კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ მკურნალობს კიბოს ფრიდონ შუბითიძე და რისთვის მიმართა მას პენტაგონმა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ფრიდონ შუბითიძე ქართველი მეცნიერია, რომელიც უკვე ოცი წელია, ამერიკაში საქმიანობს და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მრავალმილიონიან პროექტებზე მუშაობს.
  ფრიდონ შუბითიძე: მე აფხაზეთიდან ვარ. ომის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში  ჩავაბარე, გამოყენებითი ელექტროდინამიკის მიმართულებით. ვმუშაობდი რიცხვითი მეთოდების შექმნაზე ელექტროდინამიკური ამოცანების ამოსახსნელად. ასპირანტურის შემდეგ მივიღე საბერძნეთის სახელმწიფო სტიპენდია და ათენის ტექნიკურ უნივერსიტეტში განვაგრძე საქმიანობა. იქ ყოფნის დროს შემთხვევით გავიგე, რომ ამერიკაში ეძებდნენ მეცნიერს, რომელსაც შეეძლო დაბალსიხშირული ელექტრომაგნიტური ამოცანების ამოხსნა. კერძოდ, მათი ინტერესი იყო, აუფეთქებელი ჭურვებისა და ბომბების აღმოჩენისათვის საჭირო მეთოდიკის შექმნა. ასე დავიწყე მოღვაწეობა ამერიკაში 2000 წლიდან.
– ასე დაუკავშირდა თქვენი საქმიანობა პენტაგონს? რა შედიოდა თქვენს უშუალო მოვალეობაში მათთან თანამშრომლობისას?
– დიახ, ჩემი „სივისა“ და წერილის საფუძველზე მიმიწვიეს დართმუსის  კოლეჯში (უნივერსიტეტში). რეალურად ეს პროექტი ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა და რადგან მაშინ ამერიკის მოქალაქე არ ვიყავი, პირდაპირ მათ ლაბორატორიაში ვერ ვიმუშავებდი.
– თქვენ უნდა შეგექმნათ ხელსაწყო, რომელიც სახიფათო ტერიტორიებზე ჭურვის არსებობის შესახებ გვაძლევს ინფორმაციას.
– დიახ. ჩემი ამოცანა იყო, გამეგო, რამდენად შესაძლებელია  მიწისქვეშა მეტალური სხეულის იდენტიფიცირება. მაგალითად, გაქვთ აუფეთქებელი ბომბი და უკვე აფეთქებული. როგორ გავარჩიო უსაფრთხო რკინის ნაგლეჯი აუფეთქებელი ბომბისგან? ამისთვის მე და ჩემმა ჯგუფმა ძალიან ბევრი სამეცნიერო კვლევა ჩავატარეთ, შევქმენით ახალი მეთოდები, გამოვაქვეყნეთ 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, ჩემი ხელმძღვანელობით რამდენიმე სადოქტორო ნაშრომი დაიწერა და საბოლოოდ შევქმენით რეალური, პრაქტიკაში გამოსაყენებელი სენსორები. მართალია მეტალის დეტექტორი, რომელიც  ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნეს, მეტალის დეტექტირებას ახდენს, მაგრამ ის არ იძლევა იდენტიფიცირების საშუალებას. ახალი სენსორები, რომელიც უკანასკნელ 20 წელში შევქმენით, ობიექტის შესახებ სრულ ინფორმაციას იძლევა. სენსორებიდან მიღებული მონაცემების დამუშავებისთვის შევქმენი ახალი მეთოდები, რომელიც არა მარტო მეტალური სხეულების აღმოჩენის საშუალებას იძლევა, არამედ იდენტიფიცირებასაც ახდენს. ჩემს და ჩემს ჯგუფის მიერ შექმნილი სენსორებისა და ინდეტიფიცირების ალგორითმების ტესტირება 21 ყოფილ სამხედრო ბაზაზე მოხდა. მიღებული შედეგების შედეგად ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ პრობლემა გადაჭრილად გამოაცხადა. ამოცანის სამეცნიერო ნაწილის გადაწყვეტისთვის ჩვენ დაგვაჯილდოვეს წლის საუკეთესო პროექტისთვის. ჩვენ მიერ შექმნილი იდენტიფიცირების მეთოდების საფუძველზე შევქმენით კომპიუტერული პროგრამული პაკეტი, რომელიც სერტიფიცირებულია ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ. და მისი  გამოყენება შესაძლებელია ამერიკის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზების გაწმენდის დროს. ანუ 20 წლის პერიოდში ჩვენ შევძელით ფუნდამენტალური კვლევებიდან რეალურ პრაქტიკაში გამოსაყენებელი პროდუქტის (სენსორების და პროგრამული პაკეტის) შექმნა და დანერგვა. ამ პროდუქტის მართვა და გამოყენება ისეა გამარტივებული, რომ მათი ოპერირება საშუალო სკოლისა და ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებსაც კი შეუძლიათ.  
– კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თქვენს სახელს უკავშირდება, ესაა ნანოტექნოლოგიებით კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა.
– უკვე ოცი წელია, ამერიკაში ვარ. აქ ჩამოსვლიდან ექვს თვეში დამიკავშირდა ნანოტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ერთ-ერთი კომპანია და კონკრეტული შეკვეთა მომცა, ეს იყო ჩემი პირველი კავშირი ნანოტექნოლოგიებთან. შემდეგ დაიბადა იდეა – გამოგვეყენებინა ნანოტექნოლოგიები დნმ-ის გასაშიფრად. ამ იდეის განსახორციელებლად მივიღეთ სამწლიანი პროექტი (მილიონ ორასი ათასი დოლარი – ამერიკის ჯანდაცვის ინსტიტუტისგან) მაგნიტური ნანონაწილაკებითა და ატომური ძალის მიკროსკოპის გამოყენებით ადამიანის დნმ-მის გაშიფვრისთვის. ამ გრანტზე მუშაობისას შევხვდი ერთ-ერთ პროფესორ-ექიმს, რომლის საქმიანობაც ჰიპოთერმიასთან (გაცხელება) იყო დაკავშირებული და აინტერესებდა ნანონაწილაკების გამოყენება. კერძოდ, მას შეჰყავდა მაგნიტური ნანონაწილაკები სიმსივნის არეში და აკვირდებოდა მათ განაწილებას სიმსივნისა და ნორმალურ უჯრედებში. მისმა კვლევებმა აჩვენა, რომ უფრო მეტი ნანონაწილაკი აკუმულირდება სიმსივნის უჯრედში, ვიდრე ნორმალურში. ამ პროცესის კიდევ უფრო დეტალურად გამოკვლევისთვის და ნანონაწილაკებით სიმსივნის განკურნებისათვის ჩამოვაყალიბეთ ცენტრი, ასე დაიწყო ჩემი სამეცნიერო მუშაობა ნანონაწილაკებით სიმსივნის განკურნების მიმართულებით.  
– ნანომეთოდებით კიბოს მკურნალობის შესახებ აქამდეც გვსმენია. თქვენი პროექტის სიახლე და განსხვავებულობა რაში მდგომარეობს?
– დიახ, ჰიპერთერმიის მეთოდი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გამოიყენებოდა დაავადებების განსაკურნებლად, ასე მაგალითად, ცხელი რკინით ჭრილობის მოწვა ბაქტერიის გავრცელების შესაჩერებლად. სიმსივნის განკურნებისათვის ჰიპერთერმიის მეთოდის გამოყენება აქტიურად  დაიწყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, კერძოდ, მიკროტალღოვანი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ შეძლებდნენ ელექტრომაგნიტური ველების  მობილიზებას სიმსივნის არეში და ლოკალურად კიბოს უჯრედების განადგურებას.   
– მაღალი ტემპერატურის მეშვეობით კიბოთი დაავადებული უჯრედების განადგურებაზე გვაქვს საუბარი. თუმცა ეს მეთოდი აზარალებდა ჯანმრთელ უჯრედებსაც.
