კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 გოგა პიპინაშვილი: ყოველთვის ყველასთვის გადამიხდია სამაგიერო

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: გოგა (გიორგი).
გვარი: პიპინაშვილი.
პროფესია: მსახიობი.
– ბავშვობა...
– ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა – სკოლა და უამრავი ინტერესი. სკოლის პერიოდში გავიარე თითქმის ყველაფერი, რისი გავლაც და მოსწრებაც მაშინ შეიძლებოდა. ეს ეხება როგორც სპორტს, ასევე სახელოვნებო თემებს. ჩვენ დროს შრომის გაკვეთილები იყო, აქედან გამომდინარე, ვსწავლობდი: ხეზე ჭრას, მჭედლობასა და ასე შემდეგ. ყველაფრის ინტერესი მქონდა. პარალელურად, დავდიოდი სპორტის თითქმის ყველა სახეობაზე ფეხბურთის გარდა – ვერ ვთამაშობდი. სროლაში  ვვარჯიშობდი და 11  700 ტყვია მაქვს ნასროლი. ეტყობა, სკოლაში ცოტა რთული ბავშვი ვიყავი. ჩემთვის არაერთხელ მოუმართავთ გაკვეთილის ჩასაშლელად და მეც ვცდილობდი, ეს გამეკეთებინა, ხშირად გამომდიოდა კიდეც.
– რამ განაპირობა თქვენი პროფესია?
– მამაჩემი იყო მსახიობი. შესაბამისად, ბავშვობიდან თეატრში ვიყავი. ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, უპირატესობა ყოველთვის მქონდა – კულისებში ყოფნა და შიდა სამზარეულოს გაცნობა შემეძლო. არც მიფიქრია სხვა პროფესიაზე. ეს ასე უნდა ყოფილიყო. ერთადერთი, ძალიან მინდოდა სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაბარება, მაგრამ მამამ მირჩია და მოითხოვა ჯერ სამსახიობო დამემთავრებინა. მერე კი შევრჩი ამ პროფესიას.
– რა არის ცოდვა?
– ტყუილი. ყოველთვის ვცდილობ, ამ თემას ავცდე, მაგრამ მეჩვენება, დღევანდელი სოციუმი იქით მიდის, რომ ამის გარეშე ყოფა არ შეუძლია. ეს გულსატკენია. ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიცრუე და ტყუილი გვხვდება: ქუჩაში, მეტროში თუ სხვაგან.
– ბედისწერის გჯერათ?
– რა თქმა უნდა. საერთოდ, ცრუ თემების გარემოცვაში ნაკლებად ვარ, მაგრამ რაღაც კანონზომიერება ყველგან და ყველაფერში არსებობს. ვცდილობ, ნებისმიერ მოვლენას კანონზომიერების ჩარჩო მოვარგო, თუ ეს ერგება, ესე იგი, ბედისწერასთან ახლოს არის. ნებისმიერ მოვლენას აქვს ლოგიკური განვითარება, თუ ის ამ ლოგიკაში ჯდება, ეს არის ის ჩარჩო, რაზეც ვსაუბრობ.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– არა, სიცრუე და სიყალბე უპატიებელია. ეს ისეთი თემაა, რომელიც პირდაპირ პროპორციაშია ღალატთან, ზურგს უკან მოქმედებასთან და ასე შემდეგ.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ...
– ეს უფრო პროფესიულ თემებს ეხება. პროფესიულ საკითხებში ძალიან ბევრია ისეთი რჩევა, რომელიც მამისგანაც მიმიღია და ჩემი პედაგოგებისგანაც. ამ რჩევების გათვალისწინების გარეშე ჩემთვის ეს პროფესია ასეთი ახლობელი არ იქნებოდა.
– შეგშურებიათ?
– არასდროს არავისი. შური შურია: თეთრი, შავი და მწვანე არ არსებობს. უბრალოდ, სურვილი გამჩენია, ამა თუ იმ მსახიობის ადგილას ვყოფილიყავი. ეს არის ყველა მაყურებლის თვისება და მეც ხშირად ვყოფილვარ მაყურებლის როლში, ეს არ არის შური, ეს არის ძალიან მაღალი ხარისხი იმ ნაწარმოების, თუ მასალის, რასაც უყურებ. ეს განცდა და გრძნობა თუ გეუფლება, ესე იგი, ის მართლა ღირებულია. მსგავსი განცდა ძალიან ხშირად მქონია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მსახიობის ან რეჟისორის მშურს, მსგავსი რამ არ არსებობს.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– ყოველთვის და ყველაზე. კეთილ ქცევაზეც გადამიხდია სამაგიერო, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელია. როცა ადამიანი კარგად გექცევა, ბუნებრივია, სამაგიეროსაც მოითხოვს. ძალიან ხშირად, როცა უცხო ადამიანები ჩემდამი დამოკიდებულებას გამოხატავენ, აბსოლუტურად იგივენაირად ვპასუხობ მეც – ესეც ხომ სამაგიეროს გადახდაა.
– ეჭვიანი ხართ?
– ძალიან. ცხოვრებაშიც ეჭვიანი ვარ, ჩემს საქმეშიც და ყველაფერშიც. ეჭვისა და დასმულ კითხვებზე პასუხების მოძიების გარეშე ჩემი პროფესია არ არსებობს.
– თქვენთან ურთიერთობა მარტივია?
