კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 „კრიმინალური“ სიყვარული

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #27-31(970)
... რაღაც მომენტში დრომ მისთვის აზრი დაკარგა. არაფერს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა – არც იმას, რომ ცხოვრება ამოუყირავდა, საქმრომ მისი არსებობაც კი დაივიწყა... მამას შვილისა და საყვარელი საცხობის ერთდროულად დაკარგვამ, ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები შეუქმნა, რომ საკუთარი თავის მოვლაც აღარ შეეძლო. მომავალზე ფიქრს თავს არიდებდა, იქნებ შიშის გამო ან იქნებ იმიტომ, რომ ასეთი ბუნდოვანი მისი მომავალი არასოდეს ყოფილა. როცა ადვოკატმა უთხრა, რომ პროცესზე დათო იქნებოდა პროკურორი, ეს ამბავი მშვიდად, ემოციის გარეშე მიიღო. თვალწინ სულ ის ორსული გოგო ედგა, რომელიც არასოდეს უნახავს, მაგრამ სიზმრებში მასთან მოდიოდა და რაღაცას სთხოვდა.
***
... ქალს ბიჭის მხარზე ედო ხელი და რაღაცას ჩურჩულებდა. სურათიდან მოღიმარი, ძალიან ლამაზი ახალგაზრდა ქალი უყურებდა ორივეს და რეალობას დაუჯერებელს ხდიდა.
– მართლა არ ვიცი, როგორ მოვიქცე... – ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა დემნამ.
– ნენეს, ალბათ, არ ენდომებოდა, მის გამო ვინმე დასჯილიყო. ყველა ეცოდებოდა, ყველას პრობლემას განიცდიდა. თან, თუ მართლა სხვა იჯდა საჭესთან, უსამართლობა იქნება, ცხოვრება დაენგრეს, ნენე აპატიებდა.
– ჰო, მაგრამ ნენე ცოცხალი აღარ არის. მე კი პატიება არ შემიძლია.
– ჩემთან რისთვის მოხვედი, დემნა? – თვალები აუცრემლდა ქალს.
– უნდა მომეყოლა ეს ყველაფერი, სხვას ვერავის ვეტყოდი. ვერავინ გამიგებდა. ეს ჩვენი ტკივილია და ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ მოვექცეთ დამნაშავეებს.
ქალმა შვილის სურათს შეხედა და სევდიანად გაეღიმა.
– ეგ ღმერთის გადასაწყვეტია, შვილო. ისე ნუ მოიქცევი, ჩვენი ორი ანგელოზის სული დამძიმდეს და შეწუხდეს.
ბიჭი გაფითრდა. ტუჩები შესამჩნევად აუკანკალდა, მაგრამ თანხმობის ნიშნად თავი მაინც დაუქნია...
***
საკნის კარი მძიმედ დაიხურა. გვანცა აჩრდილივით შეფარფატდა და სკამის კიდეზე ჩამოჯდა. გამომძიებლისთვის სახეზე არ შეუხედავს. თავდახრილი იჯდა და ხელები მუხლისთავებზე ეწყო.
– ისევ მოვედი, – დაიწყო ნიკამ.
– მე არაფერი მაქვს თქვენთვის სათქმელი. ყოველ შემთხვევაში, ახალს ნამდვილად ვერაფერს გეტყვით.
– არა. მე მოვედი, რომ გითხრათ ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ.
გვანცას განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია გამომძიებლის სიტყვებისთვის. ნიკამ მაგიდაზე შოკოლადის ფილა დადო და მისკენ გააჩოჩა.
– ძალიან ფერმკრთალი ხართ, არაფერს ჭამთ? თუმცა, აქ რა უნდა ჭამოთ. შოკოლადი მოგიტანეთ.
– რამდენ წელს მომისჯიან? – დამარცვლით იკითხა გვანცამ.
– შოკოლადი შეჭამეთ. თქვენს მდგომარეობაში კარგი კვება და სუფთა ჰაერი აუცილებელია.
– აქ ამის სათქმელად მოხვედით? ძალიან ცუდი იუმორი გქონიათ.
