კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№31 ზურაბ რთველიაშვილი: ის იდგა და ავტოგრაფს მთხოვდა. ვერ მივხვდი, ისე დავუწერე „ნინ, მიყვარხარ ძალიან!“

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  პოეტი, პერფორმერი და მულტიმედია არტისტი ზურაბ რთველიაშვილი მეორედ დაქროწინდა. მისი რჩეული ულამაზესი მწერალი ნინო ამირეჯიბია. წყვილს წლების წინ დაწყებული მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაეზარდა და საბოლოოდ, ურთიერთობა ჯვრისწერით დააგვირგვინეს. ქორწილი ოჯახურ გარემოში აღნიშნეს.  ბატონ ზურასა და ნინოს თავიანთ სიყვარულის ისტორიაზე და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.
  ზურა: მე და ნინო დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდით ერთმანეთს. ბევრი საერთო ახლობელი გვყავს და თავდაპირველად ვმეგობრობდით.
  ნინო: ზურა ჩემთვის ძალიან ძვირფასი მეგობარი იყო. შვედეთში ცხოვრობდა, თუმცა, წერილების საშუალებით მუდმივად ვახერხებდით კონტაქტს.  9 წლის შემდეგ ზურა პირველად ჩამოვიდა საქართველოში. მწერალთა სახლში თავისი ახალი კრებულის პრეზენტაცია ჰქონდა. როცა მისი პერფორმანსი პირველად ვიხილე ცოცხლად, მივხვდი, რომ მომაჯადოვა. თუმცა, საკუთარ თავთან დიდი დრო დამჭირდა, ეს რომ მეღიარებინა.
  ზურა: იმ დღეს,  როცა ნინო პირველად დავინახე, თითქოს დრო გაჩერდა, ვერაფერს და ვეღარავის ვამჩნევდი. ის იდგა და მიღიმოდა, ავტოგრაფს მთხოვდა. ვერ მივხვდი, ისე დავუწერე: „ნინ, მიყვარხარ ძალიან!“ პირველად სიყვარულში ქალაქ ტარტუში გამოვუტყდი. ვიცოდი, იქ ნინოს თავისი წიგნის პრეზენტაცია ჰქონდა. გადავწყვიტე, სიურპრიზი გამეკეთებინა და მოულოდნელად ჩავაკითხე გვირილებით ხელში.
  ნინო: ვგრძნობდი, რომ ჩამოხვიდოდი. დამირეკა, ტარტუში ვარ უნდა გნახოო. იმ პერიოდისთვის ტალინში ვიყავი, სასწრაფოდ ავიღე ავტობუსის ბილეთები და მასთან შესახვედრად გავიქეცი, მაგრამ პაემანზე ორი საათი მალოდინა.
ზურა: ადრე მითხრა, გვირილების გარდა ყვავილებს ვერ ვიტანო. შუა ზამთარში არც თუ ისე ნაცნობ ქალაქში გვირილების პოვნა არ იყო მარტივი (იცინის).
რა იყო მთავარი, რითიც ერთმანეთით მოიხიბლეთ?
– ახლო მეგობრები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ვარ ნაკლებად ლირიკული პოეტი. რომ ლირიკას უფრო მეტად ვეძებ ამბოხებაში, რევოლუციაში და არა კონკრეტულ ურთიერთობებში. ნინო აღმოჩნდა ის საოცარი ლექსი, რომლის დაწერაზეც მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი.
ნინო: ძალიან მიჭირს ხოლმე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ვფიქრობ, ვერასდროს შევძლებ ეს აზრი ზუსტად ჩამოვაყალიბო. ზურა ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ასრულებული ოცნებაა.
– რამდენი ხანი გვიმალავდით თქვენს ამბავს? როდის მიხვედით ქორწინების გადაწყვეტილებამდე?
– ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ჩვენმა ახლო მეგობრებმა იცოდნენ ამ ურთიერთობის შესახებ.
