კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№32 როგორ გახდა მარიამ ნადირაძე „მაიკროსოფტის“ პირველი ქართველი თანამშრომელი და რა არ ახსოვს მას ავარიის შემდეგ

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  23 წლის მარიამ ნადირაძე მსოფლიოს უდიდესი კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაციის, Microsoft -ის პირველი ქართველი თანამშრომელი გახდა. მან გასაუბრების რამდენიმე ეტაპი წარმატებით გაიარა და ვაშინგტონის ოფისში სერვის ინჟინრის (Service Enginer) პოზიციაზე დაინიშნა. მარიამმა თავის კარიერასა და ცხოვრებაზე გვიამბო (ყდაზე გამოყენებული ფოტო ეკუთვნის Sofia Mendez Subieta-ს).
  მარიამ ნადირაძე: ქუთაისში დავიბადე და პირველი ხუთი წელი, ძირითადად, იქ ვცხოვრობდი – ბებია-ბაბუასთან. მერე მშობლებმა თბილისში წამომიყვანეს. ბავშვობაში ხელოვნება მიზიდავდა და ხუთი წლიდან ხატვაზე და ფორტეპიანოზე დავდიოდი. მეხუთე კლასის შემდეგ, როცა ინგლისურის საფუძვლიანად სწავლა დავიწყე, გადავწყვიტე, რომ სწავლა უცხოეთში გამეგრძელებინა, ოღონდ თავიდან ბრიტანეთში ვფიქრობდი წასვლას. შემდეგ ჩემი მეგობრებისა და კლასელების წყალობით გავიგე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაზე და ავიტეხე: არიქა, ამ სკოლას თვლიან საუკეთესოდ და იქ მინდა სწავლა-მეთქი. ჩემი ნიშნების მიუხედავად, წესიერი დაფინანსება არ მქონდა და შესაბამისად, ჩემი მშობლებისთვის საკმაოდ რთული იყო სწავლის გადასახადებთან გამკლავება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ყოველთვის უცნაური ბავშვი ვიყავი – ჩემი მშობლებისგან, „საუკეთესო განათლებისა“ და კომპიუტერული თამაშების გარდა, ძალიან იშვიათად მომითხოვია რამე და შესაბამისად, ჩემს ასეთ მონდომებას რომ ხედავდნენ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, ამერიკული აკადემია დამემთავრებინა. იმავდროულად, ჩემს მომავალს მაინც ბრიტანეთისა და ფსიქოლოგიის განხრით სწავლის გაგრძელების გარშემო ვგეგმავდი, თუმცა, ამ ვარიანტის განხილვა მალევე შევწყვიტე. მაშინ არც ბრიტანეთის უნივერსიტეტები და არც ქართული ორგანიზაციები არ აფინანსებდნენ ამ სფეროზე ბაკალავრის სწავლას. მე კი სტიპენდიის გარეშე უცხოეთში განათლების მიღებას ვერ შევძლებდი. ევროპაში წასვლა არ მინდოდა, აზიური ენები მაშინ არ ვიცოდი, რომ მათი ვარიანტები განმეხილა. შევარჩიე 8 თუ 9 უნივერსიტეტი (ფიქოლოგიის ფაკულტეტის review-ებისა და ლოკაციის მიხედვით) და აპლიკაციების გაგზავნამდე, SAT-ის გამოცდამდე, ერთი კვიროთ ადრე მოვყევი ავარიაში. რაღაც სასწაულის წყალობით ვარ ცოცხალი. მერე ისეთი წამლების მიღება მომიწია, რომ 2013-2014-ის ზამთრიდან ბევრი რამ არ მახსოვს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც გავედი გამოცდაზე და თან, წარჩინებულად ჩავაბარე. ისე კარგად შემდეგ წელს გამოჯანმრთელებულმაც ვერ შევძელი (იცინის). მერე აპლიკაციებიც გავგზავნე და მალევე ინტერვიუების გავლა დავიწყე. საბოლოო ჯამში, იმედი მქონდა, რომ ჩემი ამ თავგადასავლების გათვალისწინებით, მაინც მოვხვდებოდი NYU Abu Dhabi ან Vassar College-ში, მაგრამ მეორე მხრივ, სრულ დაფინანსებას ვითხოვდი და შესაბამისად, ორივე უნივერსიტეტმა Waitlist-ზე დამსვა, რაც უარის ტოლფასია. ჩემდა გასაკვირად, პირდაპირ, ინტერვიუს გარეშე, მიმიღო Grinnell-მა, რომელიც მათი წარმომადგენლის წყალობით მოხვდა ჩემს სიაში – მე-12 კლასის დასაწყისში ამერიკულს ეწვია Jon Edwards და პრეზენტაცია გააკეთა  Grinnell-ის შესახებ. რა თქმა უნდა, დავთანხმდი მათ შემოთავაზებას, თან, სწავლას ბოლომდე მიფინანსებდნენ, ოღონდ ერთი წელი აკადემიური ავიღე, რომ გამოვჯანმრთელებულიყავი. შემდეგ გავემგზავრე შუაგულ lowa-ში ფსიქოლოგიის სასწავლებლად. პირველი ორი კურსის განმავლობაში განვიხილავდი ამ გადაწყვეტილებას და საბოლოოდ გავიაზრე, რომ არ მომწონდა ის მიდგომა, რაც ჩვენს ფაკულტეტს ჰქონდა ფსიქოლოგიისა და პაციენტების მკურნალობის მეთოდების მიმართ. თან, იყო მეორე მხარეც – კომპიუტერული მეცნიერების პირველი გაკვეთილი ისეთ პროფესორთან ავიღე, რომ ამ ერთმა კაცმა ჩემ მიერ ბავშვობაში მოძულებული სფერო ლამის შემაყვარა. მეორე კურსის ბოლოს გადავწყვიტე, რომ კომპიუტერული თამაშების შექმნის მიზნით კომპიუტერულ მეცნიერებებზე ჩამებარებინა.
