კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ჯაბა ქარსელაძე: შინაგანად კარიერისტი ვარ და რთულია ჩემთვის პირადი ცხოვრების აწყობა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  წლების წინ საქართველოში საკმაოდ პოპულარულმა მომღერალმა ჯაბა ქარსელაძემ სცენა მიატოვა და ახლა უცხოეთში ლექციებს კითხულობს. როგორც თავად ამბობს, საკმაოდ მკაცრი ლექტორია და სცენაზე მიკროფონით ხელში დგომა ენატრება. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, წელიწადში ორჯერ მაინც ახერხებს სამშობლოში ჩამოვლას და დასვენებას.
  ჯაბა ქარსელაძე: რომ ვთქვა, ცხოვრებაში არ მიმართლებს-მეთქი, ძალიან დიდი ტყუილი იქნება. რასაკვირველია, მიმართლებს და იღბლიანიც ვარ, რადგან დასახულ მიზანს ყოველთვის ვაღწევ. ამაში ჩემი შრომისუნარიანობაც მეხმარება. ჩანაფიქრი ადრე იოლად მისრულდებოდა, მაგრამ რაც დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე და საქართველოდან წავედი – უფრო რთულად. ზოგადად, უცხოეთში ძალიან რთულია მიზნის მიღწევა და მიმაჩნია, რაც ადვილად მოდის, ადვილადვე მიდის. როცა რაღაც გიჭირს და რთულად აღწევ ცხოვრებაში, ის უფრო სტაბილურად ნარჩუნდება. მჯერა, რომ ადამიანები  ჩვენ თვითონ ვიქმნით ცხოვრებას, თავისი კარგითა და ცუდით. ჩემი ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია, ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი დოგმებს, არ ვჯდებოდი ჩარჩოებში. მიყვარს, როცა განსხვავებული ვარ, როგორც ჩაცმულობით, ისე ჩემს პროფესიაში. კმაყოფილი ვარ იმით, რაც შევქმენი, თუმცა, ჯერ 33 წლის ვარ და უფრო მეტი წინ მაქვს.
– ჯაბა ქარსელაძეს, როგორც მომღერალს, ყველა ისე იცნობს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ უცხოეთში, წარმატებული და მკაცრი ლექტორი ხარ და სტუდენტები შენს ლექციებს სიამოვნებით ესწრებიან.
– ცხრა წლის წინ წავედი საქართველოდან საფრანგეთში. ახლა ესპანეთში ვარ და რომ ჩამოვდივარ, ქუჩაში მხვდებიან, მიყურებენ – თან მცნობენ, თან ვერა და მერე მეკითხებიან, თქვენ ჯაბა არ ხართ? (იცინის).  ხშირად მიფიქრია, რომ არ წავსულიყავი, რას გავაკეთებდი საქართველოში-მეთქი და პასუხიც ვიცი: წავიკითხავდი ლექციებს და გავაგრძელებდი მომღერლობას, ანუ ადრინდელი ცხოვრებით ვიცხოვრებდი და წარმატებული ვიქნებოდი. მაგრამ უცხოეთმა სხვა გასაქანი მომცა. ძალიან რთულია, როცა ცნობადი სახე უცხოეთში მიდიხარ და იქ არავინ აღარ ხარ, ნულიდან იწყებ ცხოვრებას. თუმცა, საკუთარი თავის განვითარება, დამოუკიდებლად ცხოვრება – რასაც იქ მივაღწიე, ამას საქართველოში ვერ შევძლებდი. იქ შენი ცნობადობა, გავლენა და ფული არ ჭრის, არც შენი სახელი იციან, არც წარმომავლობა და შენით უნდა დაამტკიცო, რომ მაგარი ხარ. მე ჩემს საქმეში შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდე და გამომივიდა. მიხარია, რომ ჩემს ქვეყანაში ისევ ვახსოვარ ხალხს. რაც შეეხება ლექტორობას, მე სწავლების ჩემი სტილი და სტანდარტები მაქვს. ვსწავლობდი შვეიცარიაში, შვიდი წელი ვიცხოვრე პარიზში და ახლა ბარსელონაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ორი წლის წინ დასასვენებლად გახლდით ბარსელონაში. ქუჩაში სეირნობისას დავინახე ბიზნესსკოლა, რომელიც ლექტორების მიღებას აცხადებდა. ვიფიქრე, ჩემს „სივს“ გავაგზავნი, ვცდი-მეთქი. ჩემდა გასაოცრად, ორ დღეში დამირეკეს, დამიბარეს, გავიარე გასაუბრება და მიმიღეს. ასე რომ, ჩემი ცხოვრება, პრაქტიკულად, ორ დღეში შეიცვალა. ჩავალაგე ბარგი, საფრანგეთიდან ესპანეთში გადავედი საცხოვრებლად და ისევ თავიდან დავიწყე ცხოვრება. ლექციებს ფინანსურ-საბუღალტრო თემაზე ვკითხულობ და ვცდილობ, იმდენად საინტერესოდ ავუხსნა სტუდენტებს, რომ ეს საგანი მოსაწყენი არ იყოს. საკმაოდ კარგი დასწრებაა და სტუდენტებისგანაც პატივისცემას ვგრძნობ. მკაცრი ვარ, მიუხედავად  ჩემი ასაკისა, ყოველთვის არის ზღვარი ჩემსა და სტუდენტებს შორის.
