგენი იყო ის, რაც მეორე დღეს მოხდა, როცა ახალგაღვიძებულს ტატამ უსიამოვნო ამბავი დაახვედრა:
– კომპანიიდან დარეკეს...
– მეგონა, მეტყოდი, რომ მირიანმა დარეკა, ჩემთვის ბოდიშის მოსახდელად.
– ჰმ, როგორ არა?! დაელოდე... – ჩაიბუზღუნა ტატამ, – მაგას ჭკუა საერთოდ გამოსცლია და გადაურევია იმ ნაშას... სამსახურიდან გამოგიშვეს, თიკო.
– რა თქვი? – თიკო გაფითრდა, – ეგ ვინ გითხრა.
– კომპანიიდან დარეკეს-მეთქი. მობილური გამორთული აქვსო და მე დამირეკეს, რომ კონტრაქტს გაწყვეტენ. დარწმუნებული ვარ, ამაში მირიანის ხელი ურევია.
– მოიცა, როგორ თუ მირიანის ხელი ურევია? – თიკომ სასოწარკვეთით ამოიოხრა, – აი, ასე – მივიდა და უთხრა, გააგდეთო? გავგიჟდები!
– ასე ადვილად არ უნდა შერჩეს. ეგ ვინ მიგდია, რომ ადამიანებს ასე მოექცეს. მიდი და დაიცავი შენი უფლებები.
– ტატა, თუ უკვე გამიშვეს სამსახურიდან, რა უფლებების დაცვაზე მელაპარაკები. კი მაგრამ, ასე უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ შეიძლება, ადამიანი სამსახურიდან გაეშვათ?
– აბა, მე რაზე გელაპარაკები. წადი, თავი რატომ უნდა დააჩაგვრინო.
– მართალი ხარ, უნდა მივიდე, გავარკვიო, ასეთი რა დავაშავე, რომ უცერემონიოდ მაგდებენ სამსახურიდან.
– გინდა, მეც წამოვიდე?
თიკო ცოტა ხანს ჩაფიქრდა. თითქოს ყოყმანობდა. მერე თავი გააქნია:
– მარტო წავალ. გავარკვევ რა ხდება და დავბრუნდები. ჩემი მობილური ძალიან მჭირდება.
ტატამ პატარა პარკი გაუწოდა.
– აი, შენი მობილური, ვიღაც ბიჭმა მოიტანა. მირიანს გამოუტანებია, ოღონდ, მგონი, გამორთულია. ალბათ, დაჯდა. ისეთი იდიოტია, ტელეფონის გადმოსაცემადაც კი არ უნდოდა შენი ნახვა.
თიკომ ამოიოხრა.
– ახლა ყველაზე მეტად სამსახურის ამბავი მადარდებს. რა უნდა ვქნა, ყველაფრის გარეშე ვრჩები, არც სამსახური, არც ბინა...
ტატამ თავი გადააქნია...
– ჯერჯერობით ჩემთან შეგიძლია იყო. კოკა ორი თვე კიდევ არ ჩამოვა. გაუგრძელეს ხელშეკრულება. მანამდე რაღაცას მოვიფიქრებთ. ყველაფერი ხდება, ბედნიერი ურთიერთობები ინგრევა, ადამიანები სამსახურს კარგავენ, მერე კი რაღაც გაცილებით ღირებულს პოულობენ. მთავარია, დროულად მოხვიდე აზრზე და დღე სუფთა ფურცლიდან დაიწყო.
თიკო ვაკანსიებს ათვალიერებდა, როცა საკეტში გასაღებმა გაიჩხაკუნა. ოთახში ტატა შემოვიდა და ჩემოდანიც შემოაგორა.
– უკვე დაბრუნდი? ასე მალე?
– ორი დღე გავიდა. შენ რა, დროის შეგრძნებაც დაკარგე?
– მგონი, რომ ასეა. თავს საშინლად ვგრძნობ. ვეძებ, ვეძებ და არაფერია, საერთოდ არაფერი... მგონი, ჭკუიდან შევიშლები.
– საჭმელი გვაქვს რამე?
თიკომ მხრები აიჩეჩა. ტატამ ხელები გაშალა.
– ანუ, აი, ასე ზიხარ და სამზარეულოშიც არ გასულხარ?
– როგორ არა, ყავას ვსვამდი.
ტატა სამზარეულოში გავიდა და მალე აღშფოთებული დაბრუნდა.
– თიკო, ნიჟარა სავსეა დასარეცხი ფინჯნებით. ასე აპირებ გაგრძელებას? გავიგე, რომ დეპრესია გაქვს, მაგრამ თუ ასე უმოძრაოდ იქნები, პრობლემას არ ეშველება. მირიანს უნდა გადაჰყვე?
– მირიანზე აღარ ვბრაზობ და აღარც ვდარდობ. ჩემი სამსახურის გამო ვარ ასე. საერთოდ ვერაფერი ვიპოვე საჩემო... კომპენსაცია მაინც რომ მიმეღო, მაგრამ მირიანმა ბოლომდე „ივაჟკაცა“ – ვიღაცას უთქვამს მგზავრთან ინციდენტი რომ მქონდა და ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა.