– დიახ. კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი სიხშირული (ანუ მიკროტალღური) ელეტრომაგნიტური დასხივებისას ადამიანის ორგანიზმის ელექტრომაგნიტური თვისებები იცვლება, და ეს ცვლილება  იწვევს ენერგიის გადანაწილებას არა მარტო სიმსივნის, არამედ ნორმალურ უჯრედებშიც. ამის შედეგად მიკროტალღური დასხივებისას ხდებოდა ნორმალური უჯრედების  განადგურება. ამ შეზღუდვის გამო ამერიკაში მეცნიერებმა დაიწყეს ფიქრი ამ მიზნით ნანონაწილაკების გამოყენებაზე. ნანონაწილაკების ჰიპერთერმიის დროს ნანონაწილაკები შეჰყავთ სიმსივნის  უჯრედებში, რის შემდეგაც მათ ელექტრომაგნიტური ველებით ააქტიურებენ. გააქტიურებისას ელექტრომაგნიტური ენერგია გადაეცემა მაგნიტურ ნანონაწილაკებს, რომლებიც ამ ენერგიას სითბოს სახით გამოყოფენ მის გარშემო არეში, ანუ, სითბო მხოლოდ კონკრეტულ ადგილას გამოიყოფა, სხვა წერტილებში – არა და შესაბამისად, სხვა უჯრედები არ ზიანდება. ესაა ახალი მიდგომა და მთავარი განსხვავება წინათ არსებული მიდგომებისგან. მაგნიტური ნანონაწილაკების ჰიპერთერმიით სიმსივნის (კერძოდ, მკერდის, საშვილოსნოსა და კანის (მელანომა) განკურნების შესასწავლად  ჩვენი ცენტრი დააფინანსა ამერიკის ჯანდაცვის ინსტიტუტმა 5-წლიანი, დაახლოებით, 15-მილიონიანი პროექტით. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი  მიზანი იყო, შეგვესწავლა და შეგვექმნა ახალი ნანონაწილაკები და შემდეგ ისინი ცხოველებზე გამოგვეცადა – ვირთხებზე, თაგვებზე, ღორებსა და ძაღლებზე. ეს ექსპერიმენტები ჩავატარეთ და ეფექტი ვაჩვენეთ.
– და როგორი იყო შედეგი?
– დავუშვათ, არსებობს მოცემულობა, რომ კიბოთი ცხოველი დაიღუპება ერთ თვეში და ჩვენი მიდგომით, ანუ აღნიშნუილი თერაპიით მკურნალობის შემდეგ, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთიდან თოთხმეტ თვემდე გაიზარდა. ჩვენ მიერ მოკლე დროში ჩატარებული კვლევების გამო არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ  სრულ განკურნებაზე, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივებაზე. ამის შესახებ გამოვაქვეყნეთ სტატიები, რომლებმაც ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ სამეცნიერო წრეებში.
– რაც შეეხება ამ ყველაფრის პრაქტიკაში დანერგვას?
– როცა ამერიკაში ჩამოდიხარ, ძალიან თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ადამიანს ენიჭება. ნებისმიერი ახალი წამალი თუ ხელსაწყო, რომელიც ადამიანთანაა დაკავშირებული, ძალიან დეტალურ ტესტირებას გადის და პრაქტიკაში დანერგვამდე ძალიან ბევრი ეტაპი უნდა გაატარონ, ამიტომ, ეს შესაძლოა, რამდენიმე წელში მოხდეს.
– ხომ არაა მოსალოდნელი, რომ ეს მეთოდი პრაქტიკაში საქართველოში დაინერგოს. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ცოტა ხნის წინ ამ ყველაფრის გამო პრეზიდენტმა ღირსების მედალი გადმოგცათ.
– ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ახალი წამოწყებების დანერგვა გაცილებით სწრაფად უნდა ხდებოდეს, ნაკლები ბიუროკრატია უნდა იყოს. ჩემი აზრით, მოქნილობით და სწორი მიდგომით საქართველო შეიძლება, გახდეს ტექნოლოგიების შემქმნელი და არა მომხმარებელი ქვეყანა.  მაგალითად, ისე, როგორც მოხდა C ჰეპატიტის წამლის საქართველოში ტესტირების   შემთხვევაში. რაც შეეხება ჩვენს გამოგონებას, მისი საქართველოში  დანერგვა შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიქმნას. დიახ, ახლახან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების  მედალი გადმომცა და გამოხატა დიდი დაინტერესება ამ ტექნოლოგიების საქართველოში დანერგვის მიმართულებით. აქ აღწერილი სამეცნიერო მიმართულებებით საქართველოში ჩემი ხელმძღვანელობით  შეიქმნა მაგნიტური ნანონაწილაკების ჰიპერთერმიის კვლევის სამეცნიერო ლაბორატორია და აუფეთქებელი ჭურვების აღმოჩენის ტექნოლოგიების შემქმნელი მცირე კომპანია.
 
скачать dle 11.3