კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№32 გიორგი კიკნაძე: დუტა ამაყობს იმით, რომ მისი სახელი და გავლენა არასდროს არაფერში გამომიყენებია

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ახალგაზრდა მსახიობს, გიორგი კიკნაძეს არაერთ სპექტაკლში იხილავთ, მათ შორისაა: „ბაკულას ღორები“, „უცხოობაში“, „სახიფათო კავშირები“, „თამაში ჭვავის ყანაში“, „მკაცრი ქალიშვილები“ და სხვა. მისი ნიჭი არც უფროს კოლეგებს გამოჰპარვიათ და გიორგის ყოველთვის დადებითად აფასებენ. 27 წლის მსახიობი უკვე სამი წელია, რაც თეატრის დასის ოფიციალური წევრია. შემოთავაზებები აქვს, ასევე, ფილმებიდან და სამომავლოდ კინორეჟისორებთან თანამშრომლობასაც გეგმავს. უფრო დაწვრილებით მის კარიერასა და ცხოვრებაზე თავად გიამბობთ.
  გიორგი კიკნაძე: 2014 წელს დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი და 2016 წლიდან, ოფიციალურად, მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი ვარ. თეატრში გავიზარდე და პროფესიის არჩევის დროს სხვა ალტერნატივა არც მქონია. დედა  თეატრის მხატვარია. თელავში ვცხოვრობდით და დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა თელავის თეატრში. შესაბამისად, ყოველთვის ვიყავი იმ პატარ-პატარა სასწაულების მომსწრე, რაც სცენის მიღმა ხდებოდა. რამდენიმეჯერ ბავშვი დასჭირდათ სპექტაკლში და მე მათამაშეს. პირველად რვა წლისა გავედი სცენაზე. „ალადინის ლამპარი“ – ასე ერქვა სპექტაკლს, ბავშვები ფინალში ვიღებდით მონაწილეობას. სცენა იყო შემდეგი: ალადინს და ჟასმინს გაუჩნდა ბევრი შვილი, ადიოდა ფარდა და გამორბოდნენ ბავშვები, მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი. ეს იყო ჩემი პირველი როლი (იცინის). რაც შეეხება მარჯანიშვილის თეატრს, ვფიქრობ, გამიმართლა, რომ აქ მოვხვდი. ზოგადად, ცხოვრებაში რამდენიმეჯერ გამიმართლა, ერთ-ერთი ისიც არის, რომ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ჩემი სტუდენტობის დროს ბატონ ლევან წულაძეს თეატრში ჰყავდა სარეჟისორო ჯგუფი, რომლებიც თავიანთ სადიპლომო ნამუშევრებს წერდნენ. პირველივე კურსზე მომიწია მათ სპექტაკლებში თამაში.
– გარდა თეატრისა, კიდევ რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– ის სხვა რაღაცები, რასაც ვაკეთებ, მაინც თეატრს უკავშირდება. გოგა პიპინაშვილის სტუდიაში ბავშვებს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ. როცა საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, 12-13 წლის ვიყავი. პირველად მივედი ამ სტუდიაში და ფაქტობრივად, აქ გავიზარდე. თბილისში პირველი მეგობრები სწორედ აქ შევიძინე. ახლა მე ვასწავლი ბავშვებს, თუმცა, არ ვთვლი, რომ პედაგოგი ვარ, უბრალოდ, მათ გადავცემ იმას, რაც დამიგროვდა სცენიდან და გამოცდილებიდან.
– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას მსახიობობასთან დაკავშირებით?
– ძალიან კარგად. დედაჩემს ზუსტად ესმოდა ჩემი, რადგან თავადაც იმავე გზის გავლა მოუწია. დედაჩემის დედა, საკმაოდ ცნობილი და ძლიერი მსახიობი იყო. მე არ მოვსწრებივარ, მაგრამ ყველა აღნიშნავს  ამას. ბაბუაც რეჟისორი მყავდა. შესაბამისად, ეს პროფესია და სფერო ნაცნობია ჩემი ოჯახისთვის. ბებიაჩემი დედაჩემზე რომ იყო ორსულად, სპექტაკლის თამაშის დროს დაეწყო მშობიარობა. მათ იცოდნენ და კარგად ესმოდათ, რომ არ ავირჩევდი რაღაც მაღალბიუჯეტიან პროფესიას.
