კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 მოყვრები და მტრები

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #30(969)

– მისტერ ტაო ლი, ჩემი აქ მოსვლა საკმაო რისკთანაა დაკავშირებული და ეს თქვენ კარგად იცით. ამიტომ მიხვდებით, რაოდენ მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ. იმედია, ყურად იღებთ ჩემს თხოვნას, – უთხრა ორმოციოდე წლის ჩინელ მამაკაცს წვერ-ულვაშიანმა, მუქსათვალიანმა მამაკაცმა, რომელიც ძალიან უბრალოდ იყო ჩაცმული. ჩახლეჩილი ხმით ინგლისურ ენაზე საუბრობდა, თუმცა ქართველი იყო.
– დაჯექით, სული მოითქვით. მწვანე ჩაის მოგართმევთ და ვისაუბროთ, – მიუგო ტაო ლიმ სტუმარს და სავარძელზე მიუთითა. შემდეგ ჭიქებში მწვანე ჩაი ჩამოასხა. მოსვა და მუქსათვალიანს უთხრა:
– დალიეთ. სასარგებლოა და ნერვებს ამშვიდებს. თქვენ კი აშკარად გეტყობათ, რომ ნერვიულობთ. ქართველ სტუმარს, მაგრამ თავი შეიკავა. თუმცა სიბრაზე ბოლომდე მაინც ვერ დამალა და ჩინელს უთხრა:
– ნერვები რომ მწყობრში არ მქონდეს, არცაა გასაკვირი, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. აქ უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის ვარ მოსული და ყურადღებით მომისმინეთ.
– გისმენთ, – ისე ცინიკურად გაიღიმა ტაო ლიმ, რომ გარეშე თვალი  აშკარად შეატყობდა, მასპინძელი სტუმარს ბატონივით ექცევაო.
– დროებით ჩვენი ბიზნესი უნდა შევაჩეროთ, – თქვა მუქსათვალიანმა, მაგრამ ტაო ლიმ სიტყვა გააწყვეტინა და ირონიული ღიმილით უთხრა:
– ეს ბიზნესი ჩვენია. თქვენ კი მხოლოდ გასამრჯელოს იღებთ იმისთვის, რომ არავინ შეგვაწუხოს. შეჩერებას რატომ მთხოვთ?
– იმიტომ, რომ ახალმა მინისტრმა მაიორ მათე ჯაშს საქმის ოფიციალური გამოძიება დაავალა. ჯაში კი ისეთი კერკეტი კაკალია, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ეს კი არც თქვენ გაწყობთ და არც მე, – განმარტა მუქსათვალიანმა.
ტაო ლიმ ჩაი ხვრეპით დაუდევრად მოსვა და წვერულვაშიანს იმავე ტონით უთხრა:
– ეს ის მაიორი არაა, ასი ათასი დოლარი რომ გადავუხადეთ?
წვერულვაშიანმა, რომელმაც ოთხმოცი ათასი დოლარი თავისთვის ჩაიჯიბა, ჩინელს თავი დაუკრა:
– დიახ, სწორედ ისაა.
– მერე და რა პრობლემაა, შევახსენოთ, – თქვა ჩაიხვრეპიამ.
– არაფერს მოგვცემს. ის მაინც ბოლომდე შეასრულებს დავალებას. ამიტომ აბების მიწოდება უნდა შევაჩეროთ და თქვენი ხალხი გააფრთხილოთ, რომ ენას კბილი დააჭირონ.
– ზოგიერთებისგან განსხვავებით, ჩემებს ლაყბობა არ სჩვევიათ და საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებენ, – თქვა ტაო ლიმ. ზოგიერთებში ჩინელი კორუმპირებულ ქართველებს გულისხმობდა და ამის გაგება მუქსათვალიანს არ გასჭირვებია. ყელში ბოღმა მოაწვა, მაგრამ თავი მოთოკა და ჩინელს უთხრა:
– ახლა კამათისა და გარჩევის დრო არაა. აბების მიწოდება კი უნდა შეჩერდეს.
