კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ ეძახდნენ ირაკლი ჯულაყიძეს „ჯუნგლების ბაბას“ ინდოეთში და როგორ ცხოვრობდა ის ადგილობრივ ბერებთან

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  პროფესიით ფიზიოლოგი, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ბიოლოგიური დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი ჯულაყიძე ბევრს მოგზაურობს, სწავლობს ადამიანთა და ცხოველთა ქცევებს, აკვირდება ცხოველებს როგორც ლაბორატორიულ,  ასევე ველურ გარემოში და შესაბამისად, თავს ბევრი საინტერესო, სახიფათო თუ მოულოდნელი ამბავი გადახდენია.
  ირაკლი ჯულაყიძე: პირველი „დიდი მოგზაურობა“ 10 წლის ასაკში ხვამლის მთის დალაშქვრა იყო.  მთაში სიარული ჩემთვის უცხო არც იმ დრომდე ყოფილა, შემდეგ კი ლაშქრობა და მთებში სიარული ჩემი ცხოვრების წესი გახდა. ბოლოს ინდოეთში ვიმოგზაურე, თუმცა მანამდე ვიყავი: თურქეთში, ირანში, ცენტრალურ, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის ფედერაციაში, ცენტრალურ აზიაში. მოგზაურობას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს, მათ შორის საქართველოშიც. დაწყებული სტუდენტობიდან დღემდე ხშირად დავდივარ სამეცნიერო-კვლევით ექსპედიციებში. ცოტა ხნის წინ, ინდოეთში ექვსი თვე გავატარე. ჩემი მიზანი იყო, შემესწავლა პრიმატების საზოგადოებრივი და აგრესიული ქცევა ველურ გარემოში. მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი თვე ვიყავი სტაციონარულ ბანაკში, საიდანაც გავდიოდი ჯუნგლებში და დაკვირვებას ვაწარმოებდი. მხოლოდ ათი დღე ვიყავი გადახურულში – მეგობრებთან სახლში. დანარჩენი დრო სულ ველზე, კარავსა და ბუნებაში გავატარე.
– ჯუნგლებში, ველურ ბუნებაში ყოფნა საფიხათო იქნებოდა.
– როგორ არა. მტაცებელი ცხოველები ცხოვრობენ და რა თქმა უნდა, საშიშია. სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა საშიშროება იყო. მაგალითად, ცენტრალურ ინდოეთში ვეფხვის საშიშროება იყო, სამხრეთში – ვეფხვის და სპილოსი. რომ ამბობენ, ინდური სპილო აგრესიული არ არისო, ტყუილია. ნაკლებად აგრესიულია, ვიდრე აფრიკული, მაგრამ იმდენად აგრესიული კი არის, რომ კაცი მოკლას. ჩემი იქ ყოფნის პერიოდშიც მოკლა კაცი. როგორც გითხარით, ჯუნგლებში მეძინა, პოლიცია მოვიდა და მითხრა, აქ ნუ გაათევთ ღამეს, საშიშია. გუშინ სპილომ კაცი მოკლა და გთხოვთ, დატოვეთ ეს ტერიტორიაო.
– თქვენც გისწავლიათ ვეფხვის ენა და მისგან თავდაცვა.
