კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ გამოიარეს ფეხით ფერეიდნელმა ქართველებმა ათასობით კილომეტრი საქართველოში ჩამოსასვლელად და რატომ უთხრეს ერთ-ერთ მათგანს უარი მოქალაქეობაზე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სამმა ფერეიდნელმა ქართველმა ათასობით კილომეტრი ფერეიდნიდან საკუთარ სამშობლომდე ფეხით გამოიარა. სიყვარულით განმსჭვალულ გმირობას, სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, მათ ღირსეულად გაიარეს ზუსტად ის გზა, რომელიც მათ წინაპრებს ტანჯვით გაატარეს დამპყრობლებმა.
  ომიდ (ამირან) გუგუნაშვილი: ჩვენ, სამივე მეგობარი მთამსვლელები ვართ. ვიცოდით, რომ ძნელი საქმე გველოდა. სანამ ამ გზას გამოვივლიდით, წინასწარ, ოთხი-ხუთ თვესა ძაან ვვარჯიშობდით. დღეში ოც-ოცდაათ კილომეტრს ფეხით დავდიოდით. უფალმა დაგვეხმარა და ყველა ხალხმა დაგვეხმარა. შავდექით ფერეიდანიდან საქართველოსთვინა, ზუსტად გამოვიდა 31 დღე.
  შაჰრამ ონიკაძე: წარმოშობით თუში ვარ. ფერეიდანში ვიზრდებით საქართველოს სიყვარულით. პატარებს ვეუბნებით, ქართველები, ყველანი ბოლოჩი დაბრუნდებიან საქართველოსა. გვეკითხებიან: ემსიგრძე გზას რამ მოგიყვანა? რამ მოგიყვანა? – სიყვარულმა. სიყვარულისათვინ ადამიანი ყველგან წავა. ჩვენი მესიჯი ის არის, რომ ყველანი უნდა დავბრუნდეთ საქართველოს, საქართველო ერთია. ბოლოჩი ქართველები უნდა მოვიდეთ საქართველოში და ძლიერი შაიქმნას ჩვენი საქართველო.
– რამდენი ხართ ფერეიდნელი ქართველები?
– ისეთი, რომ ქართველობენ და ქართულად ლაპარაკობენ, ეხლა, დაახლოებით, იქნებიან სამოცი ათასი. თხუთმეტი ათასი მარტო მარტყოფში. მარტყოფი არის დედაქალაქი ქართველებისა ირანში. სხვა სოფლებშიც არიან გასულები და ქართულად ლაპარაკობენ ცოტას, მაგრამ თუ გინდოდეს ქართველი ჯიშით, შეიძლება, რომ ერთ მილიონი იყვნენ, მაგრამ შენარჩუნებული არ არის ენა. ის ყველაზე მეტად შანახული არის მარტყოფში. წარწერები არის მანქანებზე „ძალა ერთობაშჩინ არის“, „დიდება ქართველსა“ – მაღაზიებზენა. ჩემი მანქანაზენაც წერია „უშბა“. ომიდის მანქანაზე – „მშვიდობით იმგზავრე“, ისმაილისაზე – „დიდება ქართველსა“. სიამაყობენ ქართველობაზენა. ფერეიდნელი ქართველი იტყვის: „უფალო, მადლობა, რომ ქართველი გამაჩინე“. ირანჩინაც როდესაც სპარსულს ვამბობთ, მიხვდებიან, რომ ჩვენ სპარსელები არ ვართ.  
  ისმაილ (რაჰიმი) დავითაშვილი: მოვახლოვდით საქართველოზე, ბევრი ამბობდა, იქნება, რომ გადაიფიქრონ. ძნელია, დაამთავრებენ. ქართველებმა რომ გაიგეს, ძალიან უხაროდათ. ყველა გვწერდნენ „ფეისბუქზე“, უხაროდათ, რომ სამშობლოზე დაახლოებული ვიყავით. საზღვარზე რომ გამოვედით, ხალხი იქ იყვნენ და ძალიან გვიხაროდა, ცრემლებიც მოგვდიოდა. ჩემ ოჯახს ჯეროდა, რომ გადმოვიდოდი, სამშობლოს გულისთვინა, ქართველობა გულშია. ირანში ფერეიდნელები, თავიანთ სამშობლოზე, სიკარგეზე, სიყვარულზე საუბრობენ.
