კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რატომ გამოდიან ჩვენი უმაღლესი სასწავლებლებიდან „დაბრაკული“ სპეციალისტები და რატომ ემუქრება საქართველოს კლასიკურ მესამე სამყაროს ქვეყნად ჩამოყალიბება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  2019 წელს, ეგრეთ წოდებული, უფასო, ანუ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი ასეთია: ქართული ფილოლოგია, აფხაზური ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეკონომიკა, მშენებლობა, ენერგეტიკა, არქიტექტურა, აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, მეცხოველეობა, სამთო და გეოინჟინერია, საინჟინრო გეოდეზია, გეოინფორმატიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია, მეტალურგია, მევენახეობა და ენოლოგია, მასალათმცოდნეობა, სატრანსპორტო ლოჯისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა და სხვა (სპეციალობების სრული ჩამონათვალი გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე). ჩამონათვალი თვალნათლივ მოწმობს, რომ ქვეყანაში სპეციალისტების დიდი დეფიციტია, რაც დიდი გააზრების გარეშეც მიუთითებს, რომ ბევრიც არ გვიკლია კლასიკურ მესამე სამყაროს წევრად ჩამოყალიბებად. მეორე მხრივ, ისიც პრობლემაა, გვყავს კი უფრო ასაკოვან თაობაში სპეციალისტები, რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალისტების მომზადება შეუძლიათ? – ამ საკმაოდ მტკივნეულსა და, მე ვიტყოდი, საბედისწერო თემას ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად განვიხილავთ.
– ამ სპეციალობების ჩამონათვალი ჰაერიდან ხომ არ მოუტანიათ, ალბათ, მათი დაუფლების მოსურნენი ცოტანი არიან, ანუ ამდენ სფეროში გვაქვს უკვე კადრების დეფიციტი?
– გაცილებით უარესადაა საქმე, ანუ პრიმიტიულადაა დანახული ეს პრობლემა. დაჯდა ორი-სამი ადამიანი, რომლებსაც თავი აქვთ ან არ აქვთ და დაიწყეს ფიქრი, რა სპეციალისტების ყოლა იქნებოდა კარგი საქართველოსთვის და რა სფეროებში გვჭირდება პროფესიონალები, რომ ააყვავონ ქვეყანა. ამ ლოგიკით, ჩამოთვალეს რაღაც სპეციალობები და ასე ფანტაზიებით შეიქმნა ეს ჩამონათვალი. არადა პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ, წესით, ამგვარი პრობლემები. საკითხი რომ ასე დაისვას, რომელ სფეროში გვინდა პროფესიონალები და როგორ უნდა გაჩნდნენ ისინი, მისი პასუხი სულ სხვა იქნება – პროფესიონალები, რომლებიც ააშენებენ ამ დარგებს და აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკას, ასეთი რამ კი იქმნება კონკურენციის პირობებში. სამყარო დღეს დგას კონკურენციაზე. საუკეთესოთა შორის საუკეთესო ქმნის ახალს და ეს სიახლე გადააქვს მთელ მსოფლიოს. ამ შესაძლებლობას ქმნის მხოლოდ კონკურენცია. ისევე, როგორც ლეონარდო და მიქელანჯელო კონკურენციის პირმშოები არიან და წარმოიდგინეთ, სიქსტის კაპელის მომხატველის ძიებისას იგივე დამოკიდებულება რომ გამოეჩინათ, რადგან არ გვყავს კარგი  მხატვრები, უფასოდ ვასწავლოთ ხატვა და შემდეგ ისინი მოგვიხატავენო.
– მე უფრო მარტივად ვიტყვი – ჩვენ გვჭირდება უბრალოდ ფილოლოგი და ფიზიკოსი კი არა, ძალიან კარგი ფილოლოგი და ფიზიკოსი.
– რა თქმა უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფა იქნება. უნდა გაჩნდეს კონკურენტუნარიანი სფერო, რომელშიც ერთმანეთს შეეჯიბრებიან პიროვნებები და ეს საბოლოოდ მოიტანს აღორძინებას სხვადასხვა დარგის, იქნება ეს მხატვრობა, ინჟინერია, სოფლის მეურნეობა თუ სხვა.
– მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე, ცნობილია, 100 აკადემიკოსი უნდა გყავდეს, რომ იქიდან 20 იყოს ნამდვილი აკადემიკოსი და გამოგადგეს, თუ გეყოლება 20, იქიდან მართლაც პროფესიონალი იქნება 4, და თუ 5, მაშინ – ერთი.