ზურა: ბერლინში დაბადების დღეზე ჩავაკითხე. ზოგადად, ძალიან რთული იყო დისტანციურად ცხოვრება. მართალია, ვახერხებდით შეხვედრებს, მაგრამ ეს განშორებები სულიერად ორივეს გვანგრევდა. ბერლინში საბოლოოდ მივხვდი, რომ ნინოს სახით, ის ქალი ვიპოვე, რომელთანაც მსურდა მთელი ჩემი ცხოვრების გატარება და არსად აღარ მინდოდა მისი ჩემგან შორს გაშვება.
– როგორ აღნიშნეთ ჯვრისწერა?
– პატარა ოჯახური ვახშამი გვქონდა ნინოს ოჯახში. ჯვრისწერას მხოლოდ მშობლები, მეჯვარეები და მათი მეუღლეები ესწრებოდნენ.
ნინო: არასდროს მნდომებია პომპეზური ქორწილი. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ორივეს გვსურდა. საერთოდაც, მგონია, რომ ჯვრისწერა საკრალური რიტუალია, სადაც არ არის საჭირო ზედმეტი ცერემონიალი და ფუსფუსი. ჯვარი სოფელ ლისში ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა ლუკა ფალავანდიშვილმა დაგვწერა, რომელიც ჩემი ნათესავი აღმოჩნდა. ალბათ, ესეც სიმბოლურია.
– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
– ჩემი მშობლები ძალიან თბილად შეხვდნენ ზურას. უკვე იცოდნენ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ და მოკლე ხანში ისეთი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, თითქოს ერთმანეთს დიდი ხანია, იცნობდნენ.  სამწუხაროდ, ზურას მამა ვერ მოესწრო ამ დღეს. დედა კი საოცრად თბილი და უსაყვარლესი ქალბატონია.
ზურა: ორივე მხრიდან ჩვენმა ურთიერთობამ დიდი სიხარული გამოიწვია.
– საცხოვრებლად შვედეთში გადახვალთ?
– მთავარი მიზეზი, რის გამოც დაბრუნება გადავწყვიტე, ნინოა. მას არ სურდა შვედეთში ცხოვრება. ამიტომაც 10 წლის შემდეგ დავბრუნდი ჩემს საყვარელ ქვეყანაში. შვედეთში ცხოვრებას არ ვაპირებთ, მთელი ჩვენი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება. ისე, ხშირად მიწევს სხვადასხვა ღონისძიებებზე ჩასვლა, ძირითადად, სტოკჰოლმსა და ბერლინში. ბოლო პერიოდში ვთანამშრომლობდი ცნობილ ავანგარდისტულ ესთეთიკის თეატრთან, ორიგინალური სახელწოდებით –„გილიოტინი“, სადაც ჩემი ერთ-ერთი პერფორმანსი მაქვს დადგმული 2015-2016 წლებში. გარდა ამისა, ამ თეატრში სხვადასხვა შვედი რეჟისორის დადგმებში ვთამაშობდი. ამჯერადაც ვაგრძელებ აქტიურ კოლაბორაციას ჩემს შვედ კოლეგებთან და ბევრი საინტერესო ჩანაფიქრი გვაქვს. საქართველოში საკეთებელს რა გამოლევს. ვფიქრობ, ჩემს უცხოელ მეგობრებთან ერთად განვახორციელო ქართულ-შვედური და ქართულ-გერმანული პროექტები თანამედროვე თეატრისა და კინოს სფეროში. ერთი კვირის წინ მივიღე შემოთავაზება გერმანელი კინორეჟისორის, ჯულიან რადელმაიერისგან. მიმიწვიეს საკმაოდ საინტერესო როლზე, მის ახალ ფილმში. ამ ეტაპისთვის ვერ გაგიმხელთ ფილმის სახელწოდებას და ვერც როლზე გეტყვით რამეს. ასეთია რეჟისორის თხოვნა.
– ასაკობრივი ბარიერი არის თქვენ შორის?
ნინო: არასდროს მაინტერესებდა ჩემი ასაკის ბიჭები. პირიქით, ამ სხვაობას ორივესთვის განსაკუთრებული ხიბლი აქვს. მისგან უამრავ რამეს ვსწავლობ და ყოველდღე ახალ-ახალ შეგრძნებებს ვიძენ.

скачать dle 11.3