კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ გახსნა „კაგებემ“ გენიალური გამყალბებლის საქმე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  1972 წლის 2 მაისს მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტის საბაჟოზე 39 წლის ფრანგ ტურისტს, ჟოზე-ფილიპ მარშონს ნივთების დათვალიერებისას ოქროს ყელსაბამი აღმოაჩნდა, რომელშიც ერთი ბრილიანტისა და ორი ლალის თვალი იყო ჩასმული. მარშონს თან ჰქონდა შენაძენის შტამპიანი ღირებულების ნიშანი და ჩეკი. ყელსაბამის ფასი 3 ათას 650 მანეთი იყო, რაც იმ პერიოდში მნიშვნელოვან თანხას წარმოადგენდა.
– მუსიე მარშონ, ჩვენი კანონების თანახმად, თქვენი ნივთი ექსპერტიზას ექვემდებარება. რადგან ის საიუველირო საკომისიო მაღაზიაშია შეძენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყელსაბამი მაღაზიას კერძო პირმა ჩააბარა. უნდა დადგინდეს მისი ფასეულობა. ანუ ხომ არ წარმოადგენს ეს ნივთი სახელმწიფო საგანძურის ნაწილს, რომლის საზღვარგარეთ გატანა აკრძალულია, – უთხრა პარიზში მიმავალ ტურისტს საბაჟოს თანამშრომელმა.
– გასაგებია, მაგრამ ერთ საათში ჩემი თვითმფრინავი პარიზში მიფრინავს. მოასწრებთ ექსპერტიზის ჩატარებას ჩემს გამგზავრებამდე? – დაინტერესდა მარშონი.
– სამწუხაროდ, ვერა, – თქვა საბაჟოს უფროსმა და დაამატა, – ან ეს ნივთი დაგვიტოვეთ და ექსპერტიზას რომ ჩავუტარებთ, თუ მისი გატანა შეიძლება, გამოგიგზავნით. თუ არ შეიძლება, მაშინ ფულს დაგიბრუნებთ. თუ ეს თქვენთვის მიუღებელია, მაშინ 24 საათით დარჩით და პარიზში ხვალ გაგამგზავრებთ.
მარშონმა მოსკოვში დარჩენა არჩია. ყელსაბამს ექსპერტიზა ჩაუტარეს და გაირკვა, რომ სამივე თვალი ძვირფასი კი არა უბრალოდ შუშა იყო. 200-გრამიან ოქროს ჯაჭვს კი მხოლოდ ზემოდან ჰქონდა გადაკრული 10 გრამი ოქრო, დანარჩენი 190 გრამი კი ვოლფრამი აღმოჩნდა. მარშონს უთხრეს, რომ მისი შენაძენი საგანძურის ნაწილი იყო, გატანას არ ექვემდებარებოდა და 3 ათას 650 მანეთი მას უკან დაუბრუნეს და სამშობლოში გაამგზავრეს. გენერალურ პროკურატურაში კი გაყალბების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო. პროკურატურასთან ერთად გამოძიებაში „კაგებეც“ იყო ჩართული. ძალოვნები ყელსაბამის კვალს ეძებდნენ.
ინტენსიური გამოძიება
  ჩეკის მიხედვით, გაირკვა, რომ ფრანგმა ტურისტმა ყალბი ყელსაბამი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე საიუველირო-საკომისიო მაღაზიაში 1972 წლის 27 აპრილს შეიძინა. როდესაც გამყიდველი დაჰკითხეს, მან დაადასტურა, რომ ყელსაბამი ფრანგმა მამაკაცმა იყიდა. ამ ნივთის ჩამბარებელი კი 41 წლის ივლიტა გუჯაბიძე იყო, რომელსაც მაღაზიამ 2500 მანეთი გადაუხადა. საბუთებით, ყელსაბამი ჩაბარებული იყო 13 აპრილს და თან ახლდა ექსპერტ ვილენ გენგიურის დასკვნა ნივთის ნამდვილობის შესახებ. დასკვნაში ეწერა, რომ ძვირფასი ქვებიდან თითოეული 0,70-კარატიანი იყო, ხოლო თავად ჯაჭვი კი 750 სინჯის 200 გრამ ოქროს შეიცავდა. საბუთებში შეცდომა და ფალსიფიკაცია, პრაქტიკულად, გამორიცხული იყო, რადგან ექსპერტი გენგიური „კაგებეს“ აღრიცხვაზე იმყოფებოდა. ამიტომ, სავარაუდოდ, ეს ყელსაბამი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ შეცვალეს. ანუ, იმ ორკვირიან მონაკვეთში, როდესაც ის მაღაზიის ვიტრინაში იდო. საგულდაგულოდ დაჰკითხეს და გადაამოწმეს მაღაზიის თანამშრომლები, მაგრამ ყველა მათგანი ეჭვგარეშე დააყენეს. რჩებოდა ყველაზე სავარაუდო ვერსია იმის თაობაზე, რომ ძვირფასი ყელსაბამი გარეშე პირმა შეცვალა. თავად ექსპერტ გენგიურის ვარაუდით, რომელიც „კაგებეს“ ეხმარებოდა, ძვირფასი ყელსაბამი შეცვალა იმან, ვინც ამ ნივთს მაღაზიაში დიდხანს ათვალიერებდა. გენგიური ფიქრობდა, რომ ყელსაბამის ასლი ახალი დამზადებული იყო, თანაც, ძალიან მოკლე დროში. ვილენ გენგიურმა მაიორ კოტე ჯანელიძეს უთხრა:
– ფალსიფიკატორი მაღალი კლასის იუველირია და ამაზე თავს დავდებ. როგორც ეტყობა, მან ეს ნივთი მაღაზიაში ნახა და მისი ასლი სულ რამდენიმე დღეში დაამზადა. შემდგომ ან თავად მან, ან მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა მაღაზიაში ეს ნივთი დათვალიერების დროს შეცვალა. ამიტომ ეძებეთ მაღალი კლასის იუველირი!
