კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ცოტა სოდა მკვლელისთვის

აგათა კრისტი

ჯონი ჰარისონი ტერასაზე იდგა და ბაღისკენ იხედებოდა. სტუმრის გამოჩენას არ ელოდა.
– მუსიო პუარო! – წამოიძახა მან.
– გახსოვთ მითხარით, – ჩვენს მხარეში თუ მოხვდებით, აუცილებლად შემომიარეთო. აი, მეც შემოგიარეთ.
– ძალიან მიხარია, – წარმოთქვა ჰარისონმა, – დაბრძანდით. რა მოგართვათ?
– თუ სიროფი არ გაქვთ, სოდიანი მომიტანეთ, ოღონდ ვისკის გარეშე.
– ჩვენს მხარეში რამ ჩამოგიყვანათ? – ჰკითხა ჰარისონმა
– მკვლელობას ვიძიებ.
– მე აქ არანაირი მკვლელობის შესახებ არ გამიგია.
– ვერც გაიგებდით. ჯერ არავინ მოუკლავთ. მე ვიძიებ დანაშაულს, რომელიც ჯერ არ მომხდარა.
– ამას სერიოზულად ამბობთ, მუსიე პუარო?
– შეიძლება, მკვლელობა მოხდეს, თუ ჩვენ მისი აღკვეთა ვერ მოვახერხეთ. თქვენი დახმარება დამჭირდება. თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ მომწონხართ, – თქვა პუარომ და უცებ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა, – ვხედავ, თქვენს ბაღში ბზიკებს ბუდე გაუკეთებიათ. უნდა გაანადგუროთ!
ამ მოულოდნელმა გადასვლამ ჰარისონი გააკვირვა:
– დღეს ვაპირებდი ამის გაკეთებას. უფრო სწორად, მე კი არა ახალგაზრდა ლენგტონი. გახსოვთ, კლოდ ლენგტონი? იგი იმ სადილზე იყო, სადაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით. საღამოს შემოივლის და ბენზინის დახმარებით ამ საქმეს მოაგვარებს.
– სხვა საშუალებებიც არსებობს. მაგალითად, წყალში გახსნილი ციანიდი, – გაიღიმა პუარომ, – ეს სასიკვდილო შხამია. დარწმუნებული ხართ, რომ ლენგტონი ბენზინს გამოიყენებს?
– რა თქმა უნდა. რატომ მეკითხებით?
– არის ერთი გარემოება. დღისით ბარჩესტერში, ერთ აფთიაქში შევედი და იქ ისეთი წამალი ვიყიდე, რომლის გამოც შხამების გაყიდვის სარეგისტრაციო წიგნში ხელის მოწერა დამჭირდა იქ კლოდ ლენგტონის ხელმოწერა აღმოვაჩინე.
ჰარისონი სტუმარს გაკვირვებულ მზერას არ აცილებდა.
– უცნაურია, ამ დღეებში ლენგტონი მარწმუნებდა, რომ მას აზრად არ მოუვიდოდა ბზიკების ასეთი საშიში მეთოდით განადგურება.
– თქვენ ლენგტონი მოგწონთ? – მოულოდნელად ჰკითხა პუარომ და განაგრძო, – გულახდილი ვიქნები. დანიშნული ხართ და დაქორწინებას აპირებთ. მე ვიცნობ თქვენს საცოლეს – მოლი დინს. ადრე იგი კლოდ ლენგტონზე იყო დანიშნული და თქვენ გამო საქმრო მიატოვა. არა მგონია, ლენგტონს ყველაფერი დაევიწყებინა და ეპატიებინა.
– ცდებით, მუსიე პუარო! ლენგტონი ისე მოიქცა, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი. მან ყველაფერი გააკეთა, რათა მეგობრული ურთიერთობები შენარჩუნებულიყო.
– და ეს უცნაურად არ მოგეჩვენათ? სიძულვილი შეიძლება, გარკვეული ხნით დამალოს ადამიანმა.
– ესე იგი,  თქვენ ჩემს გადარჩენას ცდილობთ? – ჰარისონმა ხმას დაუწია.
პუარომ თავი დაუქნია. ჰარისონი სავარძლიდან წამოხტა.
