კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№38 მაგია და დანაშაული

აგათა კრისტი

მისტერ პატერიკმა თხრობა დაიწყო:
– ამბავი ჩემს ძველ კლიენტს ეხება. საიმონ კლოუდი ძალიან შეძლებული ადამიანი იყო. ერთადერთი შვილი ომში დაეღუპა. მას პატარა გოგონა დარჩა. ბავშვის დედა კი მშობიარობას გადაჰყვა. გოგონა ბაბუასთან იზრდებოდა და კაცს მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. ტრაგედია იყო, როცა  გოგონა თორმეტი წლის ასაკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.
შეიძლება ითქვას, საიმონ კლოუდი ცხოვრებას ინსტინქტურად განაგრძობდა. მალე მისი ერთ-ერთი ძმაც გარდაიცვალა, რომელმაც   საკუთარ შვილებს თითქმის არაფერი დაუტოვა. საიმონ კლოუდმა ბავშვები თავისთან წაიყვანა. ასე აღმოჩნდნენ მის სახლში გრეისი, მერი და ჯორჯი. ჯორჯისთვის ბანკში სამსახური გამოიძებნა, გრეისი გათხოვდა, ცოლად ვინმე ფილიპ ჰაროლდს გაჰყვა. მერი კი სახლში დარჩა და ბიძაზე ზრუნვას განაგრძობდა. საიმონ კლოუდი ჩემთან მოვიდა და ანდერძის შედგენა მთხოვა. რომლის თანახმად  მთელი მისი ქონება დებსა და ძმას შორის თანაბრად იყოფოდა.
ერთხელ, როგორღაც, მისტერ კლოუდი სპირიტული სეანსებით დაინტერესდა და ამან თანდათან ძალიან გაიტაცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკელი ქალი, ვინმე ევრიდიკა პლატი გაიცნო – ის თავს მედიუმს უწოდებდა. საქმე სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებდა.. ამ თაღლითმა ქალმა საიმონ კლოუდზე ძალაუფლება მოიპოვა. მუდმივად მის სახლში იყო და დაუსრულებელად მართავდა სეანსებს, რომელთა დროსაც საიმონს, რომელსაც შვილიშვილი ჭკუის დაკარგვამდე ენატრებოდა, მისი სული ევლინებოდა. ვშფოთავდი. მიყვარდა ახალგაზრდა კლოუდები, მერი და ჯორჯი. მშვენივრად ვხვდებოდი, რითი შეიძლებოდა ეს ამბავი  დამთავრებულიყო.
  მისის პლატი, ფაქტობრივად, დასახლდა მათ სახლში. მალე თავისი ქმარიც ჩამოიყვანა. მისტერ აბესალომ პლატი. მათი დანახვაც საკამარისი იყო იმის მისახვედრად, რას წარმოადგენდა ეს წყვილი. საიმონი კი  „დაბრმავებული“ და აღფრთოვანებული იყო. ევრიდიკა პლატი ღმერთმა გამომიგზავნაო, – მითხრა. მას ფული კი არა, მხოლოდ ადამიანების დახმარება აინტერესებსო. პატარა კრისტი (ასე ერქვა მის გარდაცვლილ შვილიშვილს) დედასავით უყვარსო. ჩემმა შეგონებებმა ნაყოფი ვერ გამოიღო. პირიქით, მოხუცი ძალიან გააბრაზა. რაღაც პერიოდი მე ის აღარ მინახავს. ერთ დღეს კი თავისთან დამიძახა. ლოგინში იწვა. მივხვდი, დიდი დღე არ ეწერა.
– მე მალე მოვკვდები, – მისუსტებული ხმით წარმოთქვა მან, – სიკვდილის წინ კი, მინდა ვალი მოვიხადო იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე მეტი გააკეთა. ანდერძი უნდა გადავწერო. აქ მე უკვე დავწერე, რაც მინდა.
მან ქაღალდი გამომიწოდა, ნაწერი ძლივს გავარჩიე. თავის ძმისშვილებს ხუთ-ხუთი ათას ფუნტს უტოვებდა, ხოლო დანარჩენ ქონებას ევირიდიკა პლატს. აღშფოთებული ვიყავი, მაგრამ მისი ნების წინაშე ვერაფერს გავაწყობდი.
კლოუდმა მოსამსახურეებსაც დაუძახა. შაუხნის ქალი, მოახლე ემა კონტი და მზარეული ლუსი დევიდი მოვიდნენ. მათ ანდერძი უნდა დაემოწმებინათ. კლოუდმა ემას უჯრიდან კალმის ამოღება უბრძანა. მოახლემ უჯრა გამოაღო.