– ჩემი იუმორი არაფერ შუაშია და მოსატანიც არ არის თქვენი მეგობრის, დათო დავითაძის იუმორთან.
– დათო რა შუაშია? – გვანცა კიდევ უფრო გაფითრდა.
– თქვენს საქმეზე პროკურორი იქნება... არც ახლა გინდათ ჩემთვის რამის თქმა?
– რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, პროკურორი ვინ იქნება.
– როგორ, დათო ხომ ახლობელია თქვენი, ძალიან ახლობელი. მე იმ კაფეში ვიყავი, სადაც შემთხვევის დღეს ერთად ივახშმეთ. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც მაქვს.
– ჰო, ვივახშმეთ ერთად. მერე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და წამოვედი.
– იქნებ ერთად წამოხვედით.
გვანცამ თავი გააქნია.
– არა!
– მომისმინეთ, გვანცა. მე შემიძლია, თქვენს ადვოკატს დაველაპარაკო და ის პროკურორის დაკითხვას მოითხოვს.
– ვერაფერს გეტყვით. მე არ ვარ კომპეტენტური თქვენს საქმეში. თუმცა, ვერ ვხვდები, რა საჭიროა ეს ყველაფერი. მე ხომ ვაღიარე დანაშაული.
ნიკამ გაიღიმა და გოგოს თანაგრძნობით შეხედა.
– როგორი გულუბრყვილო ხართ. თქვენი აღიარება საკმარისი არ არის, რომ ბრალი დაგიმტკიცდეთ.
– თქვენ რატომ ცდილობთ ჩემს გამართლებას? – ჰკითხა გვანცამ გამომძიებელს და სახეში მიაშტერდა.
– იმიტომ, რომ ჩემი პროფესია დამნაშავეების დაკავება და დასჯაა.
– დამნაშავე ვარ, – ამოიოხრა გოგომ.
– ვნახოთ, მე ჩემსას ვეცდები. მომავალ შვილზე თუ არა, მამათქვენზე მაინც იფიქრეთ. საცხობის დაწვამ და თქვენმა მდგომარეობამ მასზე საშინლად იმოქმედა.
– ავად არის? – გვანცას თვალები აუცრემლდა, – ღმერთო, როგორ გავუცრუე იმედი, რა დღეში ჩავაგდე...
– იქნებ, სხვამ, სხვამ გააკეთა ეს ყველაფერი? – ისევ სცადა გვანცას ალაპარაკება ნიკამ.
– ყველაფერში თავად ვარ დამნაშავე. მე დავუშვი, რომ ის საწყალი გოგო მომკვდარიყო, ჩემსავით ფეხმძიმე... იმ განსხვავებით, რომ მე ცოცხალი ვარ. ციხე სიკვდილი მაინც არ არის.
– თუ ასეთი დანაშაულის განცდა გაქვთ, ნამდვილ დამნაშავეს რატომ იცავთ.
– არავის ვიცავ. თუ სულ ეს არის, რისი თქმაც გინდოდათ, წავალ.
– ერთ ადამიანს უნდა თქვენთან საუბარი, – თქვა ნიკამ და პატარა ღილაკს თითი დააჭირა.
გვანცამ თავი ასწია. სახეზე შიში აღებეჭდა.
– ვის? მე არავისთან მითხოვია შეხვედრა.
– ჩვენ გვთხოვა და შესაძლებლად მივიჩნიეთ.
საკეტმა გაიჩხაკუნა. რკინის მძიმე კარმა უსიამოვნოდ გაიჭრიალა და ნელა გაიღო. გვანცა დაუფარავი ცნობისმოყვარეობით მიაშტერდა ოთახში შემოსულს.
დემნამ ნიკას რაღაც ანიშნა. ისიც ადგა და სკამი დაუთმო. თავად პატარა სარკმელთან მივიდა და კედელს ზურგით მიეყრდნო. რამდენიმე წუთი ისეთი სიჩუმე იყო, რომ ჰაერი თითქოს უფრო დამძიმდა.
– პირდაპირ გეტყვი, მინდოდა თვალებში ჩამეხედა შენთვის, – დაიწყო დემნამ. მძიმედ სუნთქავდა, გაფითრებულ გვანცაზე უკეთესად არც ის გამოიყურებოდა.