– მეც მაგ ლოგიკას ვადგავარ, უნდა იყოს დიდი ბაზარი, დიდი კონკურენცია და შედეგად, იმ 100 ადამიანში გამოჩნდება ერთი-ორი მიქელანჯელო ან ლეონარდო, უზნაძე ან მუსხელიშვილი, ივანე ჯავახიშვილი ან ივანე ბერიტაშვილი, რომლებიც შექმნიან დიდ და მნიშვნელოვან პროდუქტს. ამგვარად, სოფლის შენება რთული გზაა. თუ გადავხედავთ გაუფასურებულ უმაღლეს სასწავლებლებს, იქ როგორ ასწავლიან მათ, ვინც თავად იხდის სწავლის საფასურს, ვნახავთ, რომ მათ, უბრალოდ, დიპლომი უნდათ და არც დადიან, ხოლო ვინც მათ ასწავლით, მათაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ. სტუდენტებს არ აქვთ მოტივაცია, არაფერი აინტერესებთ, ფორმალური სწავლებაა და, ამდენად, არანაირი აქტიურობა არ შეიმჩნევა პროფესურის მხრიდან, რის შედეგადაც გამოდიან, საბჭოთა დროს რომ უწოდებდნენ, „ბრაკი“, ანუ წუნიანი სპეციალისტები. ეს ბუნებრივია, როდესაც ასე შეუსწავლელად და ხელოვნურად მიიღება გადაწყვეტილებები განათლების სფეროში და შედეგიც ასეთი კატასტროფულია.
– მე არ მგონია, ცუდი იყოს, თუ სტუდენტი თანხას არ გადაიხდის სწავლაში და მას სახელმწიფო დაეხმარება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი რგოლია, ამ სპეციალობებისთვის ბაზარიც ხომ უნდა შეიქმნას, სადაც ისინი დასაქმდებიან? აფხაზური ენის სპეციალისტები სად უნდა დასაქმდნენ ან მათემატიკოსები? სკოლებში?
– გლობალურად შევხედოთ საკითხს: ის ჰგავს ევოლუციას. ბუნებასაც აქვს მსგავსი მიზნები და ამიტომაც რაღაც სახეობები ქრება, დანარჩენები ვითარდებიან და მრავლდებიან. რის მიხედვით ხდება ეს? კონკურენციისა და შეჯიბრების შედეგად. ჩვენ ამ ტიპის ევოლუცია მინდობილი არ გვაქვს ბუნების ძალებისთვის და ჩვენი გონებით ვცდილობთ, გადავწყვიტოთ, ვინ იყოს და როგორი უნდა იყოს. ანუ საზოგადოება და, მით უმეტეს, დემოკრატიული, ასე ფიქრობს: ჩვენ გვაქვს უნარი, ჩავერიოთ და ბუნების ძალებზე უკეთ ვმართოთ ჩვენი რეალობა. ოღონდ ქართულ რეალობაში ასე არ არის, მაგრამ სადაც არის, სადაც ადამიანების ნიჭი და რესურსი მართავს ქვეყანას, საკითხი ასე დგას, ვიმოქმედოთ უფრო ბრძნულად, ვიდრე ბუნების ინსტინქტები მართავს. ასე რომ, საჭიროა, მოინახოს ისეთი სისტემა, რომელიც იქნება უფრო ბრძნული, ვიდრე ბუნებრივი გადარჩევაა და არა ორი-სამი ადამიანის ფანტაზიის შედეგი. ასეთი სისტემა ჩვენ მეტ-ნაკლებად გვქონდა რაღაც პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ არ გვქონდა დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენი განათლების სისტემა ამაზე ფიქრობდა, განსაკუთრებით იმ დარგებში, რომლებიც განვითარდა საქართველოში და იმ დარგების სპეციალისტები ამბობდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო აღზრდა-განათლება სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებელში და როგორ უნდა მოგვემზადებინა პროფესიონალები. ასეთი სისტემა დღესაც შეგვიძლია, შევქმნათ, თუ თანამედროვე დონეს მივაღწევთ მეცნიერების ისეთ სფეროებში, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია საზოგადოების მართვა. ესენია სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როგორ იქმნებიან სპეციალისტები ტექნიკურ სფეროშიც და საქართველოში იყო სკოლები და ამ სკოლების განვითარება გაცილებით ადვილია, ვიდრე ცარიელ ნიადაგზე რამის შექმნა. მაგალითად, არსებობდა ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, არსებობდა მათემატიკის სკოლა, ფიზიკის.
– ფიზიოლოგიის.
