კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ვინ აპირებდა ერეკლე მეფისა და მისი ოჯახის ამოწყვეტას

ნინო კანდელაკი ლაშა გაბელია

  ქართლის მეფის, ვახტანგ მეექვსის უმცროსი ვაჟის – პაატა ბატონიშვილის (1720-1765) შეთქმულება მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ნაკლებად ცნობილ მოვლენათა რიცხვს განეკუთვნება. ეს შეთქმულება მიზნად ისახავდა ერეკლე მეორის მოკვლას, ქართლის სამეფოს აღდგენასა და ტახტზე უფლისწულ პაატა ვახტანგის ძის დასმას.
  როგორც ყველაფერს, ამ შავბნელ ისტორიასაც თავისი წინაისტორია აქვს. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 1724 წელს გარე და შინაური მტრებისგან დამარცხებული ქართლის მეფე, ვახტანგ მეექვსე თავის ამალასთან და მემკვიდრეებთან ერთად საქართველოდან რუსეთში გადაიხვეწა. უპატრონო ქართლს კი ირანის მბრძანებლის, ნადირ შაჰის დახმარებით კახეთის ბაგრატიონები თეიმურაზ მეორე და მისი ძე ერეკლე მეორე დაეპატრონენ. ქართლ-კახეთი გაერთაინდა, ეს პროგრესული მოვლენა იყო, მაგრამ ქართლის თავადაზნაურობისა და თბილისის მოსახლეობის ნაწილი ასე არ ფიქრობდა, მათ ეთაკილებოდათ „კახელი მეფეების“ ქართლზე „ბატონობა“, მით უმეტეს, რომ თეიმურაზი და ერეკლე ქართლელ ბაგრატიონებზე უფრო მკაცრ ცენტრალიზებულ პილიტიკას ატარებდნენ და ფეოდალების დამოუკიდებლობას უფრო მეტად ზღუდავდნენ.
  თეიმურაზ მეორე, რომელიც ვახტანგ მეექვსის მხოლოდ სიძე იყო და ერეკლე მეორე, რომელიც მხოლოდ პაატა ბატონიშვილის დისშვილი გამოდიოდა, ფორმალურად, ქართლის სამეფოს უკანონოდ ფლობდნენ.
  მიუხედავად ამისა, სანამ ქართლის ბაგრატიონები რუსეთში იყვნენ, თეიმურაზს და ერეკლეს, ამ მხრივ, პრობლემები არ ჰქონდათ, მით უმეტეს, რომ მათ განიმტკიცეს ძალაუფლება, გააძლიერეს ქართლი და კახეთი, დაამარცხეს მრავალი მტერი და აღმოსავლეთ კავკასიაში დომინანტურ ძალად იქცნენ. 1762 წელს თეიმურაზი გარდაიცვალა და ერეკლე მეორე ახლა უკვე ერთიანი ქართლ-კახეთის სამეფოს მბრძანებელი გახდა.
  მეფე ვახტანგ მეექვსის შთამომავალ მამაკაცთაგან ერთადერთმა პაატამ მოახერხა, რომ რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების სურვილის საწინააღმდეგოდ, ამ ქვეყნიდან გამოქცეულიყო და ქართლში დაბრუნებულიყო. საინტერესოა, რამ აიძულა უფლისწულ პაატას რუსეთიდან გამოქცევა? პაატა თავისი დროისათვის საკმაოდ განათლებული პიროვნება იყო. რუსეთში მან საფუძვლიანად შეისწავლა სამხედრო ხელოვნება, საფორტიფიკაციო საქმე, არტილერია და ზარბაზნების ჩამოსხმის საქმეშიც დახელოვნდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, უფლისწული ფინანსურ გასაჭირში ჩავარდა. 1740 წელს რუსეთის მთავრობამ დაუნიშნა წლიურად 300 მანეთი. 1745 წლის მაისში პაატამ რუსეთის იმპერატრიცას, ანა იოანეს ასულს სთხოვა, რომ შესაფერის სამსახურში აეყვანათ, ანდა საქართველოში გამგზავრების ნებართვა მიეცათ. ამის პარალელურად, მან ითხოვა თანხა ვალების გასასტუმრებლად. იმპერიის ხელისუფალნი შიშობდნენ, რომ საქართველოში დაბრუნებული უფლისწული სპარსეთის სამსახურში არ ჩამდგარიყო და თავისი სამხედრო განათლება იქ არ გამოეყენებინა. ამის გამო, მათ პაატას შესთავაზეს ქვეით პოლკში ჩარიცხვა პოდპოლკოვნიკის წოდებით და ფულადი დახმარება. ამ შეთავაზებით უკმაყოფილო უფლისწულმა გადაწყვიტა, რომ რუსეთი საიდუმლოდ დაეტოვებინა.
