კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№35 საქორწილო კაბა

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #33-34(973)

  სანამ მე ამ ფრაზას ვამბობდი, ვხედავდი, როგორ თანდათან წითლდებოდა დედაჩემი. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს სუნთქვას იკავებსო და რამდენიმე წამში სახე ისე შეუშუპდა, შემეშინდა, კანი არ გაუსკდეს-მეთქი. ის იყო, უნდა მეკითხა, რა დაგემართა-მეთქი, რომ საშინელი ხმით იღრიალა:
– ვის, იმ პირანიას? იმ ვამპირს? იმ მტაცებელს?! არა! არა-მეთქი! გიკრძალავ! არ დავუშვებ! შორს დაიჭირე თავი მაგ ოჯახისგან, გესმის? იმ დაროსაც შეეშვი, არც ეგ იქნება უკეთესი! თუ გინდა, რომ ვიცოცხლო, თუ გინდა, რომ დედა გყავდეს, დამიჯერე, გთხოვ! თუ გინდა, დაგიჩოქებ, ოღონდ დამიჯერე! – და აბღავლებული დედა ჩემ წინ მუხლებზე დაეშვა, თან იმეორებდა, გთხოვ, დამიჯერეო.
აღარ ვიცოდი, რა მექნა. ვერაფრით ვეღარ დავაწყნარე და იძულებული გავხდი, სასწრაფოსთვის გამომეძახებინა. ექიმმა დამამშვიდებელი გაუკეთა და სტაციონარში გადაყვანა მირჩია – იშემიურ სტენოკარდიაზე მაქვს ეჭვიო. მაშინვე დეიდაჩემი და ჩემი დეიდაშვილი მარიამი დავიბარე, თორემ, მეც არანაკლებ დღეში ვიყავი. დეიდაჩემი თავის ქმარ-შვილთან ერთად გვერდით კორპუსში ცხოვრობდა და ხუთ წუთში ჩემთან გაჩნდნენ. ლანა სტაციონარში დავაწვინეთ და სამივენი საავადმყოფოში დავრჩით.
წამლების ზემოქმედების წყალობით, დედას მშვიდად ეძინა. ჩვენ პალატაში არ შეგვიშვეს, ამიტომ მოსაცდელში ვისხედით და ხმას არ ვიღებდით. ერთი კი მკითხეს ჩემებმა, რა მოუვიდაო, მაგრამ მე რაღაც მივკიბ-მოვკიბე და ისინიც აღარ გადამეკიდნენ – ეტყობა, მიხვდნენ, რომ არ მინდოდა სიმართლის თქმა. დეიდას აშკარად ეწყინა, მაგრამ ავუხსენი, რომ დილით მოვუყვებოდი ყველაფერს, რადგან ახლა ლაპარაკის თავი არ მქონდა.
  დედაჩემს დილამდე გაუნძრევლად ეძინა. დილით თვალი გაახილა, დაგვიძახა, გაგვიღიმა და წყალი მოითხოვა, მაგრამ დალევა ვეღარ შეძლო – უცებ გაითიშა, ორად ორი სიტყვის თქმა მოასწრო – საქორწილო კაბაო – და თვალები დახუჭა. ბედზე, ექიმი პალატაში იყო შემოსული. მაშინვე რეანიმაციაში გადაიყვანეს და აპარატზე შეაერთეს. ჩვენ კი გვითხრა – ჯობია, შინ წახვიდეთ და დაისვენოთ. როცა საჭირო იქნება, თვითონ გამოგიძახებთო. დეიდაჩემი ცოცხალი თავით ვერ წამოვიყვანეთ კლინიკიდან – უცბად გონს რომ მოვიდეს, ვინმე ხომ უნდა დახვდესო და მე და მარიამი გაგვიშვა სახლში. აღარ გავძალიანებივარ, რადგან, დაროსი არ იყოს, მეც მქონდა გამოსარკვევი რაღაც საიდუმლო და თანაც არაერთი. ამ საიდუმლოს კი მხოლოდ დაროს ოჯახში გავიგებდი. ამიტომ ტაქსი გავაჩერე და ჯერ მარიამი მივიყვანე სახლამდე, შემდეგ კი მძღოლს დაროს მისამართი ვუთხარი. დაახლოებით ნახევარ საათში დაროს სადარბაზოსთან ვიყავი, საათს დავყურებდი და იმას ვფიქრობდი, ცოტა კიდევ მომეცადა თუ ახლავე, დილის 9 საათზე მივდგომოდი კარზე. ბოლოს მაინც მოცდა ვარჩიე. იქვე, პატარა სკვერში მდგარ ხის სკამზე ჩამოვჯექი და ჩავფიქრდი.