– ბიზნესი შეგვიფერხდება. დიდ თანხებს დავკარგავთ. ამიტომ ეს შეუძლებელია და სხვა გამოსავალი უნდა მოვძებნოთ, – თქვა ტაო ლიმ.
– რა სხვა გამოსავალი?
– ახალი მინისტრიც მოვისყიდოთ, რომ თავისი ბრძანება გააუქმოს.
– გამორიცხულია. ახალი მინისტრი მოუსყიდავია და რამდენიც უნდა შევთავაზოთ, უარს იტყვის. შემთავაზებელს კი დააპატიმრებს.
– მაშინ მაიორი უნდა მოკლათ.
– თქვენ რა, შეიშალეთ? – ხმას აუწია მუქსათვალიანმა, – პოლიციის მაიორის, თანაც მინისტრის პირველი დავალების შემსრულებლის ლიკვიდაცია ქათმის დაკვლა ხომ არ გგონიათ?
– ვიღაც ქეციანი მაიორი რა ყოფილა? – ცინიკურად ჩაეცინა ტაო ლის და დაამატა, – საჭირო რომ გახდა, პრეზიდენტი ჯონ კენედი მოიშორეს თავიდან და პოლიციის მაიორი ვინღაა.
– არა. ეს ძალიან სახიფათო ნაბიჯია და უმჯობესია, აბების მიწოდება შეჩერდეს, – რაც შეეძლო, მტკიცედ თქვა მუქსათვალიანმა.
ამ სიტყვებმა ტაო ლი საბოლოოდ გამოიყვანა წყობიდან. ფეხზე წამოხტა, საჩვენებელი თითი მუქსათვალიანისკენ გაიშვირა და უღრიალა:
– შენი წინადადება მიუღებელია და ბიზნესს ვერ გავაჩერებთ. სწორედ, პრობლემების გადაწყვეტაში გიხდით ფულს და როგორც გინდა, მოაგვარე. იცოდე, ჩვენი გაცურება და ღალატი არ გაბედო. ყველაფერი ჩაწერილი გვაქვს და გამოვაქვეყნებთ. ასე რომ, მისტერ კორუმპირებულო ქართველო, საქმეს მიხედე და მსგავსი სისულელით აღარ მომაკითხო.
წვერულვაშიანი უხმოდ, კუდამოძუებული წავიდა ტაო ლისგან და ლოტკინის მთაზე მდებარე კერძო კარ-მიდამოდან რომ გამოვიდა, ქვევით დაეშვა. კარგა მანძილი გაიარა, მყუდრო ქუჩაზე მდგომ შემინულ „ჯიპში“ უკან ჩაჯდა და მძღოლს უთხრა:
– წადი.
„ჯიპი“ ადგილიდან დაიძრა. მუქსათვალიანმა კი წვერ-ულვაში და პარიკი მოიხსნა. სარკეში მარცხენა ლოყაზე იარა შეათვალიერა, გააბოლა და მძღოლს უთხრა:
– ნაბოზარი ჩინელი. აბების მიწოდების შეჩერებაზე უარი თქვა.
– აბა, ციხეში ჩაჯდომა უნდა? – თქვა მძღოლმა.
– ან მინისტრი მოისყიდეთ, ან ჯაში „გააგორეთო“, – მიუგო სახენაიარევმა.
– ნაბოზარი, – კბილებში გამოსცა მძღოლმა და დაამატა, – ჯაშის „დაბრედვა“ მაგას ასეთი იოლი ჰგონია? თვითონ ეგ ბოზი ხომ არ დავახურდავოთ?
– არა. გაგიჟდი? – შეიცხადა სახენაიარევმა და დაამატა, – დამემუქრა, ყველაფერი ჩაწერილი მაქვს და მოტყუებას თუ დააპირებ, გამოვაქვეყნებთო. ეგ ნაბოზარი რომ „გავასაღოთ“ მიგვიხვდებიან და პრობლემებს  შეგვიქმნიან.
– აბა, რა ვქნათ?