– პროფესიულად – ძალიან, ისე რთულია. ერთი კონკრეტული თემისთვის ვერ ვიცლი, ძალიან ბევრ რამეს ვარ მიდებ-მოდებული, ამიტომ უჭირთ ადამიანებს ჩემთან ურთიერთობა.
– როდის ყვირით?
– ყვირილი – გამოხატვის ეს ფორმა ჩემთვის არასწორია.
– გიტირიათ?
– კი, როგორც ყველა ადამიანს. თუმცა იშვიათად. გულჩვილი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, დრო კატასტროფულად გარბის და ძალიან ცოტა მრჩება კარგი საქმეების გასაკეთებლად. მთელი ცხოვრება მოლოდინის რეჟიმში ვარ, სულ ვიღაცაზე დამოკიდებული და ამან ძალიან დამღალა.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არა, თუ დამნაშავე ვარ.
– რას ნანობთ?
– ზოგადად, არაფერს, მაგრამ შეიძლებოდა, უფრო ნაყოფიერად გამომეყენებინა ჩემი ცხოვრების დრო. იმაზე დატვირთულად, ვიდრე თავისუფლება მივეცი საკუთარ თავს.
– რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?
– ხასიათის ძალიან ბევრი თვისება, რომელიც იმდენად ჩემია, რომ მომწონს-არ მომწონს – ასე ვერ შევაფასებ. გარედან ბევრჯერ დამინახავს საკუთარი თავი. ჩემში არის შეპყრობის ელემენტები – როცა რაღაცაში ვერთვები, ძირეულად იმ თემით ვარ მოცული და ხშირად ეს არ არის კარგი, რადგან დროის გადანაწილებას ვერ ვახერხებ.
– რაზე ოცნებობთ?
– ახლა ოცნებისა და „ფრენის“ მომენტები ნაკლებად მაქვს. ახალგაზრდობაში მანქანაც სურვილი იყო, არ მყავდა და მინდოდა. ეს ცხოვრებისეული ყოფითი თემები ნელ-ნელა სრულდება და მას ოცნებას ვერ დაარქმევ. უფრო ჩემს პატარა შვილიშვილთან, გიორგისთან ურთიერთობაზე ვოცნებობ, ბევრი მინდა ამ ბიჭისთვის მოვასწრო. არანორმალური სიყვარული მაქვს მის მიმართ. ოღონდ, ბაბუობის  ეტაპს ვერ ვგრძნობ. გიორგი იმდენად პატარაა, რომ ჯერ არ მაქვს საშუალება, ჩემ გვერდით იყოს, ჩემს მანქანაში, ერთად ვიმოგზაუროთ და ასე შემდეგ. ოცნებაც ამასთან მიდის, მინდა, მოვესწრო ასეთ ურთიერთობას.
– როდის ზარმაცობთ?
– ყოველთვის. ჩემს სამუშაოში ზარმაცი არ ვარ, დანარჩენში, ყველაფერში ვზარმაცობ. საქმის გადადება ხშირად მჩვევია.
– რისი კომპლექსი გაქვთ?
– უარის. სხვა ადამიანებს ნაკლებად ვთხოვ, იმიტომ, რომ უარი არ მივიღო.
– სიყვარული –  ეს არის...
– მეგობრობა. ძალიან უბედურია ის ადამიანი, რომელიც ამ გრძნობის გარეშე მიდის ამქვეყნიდან.
– კაცის ბედნიერებისთვის ქალი აუცილებელია?
– არა.
– როგორია თქვენთვის ლამაზი ქალი?
– აუცილებელი არ არის, იყოს გაპრანჭული. ყველა ქალი თავისებურად ლამაზია. უბრალოდ, გააჩნია, რისი აღმოჩენა გინდა მასში.
– რას აგროვებთ?
– ყველაფერს, რაც ლამაზია, რაც თვალისთვის, ხელისთვის, გემოვნებისთვის არის მისაღები.
– უფალს რომ პირისპირ შეხვდეთ, რას ეტყოდით?
– მადლობას იმისთვის, რომ ასეთი საინტერესო პერიოდით ვიცხოვრე.
– როდის გაგჭირვებიათ?
– ყოველთვის. არასოდეს ვარ დალხენილი.
– იმედგაცრუება გქონიათ?
– იმედგაცრუებული ვარ 60 წელია. 25 წელია, რაც სტუდია „ართ ჰოლი“ არსებობს. ეს არის საყმაწვილო სტუდია, რომელიც  მუდამ მომთაბარეა. აქედან არის გასული ნახევარზე მეტი იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც დღეს ეკრანზე ხედავთ. ეს არის თეატრალური სახელოსნო, სადაც უამრავი მოზარდი აღიზარდა, ამასთან, არის პირველი ორგანიზაცია, რომელიც ინკლუზიას შეეხო. დღეს ეს შენობა არ არის ჩემი და ვიხდი იჯარას, ამიტომ იძულებული ვარ, ეს ყველაფერი იყოს ფასიანი. ადამიანებს ყველაზე მეტად რაც სჭირდებათ, ის უხდებათ ხოლმე ძნელად მისაღწევი. ჩემი ნება რომ იყოს, ფულს საერთოდ ავკრძალავდი დედამიწაზე. ეს მართალია უტოპიურია, მაგრამ სწავლასა და ჯანმრთელობაში ფულს ნამდვილად ავკრძალავდი. როგორ შეიძლება, შენი გამოცდილება სხვას გადასცე და ამაში ფული აიღო. 25 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფალი იძულებულს მხდის, რომ ასე მოვიქცე.

скачать dle 11.3