  რაღაც ძალიან უცნაურად გადაეხლართა ერთმანეთს ყველაფერი: შოთასა და მაგდას ჩხუბი, დაროს დაეჭვება, დედაჩემის რეაქციები... გული ცუდს მიგრძნობდა, მაგრამ ზუსტად ვერ ვხვდებოდი, რა უნდა ყოფილიყო ეს ცუდი. სულ რაღაც გუშინ საღამოს დაროს ვგულშემატკივრობდი, დღეს მასთან მისვლას ვაპირებდი, რომ დამემშვიდებინა და თანადგომა გამომეხატა, ახლა კი მე თვითონ ვარ დასამშვიდებელი. მიუხედავად იმისა, რაც წუხელ შოთასგან და მაგდასგან გავიგონე, დღევანდლამდე გულის სიღრმეში მაინც თეთრი შურით მშურდა დაროსი – მართალია, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი თვისებებისა და საქციელის მქონე კაცი იყო შოთა, მაგრამ, ჩემთვის იმდენად მძიმე იყო უმამოდ გატარებული ბავშვობა და მოზარდობა, რომ ასეთი აუტანელი კაცის მამობაც კი ფუფუნებად და ღვთის წყალობად მიმაჩნდა. ბოლოს და ბოლოს, ხანდახან მაინც ხომ იქნებოდა თბილი, მზრუნველი, ყურადღებიანი და ალერსიანი მამა?! ეს რომ გავიფიქრე, უცებ ცოლ-ქმრის წუხანდელი ღვარძლიანი სიტყვები გამახსენდა და უზომოდ შემეცოდა დარო. საწყალი გოგო, როგორი სიძულვილის ატმოსფეროში გაიზარდა! ან როგორ გამოვიდა ასეთი კარგი! ბავშვი ხომ ზემგრძნობიარე დეტექტორივით გრძნობს, უყვართ თუ არა მშობლებს ერთმანეთი! მე, მართალია, სულ მამის ნატვრაში ვიყავი და ამის გამო ხშირად მიტირია კიდეც ჩუმად, მაგრამ, სამაგიეროდ, დედამ ისეთ დიდ სიყვარულში გამზარდა, დეიდამაც ისეთი ზრუნვა და ამაგი გამიწია, ამ მხრივ მართლა უბედნიერესი ბავშვი ვიყავი.
  ეს რომ გავაცნობიერე, მივხვდი, რომ მე, ჩემი უმამოდ გატარებული წლებისა და უმამობის კომპლექსის მიუხედავად, გაცილებით უფრო ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ვიდრე დაროს. ამ მომენტში დედაჩემის ტყუილიც გავამართლე – მამაშენი ავარიაში დაიღუპაო. ბავშვს ნამდვილად არ უნდა სცოდნოდა ისეთი ბინძური სიმართლე, რაც სინამდვილეში მომხდარა, თუმცა, უნდა ვაღიარო: ჩემი მეექვსე გრძნობა მკარნახობდა, რომ ლანა კიდევ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ან ძალიან საშინელს მიმალავდა, ყოველ შემთხვევაში, რაღაცას ბოლომდე არ მიმხელდა და ეს „რაღაცა“ ახლა დაროს ოჯაში უნდა გამერკვია – ამაში ღრმად ვიყავი დარწმუნებული.