– ყოველთვის, როცა ადგილობრივები ჯუნგლებში მიდიან, მიყავთ თხა, რადგან თუ ვეფხვი თავდასხმას გადაწყვეტს, ჯერ აუცილებლად თხას დაესხმება და
შემდეგ ადამიანს, რადგან ადამიანს არ განიხილავს, როგორც მსხვერპლს. სავსემთვარეობის დროს მოსახლეობა ყოველთვის მზადაა, დაიცვას საკუთარი საქონელი ბაგაზე ვეფხვის თავდასხმისგან. ცხოველების შესაშინებლად სპეციალური საშუალებები აქვთ. ერთ ღამეს რაღაც ხმები შემომესმა, მერე ერთი ამბავი ატყდა და მთელი ოჯახი ფარნებით გამოვიდა გარეთ. მდინარის მეორე ნაპირზე გადამიყვანეს, ათი წუთით სინათლე ჩააქრეს და დამანახვეს ორი დიდი ვეფხვი ანთებული თვალებით. მე ვიდეოკამერით ვიყავი შეიარაღებული და ძალიან ბევრი რამ გადავიღე. ასეთი ცხოველების გვერდით საფრთხე მაშინაა, როცა მათთან მოქცევის წესები არ იცი, მაგალითად ის, რომ ისინი საკუთარ ტერიტორიაზე აგრესიულები არიან, რომ  სპილოს ბილიკზე წინ არ უნდა გადაუდგე, ფეხი არ უნდა დააბიჯო გველს და ასე შემდეგ. რომ ჩავედი, ერთი კვირა დავყვებოდი ადგილობრივებს, რომ იმათი ქცევები შემესწავლა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვეფხვისგან დამეცვა თავი. ბევრ სხვა რამეს ვსწავლობდი, მაგალითად, რომელი იყო სამკურნალო ბალახი, რომელი – ჯუნგლებში საკვებად გამოსადეგი. რა თქმა უნდა, ისიც ვისწავლე, როგორ ამერიდებინა ვეფხვისთვის თავი და საფრთხეში არ ჩავვარდნილიყავი.
– როგორც ვიცი, ცხოველებზე მთვარის ფაზების ზეგავლენას იკვლევთ.
– მთვარის ფაზების ცვალებადობა ორგანიზმში არაერთი პროცესის ცვალებადობას იწვევს. ჩემი კვლევა ეხება მთვარის ფაზების გავლენას ქცევაზე. მთვარე რომ ყველაფერზე ახდენს გავლენას, მილიონობით ტონა წყალს მიაქცევს და მოაქცევს – ეს ყველაფერი ცნობილია. ჩინეთსა და საფრანგეთში აქტიურად სწავლობენ, მაგალითად,  როდის იქნება ეფექტური წამლების მიცემა, გეგმიური ოპერაციის გაკეთება... ლაბორატორიაში ვირთაგვებზე გვქონდა ცდები ჩატარებული და ახლა შეგვიძლია, ეს შედეგები ინდოეთში, ველურ გარემოში ჩატარებულ დაკვირვებას შევადაროთ. სამი პროექტი განვახორციელეთ – პრიმატებზე დაკვირვება ჯუნგლებში, ტაძრის პირობებში, სადაც  ისინი ცხოვრობენ და ურბანულ გარემოში. კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ჩვენ მიერ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები. როგორც გითხარით, ჯუნგლებში ვცხოვრობდი, დღისით ვიზუალურად ვაკვირდებოდი, ღამით  კი ვიწერდი ჯუნგლების ხმებს. რაც ჩემი აღჭურვილობით მოხერხდა, მაქსიმალური ინფორმაციის წამოღება შევძელი. აღსანიშნავია, რომ ცხოველები სავსემთვარეობისას ბევრად მჭიდროდ იკვრებიან ჯგუფებად და საერთო საქმეებს აკეთებენ, ვიდრე ახალმთვარეობისას. სავსემთვარეობისას უფრო მყარდება დედობრივი და სხვა ინსტინქტები. სხვა დროს კი ინდივიდები უფრო საკუთარ თავზე ზრუნვით არიან გართული.
– იქაურ ადამიანებზეც ვისაუბროთ.
