კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ უნდა გაიგოს ქრისტიანმა როგორია მისი რწმენა და რატომ აქვს ადამიანს ფსიქიკა მუდმივად არეული

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  დღეს ადამიანებში ყველაზე მეტად ბოროტება ჭარბობს, რაც შემდეგში ქრისტესთან აშორებს მათ. როგორ უნდა დავინახოთ საკუთარ თავში ბოროტება და როგორ გავხდეთ ღვთის მსახურები, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ჩვენში დამკვიდრებულია ასეთი აზრი, რომ დედის ლოცვა ძალიან ძლიერია და ზოგადად, ქალის ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. სახარებაში წერია: კაცი ვინმე მივიდა ქრისტესთან და ევედრება: ჩემი შვილი მთვარეულია. შენმა მოციქულებმა ვერ განკურნეს და გთხოვ, შენ განკურნოო. მაცხოვარმა შეისმინა მისი ვედრება და განკურნა შვილი. შეგახსენებთ, რომ არსებობს ბოროტი და ბოროტება. ყველა გონიერ ადამიანს უნდა გაუჩნდეს კითხვა: ჩემშიც ხომ არ არის ბოროტიო. ვისშიც არის ბოროტი, ის ამ კითხვასაც არ დასვამს. როდესაც ქრისტე მოციქულებს ეუბნება: ერთ-ერთი თქვენთაგანი გამცემსო, ამ დროს 11 მოციქული შეშფოთდება, ყველას დაებადება კითხვა: მე ხომ არაო, მხოლოდ იუდას არ გაუჩნდება ეს კითხვა. საკუთარ თავს ხშირად უნდა ჰკითხოთ: მე ხომ არ ვარ ეშმაკეულიო. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ გარკვეული დოზით თქვენშიც არსებობს ბოროტება. ვინც ფიქრობს, რომ მასში არ არის ბოროტება, პირიქით, სწორედ, მასშია დიდი დოზით ჩაბუდებული. მეორე საუკუნეში ეკლესიაში იყო სერიოზული დავა, კამათი – ვინ იყო ბოროტი და საიდან წარმოიშვა ის. ორიგენე, რომელიც შემდეგში მწვალებლობაში ჩავარდა, ამბობდა: სასუფეველში ერთ-ერთ ანგელოზს მოსწყინდა სასუფევლის ნეტარება და დაეცა. „კოროს“ – ანუ თითქოს მოყირჭდა სასუფეველიო. წმიდა მამებმა უარყვეს ეს შეხედულება და საწინააღმდეგო სიტყვა შემოიტანეს: „აკორისტოს“ – ანუ მოუყირჭებადი. სასუფეველში მოუყირჭებადი, მოუწყენელი ნეტარებაა, სულ ლხინია და არ შეიძლება, ვინმეს რამე მოსწყინდეს. აბა, რა დაემართა? რა და, მოიხიბლა საკუთარი ნეტარებით, ნათებით, შეშურდა ღვთისა და აღარ მოინდომა მისი მორჩილება, რის გამოც დედამიწაზე გადმოაგდეს.
– რა უნდა ბოროტებას ადამიანისგან?
– ისეთი დიდი მამა, როგორიც სერაფიმ საროველი იყო, მცდარი აზროვნებით ფიქრობდა: გარკვეული რაოდენობა ანგელოზებისა დაეცა, რადგან როცა ქერუბიმი დაეცა, მისი ქვემდგომებიც დაეცნენ. ამიტომ მათი ადგილი სასუფეველში ადამიანებმა უნდა შეავსონ. ამიტომაც ვერ იტანენ ეშმაკები ადამიანებსო. ეს მცდარი სწავლებაა, რადგან თუ გარკვეული რაოდენობა დაეცა, ესე იგი, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც სასუფეველი უნდა  დაიკავონ, უკვე დათვლილია. ეს არასწორი შეხედულებაა. ეშმაკი ბოროტი და შურიანი არსებაა და მან რომ დაკარგა ნეტარება, არ უნდა, ადამიანმა დაიმკვიდროს სასუფეველი ცათა  და ყველაფერს აკეთებს, რომ არ ცხონდეს. როდესაც იესო ქრისტემ განკურნა მთვარეული ბიჭი, მოციქულები ეკითხებიან: ჩვენ რატომ ვერ შევძელითო. მაცხოვარი კი პასუხობს: როდემდე უნდა ვიყო თქვენთან, როდემდე უნდა გიტვირთოთო. ამიტომაც ვეუბნებით მრევლს: რატომ იქცევი ასე, ამდენი ხანი დადიხარ ეკლესიაში და როგორ გეკადრება? რატომ აკეთებ ამას, როცა ამდენი ხანია, ეკლესიაში დადიხარ? ვიღაც მკითხავთან  კი არ უნდა მიხვიდეთ, რაღაცები კი არ უნდა წაგიკითხოთ, როგორც მაცხოვარი ამბობს: ეს მოდგმა, ანუ ეშმაკები ლოცვითა და მარხვით განიდევნებაო – ეს არის ფორმულა.  კითხვაზე: ჩვენ რატომ ვერ გავაკეთეთ ესო, მაცხოვარი პასუხობს: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდეთ, მთებს გადაადგილებდითო. იესო ქრისტემ ვისაც უქადაგა, ძირითადად გაუნათლებელი, უწიგნური ხალხი იყო, რომელთაგან მსოფლიო რელიგია შეიქმნა.
– როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა?
– ჩვენ ხომ ვმარხულობთ, დავდივართ ეკლესიაში, არ ვმრუშობთ, ვლოცულობთ, არ ვიპარავთ, ცუდი ადამიანები ხომ არ ვართ, გვწამს ასე თუ ისე, დავდივართ წირვაზე, რატომ არის ჩემში ბოროტება, რატომ არ ვაკეთებ ბევრ რამეს? იაკობ მოციქული ამბობს: რწმენა საქმეების გარეშე მკვდარიაო. მაჩვენე შენი რწმენა და გაჩვენებ შენს საქმეებს. გაჩვენებ შენს საქმეებს და მაჩვენე შენი რწმენაო. რა საქმეებია საჭირო? ზოგი იფიქრებს – მათხოვარს რომ ფულს მივცემ, ეს არის საქმეებიო. ამას ბევრი ქველმოქმედი აკეთებს და ბევრი სხვა რწმენის ადამიანი. პირველი საქმე ღვთისმსახურებაა. ეს ჩვენს საქმეებში უნდა გამოიხატებოდეს, იმ საქმეებში, რითიც ვართ დაკავებული. მაგალითად, ყიდი რამეს, იფიქრე, რომ ქრისტე მოვიდა შენთან, არ მოატყუო, არ დააკლო. მასწავლებელი რომ ხარ, აპირებ გაუბრაზდე ბავშვს, დაფიქრდი იმ ბავშვზე და მიხვდი, რომ არასწორად იქცევი. შემოსილი კაცები რომ არიან მღვდლები, ისინი წირვის დროს თანამწირველები არიან ქრისტესი და როცა ვინმე საუბრობს, უთხარი: ჩუმად, ქრისტე სწირავსო. თუ ასე ვიფიქრებთ, აღარ მოვიქცევით ცუდად და ღვთიმსახურებაში ვიქნებით. დღეს, სამწუხაროდ, ყველაფერი ქრისტეს გარეშეა.
– რატომ ხდება, მამაო, ასე?
– დღეს ბევრი ტაძრიდან, ადამიანიდან გამოგდებულია ქრისტე. ეს ადამიანები გარეგნულად კარგად გამოიყურებიან, ეკლესიურები არიან, თითქოს წირვა ტარდება, მაგრამ იქ არ არის ქრისტე, არ არის ღვთიმსახურება. არადა, ჩვენ ყველანი ღვთისმსახურები ვართ და ღვთისმსახურება არის ის, რომ ყოველთვის ქრისტე უნდა გვედგეს თვალწინ. რატომ ხდება, რომ დღეს ბევრი ადამიანია ცუდად და უკმაყოფილოები არიან ქრისტესი. ექიმს რომ უწერია კარზე: მეცნიერებათა დოქტორი და სხვა რეგალიები, მასთან შესვლა 70 ლარი რომ ღირს, როდესაც მასთან პაციენტი შედის, უნდა იფიქროს იმაზე, რომ  იესო ქრისტე შედის. პაციენტი კი უნდა ფიქრობდეს, რომ შედის მკურნალთან, იესო ქრისტესთან. ასე თუ არ იფიქრებენ, ორი ავადმყოფი ადამიანი ერთმანეთს ვერ განკურნავს. ის ექიმიც ავადმყოფია და პაციენტი ხომ არის და არის, ამიტომაც არანაირი განკურნება არ ხდება და არანაირი შედეგი არ აქვს მკურნალობას. რატომ არის დღეს ამდენი დარდი, რატომ არის ჩვენი ფსიქიკა არეული, რატომ არის თანამედროვე ადამიანი მიტოვებული და სევდიანი? იმიტომ, რომ ქრისტე არ არის მასში, ეშმაკი ჰყავს დაბუდებული. იმიტომ არის ეშმაკი გათავხედებული, რომ ჩვენ ქრისტე აღარ გვინდა და ეშმაკს დავუთმეთ ადგილი. პავლე მოციქული გვაფრთხილებს: ეშმაკს ადგილი არ მისცეთო, რადგან როგორც კი ადგილს მისცემთ, ის შემოდის თქვენთან აზრებით, ფიქრებით, საქმით, გეუბნებათ: რა კარგი ხარ, როგორი ჭკვიანი ხარ, როდემდე უნდა იყო მღვდელი, ეპისკოპოსობა არ გინდა? დიაკვნობა არ გინდა? არ გინდა უფროსი გახდე? ნახე, შენ ყველაზე კარგი ქართველი ხარ, კარგი მამა, დედა. არადა შენ ყველაზე ცუდი ხარ. როცა ეს აზრები შემოვა თქვენში, მაშინვე მიხვდით, რომ ეშმაკისგან არის და უარყავით: ცოდვილთა შორის უპირველესი ვარ, ყველაზე ცუდი ვარ, ყველაზე ზარმაცი, არაფრის მაქნისი. თუ კარგები ვართ ქართველები, რატომ ვართ ამ მდგომარეობაში?  თუ რამე ჩვენში კარგია შემორჩენილი, ეს ღვთის წყალობაა, ქრისტესგან არის. ყველამ სხვა ადამიანში ქრისტე დაინახოს და მართლა გაბრწყინდება ჩვენი ქვეყანა და ნამდვილი ქრისტიანები ვიქნებით.

скачать dle 11.3