– როგორ მოხვდი „მაიკროსოფტის“ გუნდში?
– სიმართლე გითხრათ, ყველაფერი ეს „გრინელის“ კურსდამთავრებულის წყალობით მოხდა.  მან მოწერა „გრინელს“ ამ პოზიციის არსებობის შესახებ და უნივერსიტეტმაც ამის შესახებ ჩემი ფაკულტეტის ახალ კურსდამთავრებულებს გამოგვიგზავნა იმეილი. თავიდან ვიყოყმანე აპლიკაციის გაგზავნაზე, რადგან ჩემი გამოცდილება  მოთხოვნებს არ ემთხვეოდა, მაგრამ რას ვკარგავ-მეთქი და მაინც გავგზავნე „სივი“. შემდეგ ამ კურსდამთავრებულმა შემომთავაზა პირველი  ინტერვიუს ტელეფონით გავლა და მერე ოფიციალური აპლიკაციის შევსება მირჩია.  ოფიციალურ წარმომადგენელთან კიდევ ერთი სატელეფონო გასაუბრება უნდა გამევლო, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ პირდაპირ On-Campus ინტერვიუზე მივეწვიე სიეტლში. წესით, კანდიდატებს ამ ეტაპზე ორი ღამით იწვევენ და იქ ჩაფრენისა და გამოძინების შემდეგ გადიან 4-5 ინტერვიუს. მე და თვითმფრინავით ფრენა არ ვმეგობრობთ და ამ შემთხვევაშიც, შტორმის გამო, მეორე ფრენაზე დავაგვიანე. დიდი მუდარისა და ვარიანტების განხილვის შემდეგ, ჩემი ავიაკომპანიის წარმომადგენელმა ჯადოქარივით „ჰაერიდან გააჩინა“ ბილეთი, რომელიც სიეტლში დილის 8-ზე ჩამიყვანდა. მიუხედავად უძილობისა და გადაღლისა, ხუთივე ინტერვიუ მაინც წარმატებით გავიარე და სასტუმროში როგორც კი მივედი, იმწამსვე გავითიშე (იცინის).
– როგორია „მაიკროსოფტის“ სამუშაო გარემო? რა შედის შენს მოვალეობაში?
– ჯერ მუშაობა არ დამიწყია და შესაბამისად, ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა ძალიან თბილი და დამხმარე დამოკიდებულებაა თანამშრომლებს შორის. სამუშაო სტატუსის საბუთებს ველოდები და სექტემბერში დავიწყებ მუშაობას. მოვალეობა კი, ზოგადად, სერვისების „მაიკროსოფტის“  Azure ღრუბელზე ატვირთვის სტრატეგირება იქნება. სანამ მუშაობას დავიწყებ, უფროსმა „დამავალა“, რომ მაქსიმალურად ვისარგებლო ჩემი ბოლო 3-თვიანი ზაფხულის არდადეგებით.
– რა რეაქცია გქონდა, როცა გაიგე, მათი გუნდის წევრი ხდებოდი? როგორ შეგატყობინეს?
– ამ შეტყობინების ლოდინმა, არ ვიცი, რა მიქნა (იცინის). „მაიკროსოფტი“, წესით, მაქსიმუმ, ერთ კვირაში ატყობინებს ბოლო ეტაპის კანდიდატებს მათ ბედს. ჩემს შემთხვევაში, ორი კვირის განმავლობაში არავისგან არაფერი ისმოდა. თან, ბოლოს სხვა ინტერვიუებს გავდიოდი. ზარის მიღების დღეს,  ინტერვიუებს შორის, სახლს ვალაგებდი. ზარის ხმა რომ გავიგონე, ვიფიქრე, მამაჩემი მირეკავდა. ეკრანს რომ დავხედე, უცნობი ნომერი დამხვდა ვაშინგტონის შტატიდან და ერთი წამით  დავყოვნდი, მაგრამ მაინც ვუპასუხე და ჩემი ოფიციალურად დანიშნული წარმომადგენლის ხმა რომ გავიგონე, გული გამიჩერდა. მოკითხვის შემდეგ მახარა, გილოცავო და აი, მაგ „გილოცავს“ შემდეგ იმ საუბრიდან არაფერი მახსოვს – გიჟივით დავხტოდი მარჯვნივ-მარცხნივ. პირველი ორი დღე არც მჯეროდა, მერე კი საბუთებს მოვაწერე ხელი. ჩემმა უფროსმაც მომილოცა და ასე ნელ-ნელა შევეგუე ფაქტს, რომ მართლაც „მაიკროსოფტში“ დავიწყებ მუშაობას.
– ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნა მარიტივი არაა. რთული პერიოდი თუ გქონია და რა დაგეხმარა მის გადალახვაში?
– უფ... პირველი კურსი იყო ჩემი წამება… აიოვაში, როგორც ასეთი, ქართველის ჭაჭანება არაა. გრინელშიც ჩემ გარდა სხვა ქართველი არავინ იყო.  21-ე საუკუნე რომ არ იყოს და ის ტექნოლოგია არ გვქონდეს, რაც დღესაა, სავარაუდოდ, პირველ წელს საერთოდ ვერ გავძლებდი. „სკაიპით“ ოჯახთან და მეგობრებთან კონტაქტი მეხმარებოდა. მერე სხვა ქართველებმაც ჩააბარეს, ყოველ წელს ერთი ახალი გოგო აბარებდა და ასე ქართული პატარა ჯგუფი გამოგვივიდა.  ქართულო საჭმელების კეთებაც დავიწყეთ და ამ ბოლო წელს Internatoonal Food Bazaar-ის საღამოზე წარვადგინეთ იმერული ხაჭაპურები და „კაკლუჭები“. მეორე მხრივ, ჩემსავით მარტოხელა უცხოელი სტუდენტები გავიცანი და დავუმეგობრდი.
– ამერიკულ თავისუფალ, ხმაურიან ცხოვრებას როგორ მიეჩვიე?
– მაგას ახლა მივეჩვევი, სიეტლში რომ გადავალ (იცინის). ვიდრე ჩავაბარებდი, ისე დავგეგმე უნივერსიტეტების სია, რომ უმეტესობა პატარა ქალაქებსა და დასახლებებში მდებარეობდა. გრინელიც  ფერმერების ქალაქია და სულ რაღაც 10 000 მოსახლე ცხოვრობს. უნივერსიტეტის გარშემო სახლების რიგების შემდეგ, კი უსაშველო სიმინდის  მდელოებია. შესაბამისად, ჯერჯერობით აქ თბილისზე უფრო წყნარად ვცხოვრებ, მაგრამ სიეტლზე მიჩვევაც არ იქნება რთული. ნიუ-იორკივით უზარმაზარი არაა და სიცივეების გამოც უმეტესობა ან ცოტა უფრო სამხრეთით ცდილობს დასვენებას, ან სახლში რჩება. ერთადერთი საერთო საცხოვრებელში გამიჭირდა შეგუება, ჯერ ყველა ოთახი საავადმყოფოს მაგონებდა, მერე მესამე კურსზე  ბიჭებთან ერთად ვცხოვრობდი ერთ სართულზე, თან ისიც იყო, რომ ზოგს პირადი სივრცის კონცეპტის შეგნება არ გააჩნდა.
– ამ ყველაფრის მიღმა, კიდევ რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ვთამაშობ კომპიუტერულ თამაშებს (იცინის). თან, საკუთარ ვებსაიტს ვქმნი, სადაც ჩემი გამოცდილების შესახებ ვწერ და ცალკე ბლოგი მექნება, რომ თამაშების სამყაროზე ვისაუბრო და ვიკამათო. ასევე, როგორც იქნა, გასართობად ისევ ვკითხულობ წიგნებს. დანარჩენ დროს კი ჩემს პატარა ძმასთან ერთად ვთამაშობ Starden Valley-ს, რომ მან Fortnite არ ითამაშოს (იცინის). კიდევ, სანამ აქ ვარ ნიუ-იორკის მონახულებას ვცდილობ.
– საქართველოში დაბრუნებას და სამომავლოდ აქ მუშაობას თუ გეგმავ?
– დაბრუნებას კი, თუმცა, მუშაობას არა. რამდენიმე გეგმა მაქვს, რომ მოზარდებს დავეხმარო საქართველოშივე კარგი განათლების მიღებასა და მერე უცხოეთში სასწავლებლად წასვლაში. მაგრამ ჩემი გეგმებისა და ოცნებების მისაღწევად საკმაოდ დიდი ხანი ამერიკისა და აზიის კონტინენტებზე ყოფნა მომიწევს. დაბრუნებას პენსიაზე გასვლის მერე ვფიქრობ, რომ მთაში, სოფელში დავბრუნდე და დარჩენილი ფინანსები აგროკულტურულ მრეწველობას მოვახმარო.

скачать dle 11.3