– ძალიან ბევრი წმიდა ადგილი ვნახე და ბევრი თავგადასავალი გადამხდა. ბერებთან ერთად ვცხოვრობდი. ბაბუს ჩვენთანაც და მათთანაც ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს. ასე ეძახიან იქ ბერებსაც და ხან ირაკლი ბაბუს მეძახდნენ, ხან ჯუნგლების ბაბას, ჯორჯიან ბაბას... ათასნაირი სახელი შემარქვეს. ბევრს ვლოცულობდით, არც სახლი გვქონდა, არც კარი, ცოტას ვჭამდით. მათნაირად, მათსავით ბერულად ვცხოვრობდი.  ყველა ინტერესდებოდა, ვინ ხარ, საიდან და მეც ვიწყებდი ახსნას: ვინაა ქართველი, რა კავშირია ინდოეთსა და საქართველოს შორის და რა კავშირი შეიძლება იყოს მომავალში. უაღრესად
კულტურული ერია და მე შევეცადე, ბევრი ანალოგი მომეძებნა ქართველებსა და ინდუსებს შორის. გვაქვს ლინგვისტური ანალოგიები, მაგალითად, დუნია – სამყარო, პური იქაც პურია, კიბე, ტახტი, დოსტი, დუქანი, რაც მთავარია,  ეს ხალხი გამუდმებით ღმერთს ახსენებს, მშობლების პატივისცემა, დედმამიშვილების სიყვარული, უფროსუმცროსობა, მეგობრების სიყვარული.  სტუმართმოყვარეობა მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის. გასაგებია, რომ სტუმრის პატივისცემა ყველგან იციან,  მაგრამ „სტუმარი ღვთისაა“, მე  სხვაგან არ მომისმენია.  ინდოეთი ძალიან მრავალფეროვანი,  ღრმა  და მრავალშრიანია, განსხვავება ძალიან დიდია, თუმცა ყველა, ვინც ჩადის, ეძებს მსგავსებას. პირველი შოკი მაშინ  მივიღე, როდესაც ჩავედი ჰიმაჩალპრადეშში –  ინდოეთის „სვანეთში“  და დავინახე,  რომ ახურავთ ხევსურული ქუდები, იგივე ფერთა გამა და ორნამენტები, მითხრეს, რომ ეს ტრადიციული, ჰიმაჩალური ქუდია.
– ჩვენი კულტურული გადასახედიდან მიუღებელი ან გასაკვირი რა შეგვხვდათ?
– ჩემთვის ცოტა მიუღებელი იყო მათი ზოგი წესი. მაგალითად, მათთვის სუფრასთან დაბოყინება პრობლემას არ წარმოადგენს. პირიქით, ამით მასპინძელს ეუბნები, რომ კარგად დანაყრდი. მეც ვეცადე პატივისცემის გამოხატვა, მაგრამ არ გამომივიდა და ჩაიქნია ხელი მასპინძელმა, შენ ხომ ვერ გაგაძღე ნორმალურადო (იცინის). რაღაცებს, რასაც ისინი ღვთიურ საქციელად თვლიან, ჩვენ შეიძლება გარემოს დაბინძურებად მივიჩნიოთ. მაგალითად, ინდუსი შეჭამს საზამთროს ან ბანანს და ნარჩენებს ქუჩაში დაყრის – სულერთია ტაძრის თუ ბაზრის წინ. იმიტომ რომ იცის, ორი წუთი არ გავა, ძროხა გამოივლის და შეჭამს. ანუ, ამით მან კი არ გადაყარა ეს პროდუქტი, დამატებით ასი გრამი რძე გამოიმუშავა და მინიმუმ, ღვთიური საქმე გააკეთა. მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვა და იგივეს გააკეთებს, რა იცის, რომ თბილისსა და ქუთაისში ძროხა არ გამოივლის?! ისინი გადააგდებენ ჩაის ჭიქას, სხვათა შორის, მეც გადამაგდებინეს, ორ წუთში გამოიარა პატარა ბიჭმა, გაწმინდა იქაურობა და ადგილობრივმა მითხრა: აი, რომ არ გადაგვეგდო ამ ბიჭს სამუშაო ხომ არ ექნებოდა და ფულსაც ვერ აიღებდა, ახლა კი აქაურობის მეპატრონე ფულს გადაუხდის, ამანაც იმუშაოს. რა მოხდება, რომ ამაში დავეხმაროთო?!
აქედან რომ ჩავედი არც ინგლისური ვიცოდი და არც ჰინდი, კომუნიკაციაში მხოლოდ სხეულის ენა და რამდენიმე საერთაშორისო სიტყვა მეხმარებოდა. შესაბამისად,  ჩემი ტვინი ყოველწამიერად რაღაც ამოცანის გადაწყვეტის რეჟიმში იყო. თავიდან ცოტა მიჭირდა, მაგრამ თვე-ნახევარში ლაპარაკი დავიწყე, ორთვე-ნახევარში უკვე ბაზარშიც ვვაჭრობდი და საქართველოს შესახებაც ვუყვებოდი.

скачать dle 11.3