კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№33 რას უყვებოდნენ მტრები ზურაბ იარაჯულის მამას შვილის გმირობის შესახებ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  22 წლის ზურაბ იარაჯულმა აფხაზეთის ომში საკუთარ ასაკზე ორჯერ მეტი გაფრენა განახორციელა და ქვეყნის ერთიანობის დასაცავად საკუთარი მოიერიშე „სუ-25-ით“ არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა.
  1993 წლის 13 ივლისი იყო. აფხაზეთში ცეცხლის ალში გახვეული სოფელ შრომის მოსახლეობა იმედის თვალით შეჰყურებდა ქართულ ავიაციას, რომელიც გაშმაგებით უტევდა მტერს და მის პოზიციებს დიდი სიზუსტით ბომბავდა. მოულოდნელად ბომბორას აეროპორტიდან სითბური რაკეტის გასროლის ხმა გაისმა. ქართული მოიერიშე „სუ-25“ ცეცხლის ალში გაეხვა. თვითმფრინავი ჯერ ზღვისკენ წავიდა, მალევე შემობრუნდა და მტრის პოზიციებზე კატასტროფა განიცადა. მაშინ არავინ იცოდა, რომ ამ თვითმფრინავს ეროვნული გმირი ზურაბ იარაჯული მართავდა.
  ზურაბ იარაჯული 1972 წლის 12 მარტს თბილისში დაიბადა. აბესალომ იარაჯულის ოჯახში, უფროსი დის შემდეგ, ის პირველი ვაჟი იყო. ზურა ბავშვობიდან წყნარი, მორიდებული ბავშვი იყო. სკოლაში განსაკუთრებით ტექნიკური საგნები აინტერესებდა. მალე თვითმფრინავები შეუყვარდა, ხელნაკეთ თვითმფრინავებს აწყობდა და პილოტობაზე ოცნებობდა.
  მერვე კლასში ზურაბი ბოლნისში აეროკლუბში გაწევრიანდა და თვითმფრინავებს პირველად გაეცნო. კლუბიდან ზურა ფრენებზე ხშირად დადიოდა და ამან მისი მიზნების ჩამოყალიბებაში, ფაქტობრივად, გადამწყვეტი როლი შეასრულა. მამა აბესალომ იარაჯული საავიაციო ქარხანაში მუშაობდა და სამხედრო მოსამსახურე იყო. მიუხედავად ამისა, აბესალომმა ვერ შეამჩნია, რომ მისი შვილი, ზურაბი სკოლის დამთავრების შემდეგ საავიაციო სასწავლებლებს ეძებდა და ოჯახისგან მალულად გამოცდებიც ჩააბარა. მისაღები გამოცდების სამედიცინო კომისიაზე, თავდაპირველად, ზურაბის კარდიოგრამა დამაკმაყოფილებელი არ ყოფილა. ეს ფაქტი იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ მომავალი პილოტი არ შეეგუა და ჯანმრთელობის შემოწმება თავიდან გაიარა. 1988 წელს, ამჯერად უკვე ნორმატივების შესაბამისი კარდიოგრამით, ზურაბი რუსეთში კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში ჩაირიცხა.