– ყავის ამბავს გულისხმობ?
– ჰო, უთქვამს, როგორც აღმოჩნდა. კომპანიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ უსაფუძვლოდ არ გავუთავისუფლებივარ. რომ ჩემზე დაკისრებული მოვალეობა ჯეროვნად ვერ შევასრულე. კომპანიის იმიჯი და რეპუტაცია შევლახე. ხვდები, რომ უკანდასახევი გზაც მომიჭრეს და თავის დაცვასაც ვეღარ შევძლებ? რა კომპენსაციაზეა საუბარი, საერთოდ. არადა, ფული აღარ მაქვს. ჩემებთან რომ გავხდე დასაბრუნებელი, გავგიჟდები. უკვე ძალიან ვნერვიულობ.
ტატამ ამოიოხრა.
– მე წავალ, ჭურჭელს დავრეცხავ და სამზარეულოს დავალაგებ. შენ კი, ეძებე, იპოვი რამეს... ისე, აუცილებელი არ არის სტიუარდესად გააგრძელო მუშაობა. დიდი ვერაფერი სამსახურია. ყოველთვის გამოჩნდებიან მირიანები და ჭირვეული მგზავრები.
– მოდელის კარიერას დავუბრუნდე? ამ წონით? ამის თქმა გინდა?
– არა, რა თქმა უნდა. მაგრამ ასეც ხომ არ იჯდები.
– ჰო, ვერ ვიჯდები, – თიკოს ისეთი სახე ჰქონდა, რომ ტატას შეეცოდა მეგობარი.
– იცი, რა ვქნათ? ჩაიცვი, ცოტა გაიპრანჭე და სადმე, ბარში მივიდეთ. ჰაერზე გავლაც არ გაწყენს. კარგად ნამდვილად არ გამოიყურები, გამხდარი, გაფითრებული ხარ და თვალებიც ჩამუქებული გაქვს.
– სეირნობის განწყობაზე რომ არ ვარ.
– მაგიტომაც გეუბნები, რომ უნდა გავიდეთ. აუცილებელია. თან, ვისაუბროთ და რაღაც გაირკვევა.
თიკოს გაეღიმა და მხრები აიჩეჩა.
– რა უნდა გაირკვეს? ისედაც ყველაფერი გარკვეულია. არც სახლი, არც სამსახური, არც შეყვარებული.
– მე დაგავიწყდი – შენი მეგობარი, რომელიც აუცილებლად რაღაცას მოიფიქრებს.
ბარი თითქმის სავსე იყო და თიკოს ხმაურმა თავი აატკივა. ისედაც უხალისოდ გაჰყა ტატას. არ უნდოდა, ეწყენინებინა. გოგოებმა მსუბუქი კოქტეილი შეუკვეთეს. ნელ-ნელა წრუპავდნენ და იქ მყოფებს ინტერესით ათვალიერებდნენ. უფრო სწორად, ტატა ათვალიერებდა. თიკო თავდახრილი იჯდა და მაგიდის ზედაპირს ჩასჩერებოდა.
– ახლა მთელი საღამო ასე უნდა იჯდე?
– ჰო, არც ცეკვის სურვილი მაქვს, არც გართობის. ეს ხმაური კი ძალიან მაწუხებს. შენ არა?
– მე მინდა, გაგამხიარულო. ცოტა გავერთოთ. კიდევ დალევ კოქტეილს?
– დავლევ. ისე, მინდა, ცოტა ხანი მაინც არ ვიფიქრო ჩემს რთულ მდგომარეობაზე.
– გამოსწორდება-მეთქი ყველაფერი, დამიჯერე. თანაც, მალე.
– ალბათ, გამოსწორდება, მაგრამ მალე არა. ჯერ ბოლომდე დამეგლიჯება ნერვები და... – თიკომ ბარი მოათვალიერა და წამოიყვირა.
– ტატა, მგონი, კოკა დავინახე?
– ჩემი კოკა? – ტატამ ჭიქა დადგა და იქით გაიხედა, საითაც თიკო უთითებდა. მათი მაგიდისკენ საშუალო სიმაღლის ფართომხრებიანი ბიჭი მოიკვლევდა გზას.
– კოკა, აქ რა გინდა? – გაოცდა ტატა და ბიჭს საკოცნელად ლოყა მიუშვირა.
– სამი მესიჯი მოგწერე, ტელეფონს არ პასუხობ... გამარჯობა, თიკო. კიდევ კარგი, ჩვეულებების ერთგული ხარ. მივხვდი, რომ ამ ბარში იქნებოდი. ერთობით, გოგოებო?
ტატა მხარზე მიეხუტა შეყვარებულს.
– ჩემი ჭკვიანი ბიჭი. შენი იმედი ყოველთვის მექნება. მე რომ ერთი კვირის შემდეგ გელოდებოდი?!
კოკამ გაიცინა.