– არა, მაგაში არაა! – გაღიზიანებულმა წამოიძახა მოხუცმა, – ვითომ არ იცი, რომ ყოველთვის მარცხენა ყუთში დევს?
– არა, სერ,  ზუსტად მარცხენაში არ დევს, – უპასუხა მოახლემ.
– ესე იგი, იქ არ ჩადე, სადაც საჭირო იყო, – ჩაიბურტყუნა მოხუცმა, – ვერ ვიტან, როდესაც საგნებს თავის ადგილზე არ დებენ.
ბუზღუნის მიუხედავად, ჩემ მიერ ჩასწორებული ანდერძის „შავი“ ვარიანტი გადაათეთრა და ხელი მოაწერა. მის შემდეგ ემა კონტმა და ლუსი დეივიდმაც იგივე გააკეთეს. ანდერძი დავკეცე და ლურჯ კონვერტში ჩავდე, რომელიც ყოველთვის თან დამაქვს. ემამ თვალებით მკითხა, წავიდეო და მეც თავი დავუქნიე. მოულოდნელად ემა შეჩერდა და იატაკიდან რაღაც აიღო. ეს ცისფერი კონვერტი იყო. რომელიც, როგორც ჩანს, ჯიბიდან ამომივარდა. მან მომაწოდა და მეც პალტოს ჯიბეში ჩავიდე.
  მერი კლოუდი ჰოლში შემხვდა. ჩაის დალევა შემომთავაზა და პალტოს გახდაში მომეხმარა. შემდეგ მისი ძმა, ჯორჯიც შემოვიდა. მან პალტო გამომართვა და ოთახის მეორე ბოლოში, სკამზე დადო. საათის მეოთხედის შემდეგ წასვლა გადავწყვიტე  და  პალტოსთვის გავედი. ოთახში მისის პლატიც იყო. იგი იმ სკამის გვერდით, რომელზეც ჩემი პალტო იდო, მუხლებზე იყო ჩაჩოქილი და  რაღაცას აკეთებდა. როდესაც დამინახა, გაწითლდა და ფეხზე წამოხტა.
– ეს ხალიჩა, სულ იკეცება, – დაიწუწუნა მან, – არ უნდა ისე იყოს დაფენილი, როგორც არის და მორჩა!
მე უხმოდ ავიღე პალტო, ჩავიცვი და მხოლოდ მაშინ დავინახე, რომ კონვერტი იატაკზე ეგდო. მე ის ისევ ჯიბეში ჩავიდე, დავემშვიდობე და წამოვედი.
კანტორაში დავბრუნდი და ჩემს კაბინეტში შევედი თუ არა, ანდერძი ჯიბიდან ამოვიღე. კონვერტი ისევ  ხელში მეჭირა, რომ მდივანი შემოვიდა და მითხრა, ვიღაცას ჩემთან ტელეფონით საუბარი სურდა. მისაღებში გავედი და იქ ხუთი წუთი გავჩერდი. როდესაც ლაპარაკი დავასრულე, მდივანმა მითხრა, რომ ჩემი ნახვა ვინმე მისტერ პლატს სურდა.
  მისტერ პლატი  მაგიდასთან იჯდა. რომ დამინახა, წამოხტა, ხელი მხურვალედ ჩამომართვა და დიდი მონოლოგი წარმოთქვა. ის თავისი და ცოლის გამართლებას ცდილობდა. ეშინოდა, რომ ხალხი ჭორაობას დაიწყებდა. ამიტომ რაღაცებს ბოდავდა, რომ მხოლოდ კეთილი ზრახვები ამოძრავებთ და ასე შემდეგ. ბოლოს ვაგრძნობინე, რომ მისი  ვიზიტი უადგილო იყო და ისიც წავიდა.  ერთბაშად გამახსენდა, რომ ანდერძი მაგიდაზე დავტოვე. კონვერტი ავიღე, დავაწებე და სეიფში შევინახე.
