კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ იხსნა მარიამ უგრელიძემ მატარებელში მსხდომი ბავშვები შორეულ ჩრდილოეთში გადასახლებისგან და რატომ დაიჭირა ის რუსეთის ხელისუფლებამ

ნინო კანდელაკი ნინო სანებლიძე

  პროფესორი მარიამ უგრელიძე საქართველოში მეცნიერული და კლინიკური პედიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლდათ. მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა არა მხოლოდ სამედიცინო წრეებში, არამედ მთელ ქართველ საზოგადოებაში. მარიამ უგრელიძის მოღვაწეობის პერიოდში დაიწყო პედიატრების, ლაბორანტებისა და ბიოქიმიკოსების ექსპედიცია მთელ საქართველოში. მის სახელს უკავშირდება სამოცდაათზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, რომლებიც სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი და წაკითხული საერთაშორისო კონსილიუმებსა და კონფერენციებზე. 1937-1938 წლებში, რეპრესიების დროს, უამრავი ბავშვი უგზოუკვლოდ გაგზავნეს სხვადასხვა ქვეყანაში. სწორედ ამ პერიოდში მარიამ უგრელიძე „ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საქმეს“ ხელმძღვანელობდა. მისი წყალობით, თბილისის რკინიგზის სადგურში რეპრესირებული ხალხის შვილებით დატვირთული ვაგონი შორეულ ჩრდილოეთში გაგზავნას გადარჩა. უფრო დაწვრილებით მარიამ უგრელიძის  ღვაწლსა და ცხოვრებაზე, მისი შვილიშვილი, ქალბატონი მაია ჩაჩავა გვესაუბრა.
  მაია ჩაჩავა: მარიამ უგრელიძე 1885 წლის 26 იანვარს დაიბადა სოფელ დიღომში. მამამისი, ქრისტეფორე უგრელიძე რუსული ენის ფილოლოგი გახლდათ – მოსკოვში ჰქონდა უნივერსიტეტი დამთავრებული. ის ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა და სახელგანთქმული მეცნიერი იყო. თუმცა ის განუდგა  იმდროინდელ მთავრობას, რის გამოც, სერიოზული პრობლემები ჰქონდა. სხვათა შორის, გაურკვევლ ვითარებაში  გარდაიცვალა. ვერ ვამტკიცებთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მოკლეს. თბილისში, სასტუმრო „ლონდონიდან“ გადმოვარდნილი იპოვეს და ეს ამბავი უბედურ შემთხვევას მიაწერეს. მარიამის დედა, ნინო გიორგიევა იყო, რომელსაც კიდევ ორი შვილი ჰყავდა – მელანია და ნიკო. მამის გარდაცვალების შემდეგ ბავშვებზე მზრუნველობა ბიძამ, მიხეილ გიორგიევმა იკისრა. მიხეილი ნავთობის ინჟინერი იყო, რომელიც ბაქოში მუშაობდა. მარიამს ძალიან უნდოდა სამედიცინოზე სწავლა. 16 წლისამ დაამთავრა  თბილისის სასწავლებელი და გაემგზავრა ბაქოში, სადაც ქალთა გიმნაზიაში კლასის დამრიგებლად დაიწყო მუშაობა. ფულს აგროვებდა იმისთვის, რომ მერე სწავლა გაეგრძელებინა, მაგრამ ბიძა დაეხმარა და სასწავლებლად პეტერბურგში წავიდა. თავიდანვე პროტესტი ჰქონდა რუსული მმართველობის მიმართ და ამას არც მალავდა. ის მეგობრობდა ივანე მაჩაბელის დასთან, ნინასთან, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული რევოლუციის საკითხებში. ნინა საქართველოდან წერილებით იღებდა ინფორმაციებს, რომლებიც ბებიას სახელზე მოდიოდა. ეს არ დარჩენია შეუმჩნეველი რუსეთის ხელისუფლებას.  გარდა ამისა, 1905 წლის იანვრის რევოლუციის დროს მარიამი ქუჩებში დახმარებას უწევდა დაჭრილ მუშებს. რევოლუციური აღტკინება სტუდენტთა გარკვეულ ნაწილსაც გადაედო და ბებია დაუკავშირდა სოციალ-დემოკრატთა ორგანიზაციას. მეფის აგენტებმა მარიამ უგრელიძე დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა სამხედრო ნაწილებში რევოლუციური პროკლამაციების გავრცელება. მერე ამ საქმეში პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორები ჩაერივნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის რუსეთის ციხეში არ მოხვედრილიყო. ბებია მეტეხის ციხეში, დაახლოებით, 8-9 თვე
იჯდა. ეს იყო ჩვენს ოჯახში ტაბუდადებული თემა და ზოგადად, სახლში პრობლემებზე არასოდეს საუბრობდა. მერე შვეიცარიაში წავიდა. იქ დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი და ოდესაში მოხვდა ძალიან ცნობილ პედიატრთან, სიმონ გოგიტიძესთან, რომელმაც იძულებული გახადა პედიატრია აერჩია. ბებიასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა, ერთ ოთახში გვეძინა. 10 წლის ვიყავი, როცა მითხრა, მთელი ცხოვრება ფსიქიატრობა მინდოდა, მაგრამ პედიატრი გამოვედიო.
