კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№31 რატომ ცხოვრობს ქართველი ხან პირველი, ხან მეათე, ხან მეცხრამეტე და ხან ოცდამეერთე საუკუნის ღირებულებებით

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ისე მოხდა, რომ ჩვენს საზოგადოებას გამორჩეული და ავტორიტეტული პერსონები, ფაქტობრივად, არც ერთ სფეროში არ ჰყავს. შესაძლოა, ამ ვაკუუმის ამოვსების ბუნებრივი პროცესის გამო ავანსცენა დაიკავეს ფსევდოგმირებმა და ფსევდოფასეულობებმა და გამოვიდა, რომ მთელი საზოგადოების სახელით ხშირად ლაპარაკობს აგრესიული უმცირესობა, რომელსაც არ აქვს არანაირი არც მორალური თუ გონებრივი უპირატესობა, რაც აუცილებელი ფაქტორია ლიდერობისა და ფასეულობების დამკვიდრებისთვის, რადგან ეს ერთობლივი შეთანხმების პროდუქტი უნდა იყოს. მაგალითად, „გირჩელი“ ვინმე მაქარაშვილი და, თუნდაც, ფრიად საეჭვო ნიჭის, ოღონდ მწერლად წოდებული ვინმე დეისაძე იმოსებიან ჩვენი დროის გმირების შარავანდედით. ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად შევეცდებით იმის გარკვევას, თუ რით შეიძლება, დასრულდეს პროცესი უძაღლო ქვეყანაში, სადაც ათწლეულებია, სამწუხაროდ, ყველა სფეროში ყველაზე ხმამაღლა მხოლოდ კატები ყეფენ.
  დიმიტრი ნადირაშვილი: მე არ მიკვირს, რომ ასეთი პრობლემები გაჩნდა და ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეჯახება მათ. 200 წელია, სახელმწიფოებრიობა დაკარგული გვქონდა და ეს აისახება ერთმანეთთნ ურთიერთობაში, ფასეულობებში. საერთო ჯამში, ფასეულობასა და ღირებულებას განსაზღვრავს ის ფონი, რომელშიც ვცხოვრობთ. თუ შევადარებთ ერთსა და იმავე ქვეყანას პირველ, მეათე, მეცხრამეტე და ოცდამეერთე საუკუნეებში, შეცვლილია ღირებულებები და სოციალური გარემო იმისდა მიხედვით, თუ რა ფონი იყო იმდროინდელ რეალობებში და სწორედ ის ფონი ბადებდა და ბადებს  ფიგურებს. ანუ ჩვენ გვაქვს ფონისა და ფიგურის პრობლემა: სად ვცხოვრობთ, როგორ გარემოში, როგორი ღირებულებებით, რა არის მნიშვნელოვანი. ის არის მნიშვნელოვანი, რაც ახლა, ოცდამეერთე საუკუნეში განიცდება და შეიგრძნობა, თუ მეცხრამეტე, მეათე თუ პირველი საუკუნის რეალობა.
– მაგრამ ხომ არის ღირებულებები, რომლებიც არ იცვლება. მხდალი, ფლიდი, მატყუარა არც ერთ საუკუნეში არ იყო მისაღები და თვით გამოქვაბულშიც კი – შავის თეთრად გასაღება. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ უფრო მძიმე პრობლემა გვაქვს, მგონია.
– რაც ჩამოთვალეთ, საკაცობრიო ღირებულებებია და ეროვნულზე უფრო წინაც დგას. დანარჩენი ყველაფერი იცვლება. დღეს ჩვენ ვკამათობთ არა ზნეობრივ კრიტერიუმებზე, არამედ გემოვნებაზე, ნორმებზე, ჩვევებზე.
– მგონი, ზნეობაზეც ვკამათობთ დღეს. მაგალითად, გაცხარებული კამათია, რომ ჯარში წასვლა არის ადამიანის უფლებების დარღვევა, იმიტომ რომ, თუ მაქვს ფული, ვარ ჭკვიანი და ლამაზი, ამ ფულს გადავუხდი ნაკლებად ჭკვიანსა და ულამაზოს, რომ მოკვდეს ჩემ ნაცვლად. ურევია ამაში ზნეობა, ანუ უზნეობისკენ არ მივდივართ?