– ამბობენ, გოგონები ლექციას ბუღალტერიის და ფინანსების მოსმენის გამო კი არა, შენ გამო ესწრებიანო. ასეა?
– კი. მეუბნებიან, შენ გამოც ესწრებიან გოგონები ლექციებსო, მაგრამ მე იმდენად ვიხარჯები, მირჩევნია, მისმინონ, გამოცდა ჩააბარონ და არა მხოლოდ ჩემი ვიზუალის ყურებით დატკბნენ (იცინის). ბევრი სტუდენტია ჩასაფრებულის პოზიციაში – ცდილობს, გიპოვოს ცუდი და მერე შენ წინააღმდეგ გამოიყენოს, ამიტომ, მირჩევნია, ჩემს სტუდენტებთან დისტანცია მქონდეს და დიდი მოთმინების უნარი გამოვიჩინო მათთან ურთიერთობაში. ხანდახან ისეთ რამეს მკითხავენ, ლამის ჭკუიდან გადამიყვანონ და კიდევ კარგი, აფექტური ხასიათი არ მაქვს (იცინის).
– მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვს, განტვირთვისა და სპორტისთვის იცლი. ქართული მენტალიტეტი თუ გშველის უცხოეთში?
– ქართული მენტალიტეტი ძალიან მშველის. თუ ევროპელებს ცოტა მკაცრად არ მიუდექი, ქართულ-კავკასიური ხასიათი არ დაანახვე, მკაცრი არ იყავი და არ დაიცავი სუბორდინაცია, გაგიჭირდება თავის დამკვიდრება. რაც შეეხება სპორტს, იმდენ დროს ვეღარ ვუთმობ, მაგრამ მაინც ვახერხებ. როცა ვვარჯიშობ, მენტალური დაღლა ფიზიკურში გადადის და ეს დიდი განტვირთვაა. ხშირად დავდივარ ზღვაზე და განტვირთვას იქაც ვახერხებ. რაც შეეხება გართობას, მოგზაურობა ჩემთვის ყველაზე დიდი ნარკოტიკია. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. ამ ზაფხულს ვიყავი ჩინეთში, ამერიკაში – ორჯერ, ბრაზილიაში. სხვათა შორის, ყოველ წელს აუცილებლად ჩამოვდივარ საქართველოში – ზაფხულში და ახალ წელს და ამ ტადიციას არ დავარღვევ. ის ენერგეტიკა და სიყვარული, რითიც ჩემს ქვეყანაში ვიმუხტები, მყოფნის ჩამოსვლიდან ჩამოსვლამდე. ახლაც, 10 დღით მოვახერხე ჩამოსვლა, თუმცა, იმდენი სითბოთი, სიყვარულითა და ენერგიით დავიმუხტე, კარგა ხანს მეყოფა ბარსელონაში დაბრუნებულს.
– ყველაფრისთვის გაქვს დრო – ლექციებისთვის, სპორტისთვის, გართობისთვის, მოგზაურობისთვის... თუმცა, პირად ცხოვრებაზე არ საუბრობ და სიმღერისთვისაც, როგორც მივხვდი, ვერ იცლი.
– შინაგანად კარიერისტი ვარ და ჩემთვის რთულია პირადი ცხოვრების აწყობა, მით უმეტეს, უცხოეთში, თუ ჩვენს კულტურას და მენტალიტეტს გავითვალისწინებთ. ასე რომ, ჯერ ჩემთვის სიყვარულის დრო არ დამდგარა. თუმცა, სიყვარული ჩემში იმდენად დიდი რაოდენობითაა, ამ გრძნობის გარეშე, ერთი დღე ვერ ვიცოცხლებ, მე სულ შეყვარებული ვარ. ეს გრძნობა მეხმარება იმაში, ვიყო ის, ვინც ვარ. ხოლო, რაც შეეხება სიმღერას, სულ ვღიღინებ და მემღერება, თუმცა სერიოზულ სასიმღერო კარიერაში, დროებით, ტაიმ-აუტი ავიღე. ამ ეტაპზე ჩემი განვითარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმღერა. თუმცა, ვაღიარებ, სცენა ძალიან მენატრება. სცენა, მოგზაურობის მერე, ჩემი მეორე ნარკოტიკია და ძნელია მისგან გადაჩვევა. აუცილებლად ავმღერდები, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. სხვათა შორის, როცა ჩემი სტუდენტები იგებენ, მათი ლექტორი ადრე მომღერალი იყო, ინტერნეტში ეძებენ, ისმენენ და უკვირთ – რა უნდა ამას ბუღალტერიაშიო (იცინის). მინდა, უახლოეს მომავალში, ქართველი მსმენელისთვის ჩემი ძველი სიმღერების ახლებური ვარიანტი ჩავწერო და ჩემს ხალხს ეს საჩუქარი გავუკეთო.

скачать dle 11.3