  ზვიად ბექაური (თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი): „ზურა დიდი პატრიოტი და მონდომებული ბიჭი იყო. ერთხელ, ერთ-ერთი სასწავლო ამოცანის შესრულების დროს, საფრენი აპარატით ის მანევრები გააკეთა, რომელსაც აღნიშნული ამოცანა არ ითვალისწინებდა. ასეთი ინდივიდუალური გადაწყვეტილების გამო კურსანტებს სასწავლებლიდან უშვებდნენ. ზურაბის ეს ქმედება სასწავლებლის ხელმძღვანელობის საგანგებო სხდომამ განიხილა და მიუხედავად მოლოდინებისა, ზურა სასწავლებელში დატოვეს. დატოვეს, რადგან თითოეული საავიაციო მანევრი მაქსიმალურად სიზუსტით, უსაფრთხოდ და საავიაციო საქმის სიყვარულით გააკეთა. საავიაციო სასწავლებლის კურსანტებს შესაძლებლობა გვქონდა, ღამით სამეცადინოდ ავმდგარიყავით. ეს გამონაკლისი ჩვენთვის იყო, რადგან როდესაც სამხედრო დანაყოფში ძილის დრო ცხადდება, ადგომის უფლება არავის აქვს. ღამით მეცადინეობების დროს ზურამ საქართველოს რუკა დახატა. რუკაზე თითოეულ კუთხეს შესაბამისი ბუნებრივი რესურსი მიახატა და მითხრა: „საქართველოს დამოუკიდებლად შეუძლია არსებობა, ჩვენ დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვროთო“. ეს იყო ძალიან მოულოდნელი იმ დროისთვის, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და ჩვენ რუსეთში ვსწავლობდით“.
  1992 წელს ის დაბრუნდა საქართველოში, გადამზადება გაიარა „სუ-25“ მოიერიშე თვითმფინავებზე და კოპიტნარში პილოტად დაინიშნა. ამ დროს აფხაზეთის ომი დაიწყო. 22 წლის ზურაბ იარაჯულმა 44 საბრძოლო გაფრენა განახორციელა და ქვეყნის ერთიანობის დასაცავად საკუთარი მოიერიშე „სუ-25-ით“ არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. 1993 წლის 13 ივლისს სოფელი შრომა მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ქართული სოფელი რუსული სამხედრო შენაერთებისგან უმოწყალოდ იბომბებოდა. საჭირო იყო სწრაფი და ეფექტური ქმედება. ამ დღეს ზურამ ერთი გაფრენა წარმატებით განახორციელა. მისმა ზუსტმა ქმედებამ საქართველოში შემოჭრილ მტერს უკან დაახევინა. თუმცა, მალევე შემოვიდა ინფორმაცია, რომ კვლავ საჭირო იყო მოქმედება. ზურაბ იარაჯული კოპიტნარიდან შევსებული შეიარაღებით აფრინდა. ეს მისი ბოლო, 45-ე საბრძოლო მისია აღმოჩნდა.
  ზურა იარაჯულის „სუ-25“ მოიერიშეს რუსი სამხედრობის მიერ გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექს „იგლადან“ გაშვებული სითბური რაკეტა მოხვდა. ცეცხლმოკიდებული „სუ-25-დან“ ზურა იარაჯული პარაშუტით გადმოხტა. ქარმა პარაშუტი მოწინაღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაიღო. სამი დღის განმავლობაში კატაპულტირებული პილოტი მტრის ზურგიდან ფრონტის ხაზის გადაკვეთას და სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდა. მოწინააღმდეგესაც შეუმჩნევია, რომ პილოტი ცოცხალი გადარჩა და მასზე გამალებული ნადირობა დაიწყეს.
  მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ გუმისთის ტყეში აფხაზ სეპარატისტებს და ჩეჩენ მებრძოლებს ზურა იარაჯული ალყაში მოუქცევიათ. ზურას დანებება შესთავაზეს. სავარაუდოდ, დატყვევებულ პილოტს ტყვეთა გაცვლის პროცესში გამოიყენებდნენ – ამას დაჰპირდნენ კიდეც. ზურამ ტყვეობაზე უარი თქვა.
  ზვიად ბექაური: „მე მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები...“ – ეს ფრაზა მითხრა ერთხელ კოპიტნარში. ისიც დაამატა, რომ სანამ მომკლავენ, რამდენიმეს ხომ მაინც გავიყოლებო. ზურამ ეს სიტყვები ერთი ერთში აასრულა...“ (წყარო: თავდაცვის სამინისტრო).
