კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 საბედისწეროდ მომხიბვლელი ხმა

ოლივია დარნელი

  ირის დოუსონს ისტორიული საზოგადოების სხდომაზე ბრიტანელი ქალების ფემინისტური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების შესახებ მოხსენება უნდა გაეკეთებინა და აგვიანებდა. ამ თემამ საზოგადოების ძლიერ ნახევარში დიდი მხიარულება გამოიწვია...
  ირისი თავს იმით იმართლებდა, რომ ეს პაემანი ბედისწერა იყო. უკვე მეასედ იხენებდა დღეს, როდესაც ტელეფონმა დარეკა და მამაკაცის ხმამ ჯონ დაიკი იკითხა. ირისმა, რა თქმა უნდა, უპასუხა, რომ ნომერი შეეშალათ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ საუბარი შეეწყვიტა, მამაკაცმა უთხრა, რომ არასდროს გაუგონია ასეთი მომხიბვლელი ხმა და შეხვედრა შესთავაზა. ირისი ცოტათი შეყოყმანდა, მაგრამ დათანხმდა. საიმონ სმიტი საშუალო ასაკის მაღალი მამაკაცი იყო, უზადო მანერებით. საიმონი არქიტექტურით იყო გატაცებული. სიძველეების მცირე კოლექციაც ჰქონდა. კერძო ბიზნესით იყო დაკავებული. ძვირფას კოსტიუმზე და საათზე დაკვირვების შედეგად კი ირისი მიხვდა, რომ არც ფული აკლდა.  დრო ძალიან სწრაფად გავიდა და როდესაც ირისმა საათზე დაიხედა, აღმოაჩინა, რომ სხდომაზე აგვიანდებოდა. საიმონმა მიყვანა შესთავაზა. იმის ნაცვლად, რომ გზაში მოხსენებაზე ეფიქრა, ირისი ამ კაცთან ერთად ცხოვრებაზე ოცნებას მიეცა. საქორწილო კაბის ფერის არჩევამდე იყო მისული, როდესაც მკვეთრმა დამუხრუჭებამ გამოაფხიზლა.                                                   
– როგორ დამავიწყდა! – წამოიძახა საიმონმა და ხელი შუბლზე იტკიცა, – მე მაქვს სწორედ ის, რაც მოხსენებისთვის გჭირდებათ –  რომაული ბარელიეფის ნამსხვრევი, რომელზეც ბრიტანელი ბელადების ნადიმია გამოსახული, ქალები ილხენენ, ხოლო კაცები ემსახურებიან. ირისმა გაიფიქრა, რომ ასეთი მტკიცებულება ყველა მისი მოწინააღმდეგის არგუმენტს გააბათილებდა, თუმცა მის ნამდვილობაში ცოტა ეჭვიც შეეპარა. საიმონმა სახლში გაყოლა და ბარელიეფის ადგილზე ნახვა შესთავაზა.
– ნახეთ და თავად გადაწყვიტეთ, გამოგადგებათ, თუ არა. დარეკეთ საზოგადოებაში და უთხარით, რომ თქვენი გამოსვლა ერთი საათით გადადონ.
საიმონის სახლი ქალაქგარეთ მდებარეობდა და ისინი ძალიან დიდხანს მიდიოდნენ. ბოლოს მანქანა მაღალ კედელთან გაჩერდა. საიმონმა ჭიშკარი გააღო. ბაღისა და რამდენიმე ოთახის გავლით სასტუმრო ოთახში აღმოჩნდნენ, მაგიდაზე ფოტოსურათი და ყვავილებით სავსე ლარნაკი იდგა. ირისი მაგიდას მიუახლოვდა. ფოტოზე ორი ქალი იყო გამოსახული.              
– დედაჩემი და დეიდაჩემი – როზა და ლილი, – აუხსნა საიმონმა, –  არც კი ვიცი, ახლა სად არიან. როდესაც ექვსი თვე შემისრულდა, მშვენიერმა როზამ ჩემი თავი ნაზ ლილის შეატოვა, იმან კიდევ ორი წლის შემდეგ დას მიბაძა და ერთი სიტყვით, უპატრონო ბავშვთა სახლში გავიზარდე.
ირისი უხერხული სიტუაციიდან ზარმა გამოიყვანა.                     