– გადამრევს ეს გოგო. მეგონა, გაუხარდებოდა, ადრე რომ მოვრჩი საქმეებს  და ჩამოვედი. საჩუქარიც ჩამოგიტანე.
– მართლა? მეტყვი, რა საჩუქარია?
– აქ გითხრა, თუ სახლამდე მოიცდი, – კოკას ეშმაკუნები აენთო თვალებში და გოგოები მხიარულად შეათვალიერა. ტატა მოუსვენრად აცმუკდა.
– გეხვეწები, მითხარი. სახლამდე რა მომათმენინებს. გთხოვ, რა...
– სამოგზაუროდ მიმყავხარ ევროპაში.
ტატამ ცხვირი აბზიკა.
– აუ, კიდევ უნდა ვიფრინო? კოკა, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? ფრენა და აეროპორტი მაკლია მე?
ბიჭმა ყასიდად ამოიოხრა.
– ეგ ვეღარ გავითვალისწინე. კარგი, მაშინ პატარა სუვენირს დასჯერდი. „დუთი ფრიში“ გიყიდე. განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ გაგიხარდებოდა. კოკამ ჯიბეში ჩაიყო ხელი და...
ტატა რამდენიმე წუთი თვალმოუშორებლად დაჰყურებდა და არ იცოდა, რა ექნა. ბოლოს ხმადაბლა წარმოთქვა:
– ეს... ეს ის არის, რასაც ვფიქრობ, თუ...
– თუ... – გადაიხარხარა კოკამ, – გახსენი ჯერ.
– ვაიმე, კოკა! – იწივლა ტატამ. ბიჭს კისერზე ჩამოეკიდა და მთელი სახე დაუკოცნა, – თანახმა ვარ, გესმის? თანახმა ვარ, შენი ცოლი გავხდე.
– კარგი, გავიგე, ნუ დამახრჩობ კოცნით, დამინდე... მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ კოლოფში ნამდვილად ნიშნობის ბეჭედი დევს?
გოგო გაშრა, გამომეტყველება სწრაფად შეეცვალა და ალბათ, ატირდებოდა კიდეც, ბიჭს რომ კოლოფი თავად არ გაეხსნა.
– შეხედე, მგონი, ზომა სწორად გამოვიცანი.
თიკომ მეგობარს დაასწრო, ბეჭედი კოლოფიდან ამოაძრო და აღფრთოვანებით წამოიყვირა:
– როგორი ლამაზია და ძვირფასი... კოკა, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ!
– თუ გინდა, ვასწავლი მირიანს, სად არის ასეთი ბეჭდები, – თვალი ჩაუკრა კოკამ.
თიკოს თვალები ცრემლებით აევსო.
– მე და მირიანი დავშორდით. მიმატოვა და სამსახურიდანაც გამომიშვა.
კოკამ ჯერ თიკოს შეხედა განცვიფრებით, მერე ტატას, რომელიც თითზე წამოცმული ბეჭდის თვალიერებით ტკბებოდა.
– მოიცა, რას ნიშნავს, სამსახურიდან გაგიშვა... უმუშევარი ხარ?!
თიკოს თან უხაროდა ტატას ამბავი, თან გული სტკიოდა საკუთარი უიღბლობის გამო. ახლა ბინაც მოსაძებნი ჰქონდა. ახალშეუღლებულებთან ხომ არ გააგრძელებდა ცხოვრებას...
ტატამ მოყოლა დაამთავრა. კოკამ თიკოს თანაგრძნობით შეხედა.
– მომისმინე, არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ახლა შენ გგონია. მირიანი, რა თქმა უნდა, ნაბიჭვარია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, თავის გასამართლებელი არგუმენტები ჰქონდეს. მოდი, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. სამსახურს მე გიშოვი.
ტატამ ხელი ხელს შემოჰკრა და აღფრთოვანებით შესძახა, – კოკა, რა საყვარელი ხარ! ვიცოდი, რომ რაღაცას მოიფიქრებდი, ნაცნობი გყავს ავიაკომპანიაში?
კოკამ თავი გააქნია.
– არა. ავიაკომპანიაში ნაცნობი ნამდვილად არ მყავს. მაგრამ სხვა სამსახურებიც ხომ არსებობს. მაგალითად, ბარში შეგიძლია, სასმელები მოამზადო ან მსუბუქი საუზმე. ოფიციანტობასაც არა უშავს...
თიკომ ისე შეხედა, ატირებას აღარაფერი უკლდა. ტატამ მსუბუქი საყვედურით შეახსენა საქმროს:
– კოკა, ძალიან ცუდ გუნებაზეა თიკო და გირჩევნია, ამ თემაზე აღარ იხუმრო.–
 კარგი. არ ვიხუმრებ... მოკლედ, მეგობარი მყავს, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება შვილისთვის ძიძა.
– რა? – წამოიძახა თიკომ, – ჩვილ ბავშვს უნდა მოვუარო? გაგიჟდი? წარმოდგენა არ მაქვს, ეგ როგორ უნდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3