  ჩამოაგდეს, მაგრამ მოასწრო კატაპულტირება და მტრის ტერიტორიაზე დაეშვა, ალყა შემოარტყეს, დაგვნებდიო. მაგრამ სანამ მოკლავდენენ, კიდევ რამდენიმე გაიყოლა მოუსავლეთში. მაკაროვით იგერიებდა მტერს, უკანასკნელ ტყვიამდე იბრძოლა. ზურა სხვის მაგივრად გაფრინდა: თავისი საბრძოლო დავალება რომ შეასრულა და უკან დაბრუნდა, შემდეგ ვინც უნდა გასულიყო, ადგილზე არ აღმოჩნდა და იმის „სუშკაზე“ ზურა დაჯდა. მიცვალებულების გაცვლის დროს კი აფხაზებმა მხოლოდ მისი მამა გადაუშვეს იქით და საფლავი აჩვენეს: ცელოფანში იყო გახვეული და ისე დაკრძალული (ომის პირობებში – პატივით). ჩეჩნებს უთქვამთ: ვაჟკაცი შვილი გყავდა და ჩვენც ვაჟკაცურად დავკრძალეთო. ცელოფანსა და შინელში გახვეული შვილის ცხედარი ერთი თვალის შევლებითაც იცნო ბესო იარაჯულმა…
– Эй, грузин, сдавайся, в плен возьмем, не убьем, не бойся- ჩეჩნური აქცენტით დაიძახა ვიღაცამ, რომელსაც პასუხად პისტოლეტის ტყვიების წივილი მოჰყვა… დაახლოებით ერთი წლით ადრე, ვიდრე გუმისთის პირას, ტყეში ეს ტრაგედია დატრიალდებოდა, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბში ახალგაზრდა სამხედრო პილოტი მივიდა და განაცხადა, ქართული ცის დაცვა მსურსო. ეს პილოტი ზურა იარაჯული გახლდათ, გმირი მეომარი, რომელმაც მტერი თავისი ვაჟკაცობით აღტაცებაში მოიყვანა!
– Он настоящим героем был, – უყვება ბესოს შვილის სიცოცხლის ბოლო წუთებზე ერთ-ერთი ჩეჩენი, – ჩვენი საპატრულო ჯგუფი კატაპულტირებულ პილოტს სამი დღე ეძებდა. 16 ივლისს მას ამ ადგილას მოულოდნელად წავაწყდით. რამდენჯერმე შევთავაზეთ დანებება, სიცოცხლესაც შევპირდით და ჩვენს ტყვეებზე გაცვლაც გვინდოდა, მაგრამ ყველა შეთავაზებაზე სროლას გვიტეხდა. მერე მოულოდნელად გადმოგვიხტა, ორი თანამებრძოლი მოგვიკლა, მესამე კი დაგვიჭრა. სწორედ იმ დაჭრილმა წაქცევის მომენტში ავტომატის ჯერი დააყარა თქვენს შვილს… ნამდვილი გმირი იყო, ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩია. ამ აფხაზებს მაგის ნეშტის შეურაცხყოფა სურდათ, მაგრამ ჩეჩნებმა არ დავანებეთ. ვაჟკაცი ყოველთვის ვაჟკაცია, გინდ მტერი იყოს, – დაასრულა შეიარაღებულმა ჩეჩენმა.
  1993 წლის 27 ივლისს, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ზურას მამამ გმირი შვილი საქართველოში ჩამოასვენა. პილოტი, რომელმაც მტერთან ტყვედ ჩავარდნას გმირული სიკვდილი არჩია, 2013 წელს ეროვნულ გმირად აღიარეს.
დაკრძალულია სოფელ იარაჯულებში. თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში არის ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი.
უბედურებას უბედურება დაემატა. ზურას დედამ, ქალბატონმა გულომ, შვილის დაღუპვა ვერ აიტანა და თავადაც გამოესალმა წუთისოფელს. დედა-შვილი ერთად დაკრძალეს… სამიოდ წელში ზურა იარაჯულის მამაც გარდაიცვალა, მოგვიანებით ზურას ძმა, ვანოც დაიღუპა, რომელიც ასევე, აფხაზეთის ომის მონაწილე იყო.

скачать dle 11.3