–  ჩემი მეზობელია, ალბათ, მისი კატა ისევ დაიკარგა. კატაც და პატრონიც აფრენენ. კატა სულ იკარგება, მოხუცი სულ ეძებს და ზარს მანამდე დარეკავს, ვიდრე არ გავაღებ. ირგვლივ ყველა სახლი ცარიელია. მე მისი ერთადერთი მეზობელი ვარ. აქ დამელოდეთ, შევეცდები მალე მოვიშორო თავიდან.                                                                              
  საიმონს შეაგვიანდა და ირისმა უსაქმურობისგან სატელეფონო წიგნის ფურცვლა დაიწყო. რამდენიმე გვართან სხვადასხვა ნიშანი იყო დასმული. ირისმა შეამჩნია, მხოლოდ ქალების სახელები  იყო მონიშნული. მისი გვარის გასწვრივ დიდი კითხვის ნიშანი იყო დასმული. ირისს ეს არ მოეწონა და წიგნი უფრო სწრაფად გადაფურცლა. ზოგი გვარის გასწვრივ მინუსი იყო დასმული, ზოგის გასწვრივ – კითხვის ნიშნები. მონიშნულ ქალებს ერქვათ როზა, ლილი,  დეიზი, ჟასმინი, ვიოლეტი, ჰორტენზია.
  „რომანტიკოსი ყოფილა, – გაიფიქრა ირისმა, – ქალებს ყვავილების სახელებით არჩევს, – გამოდის, მისთვისაც არ დაურეკავს შემთხვევით. სახელის გამო ამოარჩია. საკუთარ გულუბრყვილობას გაუღიმა და წიგნის ფურცვლა განაგრძო, ვიდრე კიდევ ერთ გვარს არ წააწყდა, სადაც გადახაზული კითხვის ნიშნის გვერდით მსუქანი ჯვარი იყო დასმული. გვარი ნაცნობი მოეჩვენა. გონებაში ლამაზი ქერა ქალის სახე ამოტივტივდა – დეიზი სტოუნი. გაახსენდა, რომ ამ ქალის ფოტო ტელევიზორში აჩვენეს. დეიზი სახლიდან ერთი წლის წინ გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ირისმა თავი შეუძლოდ იგრძნო. წიგნი ხელიდან გაუვარდა და იმ გვერდზე გადაიშალა, სადაც კიდევ ერთი, მსუქანი ჯვარი იყო დასმული. ამ ქალის, ცნობილი სპორტსმენის, როზა სტილერის სახელი გაზეთების ფურცლებიდან მთელი თვე არ ჩამოსულა. ნახევარი წლის წინ, დილით სავარჯიშოდ გამოვიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ირისი აკანკალებული ხელებით ფურცლების შლას აგრძელებდა. გაახსენდა, რომ სამი თვის წინ, კიდევ ერთი გოგო დაიკარგა. ჯვარი ვინმე ლილია მერიზის გასწვრივ იყო დასმული. მისტერ სმიტი რომ  მანიაკი იყო, ეჭვი აღარ ეპარებოდა. ლოგიკიდან გამომდინარე, ის მხოლოდ იმ ქალებს კლავდა, რომლებსაც ყვავილების სახელები ერქვათ.                         
  ირისი კარისკენ გაიქცა, მაგრამ დაკეტილი დახვდა. მთელი ხმით იყვირა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მის ხმას ვერავინ გაიგონებდა. უცებ შეამჩნია, რომ ფანჯარა ღია იყო. ბაღში კი გადაძვრა, მაგრამ  აღმოაჩინა, რომ მაღალ კედელს ვერაფრით დაძლევდა. იყვირა, მაგრამ მისი ისევ არავის ესმოდა. ქალმა ჭიშკართან მიირბინა და კინაღამ ორმოში ჩავარდა, ორმოს გვერდით ირისის ნერგები ეწყო. იქვე იყო  ორმოდან ამოღებული მიწაც, რომლის გვერდით ნიჩაბიც იდო. ირისმა დაინახა, რომ ბაღში რამდენიმე ყვავილნარი იყო მოწყობილი და თითოეულში მხოლოდ ერთი სახეობის ყვავილი იყო დარგული – მარგარიტები, შროშანები და ვარდები. მისთვის ნათელი გახდა, რომ ზუსტად ამ ყვავილნარების ქვეშ იყვნენ დამარხული დაკარგული ქალები, ხოლო თავად საკუთარი საფლავის წინ იდგა. ლარნაკშიც ეწყო ვარდები, მარგარიტები და შროშანები. „ახლა  მას ისღა დარჩენია ქალი მოკლას, ორმოში ჩააგდოს და საფლავზე ირისები დარგოს. შემდეგ ერთი ყავავილი მოწყვიტოს და ლარნაკს დაუმატოს. თუ წიგნში მონიშნული ყველა დანარჩენი გოგოც ისეთივე იდიოტია, როგორიც მე, მაშინ ბაღი მალე განაშენიანდება“, – გაიფიქრა ირისმა და ვიდრე ოთახში დაბრუნდებოდა, რამდენიმე ვარდი მოწყვიტა. ოთახში შევიდა თუ არა, მაშინვე გაიგონა ფეხის ხმა. საიმონ სმიტი ოთახში შემოვიდა. ცალი ხელი ზურგს უკან ჰქონდა დამალული.                                        
– მაპატიეთ, რომ ამდენ ხანს გალოდინეთ. იძულებული გავხდი, დაწვრილებით მომესმინა ისტორია რევმატიზმისა და მასთან ბრძლის მეთოდების შესახებ. იმედი მაქვს, ძალიან არ მოგეწყინათ.                                                             
– არა, არა, –  ირისმა ნაძალადევად გაიღიმა.