  თითქმის ერთი საათი ვიჯექი სკვერში. საკმაოდ შემგრილდა და ძალიან მომინდა ცხელი ყავა, მაგრამ დაროსთან ჩემი საიდუმლოს გასარკვევად მისული, ყავას ვერ მოვითხოვდი. ამიტომ, იქვე, კორპუსის პირველ სართულზე მდებარე პატარა კაფესკენ გავწიე. დაროს სადარბაზოს რომ გავუსწორდი, კინაღამ შევასკდი კარიდან სწრაფი ნაბიჯით გამოსულ დაქალს, რომელსაც თვალები დაწითლებული და შეშუპებული ჰქონდა.
  „უტირია“, – გავიფიქრე და მკლავში ხელი წავავლე, რომ შემეჩერებინა. ისეთი გათიშული იყო, თავიდან ვერც კი მიცნო. უაზროდ შემომხედა, „უკაცრავად, დაგეჯახეთო“, – მითხრა და გვერდის ავლა დააპირა, მაგრამ წინ გადავუდექი და ხმამაღლა შევძახე:
– დარო, რა მოგივიდა, ცუდად ხომ არ ხარ?
უცებ მოეგო გონს და გახარებული ჩამეხუტა.
– ღმერთმა მოგიყვანა ჩემთან, თორემ, შეიძლება, გამერეკა! სულ მთლად გაგიჟდნენ... მამაჩემი დედაჩემს პირანიას უძახის, ის კი შოთას არაკაცსა და ჩმორს უწოდებს... – და ჩემი მეგობარი გულამოსკვნილი ატირდა, – რა ბედნიერი ხარ! რომ იცოდე, როგორ მშურს შენი, რომ მამა არ გყავს. ნეტავი, ობოლი ვყოფილიყავი და ბავშვთა სახლში გავზრდილიყავი...
  სალანძღავი სიტყვები ძალიან მეცნო. კინაღამ რაღაც წამომცდა, მაგრამ ძლივს შევიკავე თავი. ბოლოს მაინც მოვთოკე ნერვები.
– ღმერთს ნუ სცოდავ, – შევუტიე თბილად, – წამოდი, კაფეში დავსხდეთ და ყავა დავლიოთ. შენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვს, ამიტომ მოვედი ასე უთენია. ერთი საათია, სკვერში ვზივარ, რომ დრო გავიყვანო.
– რა მოხდა, ხომ მშვიდობაა? – შეწუხდა დარო.
– არა, არ არის მშვიდობა, – ამოვიოხრე მწარედ.
  კაფე თითქმის ცარიელი იყო, მაგრამ ყველაზე შორ კუთხეში, განცალკევებით მდგარი მაგიდა შევარჩიე და ჩემი დაბნეული დაქალი იქით წავიყვანე. დავსხედით თუ არა, ოფიციანტი დაგვადგა თავზე ღიმილით. დაროსთვის არც მიკითხავს, რა უნდოდა, ისე შევუკვეთე ორივესთვის ყავა, ხაჭაპური და ნამცხვარი. შემრცხვა, თორემ, უცებ ისეთი შიმშილი ვიგრძენი, უფრო სერიოზულ კერძსაც სიამოვნებით მივირთმევდი. საერთოდ, ასე ვიცი ნერვიულობაზე – ისეთი მგლის მადა მეძლევა, მზად ვარ, ყველაფერი გადავჭამო. როგორც ჩანს, დაროსაც იგივე ემართება ხოლმე. დაინახა თუ არა მაგიდაზე დაწყობილი ხაჭაპური და ნამცხვარი, ისე გადასანსლა, ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ამის შემდეგ აიღო ყავის ჭიქა და, უკვე შიმშილდაოკებულმა, ნელ-ნელა, დაგემოვნებით დაიწყო დალევა. მეც თითქმის იგივე მოვიმოქმედე და ჭიქა ლამბაქზე რომ დავდგი, ვკითხე:
– აბა, თუ წინააღმდეგი არ ხარ, მომიყევი, რა მოხდა წუხელ, ჩემი წასვლის შემდეგ და მერე მე გეტყვი ჩემს გასაჭირს.