– ჯაში უნდა „გავაგოროთ“, – მიუგო მძღოლს სახენაიარევმა და დაამატა, – ამას კი შენ შეასრულებ, რისთვისაც  ოცი ათას დოლარს მიიღებ.
– ოცი ათასი დოლარი ცუდი ფული არაა, მაგრამ ჯაშის მოსაკლავად ცოტაა, – თქვა მძღოლმა.
სახენაიარევს გაეცინა და მძღოლს უთხრა:
– ოცი წინასწარ, ოციც – საქმის შესრულების მერე.
– ო, აი, ეს უკვე არაა ცუდი. თანახმა ვარ, – თქვა მძღოლმა და სახენაიარევს ჰკითხა:
– სულერთია, როგორ „გავაგორებ?
– კი. შენ მხოლოდ „დაბრიდე“ და თუ გინდა, სიცილით მოკალი ან შეღუტუნებით, – მიუგო მძღოლს სახენაიარევმა.
– ახლა საით, შეფ? – იკითხა მძღოლმა, რაზეც სახენაიარევმა უპასუხა:
– სამინისტროში...
***
  მუქსათვალიანი რომ გაისტუმრა, ტაო ლი სარდაფში ჩავიდა და იქ ათიოდე წუთი დაჰყო. შემდეგ ამოვიდა და ივახშმა. ჭამა რომ დაასრულა, ტანსაცმელი გამოიცვალა, ეზოში ჩავიდა და მცირელიტრაჟიანი „ფოლკსვაგენით“ ქალაქში გავიდა. შებინდებულ თბილისში ტაო ლიმ ოციოდე წუთი იარა. ბოლოს მანქანა ვაკის პრესტიჟულ საცხოვრებელ კორპუსთან გააჩერა და შენობაში შევიდა.
სამიოდე წუთის შემდეგ ტაო ლი სავარძელში, მასავით ჩინელის პირისპირ იჯდა და ესაუბრებოდა.
მასპინძელი ორმოცდახუთი წლის დაზვერვის კოორდინატორი იყო და ჯიან ჰუა ერქვა. სტუმარი მასპინძელს დიდი მოწიწებით ექცეოდა, რაც ტაო ლის ყველა სიტყვასა თუ მოძრაობაში იგრძნობოდა.
ტაო ლიმ ჯიან ჰუას მუქსათვალიანთან საუბარი დეტალურად მოუყვა და თვალებში მიაცქერდა. მასპინძელმა მწვანე ჩაი მოხვრიპა და ტაო ლის უთხრა:
– ესე იგი, აბების მიწოდება შეაჩერე, ხომ?
– დიახ, ჯიან ჰუა სან, – მიუგო ტაო ლიმ.
– სწორად მოქცეულხარ, უარი რომ გითქვამს. ორ დღეში ოპერაციის მეორე ეტაპზე გადავდივართ და აბების მიწოდების შეჩერება არ გვარგებს. როგორ ფიქრობ, ამ მაიორს მოუვლის შენი კაცი?
– ვფიქრობ, რომ მოუვლის, ჯიან ჰუა. ეს მის ინტერესებშია და მე მას გაშიფვრით დავემუქრე. თანაც მნიშვნელოვან თანხას ვუხდით და დაფინანსების შეწყვეტა არაფერში აწყობს.
– ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, თუ არ მეშლება, ადგილობრივი ანდაზა უნდა იყოს, – თქვა ჯიან ჰუამ და ცინიკურად დაამატა, – ეს ხალხი ამ სამოთხეში ჯოჯოხეთურად ცხოვრობს და იმდენი მოღალატე და გამყიდველი, ვერცხლის მოყვარული, რამდენიც აქაა, სხვაგან არსად შემხვედრია. სიმართლეს გეტყვი, რომ აქ მუშაობა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ იოლია. იოლიც და იაფიც. აი, თუნდაც ეგ ხეიბარი „ქიმიკოსი“ აიღე. საერთაშორისო სტანდარტით ის მუშად გვემსახურება. ჰო, მართლა, როგორ მიდის მისი სამუშაო?