– მიხარია. ვხედავ, რომ ბაღში უკვე ყოფილხართ, – მან მოწყვეტილ ვარდებზე მიუთითა, – ბარელიეფიც იქვეა, ნახეთ უკვე?
– მგონი დავინახე, – ირისმა კანკალის შეჩერება მოახერხა, – კედელთან იყო რაღაც.
– დიახ, კედელთანაა, – ცოტა დაბნეულად დაეთანხმა სმიტი და ქალი წინ გაატარა.
„მაშ ასე,  მას უნდა, რომ ბაღში მომკლას“, – გაიფიქრა ირისმა. ისინი ბაღში გავიდნენ.
– დედაჩემს და ჩემს დეიდას როზა და ლილი ერქვათ, – დაიწყო სმიტმა. ირისმა გაიფიქრა, რომ უკვე მოისმენდა ნაღვლიან ისტორიას,  იმის შესახებ, რამაც ყვავილების სახელებიანი ქალების დახოცვა გადააწყვეტინა. მერე ხომ მასაც მოკლავდა. ამიტომ სწრაფად შეაწყვეტინა:                   
– მივხვდი, რომ თქვენ მოგწონთ ქალები, ვისაც ყვავილების სახელები ჰქვიათ, მაგრამ მინდა, გამოგიტყდეთ. საქმე ისაა, რომ სინამდვილეში მე ირისი არ მქვია. მშობლებმა ბაუდიკა, ჩვენი ნაციონალური გმირის სახელი დამარქვეს.                                                                                 
– როგორ? – მოულოდნელობისგან სმიტმა ხელი ჩამოუშვა, რომელიც ზურგს უკან ჰქონდა დამალული და ირისმა ჩაქუჩი დაინახა. იარაღის პრიმიტიულობამ, რომლითაც მის მოკვლას აპირებდნენ, ირისი ისე აღაშფოთა, რომ ძალების მოზღვავება იგრძნო. ის უკვე ორმოს პირას იდგა.
– დიახ ბაუდიკა დამარქვეს. ბაუდიკა ძლიერი ქალი იყო, რომელიც რომაელების წინააღმდეგ აჯანყებას ხელმძღვანელობდა, მაგრამ სახელი ვერ ჟღერს კარგად  და მისი შეკვეცაც მოუხერხებლია. ამიტომაც გადავწყვიტე, ირისით  შემეცვალა.
სმიტი რეტდასხმულივით დუმდა. მოვლენების ასეთი განვითარებისთვის ის აშკარად არ აღმოჩნდა მზად. ქალმა ამით ისარგებლა და სახეში მთელი ძალით შემოარტყა ეკლიანი ვარდის ტოტი. კაცმა ტკივილისგან შეჰყვირა და ხელები თვალებზე აიფარა. ჩაქუჩი მიწაზე დავარდა. ირისმა ელვის სისწრაფით აიტაცა ის,  კაცს პირდაპირ თავში ჩასცხო და ორმოში ჩააგდო. შემდეგ ნიჩაბს ეცა და მანამდე არ მოეშვა, სანამ ორმო არ ამოავსო.                                                 
პოლიცია სწრაფად მოვიდა. მათ სმიტი ამოთხარეს, როცა ხელებზე ბორკილს ადებდნენ, პირიდან მიწას აფურთხებდა და ცოფიანივით  ყვიროდა:
– ღმერთმა დასწყევლოს ბაუდიკა! ღმერთმა დასწყევლოს.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3