– ჩემი და შენი ამბები რაიმე კავშირშია ერთმანეთთან? – მაშინვე მიხვდა დარო.
– ჩემი აზრით, ძალიან ახლო კავშირში, ოღონდ, ჯერ მხოლოდ ეჭვები მაქვს რაღაცებზე და, თუ შენც გინდა შენი საიდუმლოს გაგება...
– რომელი ჩემი საიდუმლოს? – უცებ დაიბნა დარო.
– აი, გუშინ რომ თქვი შენს მშობლებზე, ნეტავი  რა საიდუმლოს მიმალავენო...
– ა, ჰო, ეგ საიდუმლოა, ბოლოს რომ მიღებს. შენ ფიქრობ, რომ დამეხმარები?
მე თავი დავუქნიე.
– რატომ უნდა დამეხმარო? – დაეჭვდა დარო, – ეს ისეთი თემაა, როცა სხვა სხვის საქმეში არ ერევა ხოლმე. ანუ, იმდენად პირადულია, იმდენად ინტიმურია, რომ უხერხულია თუნდაც უახლესი მეგობრის ჩარევა... ხომ გესმის ჩემი...
– მესმის, მაგრამ ამ შემთხვევაში არც ცნობისმოყვარეობა მამოძრავებს და არც ჩვენი მეგობრობა. მე დღეს მხოლოდ ამისთვის მოვედი შენთან. მოვედი, რადგან წუხელ დედაჩემმა ისეთი ნერვული სტრესი მიიღო, რომ ახლა რეანიმაციაში წევს გათიშული, აპარატზეა შეერთებული და, არც კი ვიცი, გამოვა თუ არა მდგომარეობიდან.
– რატომ? – მეტი ვერაფერი მკითხა სულის სიღრმემდე შეძრულმა დარომ.
– რაღაცას კი ვხვდები, მაგრამ ბოლომდე არ მითხრა. ამიტომ მე თვითონ უნდა დავადგინო სიმართლე და, ჩემი ღრმა რწმენით, ეს სიმართლე შენც გეხება.
– მე?! – თვალები გაუფართოვდა დაროს.
– ნუ, პირადად შენგან არ მომდინარეობს, მაგრამ...
– მაგრამ ჩემი მშობლები არიან რაღაც საშინელებაში გარეული... ასეა?
– სწორედ მაგის დადგენა მინდა. ოღონდ, თუ შენ წინააღმდეგი ხარ, თუ არ ხარ მზად საშინელი შედეგის მოსასმენად – ხომ შეიძლება, ასეც მოხდეს?! – მაშინ დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის, დავივიწყოთ ჩვენი ტკივილები და შევეგუოთ ჩვენს ყოფას.
დარო რამდენიმე წამს დაფიქრდა და მერე მტკიცედ თქვა:
– ყველაფრისთვის მზად ვარ.
– კიდევ ერთხელ გაფრთხილებ: შესაძლოა, რამე საშინელება გაირკვეს, რაც დიდ ტკივილს მოგაყენებს, ამის მიზეზი კი მე ვიქნები. ნამდვილად არ მინდა, შეგძულდე. გამიჭირდება შენი დაკარგვა.
– ყველაზე ცუდი სიმართლისთვისაც კი მზად ვარ. შენ კი ნამდვილად არ დაგკარგავ, მით უფრო, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის გარკვევაში აპირებ დახმარებას. მაგრამ ერთი რამ ვერ გამიგია: როგორ უნდა გაიგო ეს საიდუმლო, კერძო დეტექტივს უნდა გამოაძიებინო?
– არავითარი დეტექტივი და არავითარი გამოძიება. ჩვენი მიზნის ერთადერთი და ყველაზე უტყუარი გზაა, შენს მშობლებს თავად ვათქმევინოთ ყველაფერი.