– დიახ და მათმა გაუქმებამ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში მეცნიერება, ფაქტობრივად, მოსპო. მათ უნდოდათ ისევე სწრაფად მიეღწიათ წარმატებისთვის, როგორც ჰიტლერულმა გერმანიამ მიაღწია ადმინისტრაციული და დასჯის მეთოდებით, გერმანია მართლაც აყვავდა 2-3 წელიწადში, მაგრამ ვნახეთ, რაც მოუტანა შემდეგ ამან გერმანიას და დაახლოებით იგივე ხდებოდა ჩვენთანაც, როდესაც არ ფიქრობდნენ მომავალზე, მეცნიერებაზე და, ფაქტობრივად, მოისპო ფუნდამენტური დარგები. მაგალითს მოვიტან, რომ უფრო ნათელი იყოს, რასაც ვამბობ: ადვილია ხელშეწყობით ისეთი განვითარებული სფეროების აღორძინება, როგორიცაა ჭიდაობა, ჭადრაკი ან რაგბი, ვიდრე კრიკეტის ან ბეისბოლის განვითარება, რასაც არანაირი საფუძველი არ ჰქონია ჩვენს ქვეყანაში. ამდენად, იმ დარგებს რომ მიეცეს განვითარების საშუალება, რაც ჩვენთან განვითარებული იყო საკმაოდ მაღალ დონეზე,  შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება, მაგრამ ჩვენთან მეცნიერებას საერთოდ არ ექცევა ყურადღება. სამეცნიერო ინსტიტუტების დასამარების შემდეგ ამ ხელისუფლებამაც კი ვერ აღადგინა ეს მიმართულებები და სამეცნიერო ინსტიტუტები.
– სამეცნიერო ინსტიტუტი არის თუ არა დასავლური ტიპის სისტემა, რომელიც ეფუძნება კონკურენციას? თუმცა აქვე ვიტყვი, არც მე მესმის, გქონდეს ფიზიკის, მათემატის, ფიზიკის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის შენი სკოლები, გყავდეს ამ დარგების შენი გამოჩენილი წარმომადგენლები და ის დაანგრიო, რაც ბევრ ქვეყანას არ აქვს მსგავსი.
– დიახ, ბევრს არ აქვს ფუფუნება, ჰქონდეს ისეთი კულტურა და მეცნიერება, როგორიც შეიქმნა ჩვენთან მეოცე საუკუნეში და პირდაპირ რომ ვთქვათ, ოცდამეერთე საუკუნეში საქართველოში მსგავსი მატერიალური და სულიერი კულტურა ვერ შეიქმნება. და, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთხოვთ პასუხს იმ მეცნიერების წარმომადგენლებს ისეთ რამეებზე, რაზეც მათ არ ეკუთვნით პასუხის მოთხოვნა და რის გამოც არ არიან გასაკიცხები. მაგალითად, ვთხოვთ პასუხს, თუ რატომ არ იყო ის ინტეგრირებული დასავლეთ ევროპის მეცნიერებასთან. სამეცნიერო ინსტიტუტები კი არ უნდა დაეხურათ და მათთვის უსაფუძვლო ბრალი კი არ უნდა წაეყენებინათ, არამედ უნდა დახმარებოდნენ. როგორ უნდა დაკავშირებოდნენ ისინი დასავლელ მეცნიერებს?! აი, ამაში სჭირდებოდა დახმარება ჩვენს მეცნიერებას, ამის მაგივრად კი, დახურეს სამეცნიერო ინსტიტუტები. აი, იმ ანეკდოტივით, ფეხებს რომ დააჭრიან ხოჭოს, შემდეგ ეუბნებიან, წადიო, ხოჭო ვერ მიდის და დაასკვნიან, დაყრუვდაო. სადაც სხვაგვარად მოხდა, ჩეხეთს ახსენებენ ყველაზე კარგ მაგალითად, ბალტიის ქვეყნებს – ისე რა, ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია ამ სფერომ. ჩვენთან კი ისევ უნიჭოდ და გაუაზრებლად მიიღება გადაწყვეტილებები. დღეს ფსიქოლოგიაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა და მეცნიერების სხვა სფეროებშიც იგივეა, ალბათ. არადა, ყველა ჩვენი მეცნიერი და სპეციალისტი დაფასდა, ვინც გასვლა მოახერხა. ამის გაკეთება კი რთულია სახელმწიფოს დახმარების გარეშე. გამოუცდელი ქვეყანა და ადამიანები დაბნეულები არიან და შეიძლება, მარჯვნივ უნდოდეთ სიარული და მარცხნივ წავიდნენ, ეგონოთ, კარგს აკეთებენ და ამ დროს – ავნებენ. სახელმწიფოს დახმარება არის გააზრება იმის, თუ რა მდგომარეობაა და როგორ უნდა გადავიდეს ახალ მდგომარეობაში. თავის შესაფერის ნიადაგში რომ გადარგავ მცენარეს, იფურჩქნება და უკეთეს ნაყოფს იძლევა.

скачать dle 11.3