  ტარიელ ფუტკარაძე (ორგანიზატორი): ამ ბიჭების ჩამოსვლის მიზანი ის იყო, რომ ამათ გამოევლოთ ტანჯვით და იძულებით წაყვანილი წინაპრების განვლილი გზა. ის ტანჯული გზა, რომელიც მტრობის გზა იყო, გაემეორებინათ ახალ, ღირსეულ რეგისტრში. ეს დღეს ძალიან ესაჭიროებოდა საქართველოს, რადგან ბევრი რამის გამო, აქ პესიმისტური განწყობებია. აქედან გარბის ხალხი, აქ ცხოვრება აღარ შეუძლიათ და სხვაგან სახლდებიან. ამ ბიჭებისთვის სამშობლო სანატრელი და სანუკვარია და რაც უფრო უახლოვდებიან მას, უკეთ ხდებიან. მათ დაამტკიცეს, რომ საკუთარი წინაპრებივით ძლიერები არიან. მათ დიდი ვაჟკაცობა ჩაიდინეს – ღირსებით განვლეს ის გზა, რომელიც მათ წინაპრებს ტანჯვით გაატარეს დამპყრობლებმა. ამიტომაც მოექცა მათი ნაბიჯი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ფიქრობდნენ, რომ ფეხით ჩამოვიდოდნენ, ბინას იქირავებდნენ და რამდენიმე დღე დარჩებოდნენ. არანაირი პიარი, საკუთარი ღირსების წარმოჩენა უნდოდათ. აქ ჩავერთე მე, ჩვენ მეგობრები ვართ და რომ გავიგე, მოდიოდნენ, გადავწყვიტე, ამათი ჩამოსვლა კარგი მაგალითი ყოფილიყო საზოგადოებისთვის და მათი მოგზაურობის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველობას ყველა მხრიდან რომ ცუდი ესმის, ამათი ღირსეული საქციელი  გულზე მოესალბუნა. 1 400-ზე მეტი კილომეტრი და უამრავი საფრთხე გამოიარეს და მიხარია, რომ ასეთი ემოციებით შეხვდნენ. ყველა მთხოვს, რომ სხვადასხვა ქალაქში ჩავიყვანო და 22 სექტემბრამდე თითოეული დღე გაწერილი გვაქვს და დიდი მადლობა მედიას ასეთი ყურადღებისთვის. თუმცა ერთი საკითხის გამო გული მტკივა – შაჰრამი ორმაგი მოქალაქეა, ირანის და საქართველოსი. ამირანს სამჯერ უთხრეს უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, არადა მასნაირი სუფთა ადამიანი საქართველოში არ მეგულება. ამირანი კი ამბობს, მე რად მინდა ქაღალდი, მე ქართველი ვარო, მაგრამ მყავს მეორე მეგობარი, რომელსაც ამ მიზეზით ისე ეტკინა გული, მითხრა, აქ მეორეჯერ აღარ
ჩამოვალო. ამირანი გასაუბრებისთვის ჩამოიყვანეს აქ და მერე უარი უთხრეს. ამხელა გზაზე რაღას მოგყავს უარისთვის? შაჰრამს მეგობარმა გაუწია ლობირება, ამირანს ასეთი ლობისტი არ აღმოაჩნდა. სამარცხვინო რაღაც მოხდა.
– აქ ხომ დიდი მოლოდინებით მოდიხართ, რა გხვდებათ საქართველოში?
  შაჰრამი: ხშირად ჩამოვდივარ საქართველოში. შვიდი წელის წინ ვიყავით პირველად მე და ისმაილი. რომ მოვედით, არ ვიცოდით აქაური საჭმელები. რესტორანში დავჯექით, ყველაფერი ცოტა მოგვიტანეს და გავსინჯეთ. მერე გავიგეთ სახელები. პირველივე ჩამოსვლაზე, როგორც სახლში ისე ვიყვეთ, მეორეხელ ოჯახებით ჩამოვედით. სოფლებჩინა უფრო არის შენახული ტრადიციები. ვიყავით სვანეთში, აჭარაში. ძალიან თბილი ხალხი ყავთ.
  ომიდი (ამირანი): მაგნიტი რო რკინას ეკვრის, ისე ვარ საქართველოსთან. არ ვიცი გენია, არ ვიცი რა არის, მაგრამ ვიცი, საქართველოს გარდა, სადაც წავალ, იქ არ არის ჩემი სამშობლო. მე ფერეიდანში დაბადებული ვარ, 45 ასაკზე ვარ ეხლა, ოღონდ იქაცა არ არის ჩემი სამშობლო. საქართველო ჩვენი ხალიჩაა, სხვადასხვა ყვავილით მოფენილი, თავისი კუთხეებითა. ეს ხალხი ტკბილია ჩვენთვის.
  შაჰრამი: რო წავალთ იმ ხალხთანა, ნახევარი საათი ვიქნებით და თითქოს დიდი ხანია, ვიცნობთ.
  ისმაილი: რომ შამოვედით საქართველოში, ცრემლი თითვან წამოვიდა, გულშია საქართველო. ხალხი რომ დავინახე, ვგიჟდებოდი. კაცს რომ ვუყურებდით, შორიდანვე ვიგებდით რო ქართველია. ყველას გამარჯობა, გამარჯობას ვეუბნებოდი, ვეხუტუნებოდი. რომ იგებდნენ, ფერეიდნელი ქართველი ვარ – „წამოდი, წავიდეთ სახლში“ – ყველა სახლში გვეპატიჟებოდა. ჯერ არ შემხვედრია ქართველი, ისე გავეშვით.
