კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ვინ და როგორ გაანადგურა ბერიას მიერ შექმნილი მეცნიერული ჯგუფის ნაღვაწი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მთელ სტალინურ პოლიტბიუროში, თავად სტალინს თუ არ ჩავთვლით, ლავრენტი ბერია ერთადერთი გამონაკლისი იყო, ვისაც ფართო ერუდიცია და სხვადასხვა სფეროში ღრმა ცოდნა ჰქონდა... ისტორიკოსი ივანე ვასილიევი (უმცროსი) წერს: „ბერიას ჯალათები – ხრუშჩოვი და კამპანია განათლებას არ სწყალობდნენ და მისგან ისე შორს იდგნენ, როგორც ინდაური – ჭადრაკისგან. სამაგიეროდ, თითოეული მათგანი კარგად გამოწრთობილი დამსმენი და ინტრიგანი იყო და ყველანაირ საზიზღრობაზე აწერდნენ ხელს. ფრთიანი ანგელოზი არც ლავრენტი ბერია ყოფილა, მაგრამ ის უაღრესად ერუდირებული, განათლებული და რაც მთავარია, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი იყო.“ სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი) წერს: „მამაჩემი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა კვალიფიციურ, საფუძვლიან განათლებას და მეუბნებოდა: ერი განათლების გარეშე წინ ვერ წაიწევს და ვერ განვითარდებაო. სანამ პატარა ვიყავი, მამა არ აკონკრეტებდა, რომელ ერს გულისხმობდა – საბჭოთას თუ ქართველს, ხოლო რომ წამოვიზარდე, მე თვითონ მივხვდი ამას. ერთხელ სკოლიდან სახლში დავბრუნდი. წინა დღეს თბილისის „დინამომ“ მოსკოვის „ცედეკას“ მოუგო ფეხბურთში და ამით გახარებული ასეთ სიმღერას ვმღეროდი: „დიდება თბილისის „დინამოს“ მოსკოვის „ცედეკამ“ ინანოს, კიდევ თუ გადაგვეყარა, რუსებს დავამხობთ ქვეყანას...“.  საღამოს მამაჩემი დაბრუნდა სახლში და ყური რომ მოჰკრა ამ სიმღერას, თავის კაბინეტში შემიყვანა და დაწვრილებით გამომკითხა, თუ სად მოვისმინე. ხოლო, რომ ვუთხარი, ჩვენ, თანაკლასელმა ბიჭებმა მოვიგონეთ-მეთქი, თავი გააქნია და მთხოვა, ასეთი სიმღერები აღარ გვემღერა. მხოლოდ წლების მერე გავიგე, რომ მამა პირისპირ შეხვედრია ჩემი სკოლის დირექტორსა და დამრიგებელს, მოუყოლია სიმღერის შესახებ და უთქვამს: ყოველგვარი ხმაურის გარეშე მოაგვარეთ ეს ამბავიო. მახსოვს, მთელი კლასი (მაშინ ბიჭებისა და გოგონების სკოლები ცალ-ცალკე იყო) დირექტორმა დაგვიბარა, დამრიგებლიანად და საკმაოდ არგუმენტირებულად აგვიხსნა, თუ რატომ არ უნდა გვემღერა ასეთი სიმღერა, რაც ქართველების რუსებზე გამარჯვებამ დაგვაწერინა.“ ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდებოდნენ სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი, როდესაც ისინი ბერიას საქმის კურსში შეჰყავდა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა და არა იმიტომ, რომ ეს სერგო ბერიას ეხებოდა, არამედ იმიტომ, რომ ბერია ორთოდოქსი კომუნისტი არ ყოფილა და ის განათლებული, ერუდირებული ადამიანი იყო. ამასთანავე, პატრიოტი ქართველი და დარწმუნებული ვარ, რომ თავად ბერიაც ემხრობოდა იმ სიმღერის პათოსს.
  ზოგადად, პატრიოტიზმი ძალიან საშიში რამ იყო სტალინის სახელმწიფოში და ამდენ ინტრიგანს, დამსმენსა და შოვინისტს ამის გამო შეეძლოთ, ბერიაც კი შეეწირათ. თუმცა ბერია რის ბერია იყო, რომ თავისი ნამდვილი ზრახვები სააშკარაოზე გამოეტანა და ის ოსტატურად ნიღბავდა ყოველივე პატრიოტულს. მაგალითად, საქვეყნოდ ცნობილ „ბორჯომს“ „საბჭოთა საქართველოს მინერალური წყალი“ უწოდა, ხოლო ქართული ისტორიის სახელმძღვანელოებს კი, სადაც საქართველოს მთელი ისტორია იყო მოთხრობილი – „საბჭოთა საქართველოს ისტორია“ და ასე შემდეგ.