– წარმატებულად, ჯიან ჰუა სან. ძალიან წარმატებულად. ასე ამბობს, ორ თვეში ოპერაციის მეორე ეტაპი რომ დასრულდება, მისი მთავარი აბების წარმოებაც შესაძლებელი გახდებაო.
– ჰოდა, ჩათვალე, რომ თუკი ასე მოხდება, მაშინ მთელი მსოფლიო ჩვენი იქნება. ჩვენი მადლიერი ერი კი ორივეს ოქროს ქანდაკებებს დაგვიდგამს.
– დიახ, დიახ, ჯიან ჰუა სან, ნამდვილად მასე იქნება, – თქვა ტაო ლიმ და ლამის ოთხად მოიკეცა.
ჯიან ჰუამ კი კვლავ მწვანე ჩაი მოხვრიპა და ტაო ლის უთხრა:
– უსაფრთხოების კუთხით ხომ ყველაფერი რიგზეა, საზიზღარ ამერიკელებს ხომ არ უყნოსიათ, რომ „ქიმიკოსი“ ჩვენთანაა?
– არა, ჯიან ჰუა სან, არა. „ქიმიკოსი“ საიმედოდ მყავს იზოლირებული და მის ლაბორატორიაში არანაირი კომუნიკაციის საშუალება არაა. მას მხოლოდ თავისი საქმე აინტერესებს. თანაც, ამერიკელები ჭირივით ეჯავრება. ყველაფერთან ერთად, ის ხომ მხოლოდ ეტლით გადაადგილდება და ძალიანაც რომ სურდეს, ვერსად გაგვექცევა.
– ძალიან კარგი, ტაო ლი, ძალიან კარგი. „ქიმიკოსმა“ სიმართლე ვერ უნდა შეიტყოს და ამერიკელები კიდევ უფრო უნდა შევაძულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის და ოპერაციას ჩაგვიშლის, – უთხრა ჯიან ჰუამ.
– დიახ. მართალს ბრძანებთ. მაგრამ დარდი ნუ გაქვთ, ჯიან ჰუა სან. სიმართლე მხოლოდ მე და თქვენ ვიცით. თავადაც ვერ წარმოიდგენს, რა გავუკეთეთ, – თქვა ტაო ლიმ.
– კარგი. შენი მუშაობით კმაყოფილი ვარ. შეგიძლია, წახვიდე. ნახვამდის, – უთხრა ტაო ლის ჯიან ჰუამ და სახლიდან გაისტუმრა.
***
  „ქიმიკოსი“, რომელზეც ტაო ლი და ჯიან ჰუა საუბრობდნენ 65 წლის ქართველი მეცნიერი მინდია კვაჭაძე იყო. მას ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული ლაბორატორია ჰქონდა თბილისში და შვილთან ერთად მნიშვნელოვან ქიმიო-ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს ატარებდა, რაც ძალიან ფართო დიაპაზონს მოიცავდა. ამერიკულ დაფინანსებასთან ერთად ლაბორატორიის მუშაობას გამოძიების ფედერალური ბიურო აკვირდებოდა და ყველაფრის საქმის კურსში იყო. როგორც აღმოჩნდა, ლაბორატორიის საქმიანობას ჩინეთის დაზვერვაც დიდი ყურადღებით აკვირდებოდა და ამას ჯუმბერ კოკინაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. კოკინაშვილი კვაჭაძეების ლაბორანტი იყო, ჩინურ დაზვერვაზე მუშაობდა და მათ ცნობებს აწვდიდა. ერთხელაც, მიხვდნენ რა ჩინელები, თუ რა უდიდესი აღმოჩენის წინაშე იდგა ქართველი მეცნიერი, კოკინაშვილის მეშვეობით მამა-შვილი კვაჭაძეების გატაცება სცადეს. ლაბორანტმა მათ საკვებში დასაძინებელი შეურია და მანქანაში რომ ჩაეძინებოდათ, ორივე წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე უნდა მიეყვანა, იქიდან კი მათ არალეგალურად ჩინეთში გადაიყვანდნენ. კოკინაშვილს