– სცენაზე სასაცილო სიტუაცია თუ შეგქმნია?
– კი, როგორ არა, მაგრამ მსახიობისთვის მსგავსი შემთხვევა იმ დროს არის კოშმარი, ჯოჯოხეთი და საშინელება, თუმცა, წლების შემდეგ შეიძლება, გაგეცინოს. ერთხელ ისრაელში ვიყავით გასტროლზე და მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ შეუთანხმებლად არ შეიძლეობდა ცეცხლის, სიგარეტის, იარაღის, შუშხუნების და მოკლედ, აალებადი ნივთების გამოყენება. როცა ავუხსენით, რომ ჩვენ გვჭირდებოდა მსგავსი რამ, მოიყვანეს სახანძრო და ეზოში იყვნენ მობილიზებულები. ვთამაშობდი მთვრალ რუსს და ერთი სცენა მქონდა, კარადიდან ვხტებოდი, დაბლა კი ლეიბი მქონდა დაფენილი. ეს ლეიბი მერე უნდა გამექრო, რომ არავისთვის შეეშალა ხელი. გავწიე ლეიბი, როგორც ვაკეთებდი ხოლმე. ფინალში ვხედავ, რომ რაღაც შავი კვამლი ამოდის. გავიხედე და ჩემი ლეიბი იწვის. თურმე,  პროჟექტორისთვის მიმიდია და იწვოდა.  ჩუმად გავხოხდი და ჩავაქრე, ოღონდ არ მახსოვს, რა როგორ გავაკეთე (იცინის). გამიმართლა იმაში, რომ ბოლო სცენის დროს კვამლი უნდა გამოსულიყო.
–  დუტა, როგორც გამოცდილი მსახიობი და უფროსი ძმა, გაძლევს ხოლმე რჩევებს? როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– დუტა გამოცდილი მსახიობია და არა მარტო მსახიობი, ზოგადად – გამოცდილი ადამიანი. თუ, რამე რჩევა მჭირდება და თუმცა, არა ხშირად, ყოველთვის მას მივმართავ. მისი რჩევები შემოიფარგლება იმით, რომ ვსაუბრობთ თეატრზე, კინოზე, ხელოვნებაზე. მისი აზრი ჩემს შემოქმედებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩემზე გაცილებით უფროსია, მაგრამ ასაკობრივი ბარიერი მაშინ მოიშალა, როცა უნივერსიტეტი დავამთავრე. ეს ასაკობრივი ბარიერიც მარტო იმიტომ არსებობდა, რომ მისი შვილის, მარიამის ტოლი ვარ.
– შენს აღზრდაში ჩართული იყო? მარიამთან ერთად იზრდებოდი?
– შეძლებისდაგვარად – კი, მისი მოუცლელობიდან გამომდინარე, როგორც შეეძლო, ისე იყო ჩართული. კი, მე და მარიამი, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ.
– როგორც ჩანს, დუტას შვილების მსგავსად, ნაკლებად იყენებ მის გავლენას და სახელს.
– არც ჩვენ გვჭირდება სხვისი სახელით სარგებლობა და არც თავად დუტას. ასე უფრო ამაყები არიან ჩვენით. ჩემი ძმა მართლა ამაყობს იმით, რომ მისი სახელი და გავლენა არასოდეს არაფერში გამომიყენებია. გარდა იმისა, რომ რჩევა მიკითხავს. ახლაც თქვენ მაიძულებთ, რომ მასზე ვისაუბრო (იცინის). სახელის გამოყენება რომ გვინდოდეს, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ვიღაცის შვილები, ვიღაცის ნათესავები, მეგობრები, ოჯახის წევრები და არა საკუთარი თავი. მირჩევნია, ჩემი ცხოვრების გზაზე თავად გადავლახო ის სირთულეები, რაც თავის დროზე, თუნდაც, ჩემმა ძმამ გადალახა. ასევე, მის შეცდომებზე ვისწავლო, ვიდრე გამოვიყენო და არ ვიცოდე საქმე, არ ვიყო პიროვნება. სწორედ, ამიტომ მინდა, ყველაფერი ჩემით ვაკეთო. დედაჩემიც და ჩემი ძმაც ამ სფეროში მხოლოდ დამხმარე საშუალებები არიან, რჩევების კუთხით.

скачать dle 11.3