  ჯერ კიდევ იოსებ სტალინის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, ლავრენტი ბერიას ინიციატივით შეიკრიბნენ საქვეყნოდ ცნობილი ქართველი მეცნიერ-მკვლევრები, პუბლიცისტები, საზოგადო მოღვაწეები და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. შედგა ხარჯთაღრიცხვა, დამტკიცდა ბიუჯეტი და საკავშირო ბიუჯეტიდან წამოვიდა საკმაოდ მსხვილი დაფინანსება ამ ჯგუფისთვის. შედეგად კი ქართველი მეცნიერები ღრმა, ფართომასშტაბიან კვლევით სამუშაოს ახორციელებდნენ საქართველოს ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და სხვა დარგებში, რის შედეგადაც შეიქმნა ფუნდამენტური ბაზა დიდი ქართული ენციკლოპედიის გამოსაცემად.
  ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი შოთა მესხია ყვებოდა: „ლავრენტი ბერიასთან შეხვედრა 1951 წლის მარტში შედგა და მან საკუთარ სახლში მიგვიწვია. ჩვენ არც ვი ვიცოდით, რომ მისი დაბადების დღე იყო და შევწუხდით. სუფრასთან (სულ 20 მეცნიერი ვიყავით) ლავრენტი ბერიამ ძალიან უშუალო, თავისუფალ ვითარებაში შემოგვთავაზა ფუნდამენტური კვლევების ჩატარება საქართველოსთვის მნიშვნელოვან სფეროებში და შემდგომ ამ ნაშრომების გამოშვება ენციკლოპედიური პრინციპით. იქვე, არასამუშაო ატმოსფეროში, ბატონი შალვა ნუცუბიძე ამ პროექტის ხელმძღვანელად დაასახელა. შემდგომ თემა შეიცვალა და სუფრამ ჩვეული ხასიათი მიიღო, ყველანი ვმხიარულობდით. ერთი კვირის მერე კი თბილისში გენერალი სერგო გოგლიძე ჩამოვიდა, რომელმაც უკვე ბერიას მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია ჩამოგვიტანა და ერთ კვირაში მუშაობაც გაჩაღდა“.
  ლავრენტი ბერიას მიერ შენიღბულად შექმნილმა ჯგუფმა 1951 წლის აპრილიდან 1953 წლის ივლისის ჩათვლით ტიტანური სამუშაო შეასრულა, რომ იტყვიან, ზღვა მასალა დამუშავდა და ყველაფერი გამოსაცემად გამზადდა. ეს იყო 49 ტომის მასალა და სამეცნიერო სამყარო დიდ ფუნდამენტურ კვლევას მიიღებდა, რაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნებოდა, მაგრამ ბერია ვერაგულად მოკლეს, ხოლო პროექტი კი დახურეს და ნაშრომების კონფისკაცია განახორციელეს. შოთა მესხია ყვებოდა: „ჩვენ მიერ ჩატარებული გრანდიოზული სამუშაო, ხრუშჩოვის ბრძანებით, თვალის დახამხამებაში გაანადგურეს. მოგვიანებით მოსკოვის საგამოფენო მანეჟში, მისივე ბრძანებით, ავანგარდისტების გამოფენა ბულდოზერებით დაარბიეს, მაგრამ ამ საშინელ ვანდალიზმს ნამდვილად ვერ შეედრება ის ენით აუწერელი დანაშაული, რაც ხრუშჩოვმა საქართველოს, მისი ისტორიის, ლიტერატურისა თუ სხვათა მიმართ ჩაიდინა“.
  აშკარაა, რომ ბერია თავის სამსახურებრივ მოვალეობას პირად სურვილებს ამთხვევდა. ეს სურვილები კი იმ გრძნობიდან მოდიოდა, რასაც პატრიოტიზმი ეწოდება. სამწუხაროა, რომ  იდეოლოგიურ–შოვინისტურ მოსაზრებებს დიდი მეცნიერული ნაშრომ-ნაღვაწი შეეწირა და მეოცე საუკუნის კომუნისტური ინკვიზიციის მსხვერპლი გახდა. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ნებით თუ უნებლიეთ, ამ ინკვიზიციის შექმნაში ბერიასაც მიუძღვის წვლილი.

скачать dle 11.3