ჩინელი ოპერები აზღვევდნენ, რომლებიც ორი მანქანით აცილებდნენ. გაირკვა, რომ მათ „ეფბეერის“ ჯგუფიც აცილებდა და კოკინაშვილის და ჩინელების საუბარს ისმენდნენ. ამიტომ, როგორც კი მიხვდნენ, რაში იყო საქმე, „ეფბეერმა“ მამა-შვილის დახსნა გადაწყვიტა და მოხდა შეტაკება, ურთიერთსროლისას თავის არეში მძიმედ დაიჭრა ბესო კვაჭაძე, ხოლო მინდია კვაჭაძეს კი ტყვია ხერხემალში მოხვდა. თუმცა ჩინელებმა მისი წაყვანა მოასწრეს და გადამალეს. ბესო კი ამერიკელებს დარჩათ. ბესო კვაჭაძე კომაში იყო. ამერიკელებმა ის მოკლულად გამოაცხადეს. სინამდვილეში, ინტენსიურად მკურნალობდნენ და მის გადარჩენას ცდილობდნენ. ჩინელებმა კი მინდია კვაჭაძე გადაარჩინეს სიკვდილს, თუმცა ის ხეიბარი დარჩა და ეტლით გადაადგილდებოდა. ჯუმბერ კოკინაშვილი კი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა... ორიოდე თვის შემდეგ, როდესაც მინდია კვაჭაძეს აღქმის უნარი დაუბრუნდა, ჩინელებმა პროფესორი დაარწმუნეს, რომ ამერიკელები მამა-შვილის გატაცებასა და მათ საიდუმლო ლაბორატორიაში გამომწყვდევას აპირებდნენ, რათა მათ საიდმულო, ანტიადამიანური ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ. ანუ, ამერიკელებს დააბრალეს ის, რაც თავად ჰქონდათ დაგეგმილი. პროფესორმა დაიჯერა, რომ მისი ერთადერთი ვაჟი სწორედ ამერიკელების ტყვიას შეეწირა და მინდია კვაჭაძემ, შურისძიების მიზნით, თავადვე შესთავაზა ჩინელებს ანტიამერიკული პროგრამა, რომელიც შეერთებულ შტატებს თუ არ დააქცევდა, დიდ ზარალს მაინც მიაყენებდა. პროფესორ კვაჭაძის მიერ შემუშავებული პროგრამა სამი ეტაპისგან შედგებოდა და პირველი ეტაპის შემადგენელი ნაწილი სწორედ იმ აბების გამოცდა იყო, რომელსაც ტომ სანდერსისა და ნატო ჩიხლაძის სიცოცხლე შეეწირა...
***
  მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო ცდილობდა, ცოცხალი ან მკვდარი მინდია კვაჭაძის პოვნას, ჩინელებს ის საიმედოდ ჰყავდათ გადამალული. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ბიუროში ფიქრობდნენ, პროფესორი ან ჩინეთშია და ცოცხალია, ასეთ შემთხვევაში მისი მოხელთების შანსი ნულს უტოლდებოდა, ან დაიღუპა და მისი ცხედარი გაანადგურესო. ის კი არ იცოდნენ, რომ მინდია კვაჭაძე ინვალიდის ეტლში იჯდა. ჩინელების საიდუმლო ლაბორატორიაში ინტენსიურად მუშაობდა და ჯოჯოხეთურ ანტიამერიკულ პროგრამას ამუშავებდა, რომელიც ბესოს „მკვლელობის“ შურისძიება უნდა გამხდარიყო.
  ტომისა და ნატოს დაღუპვამდე ერთი დღით ადრე ბესო კვაჭაძე კომიდან გამოვიდა და მას ჯეკ სანდერსი ესაუბრა. სწორედ ბესოსთან საუბრის შემდეგ შეადგინა სანდერსმა საიდუმლო მოხსენება, რის საფუძველზეც თბილისში ჯგუფი „ზეტა“ ჩამოვიდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3