  შაჰრამი: მეგობარი მელოდებოდა, ტაქსის ვუთხარი წამიყვანე-მეთქი. რო გზაზე გაიგო ფერეიდნელი ქართველი ვარ, წავიდეთ ვიქეიფოთო (იცინის).
ომიდი (ამირანი): რომ მოხვალ და წახვალ, გზა ხომ ერთია. მაგრამ რომ მოვდივართ, ძაან გამეტებით, ენერგიულად, „თავით მოვდივართ“, ოღონდ რო უნდა დავბრუნდეთ და საზღვარს გავივლით, იქ უნდა ნახოთ, როგორ არ გვინდა მივბრუნდეთ, თითქოს ციხეში მივდივართ.
– ქართული ენის სწავლების საკითხი როგორ არის იქ?
  ტარიელი: ირანში ყველა სპარსულად სწავლობს. შესაბამისად, ქართული ენა ვერ იქნება სასწავლო საგანი. არის მოკლევადიანი, კერძოდ გახსნილი კურსები, ინიციატივიანი ადამიანის დაფინანსებით. ამ ბოლო პერიოდში, რადგან ახალ თაობას ძალიან უნდა აქ წამოსვლა, ყველა ცდილობს სალიტერატურო ქართულის სწავლას. თუმცა ბევრ ისეთ სიტყვას იყენებენ, რომელსაც თანამედროვე ქართველი ვერ გაიგებს. მათთვის ქართული ენის სწავლება დიდი პრობლემაა და ქართულმა სახელმწიფომ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას ამ მიმართულებით.
კარგად ვიცნობ ფერეიდნელ ახალგაზრდობას და რაც დრო გადის, ისინი უფრო მეტად ცდილობენ, გაიხსენონ ქართული ტრადიციები. ბოლო პერიოდში დაიწყეს ფანდურზე დაკვრის შესწავლა, ჩურჩხელის ამოვლება. უცხო გარემოში ბევრი დაკარგეს, ღირსებისა და ენის გარდა, მაგრამ ბევრს სწავლობენ, მაგალითად, ახლა სიმღერებს.
  ომიდი (ამირანი): ყველაზე მეტად, იცით, ვინ გვიყვარს? დათო კენჭიაშვილი. ყველა უსმენავს, ჩამოვიდა ჩვენთან.
  ისმაილი: ერთი ქალი გადმოვიდა და ჩუმად სახლებში ცეკვა და სიმღერა ასწავლა, ისე აკრძალულია.
– თქვენ რა ტრადიციები გაქვთ შემონახული ოჯახებში?
  შაჰრამი: ახლა ცოტად არის. წინდის ქსოვა იყვეს „ბაწრის წინდას“ დაუძახებდით. თბილი ზედის. იყვეს ხალიჩა, ირანელები „გურჯების ხალიჩას“ ეძახიან და სხვა ხალიჩებთან შედარებით, მაღალი ფასი ღირდის. მე აქ ვნახე, ეგეთი ყვავილები ხალიჩებზე. ხინკალი ვისწავლეთ.
– სხვაზე დაქორწინება პრობლემაა ფერეიდანში?
  ომიდი (ამირანი): ადრე არ შეიძლებოდა, ახლა ბიჭს გოგო მეეწონოს, საიდანაცა იყოს მეიყვანოს. ჩვენ ოთხას წელზე მეტია, იქ ვცხოვრობთ და მაშინ ესე რომ ყოფილიყო, ყველაფერი მორჩებოდა. მაგრამ ახლა ნელ-ნელა იცვლება.
  შაჰრამი: მაგრამ ვინმეს გოგო გოუთხოვებია, ვისთვის მიუცია, ქართველია? – პირველი კითხვა არის. ქართველი თუა – კარგია, უცხოელია – არავის უხარია.
  ისმაილი: სპარსელებს ძაან უნდათ ქართველი გოგოები, იმიტო რო ოჯახში სხვანაირები, კარგები არიან და აფასებენ. ჩვენ გვირჩევნია, ქართველს გაყვეს.
  ომიდი (ამირანი): მე ორი შვილი მყავს, ნათელა და ილია. ისმაილს ორი გოგო ყავს – ლეილა და ნინო. შაჰრამს – კახა და ელენე.
– დაბრუნება...
  შაჰრამი: მე გეფიცები, ხელფასი რაც იქა მაქვს, იმის ნახევარი აქ მქონდეს, ხვალ აქა ვარ. ალპინისტები ვართ. კიდევ ჩვენი სამსახურები გვაქვს. საქართველო ერთია და ყველა ქართველმა საქართველოში უნდა იცხოვროს.
  ისმაილი: საქართველო მთელ მსოფლიოში ერთია. ამაზე დავფიქრდეთ და საქართველო გავაგრძელოთ.
  ომიდი (ამირანი): მშვიდობა და მეგობრობა. არ გეგონოთ ფერეიდნელი ქართველი სხვა არის და თქვენ სხვანი ხართ. ჩვენ ორივე ერთნი ვართ.

скачать dle 11.3