– დედაშენი არ გვეტყვის?
– დედაჩემი კომაშია და აპარატზეა შეერთებული. თან, შინაგანადაც არ იყო მზად ამისთვის, თორემ მეტყოდა. შენი მშობლები კი, არ გეწყინოს, მაგრამ, ერთმანეთის სიძულვილის პიკზე არიან და, შეიძლება უნდათ კიდეც, რომ დაიცალონ და ამოისუნთქონ. ამისთვის კი რამე ინტრიგის შეგდებაა საჭირო.
– რომელთან ჯობია დალაპარაკება? – იკითხა დარომ დაფიქრებით.
– ჩემი აზრით, მამაშენთან. მათ წუხანდელ ჩხუბში მაგდასგან მონანიება არ იგრძნობოდა, იგრძნობოდა მხოლოდ სინანული, რომ ამ კაცში შეცდა. საკუთარი თავი არაფერში გაუმტყუნებია... დარო, კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს, რომ შენს მშობლებზე ასე მიწევს ლაპარაკი.
– დაიკიდე. მერე?
– მამაშენის სიტყვებში კი იყო მონანიების ელემენტები, თუნდაც ყოფილი საცოლისა და თავისი გაჩენილი თუ არგაჩენილი შვილის მიმართ. ამიტომაც მგონია, რომ შინაგანად შოთა უფრო მზადაა ეგრეთ წოდებული აღსარებისთვის.
– მართალი ხარ, – დაფიქრებით თქვა დარომ, – თქვენი წასვლის შემდეგაც და ამ დილითაც, ორივეს შემთხვევაში იგივე განმეორდა... იცი, მგონი, ვხვდები, რაშიც უნდა იყოს საქმე, მაგრამ, მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერთან, ეს ვერ გამირკვევია.
– შენ რას ფიქრობ, რა უნდა მომხდარიყო? ამას იმიტომ გეკითხები, რომ მაინტერესებს, ჩვენი მოსაზრებები თუ დაემთხვევა ერთმანეთს.
– ჩემი აზრით, დედაჩემი იცნობდა მამაჩემის საცოლეს, თანაც, საკმაოდ კარგად, შეიძლება, დაქალებიც კი იყვნენ და, ამის მიუხედავად, საქმრო წაართვა, მაგრამ, მასზე გაგიჟებული შეყვარებული კაცის ნაცვლად, უჟმური და უხასიათო კაცი შერჩა ხელში, რომელიც სულ თავის ყოფილ საცოლესა და თვალით უნახავ შვილს მისტირის... მაგრამ სად ვარ ამ ისტორიაში მე? რა როლი მაქვს მათ ურთიერთობაში, რას მიმალავენ? ან შენ სად ხარ ამ სიტუაციაში?
– როგორც ჩანს, ჩვენი აზრები თითქმის ემთხვევა ერთმანეთს, ოღონდ, მე ცოტა მეტი ვიცი, უფრო სწორად, კი არ ვიცი, ვვარაუდობ. ჯერ ვერაფერს გეტყვი, მხოლოდ ერთს გკითხავ: დიდი ხანია, დედაშენი საქორწილო კაბებს კერავს?
– სტუდენტობიდან. მაშინ ამდენი ატელიე არ ყოფილა, მაგარი მკერავებიც იშვიათი იყო. მაგდა კი მართლა სასწაულ საქორწილო კაბებს კერავდა და რამდენიმე თვით ადრე ეწერებოდნენ მასთან პატარძლები.
– ჰოდა, სწორედ აქ უნდა იყოს ძაღლის თავი დამარხული, – დავასკვენი დარწმუნებულმა და მოკლედ ვუამბე დაროს საქორწილო კაბის შეკერვასთან დაკავშირებით დედაჩემის რეაქციაზე, – ახლა კი მამაშენის ნახვაა საჭირო. მე ვიცი, რა ინტრიგასაც შევუგდებ. მენდობი?
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3