– მგონი შეიშალეთ. ეს ინგლისია! აქ ასე არ იქცევიან. უარყოფილი თაყვანისმცემლები თავიანთ კონკურენტებს დანით და საწამლავით არ იშორებენ. ეს ბიჭი ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს.
– ჭიანჭველები მე არ მაინტერესებს, – წყნარად უპასუხა პუარომ, – ისე, დღეს ეგ ბიჭი რამდენიმე ათასი ბზიკის განადგურებას აპირებს.
პუარო ადგა, ჰარისონთან მივიდა, ხელი მხარზე დაადო და ჩურჩულით უთხრა:
– გამოფხიზლდით, ჩემო მეგობარო, გამოფხიზლდით! შეხედეთ, იქ, ხის ფესვებთან ბზიკები ბუდეში ბზუილით ბრუნდებიან და წარმოდგენაც კი არა აქვთ, რომ ერთ საათში მათ გაანადგურებენ. რომელ საათზე უნდა მოვიდეს, მუსიე ლენგტონი?
– ცხრა საათზე.
– ცხრისთვის აუცილებლად დავბრუნდები. მაინტერესებს, ბზიკების ბუდეს როგორ ანადგურებენ.
პუაროს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ყოყმანობდა, ეჭვები ღრღნიდა. ფიქრობდა: ხომ არ აჯობებს დავრჩეო, მაგრამ ბოლოს მაინც წასვლა გადაწყვიტა. ცხრას რამდენიმე წუთი აკლდა, როდესაც იგი ბაღის კარს ისევ მოადგა. ამ დროს კარი გაიღო და გზაზე სწრაფი ნაბიჯით კლოდ ლენგტონი გამოვიდა. პუაროს დანახვაზე შეკრთა.
– ო... საღამო მშვიდობისა!
– საღამო მშვიდობისა, მუსიე ლენგტონ. რაღაც ადრე მოსულხართ. გაანადგურეთ უკვე ბზიკების ბუდე?
– არა, ჯერ არ გამინადგურებია.
– გასაგებია. აბა, რას აკეთებდით?
– არაფერს. მე და ჰარისონმა ცოტა ვისაუბრეთ. მაპატიეთ, ძალიან მეჩქარება. ჰარისონს ტერასაზე ნახავთ. მაპატიეთ, მაგრამ უნდა წავიდე.
ჰარისონი ვერანდაზე მაგიდასთან იჯდა. მას თავიც კი არ მოუტრიალებია, როდესაც პუარო მიუახლოვდა.
– ო, მონ ამი, კარგად ხართ?
კითხვას გრძელი პაუზა მოჰყვა. შემდეგ ჰარისონმა თითქოს ძალდატანებით წარმოთქვა:
– კი, კი. ცუდად რატომ უნდა ვიყო?
– არანაირი ცუდი შეგრძნებები არ გაქვს?
– რატომ უნდა მქონდეს ცუდი შეგრძნებები?
– სოდის გამო.
ჰარისონი შეირხა.
– სოდის გამო? ამით რისი თქმა გსურთ?
– ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე იძულებული ვიყავი თქვენს ჯიბეში ცოტა სოდა ჩამეყარა.
– სოდა? ჩემს ჯიბეში? რატომ?
– უნდა გითხრათ,  ჩემთვის არანაირ სიძნელეს არ წამოადგენს სხვის ჯიბეში ჩაძვრომა. ეს ერთმა ჯიბის ქურდმა მასწავლა, რომელსაც ოდესღაც დავეხმარე.   ერთ ხელს მხარზე გადებთ, ისეთ სახეს ვიღებ, თითქოს რაღაცით ძალიან შეწუხებული ვარ, თქვენ ყურადღება ამაზე გადმოგაქვთ, მე კი შეუმჩნევლად ვახერხებ, რომ ის, რაც თქვენს ჯიბეში დევს, ჩემს ჯიბეში გადმოვიტანო. თუ ვინმეს სურს ჭიქაში შხამი სწრაფად და შეუმჩნევლად ჩაყაროს, ის პიჯაკის მარჯვენა ჯიბეში უნდა ჩაიდოს. ვიცოდი, რომ იქ იქნებოდა.