  ორი თვის შემდეგ მისტერ საიმონ კლოუდი გარდაიცვალა. და რა მოხდა?! როდესაც კონვერტი გავხსენი, იქ მხოლოდ ცარიელი ქაღალდი დამხვდა. ორი თვე დაბეჭდილი კონვერტი ჩემს სეიფში იდო. მას ვერავინ მიეკარებოდა. მაინც ვის შეეძლო ამის გაკეთება, ვის ინტერესებში იყო და ვის ჰქონდა ამისი საშუალება? როდესაც მერისთან და ჯორჯთან ერთად ჩაის ვსვამდი, მისის ევრიდიკა პლატს საკმარისი დრო ჰქონდა, რომ მეორე ოთახში ჩემი პალტოს ჯიბიდან კონვერტი ამოეღო და ანდერძის შინაარსს გაცნობოდა. ის, რომ კონვერტი იატაკზე აღმოჩნდა და არა ჯიბეში, იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ ასეც მოხდა. ანუ ფაქტია, რომ მას ბქონდა საშუალება, რომ ანდერძი გაენადგურებინა, მაგრამ არ ჰქონდა მოტივი. ანდერძი მის სასარგებლოდ იყო დაწერილი და თუ გაანადგურებდა, ქონების გარეშე დარჩებოდა. მის ქმარსაც ჰქონდა ანდერძის განადგურების საშუალება, როდესაც იგი ჩემს კაბინეტში მარტო იჯდა, მაგრამ მოტივი არც იმას ჰქონია. ანუ, არის ორი ადამიანი, ვისაც საშუალება ჰქონდა, მოტივი კი არა. და ორი ადამიანი, ვისაც მოტივი ჰქონდა, მაგრამ საშუალებას იყვნენ მოკლებული. მოახლესაც შეეძლო ეს გაეკეთებინა, მაგრამ მან  კონვერტი მაშინვე მომაწოდა და ამისთვის დრო არ ჰქონდა. ასეთია ჩემი პატარა გამოცანა. აბა, რას ფიქრობთ?
  მის მარპლმა ქაღალდზე რაღაც დაწერა და მისტერ პატერიკს გადასცა. მან წაიკითხა და მის მარპლს შეხედა.
– გასაოცარია! – ჩაილაპარაკა მან, – თქვენთვის საერთოდ არსებობს ამოუხსნელი ამოცანა?
– უბრალოდ, მე ყველა ეს ფოკუსი კარგად ვიცი, – უპასუხა მის მარპლმა და გაიღიმა.  
– მე ვფიქრობ, რომ გოგონამ! – გააპროტესტა ჯოისმა, – ალბათ მოახლემ მას ყველაფერი უამბო, მან კი სხვა ცისფერი კონვერტი იპოვა და შეცვალა.
ადვოკატმა თავი გააქნია.
– იქიდან გავაგრძელებ, სადაც გავჩერდი, – ნელა დაიწყო მისტერ პატერიკმა, – ჩიხში აღმოვჩნდი. თავად, ალბათ, ვერასოდეს მივხვდებოდი, რა მოხდა, მაგრამ ამიხსნეს და თან, ძალიან დელიკატურად. ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ, მე ფილიპ ჰაროლდთან ერთად ვსადილობდი და მან ასეთი რაღაც მომიყვა:
– ერთმა ჩემმა ნაცნობმა, რომელსაც ნათესავისგან დიდი მემკვიდრეობის მიღების იმედი ჰქონდა, გაარკვია, რომ ამ ნათესავმა ქონების დატოვება ერთი უღირსი ადამიანისთვის გადაწყვიტა. სახლში მოახლე იყო, რომელიც კანონიერი მემკვიდრეების  ერთგული გახლდათ. კაცმა მოახლეს სპეციალური მელნით გავსებული კალამი მისცა. გოგოს ის კალამი მაგიდის უჯრაში უნდა ჩაედო. მაგრამ არა იქ, სადაც საერთოდ ინახავდნენ, არამედ  ოდნავ გვერდზე, რათა ის, შემთხვევით, სხვას არ ეპოვა. როდესაც მის პატრონს დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუნდებოდა, მოახლეს მისთვის სწორედ ის კალამი უნდა მიეცა, რომელიც ჩემმა ნაცნობმა გადასცა. გოგომაც დავალება ზუსტად შეასრულა. თქვენ, რა თქმა უნდა, ჩემს მეგობარს არ იცნობთ, – გამიცინა ჰაროლდმა და მეც თავი დავუქნიე.
 – მიხვდით, საქმე რაშია? კალამი სიმპატიკური მელნით იყო შევსებული. კრახმალის ხსნარში დამატებული იოდი. ის გარეგნულად მელნისგან არ განსხვავდება. უბრალოდ, ამ სითხით დაწერილი სამ-ოთხ დღეში ქრება.
მის მარპლმა გაიღიმა.
– სიმპატიკური მელანი, – თავი დააქნია მან, – ძველი ტრიუკია. რამდენი სისულელე დამიწერია მისი მეშვეობით, როდესაც ქარაფშუტა გოგო ვიყავი.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3