– რაც ციხიდან გაათავისუფლეს, ხელისუფლებასთან პრობლემები აღარ შექმნია?
– არა. ჩვენთან გამუდმებით იმაზე იყო საუბარი, ვაიმე, ახლა დაგვიჭერენ. ბებია ყოველთვის ამბობდა, არ დაგვიჭერენ, რადგან მე მათ ვჭირდებიო. ის ყოველთვის ღიად აფიქსირებდა თავის აზრს. დედაჩემი ამბობდა, ჩემი თაობა რუსულ სკოლებში შეჰყავდათ, ჩემებს კიდევ, აზრადაც არ მოსვლიათ, რომ რუსულ სკოლაში მესწავლაო. როცა ივანე ჯავახიშვილი რუსულ ჩექმას წინ აღუდგა და უნივერსიტეტიდან გამოაგდეს, შიმშილის პირას იყო მისული. მაშინ ექიმებსა და პროფესორებს შეღავათები ჰქონდათ და სურსათის რაღაც ნაწილს ურიგებდნენ. მარიამი  და რამდენიმე პროფესორი შუაზე ჰყოფდა ამ სურსათს და მას უგზავნიდა. ერთი ისტორია მახსენდება, ბერიას შვილი გახდა ავად. ლეო ქიაჩელის ქუჩაზე „კაგებეს“ დიდი, ყვითელი სახლი იდგა და მაშინ ბერია იქ ცხოვრობდა. მთელი პროფესორები მოიწვიეს და უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება ბავშვისთვის შრატი გაეკეთებინათ თუ არა. შუა კონსილიუმის დროს შემოსულა ბერია, ცოტა გაღეღილი პერანგით, ჩაწეული აზიაცკებით და დამჯდარა. ყველა გაჩუმებულა. მარიამი მიტრიალებია და უთქვამს: როცა თქვენ ატარებთ თათბირებს, ჩვენ უფლება არ გვაქვს შემოვიდეთ და დავჯდეთ, ასეა ამ შემთხვევაშიც – თქვენ არ გაქვთ უფლება, აქ იჯდეთო. ამდგარა ბერია და კარი გაუჯახუნებია. ყველა აღელვებულა, ვაიმე, რა გვეშველება, რას გვიზამენ ახლაო. მარიამს უთქვამს, ნუ გეშინიათ, ჩვენ მათ ვჭირდებით და ვერაფერსაც ვერ გვიზამენო. ბავშვი, რა თქმა უნდა, გადარჩა და გამოჯანმრთელდა. ჩვენი ოჯახიდან არც მამა, არც ბებიები, არც დედა პარტიაში არ შესულა. მეც  მოვახერხე ის, რომ კომკავშირელი არ გავხდი და ამით არაფერი დამიკარგავს.
– როგორ იხსნა რეპრესირებული ხალხის შვილები შორეულ ჩრდილოეთში გადასახლებას?
– უკვე დიდი ვიყავი, ეს ისტორია რომ გავიგე. როგორც გითხარით, ოჯახში მსგავს საკითხებზე არ ვსაუბრობდით. ერთ დღეს სახლში გაისმა ტელეფონის ზარი. დედამ დაიმახსოვრა სახელი და გვარი – რეკავდა ვინმე ვანიჩკა ჩოხელი. მან შეატყობინა ბებიას, რომ თბილისის რკინიგზის სადგურში იდგა ვაგონი, რომელსაც ეს-ესაა გაუშვებდნენ რუსეთში და რომ ეს ვაგონი სავსე იყო უპატრონოთა სახლებიდან გამოყვანილი ბავშვებით. ეს ბავშვები რეპრესირებული მშობლების შვილები იყვნენ.  უკვე გვიან ღამით, მარიამი სადგურის უფროსთან შევარდნილა და უთქვამს, რომ ბავშვები დიზინტერიით არიან დაავადებულნი და მათი ტრანსპორტირება, ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო, არ შეიძლებაო. სადგურის უფროსმა თავიდან უარი უთხრა. რაზეც მარიამმა უპასუხა, რომ ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად მას დაეკისრებოდა. უფროსი დათანხმდა და სადგურშივე გააფორმა დოკუმენტი. ამ საბუთს  ხელი მოაწერა ძალიან ცნობილმა ინფექციონისტმა ბესო ოქროპირიძემ. მან გაამყარა ბებიას მოსაზრება, ის იყო უშუალოდ ინფექციონისტი და მისი ხელმოწერა ამ საქმეში მნიშვნელოვანი იყო. ბებიას თანამშრომლებისთვის უთხოვია, რომ ვაგონის კარი გაეღოთ და უსაფრთხოების მიზნით, უკან დაეხიათ. როდესაც კარი გაიღო, უამრავი ატუზული, ნამტირალევი ერთმანეთზე აკრული ბავშვი შეშინებული თვალებით იყურებოდა. არ იცოდნენ, რა ხდებოდა მათ თავს და ვერც იმას ხვდებოდნენ, რომ იმ ღამით, სამუდამოდ დაკარგვას და ბევრი მათგანი, ვინ იცის, ალბათ, სიკვდილსაც გადაურჩა. ბავშვები ვაგონიდან ჩამოიყვანეს, სპეციალურად მოყვანილ სასწრაფო მანქანებში ჩასვეს და სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს. ამ ამბის შემდეგ ვანიჩკა ჩოხელის შესახებ არავის არაფერი სმენია. მისი, მარიამისა და ბესო ოქროპირიძის საქციელი იმ დროს გმირობის ტოლფასი იყო. ამ ამბის გახმაურების შემთხვევაში, პასუხს სიცოცხლით აგებდნენ. სწორედ ამიტომ, მარიამი ამ ამბავზე არასდროს საუბრობდა, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ეს ფაქტი ცნობილი.

скачать dle 11.3