– თქვენ ვინ ხართ, ჩემი ახალი ადვოკატი? მე რომ ადვოკატის შეცვლა არ მითხოვია?
– შეიძლება, ადვოკატზე გაცილებით მეტი გავაკეთო შენთვის, – მკაცრი ხმით წარმოთქვა დემნამ, რომელიც თვალს არ აშორებდა, გამხდარ, გაცრეცილ და ფერმკრთალ გვანცას. ცდილობდა, მის სახეზე ამოეკითხა იმ კითხვის პასუხი, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა.
– მე არაფერს ვითხოვ, არც არაფერი მჭირდება, მზად ვარ, მშვიდად შევხვდე ჩემს განაჩენს და შევეგუო.
– ჰმ, ისე ლაპარაკობ, მგონი, წარმოდგენა არ გაქვს, ციხე რა არის. იქნებ ფიქრობ, იქაც მარტო იჯდები, კომფორტში.
– არა, ასე არ ვფიქრობ, – თავი დახარა გვანცამ. მერე დემნას მრავალმნიშვნელოვანი მზერა მიაპყრო.
– ჩემს შეშინებას თუ ცდილობთ, არაფერი გამოგივათ. გითხარით, ბედს შეგუებული ვარ-მეთქი. ადამიანები თუ არა, ღმერთი დამსჯის იმ დანაშაულისთვის, რაც ჩავიდინე.
– ჰო. უდანაშაულო ქალს დაეჯახე მანქანით. მერე სამარცხვინოდ მიატოვე და სასიკვდილოდ გაიმეტე.
– ღმერთო, – გვანცამ თვალები დახუჭა, – ღმერთო, ასე რატომ მაწვალებ. რა გინდათ ჩემგან, სასამართლოზეც ვიტყვი, რომ დამნაშავე ვარ. გთხოვთ, მეტად აღარ დამიბაროთ დაკითხვაზე.
– ეს დაკითხვა არ არის. მინდოდა, მენახე, თვალებში ჩამეხედა შენთვის. მაინტერესებდა, როგორ გამოიყურება ადამიანი, რომელმაც უმწეო, ორსულ ქალს განაჩენი გამოუტანა.
გვანცამ სახეზე ხელები აიფარა და ატირდა.
– თუ შეიძლება, ჩემს საკანში დამაბრუნეთ. ძალიან ცუდად ვარ.
ნიკა შეშფოთდა. სწრაფად დაასხა წყალი ჭიქაში და წინ დაუდგა.
– აი, დალიეთ და შეეცადეთ, დამშვიდდეთ. გვანცა, არ ღირს ის ადამიანი ასეთ ტანჯვად.
– რომელი ადამიანი? – გვანცამ თავი ასწია და ცრემლიანი სახე ნიკასკენ შეაბრუნა, – რისი თქმა გინდათ?
– ნიკა, მე ვეტყვი, – დემნა გვანცასკენ გადაიხარა, – მე ნენეს შეყვარებული ვარ. ის ბავშვი, რომელიც ნენეს უნდა გაეჩინა, ჩემი შვილი იყო...
***
დათო ბოლო რამდენიმე დღე მოუსვენრობამ შეიპყრო. განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, მაგრამ ვერ დამშვიდდა. ღამე ცუდად ეძინა. დღისითაც ადგილს ვერ პოულობდა. მანანაც ამჩნევდა ამას, მაგრამ ერთხელ ჰკითხა მიზეზი და ისეთი მკვახე პასუხი მიიღო, მერე მხოლოდ შორიდან ადევნებდა თვალს. ვახტანგი საავადმყოფოში დააწვინეს. მანანამ ჯერ იფიქრა, მივალ, მოვინახულებო, მაგრამ დათოს გაბრაზებას მოერიდა. მუდმივად გაღიზიანებული იყო, წარბშეკრული და მოღუშული. თავად დათო საკუთარ უგუნებობას მოახლოებულ სასამართლო პროცესს აბრალებდა. გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა. გვანცა მისი ცხოვრებიდან უნდა წაეშალა. თითქოს საერთოდ არც ყოფილა. მომავალი გაცილებით მომხიბვლელი ჩანდა: თანამდებობა, კაბინეტი, პერსონალური მანქანა – მძღოლით. მხოლოდ ერთი დღისთვის უნდა გაეძლო. ბრალდებულის მხარეს საერთოდ არ გავიხედავო, ფიქრობდა...
