კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ უნდა დაძლიოს ქალმა ქმრის ღალატით მიყენებული ტკივილი

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ყველაფრის პატიება შეიძლება, მით უფრო, თუ ადამიანი გიყვარს. მთავარია, ჩვენ თავად ვიცოდეთ, რა გვინდა, რამდენად ძვირფასია ის ჩვენთვის და როგორ წარმოგვიდგენია ცხოვრება ღალატის შემდეგ.  ბუნებრივია, ღალატი  ძლიერი სტრესია,  თავისი უარყოფითი გამოვლინებებით. მძიმე შედეგებითა და ტკივილით.  ზოგადად, რატომ და როდის უნდა აპატიოს ქალმა ქმარს ღალატი და როგორ უნდა მოიქცეს გადატანილი სტრესის  შემდეგ.
  მარი (38 წლის): ოჯახი ცოტა გვიან შევქმენი, 32 წლის ასაკში. ჩემი მეუღლე ჩემზე ოთხი  წლით უფროსია. არ ვტრაბახობ, მაგრამ ჩვენი ქორწინება დიდი სიყვარულის შედეგი იყო. კარგი მეგობრები ვიყავით. ერთად ვმუშაობდით. ერთ დღეს შევხედე, მანაც შემომხედა და ორივე მივხვდით, რომ ჩვენ შორის რაღაც განსაკუთრებული მოხდა.  იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ,  ამის შემდეგ ჩვენ ცალ-ცალკე არასდროს ვყოფილვართ. დაახლოებით ორი წლის თავზე ოჯახი შევქმენით. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ჩემი ქმრის ცხოვრებაში  ძველი  სიყვარული არ გამოჩნდა და თავი არ შეახსენა.
– რას  ეძახით  ძველ სიყვარულს?
– პარტნიორ ქალს, რომელიც ჩვენს გაცნობამდე ჰყავდა. ათი წლით უფროსი იყო ჩემს მეუღლეზე. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ასაკის გამო სიყვარულისა და პირადი ცხოვრების უფლება არ ჰქონდა.  უბრალოდ, მე გადამექცა  ეს  პრობლემად.  როცა ჩვენი ურთიერთობა გასერიოზულდა,  იმ ქალს თურმე  თავი დაანება.  
– ანუ, ისე გაჰყევით ცოლად, რომ  ეს ამბავი არ იცოდით?
– არა. მე ხომ არ მეტყოდა, საყვარელი მყავს და  შენ გამო თავს ვანებებო. მაგრამ, ვფიქრობ, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ვუყვარდი და ჩემთვის ტკივილის მოყენება არ უნდოდა. დავქორწინდით. ორი შვილი შეგვეძინა და ბედნიერი ოჯახიც გვქონდა. და ის ქალი ისევ გამოჩნდა, ჩვენი დაქორწინებიდან  ექვსი   წლის შემდეგ. წარმოგიდგენიათ?  ჩემმა ქმარმაც  ცდუნებას ვეღარ გაუძლო.
– რას ნიშნავს, ცდუნებას ვერ გაუძლო?  ამართლებთ?
– ჩემმა ქმარმა გულახდილად მომიყვა ყველაფერი, თორემ დეტალებს საიდან გავიგებდი. მითხრა, რომ მასთან ურთიერთობა არასდროს ექნებოდა და რაც იყო, ჩვენ შეხვედრამდე იყო. ჩემი ქმარი ასეთი ტიპია – არაფერს მიმალავს, გულახდილია. ამიტომ მისი საყვარლის გამოჩენის ამბავი პირველმა მე შევიტყვე.
– როგორ მშვიდად საუბრობთ  ამაზე.
– იცით, რაშია საქმე? ზედმეტი ემოციები ყოველთვის ყველაფერს  აფუჭებს. როცა ეს ამბავი გავიგე, ქმარმა მითხრა –  იმ ქალის მიმართ არანაირი გრძნობა არ მაქვს, მაგრამ მას ჩემთან ურთიერთობა უნდა, ამბობს, რომ ვერ დამივიწყაო. დავუჯერე. ვიცოდი, რომ ბევრი ქალი ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდაც კაცი „დაითრიოს“. ისევ ქმრის იმედი მქონდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ არ მიღალატებდა, მაგრამ იმ ქალმა ყველაფერი გააკეთა და თავისი მაინც გაიტანა. როგორც ჩანს, ჩემი ქმრის თავდაპირველმა უარმა უფრო გაამწარა და გააქტიურდა.
– ხვდებით, რომ ქმარს, ფაქტობრივად, არ ადანაშაულებთ? თავიდანვე გადაწყვიტეთ, რომ ყველაფერში ის ქალი იყო დამნაშავე და „შეცდენილი“ ქმარი  უკან მშვიდად მიიღეთ?