პუარომ ხელი ჯიბეში ჩაიყო და იქიდან რამდენიმე მსხვილი, თეთრი კრისტალი ამოიღო. ჰარისონმა, როგორც იქნა, ხმა ამოიღო.  
– თქვენთვის კონკრეტულად რა არის ცნობილი?
– როგორც უკვე გითხარით, კლოდ ლენგტონის სახელი აფთიაქის სარეგისტრაციო წიგნში ამოვიკითხე, მაგრამ არაფერი გითხარით იმის შესახებ, რომ ამის შემდეგ მას შემთხვევით შევხვდი. მითხრა, რომ თქვენი თხოვნით კალიუმის ციანიდი ბზიკების ბუდის გასანადგურებლად იყიდა. ეს უცნაურად მომეჩვენა, რადგან თქვენ მიერ ნახსენებ სადილზე ამტკიცებდით, რომ ასეთ საქმეში ციანიდის გამოყენება დაუშვებელიაო. ამას გარდა, მე კლოდ ლენგტონს და მოლი დინს თვალს ვადევნებდი, როცა იმათ ეგონათ,  ვერავინ გვხედავსო. არ ვიცი რა მოხდა მათ შორის, რამაც მოლის თქვენკენ უბიძგა, მაგრამ მივხვდი, რომ გაუგებრობა წარსულს ჩაბარდა და შეყვარებულები ისევ ერთად იყვნენ. და კიდევ – ამ დღეებში ჰარლი-სტრიტზე ვიყავი და დავინახე, როგორ გამოხვედით სახლიდან, სადაც ერთი ჩემი ნაცნობი ექიმი ცხოვრობს. მე ვიცი, მასთან რა დაავადებების გამო მიდიან. თქვენმა სახის გამომეტყველებამაც ყველაფერს მიმახვედრა. ასეთი სახე მხოლოდ იმ ადამიანს აქვს, ვისაც სულ ახლახან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ვცდები?
– არ ცდებით, ორი თვე დამრჩა.
– ყველაფერი უკვე ვიცოდი და აქ ჩამოვედი. სარეგისტრაციო წიგნში ლენგტონის სახელი დავინახე, მერე მას შემთხვევით შევხვდი და ამის შემდეგ თქვენთან წამოვედი. რამდენიმე კითხვა დაგისვით, თქვენ არ აღიარეთ, რომ ციანიდის ყიდვა ლენგტონს თქვენ სთხოვეთ. ლენგტონისგან ვიცოდი, რომ თქვენთან ცხრის ნახევარზე უნდა მოსულიყო. თქვენ კი მითხარით ცხრაზეო, იმ იმედით, რომ როცა დავბრუნდებოდი, ყველაფერი დასრულებული იქნებოდა...
– ჩემთან რატომ მოხვედით? – იყვირა ჰარისონმა.
– მე ხომ გითხარით, რომ მკვლელობის საქმეს ვიძიებდი.
– თქვენ გინდათ თქვათ, თვითმკვლელეობის.
– არა, – პუაროს ხმა გაუმკაცრდა, – მე მინდა ვთქვა, მკვლელობის. თქვენი სიკვდილი სწრაფი და იოლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სიკვდილი, რომელსაც ლენგტონს უმზადებდით, ნამდვილად საშინელი იქნებოდა. თქვენი გეგმა ასეთი იყო: იგი იყიდიდა შხამს და თქვენთან მოვიდოდა.  ერთად დალევდით ჩაის. უცებ თქვენ მოკვდებოდით, თქვენს ჭიქაში კი შხამს იპოვნიდნენ. კლოდ ლენგტონს სიკვდილს მიუსჯიდნენ.
– რატომ ჩამოხვედით,  ჩემთან რატომ მოხვედით?
– მომწონხართ. მუხედავად ყველაფრისა. განწირული ხართ, განუკურნებელი დაავადება გაქვთ. ასევე, დაკარგეთ ქალი, რომელიც გიყვარდათ. დიახ, ეს ყველაფერი ასეა. მაგრამ არ მინდა, სული მკვლელობითაც დაიმძიმოთ.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3