***
ნიკამ მხარზე თანაგრძნობით დაადო ხელი დემნას. მერე მაცივრიდან მინერალური წყლის ბოთლი გამოიღო, ჭიქებში დაასხა და ფანჯარასთან მივიდა. დემნა შემობრუნდა და ჭიქა გამოართვა.
– შემეცოდა, – თქვა მოკლედ და ამოიოხრა.
– დარწმუნებული ვარ, უდანაშაულოა.
– ჰო. დიდი ალბათობით, საჭესთან ის ნაძირალა იჯდა, მაგრამ მანქანაში ხომ იყო, რატომ არ დაეხმარა ჩემს ნენეს.
– ამაზე მეც ბევრი ვიფიქრე და ერთადერთი, რაც შეიძლებოდა, მომხდარიყო, არის ის, რომ...
– რომ... – მოუთმენლად ჩაეკითხა დემნა.
– დავუშვათ, გვანცას არც გაუგია, ვის დაეჯახა მისი თანამგზავრი. წვიმდა და იქნებ მანქანიდან არც გადმოსულა. დათომ კი სიმართლე დაუმალა.
– ნაძირალა! მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. დარწმუნებული ვერ ვიქნები. სიმართლე კი ძალიან მაინტერესებს.
– მეც მაინტერესებს. ამიტომ თამაშის აკრძალული წესის გამოყენებას ვაპირებ.
– მაინც? – დემნა დაიძაბა. აღგზნებული იყო. ხელები ურთრთოდა.
ნიკას თვალები აუციმციმდა.
– შეგიძლიათ, მენდოთ. ეს მეთოდი იმუშავებს, ოღონდ არაფერი მკითხოთ. მხოლოდ დამეხმარეთ. მთავარი პროკურორი უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში.
– კარგი, – თავი დაუქნია დემნამ, რამდენიმე წუთი ყოყმანის შემდეგ, – ახლავე მამაჩემს დავურეკავ.
– ალბათ, სასიამოვნო განცდაა, როცა იცი, რომ მამა ყოვლისშემძლე გყავს.
– არც ისე, – უხალისოდ ჩაილაპარაკა დემნამ, – მაგრამ მისი ყოვლისშემძლეობა ახლა ძალიან მჭირდება.
***
მთავარი პროკურორის კაბინეტში საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა. ნიკა რომ მასთან შევიდა, პროკურორი ბოლთას სცემდა. გამომძიებელს ხელით ანიშნა, დამჯდარიყო.
– მოკლედ გეტყვი – პასუხისმგებლობა შენზეა. სარისკო ამბავია, მაგრამ ისე ვქნათ, რომ არავინ დაზარალდეს. არ უნდა შეგეშალოს.
– ვეცდები, ბატონო პროკურორო.
– შენ მართლა ფიქრობ, რომ საჭესთან ის იჯდა?
ნიკამ თავი დაუქნია.
მთავარმა პროკურორმა ამოიოხრა. მასზე დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ თუ ეს დადასტურდა...
***
– დავითმა კაბინეტში შესულ ნიკას შეუბღვირა და მკვახედ ჰკითხა:
– რა გინდა, რატომ მოხვედი?
– უნდა ვილაპარაკოთ.
– ჰმ, – იქედნურად ჩაიცინა დათომ, – რა საქმე შეიძლება ჰქონდეს საქმის გამომძიებელს პროკურორთან პროცესის წინ, – სხვათა შორის, ეს დარღვევაა. დატოვე ჩემი კაბინეტი!
ნიკამ მშვიდად გაიღიმა.
– კარგი, დავტოვებ და იძულებული ვიქნები, ყველაფერი პირდაპირ პროცესზე გითხრა. რა გაეწყობა, მე ვცადე, შენთვის სკანდალი ამერიდებინა თავიდან.