განმეორებითი დაკითხვისას მაღაზიის გამყიდველმა ირმა კაშიამ გაიხსენა, რომ 14 აპრილს ყელსაბამს მართლაც დიდხანს ათვალიერებდა ორმოციოდე წლის სათვალიანი, გრძელთმიანი, ულვაშა მამაკაცი. გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ ყელსაბამი სწორედ იმ მამაკაცმა შეცვალა და რომ თმა, ულვაშები და სათვალე მხოლოდ რეკვიზიტები იყო. ეძებდნენ იუველირსაც და თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქის საიუველირო მაღაზიების თანამშრომლებიც გააფრთხილეს.
გენიალური ფალსიფიკატორი
  1972 წლის 6 ივნისს სოხუმის საიუველირო მაღაზიის გამყიდველმა ელიკო გუჩუამ მილიციის გადაცმულ თანამშრომელს, ვალიკო გეჯაძეს ულვაშიან, გრძელთმიან მამაკაცზე მიანიშნა, რომელიც მაღაზიიდან ჩქარი ნაბიჯებით გადიოდა. გეჯაძემ გრძელთმიანის შეჩერება სცადა, მაგრამ ყბაში მუშტი მიიღო და ძირს დაეცა. გრძელთმიანი კი გაიქცა, თუმცა, მას ქუჩაში მილიციელები გაეკიდნენ, სულ რაღაც ორმოცდაათიოდე მეტრში  გაკოჭეს და მილიციაში მიიყვანეს. დაკავებული 32 წლის თბილისელი ინჟინერი იაკობ ლებანიძე აღმოჩნდა. მას პარიკი და ხელოვნური ულვაში, აგრეთვე, შუშისლინზებიანი სათვალე აღმოაჩნდა. ჯიბეში კი ორი ცალი 50-50-გრამიანი ოქროს ჯაჭვი უპოვეს. ერთი მათგანი ნამდვილი იყო, რომელიც გამყიდველ გუჩუას შეუცვალა, მეორე კი – ყალბი და შესაცვლელად გამზადებული. ლებანიძემ აღიარა, რომ ის მხოლოდ ოქროს ნივთების შემცვლელი იყო, ყალბ ნაკეთობებს კი მისი მამიდაშვილი, 39 წლის ნონა ჩიქოვანი ამზადებდა. შინაბერა ქალი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტის ლექტორი იყო და სამეცნიერო ხარისხს ფლობდა. როგორც ნონა ჩიქოვანმა დაკითხვაზე აღიარა, საიუველირო საქმე თვითონ, სხვის დაუხმარებლად შეისწავლა. თავდაპირველად სამკაულებს გასართობად აყალბებდა, შემდეგ კი შემოსავლის მიღებისა და გამდიდრების მიზნით განაგრძო საქმიანობა და დანაშაულში თავისი ბიძაშვილი, იაკობ ლებანიძე ჩართო. ძიებამ ჩიქოვანს 11 კილოგრამი ბაჯაღლო ოქრო და 34 ცალი ძვირფასი თვალი აღმოუჩინა. წყვილი გაასამართლეს და ჩიქოვანს 8, ლებანიძეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
P.S. იაკობ ლებანიძემ ბოლომდე მოიხადა პატიმრობის ვადა. ნონა ჩიქოვანი კი ციხიდან 5 წლის მერე გამოუშვეს და თბილისის საიუველირო ფაბრიკაში გაამწესეს სამუშაოდ.


скачать dle 11.3