– არ ვიცი, შეიძლება. მე მიყვარს ჩემი ქმარი და მინდა, იმ  ვერსიის მჯეროდეს, რომელიც მან მომიყვა. ჯერ სახლში მიიტყუა, მერე კი რაღაცით გააბრუა. ჩემი ქმარი ოჯახიდან წავიდა და ორი თვე  იმ ქალთან ცხოვრობდა. საშინელი დღეები გამოვიარე, ბავშვებიც განიცდიდნენ მამის სახლიდან წასვლას. თან, ყველაზე მტკივნეული ის იყო, ვიცოდი, რომ ჩემი ქმარი  იმ ქალმა რაღაცებით გააბრუა.
– „რაღაცით გაბრუების“ ვერსია თავის მოტყუება არ გგონიათ?
– არ მინდა მაგაზე ვიფიქრო. რადგან ახლა ისევ ოჯახისკენ მობრუნდა. გონება გაეხსნა და მიხვდა, რომ მეც და ოჯახსაც გული გვატკინა. სახლში რომ მოვიდა და დავინახე, გული წამივიდა. ორი თვის განმავლობაში არც შევხვედრივარ და არც დავლაპარაკებივარ. თავს ვერ მივცემდი იმის უფლებას, იმ ქალთან დამცირებული გამოვჩენილიყავი. ველოდებოდი. მჯეროდა, რომ დაბრუნდებოდა.  ბოდიშები მიხადა და მიხსნიდა, რომ იმ ქალმა რაღაც გაუკეთა. მეზიზღება, მთელი ეს პერიოდი ოჯახს რომ მომაცილაო.  შევატყვე, რომ გულწრფელი იყო. მე კარგად ვიცნობ ჩემს ქმარს.
–  და ასე ადვილად  აპატიეთ ქმარს ღალატი?
– დიახ, ვაპატიე, იმიტომ, რომ მე ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. კი ეცადა ის ქალი, რომ საბოლოოდ დავეშორებინეთ, მაგრამ ვერ შეძლო. მე ხომ არაფერი დამიძალებია, არაფერი გამიკეთებია მის დასაბრუნებლად. თვითონ დატოვა ის ქალი და ჩემთან მოვიდა. ამით  თქვა, რომ მე ვიყავი მისთვის ძვირფასი. არჩევანი ჩემ სასარგებლოდ გააკეთა.  დღეს მე და ჩემი ქმარი  ისევ ერთად ვცხოვრობთ და ჩვენს შვილებს ვზრდით. ვცდილობ, ის ორი თვე არც მას გავახსენო და არც მე გავიხსენო. ზუსტად ვიცი, შინაგანი ხმა მეუბნება, რომ ჩემი ქმარი ღალატს გამიზნულად არასდროს იკადრებდა, იმ ქალს რაღაცებით რომ არ გაებრუებინა.
– ქალები იმაში ვცდებით, რომ კაცს მაშინვე გამოვუწერთ ხოლმე ინდულგენციას და ყველაფერს ისევ სხვა ქალს  ვაბრალებთ.
– იცით, რაშია საქმე? მადლობა ღმერთს, რომ გონს დროულად მოეგო და ოჯახს დაუბრუნდა. აღარ მინდა, ვქექო და ავურიო ყველაფერი. თქვენთან საუბარი იმიტომ გადავწყვიტე, რომ ქალებს მივმართო: დიახ, ღალატი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ უპატიებელი არაფერია, მით უმეტეს, როცა საქმე დიდ სიყვარულს ეხება. თანაც, ჩემი ქმრის შემთხვევაში, აშკარაა, რომ იმ ქალმა იაქტიურა. გულახდილად გეტყვით, ჩემთვის მთავარი ის არის,  რომ ბოლოს მაინც მოვიდა ჭკუაზე და მიხვდა, მისთვის ცოლი და შვილები უფრო ძვირფასი იყო. თუ ქმარი მართლა გიყვარს, მაშინ ერთხელ ღალატსაც აპატიებ.  არ იფიქროთ, რომ ეს ადვილი იყო. მეც ხშირად მითქვამს, ქმარს ღალატი როგორ უნდა ვაპატიო-მეთქი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, აღმოჩნდა, რომ ღალატის პატიება შემძლებია. არც ვნანობ ამას. გულახდილად გეუბნებით, საყვარელი ადამიანი გვერდით მყავს და ტკივილიც ნელ-ნელა გადის.  უარესებიც ხდება. შენი ქმარი სხვას არ უნდა დაუთმო. მით უმეტეს, როცა პატიებას გთხოვს და ინანიებს.

скачать dle 11.3