დათო შეცბა. თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, უკვე კართან მისულ გამომძიებელს წამოეწია და შეაჩერა:
– ამით რისი თქმა გინდა? – გამოსცრა ავად.
– ჩემი ეჭვები, რომელიც თავიდანვე მქონდა, დადასტურდა. საჭესთან შენ იჯექი: უარი აღარ გამოგივა. ყველაფერი აქ მაქვს. გვანცამ აღიარა, – ნიკამ მობილური ტელეფონი დაანახვა და თავი გადააქნია, – როგორ არ შეგეცოდა ან ის, ან გვანცა...
დათომ დაიღმუვლა. ნიკასკენ გადახტა და ხელიდან მობილური გამოგლიჯა. მოიქნია და კედელზე მიანარცხა.
სწორედ ამ დროს კაბინეტის კარი გაიღო და რამდენიმე თანამშრომელი გავეშებულ პროკურორს მივარდა. ხელები გაუკავეს და გაიყვანეს. ნიკამ იატაკიდან მობილურის ნაწილები წამოკრიფა და კაბინეტში შემოსულ მთავარ პროკურორს გაუწოდა.
– ესეც მტკიცებულება იმისი, რომ საჭესთან სწორედ დავით დავითაძე იჯდა.
მთავარმა პროკურორმა თავი დაუქნია...
***
დემნამ თავად დაურეკა გამომძიებელს. ერთმანეთს საღამოს შეხვდნენ, იმავე კაფეში, რომელშიც პირველად. მაგრამ შიგნით არ შესულან. დემნამ ნიკა მანქანაში ჩასვა და ნენეს საფლავზე მიიყვანა. თეთრ მარმარილოში გამოკვეთილი სიფრიფანა ქალიშვილის ქანდაკება მისტიკური და იდუმალი ჩანდა, ერთფეროვან, ნაცრისფერ საფლავის ქვებს შორის.
– აქ მინდოდა შენთვის მადლობა მეთქვა, – თქვა დემნამ, – კიდევ კარგი, რომ ემოციას არ ავყევი და დაგიჯერე. ნენეს სული ვერ მოისვენებდა, ის გოგო უდანაშაულოდ რომ დასჯილიყო. კიდევ რაღაც უნდა გთხოვო.
– მითხარი...
დემნამ ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო და გაუწოდა.
– ეს ბეჭედი ნენეს ვუყიდე... იმ საღამოს და მიცემა ვერ მოვასწარი. გთხოვ, შენს საცოლეს აჩუქე. ჩათვალე, რომ ამით დიდ შვებას მომგვრი და გამახარებ.
ნიკამ უსიტყვოდ გამოართვა კოლოფი. მერე შეხედა და ყოყმანით წარმოთქვა.
– ჩემი საცოლე ისეთი პიროვნება რომ იყოს... ანუ, იმის თქმა მინდა, რომ.
– არაფერი მითხრა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება. უბრალოდ, გირჩევ, თუ იპოვი ადამიანს, რომლისთვისაც სიცოცხლე არ დაგენანება, ხელი მაგრად ჩასჭიდე და აღარასდროს გაუშვა. არავის და არაფერს მიაქციო ყურადღება.
– მგონი, უკვე ვიპოვე ასეთი ადამიანი, –  ჩაილაპარაკა ნიკამ. ქანდაკებას შეხედა და თითქოს გაუღიმა.
***
მანანამ ტელევიზორით გაიგო შვილის დაპატიმრების ამბავი. ჯერ იფიქრა, მომესმაო... პულტს მივარდა და უკან გადაახვია.  შეცდომა გამორიცხული იყო, გვარიც გარკვევით გაიგონა და სახელიც. შვილის სახეც დაინახა და იმაშიც დარწმუნდა, რომ გვანცა თავისუფალი იყო. მთელი სხეულით აკანკალდა და რომ არ წაქცეულიყო, სკამის საზურგეს მოებღაუჭა. შვილის სურათს მიაშტერდა და ატირდა...
დასასრული
скачать dle 11.3