  ქართლ-კახეთის მეფეები შეეცადნენ, რომ პაატას დახმარებით, საკუთარი არტილერია შეექმნათ. მათ თავიანთი ნათესავი ჯერ სამხედრო მრჩევლად, ხოლო შემდეგ თბილისის მოურავად დანიშნეს. პაატას დაეკისრა ქვემეხების ჩამოსხმის საქმის მოგვარება, რასაც მან თავი საკმაოდ წარმატებით გაართვა.  საგულისხმოა, რომ უფლისწული თავის მკვეთრ ანტირუსულ განწყობას არ მალავდა. თავისი ძმისადმი – გიორგი ბატონიშვილისადმი გაგზავნილ ერთ წერილში იგი რუსეთის თვითმპყრობელურ მთავრობას ეძახის „მატყუარას“ და „სამართლებრივ ნორმათა უარმყოფელ სახელმწიფოს“, სადაც „კაცი კაცად არაა მიჩნეული“.
  შეთქმულებაში თვით პაატა ბატონიშვილის გარდა მონაწილეობდნენ: ქართლის მეფის იესეს შვილიშვილი – დავით აბდულა-ბეგის ძე ბატონიშვილი, ქართლის თავადები: სახლთუხუცესი დიმიტრი ამილახვარი, მისი შვილი ალექსანდრე, ელიზბარ თაქთაქიშვილი, გლახა ციციშვილი, დიასამიძე და სხვები, აზნაურები და როგორც ჩანს, გლეხთა და მოქალაქეთა ცალკეული წარმომადგენლებიც. შეთქმულები იკრიბებოდნენ თბილისში, აზნაურ მარკოზაშვილის ბინაში (ამიტომ მათ „მარკოზაშვილის დარბაზელებსაც“ უწოდებენ). შეთქმულები აპირებდნენ ერეკლე მეფის მოკვლას, მისი ოჯახის ამოწყვეტას და პაატა ბატონიშვილის ტახტზე დასმას, მაგრამ მათ გეგმებს აღსრულება არ ეწერა...
  1765 წლის 5 დეკემბერს შეთქმულება გამჟღავნდა. იგი გასცა სამშვილდელმა გლეხმა დათუნა ფეიქარმა, რომლის ცოლი ძიძად იყო მეფის სასახლეში. დათუნას დავალებული ჰქონდა მეფისა და სამეფო ოჯახის ამოწყვეტის მიზნით შეთქმულნი სასახლეში შეეყვანა. მან კი შეთქმულთა განზრახვა აღსარების დროს გაანდო მეფის კარის მღვდელ ქრიტესიას, რომელმაც ყველაფერი მეფეს უამბო (მერე, გაწეული სამსახურისთვის ერეკლე მეორემ დათუნა ფეიქარს დაუბრუნა აზნაურობა და ყორჩის ანუ მცველის სახელო უბოძა).
  შეთქმულები შეიპყრეს. მეფის ბრძანებით გაიმართა უზენაესი საერო სასამართლო, თვითონ ერეკლე მომჩივანის როლში ჩადგა. სასამართლომ შეთქმულები დამნაშავედ სცნო და ყველას მძიმე განაჩენი გამოუტანა:
  15 დეკემბერს, რიყეზე, ანჩისხატის პირდაპირ, დამნაშავეთა სახალხო დასჯა შედგა. მთავარ დამნაშავედ ცნობილ პაატა ბატონიშვილს თავი მოჰკვეთა ყულარაღასმა, გიორგი რევაზის ძე ქსნის ერისთავმა. დავით აბდულა-ბეგის ძე ბატონიშვილს ხმლით თავი მოჰკვეთა მარტყოფელმა ნაზირმა ბარამ გურგენიძემ, ელიზბარ თაქთაქიშვილი კოცონზე ცოცხლად დაწვეს, გლახა ციციშვილს ენა მოაჭრეს, დიასამიძეს  ცალი თვალი დათხარეს და მარჯვენა ხელზე ცერა თითი მოჰკვეთეს, სახლთუხუცესი დიმიტრი ამილახვარი საჯაროდ შეარცხვინეს (ვირზე შესმული ჩამოატარეს), ხოლო მის ძეს – ალექსანდრეს ცხვირი მოჰკვეთეს და ფეხის ძარღვები გადაუჭრეს და ასე შემდეგ.
  ამბობდნენ, ასეთი სასტიკი დასჯის ყურების შემდეგ ერეკლე მეორე ცუდად გახდა და რამდენიმე კვირის განმავლობაში თავის კანკალი სტანჯავდაო.
შეთქმულთა შორის, ზემოხსენებულთა გარდა, იყო ქართლის თავადაზნაურობის მრავალი სხვა წარმომადგენელიც, ამ შეთქმულების გამჟღავნების შემდეგ მათი ნაწილი ფიზიკურად გაანადგურეს, ნაწილი –  დაასახიჩრეს, ხოლო ნაწილს წოდებები და მამულები ჩამოართვეს და ისინი გარეკახეთში, ამჟამინდელი საგარეჯოს რაიონის ტერიტორიაზე გადაასახლეს.
  ამ შეთქმულების მარცხმა კიდევ უფრო განამტკიცა ერეკლე მეორის ძალაუფლება ქართლ-კახეთში, თუმცა ბაგრატიონთა მუხრანულ შტოს არ შეუწყვეტია ბრძოლა მათი „კანონიერი“ უფლებებისთვის. ალექსანდრე ბაქარის ძე რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ სთხოვდა დახმარებას ტახტის დაუფლებაში, რუსები მას არ ეხმარებოდნენ, მაგრამ საბოლოო უარსაც არ ეუბნებოდნენ და მის ფაქტორს ხანგრძლივად იყენებდნენ ერეკლე მეორეზე ზეწოლის მიზნით.
სიკვდილს გადარჩენილი, ცხვირმოჭრილი ალექსანდრე ამილახვარი ემიგრაციაში წავიდა, მწერლობას მიჰყო ხელი და სიკვდილამდე (1802 წელი) ებრძოდა ერეკლესა და მის შთამომავლებს.

скачать dle 11.3