– მივდივართ, მაგრამ მთლად ასეც არ არის, როდესაც აშშ-ს ომი ჰქონდა ვიეტნამთან, იქაც ასე იდგა საკითხი. მახსოვს, მუჰამედ ალიმ უარი თქვა ჯარში სამსახურზე, ამის გამო მოხვდა ციხეში და ჩამოართვეს ბოქსში მსოფლიოს ჩემპიონობა. შტატებში აზრი გაიყო. ადამიანებად, რომლებიც იყვნენ ორიენტირებულები, რომ ამერიკაა უპირველეს ყოვლისა და მეორე ნაწილად, რომლებიც უარს ამბობდნენ იმ ფასეულობებზე, რაზეც იდგა ამერიკა. სწორედ ამას მოჰყვა ჰიპების მოძრაობა.
– რამაც, ფაქტობრივად, ის თაობა გაწირა, საბოლოოდ.
– მაგრამ რამაც შემდეგ მაინც შეცვალა ამერიკის კანონმდებლობა. სავალდებულო გაწვევა გაუქმდა და ფულს უხდიან მათ, რომლებიც მსახურობენ ჯარში.
– ამერიკას აქვს თავისი ადგილმდებარეობა, თავისი ტრადიციები, თავისი ეკონომიკა. ჩვენთან, ვინმე მაქარაშვილი სატელევიზიო ეთერებში ეწევა მარიხუანას და ჯარში არწასვლის პროპაგანდას, იმავდროულად კი აცხადებს, რომ მისი იდეალია ქაქუცა. აი, ესაა პრობლემა, თორემ, თუ ჩვენ შევთანხმდებით, შეგვიძლია, დედაწულიანად დავბოლდეთ და საერთოდ არაფერი ვაკეთოთ ამ დედამიწაზე. ეს აბნევს ყველაზე მეტად ჩვენს საზოგადოებას, ჩემი აზრით.
– მართალია, სადაც ორმაგი მორალია, იქ ტყუილია და ეს გამოსააშკარავებელია, მაგრამ ცხოვრების ასეთი ნორმები და კანონმდებლობა იცვლება და ჩვენი პრობლემა ისაა, რომ დღევანდელ საქართველოში გავიაზროთ რაციონალურად და ზნეობრივად, სად ვართ, რას წარმოვადგენთ, რა გვინდა სახელმწიფოსგან, რა გვინდა, რომ დავადგინოთ ნორმად ისე, რომ გავითვალისწინოთ საკუთარი თავიც და გარე სამყაროც. იმიტომ რომ ქვეყნებიც სხვადასხვანაირია: არის რუსეთი, თურქეთი, ევროპა, ამერიკა და ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავიანთი ნორმებითა და კანონმდებლობით. ჩვენ, უპირველესად, საკუთარი თავის იდენტიფიკაცია გვჭირდება, თუ ვინ ვართ. ასაწონი გვაქვს ის საფრთხეები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, ანუ რომელს უნდა მივემხროთ, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი და ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობაც. ჯარი და თავდაცვა რომ რაციონალურად და ზნეობრივად გავიაზროთ, ახლოს უნდა ვიყოთ ისრაელის რეალობასთან. როდესაც ისინი ქალ-მამაკაციანად იცავენ თავიანთ ქვეყანას.
– დაწვრილებით გავეცანი ისრაელში გაწვევის სისტემას: ვაჟები მსახურობენ სამ წელს, გოგონები – ორს, ეს ითვლება პატივად და კეთროვანივით უყურებენ მას, ვინც თავს არიდებს ჯარს, თუმცა იქაც არის ალტერნატიული სამსახური. დედისერთების დედებს შეუძლიათ, მოითხოვონ, რომ მათმა შვილებმა არ იმსახურონ აქტიური საომარი მოქმედებების ზონაში და, როგორც გავიგე, დედისერთათა უმეტესობა ამით უკმაყოფილოა, ხოლო ჯარის მოხდის შემდეგ ისრაელის სახელმწიფო მათ სრულად უფინანსებს სწავლას ან აძლევს თანხას ბიზნესის დასაწყებად, სურვილისამებრ. ანუ მოქალაქესაც ესმის თავისი ვალდებულებები და სახელმწიფოსაც.
– მათ მოარგეს თავდაცვის სისტემა საკუთარ სხეულს. განვაზოგადოთ, თუ რა პრობლემის წინაშე ვდგავართ: ჩვენ გვაქვს უნიკალობა, რაც შესანარჩუნებელია; ჩვენ გვაქვს კეთილდღეობის პრობლემა და სახელმწიფოს მოვალეობაა, იზრუნოს მოქალაქეზე, რომ ამოიყვანოს სიღარიბე-სიღატაკიდან; არსებობს საკაცობრიო ღირებულებები, ანუ ჩვენ ვარსებობთ სხვა სახელმწიფოების გარემოცვაში. ასეა თუ ისეა, ამ ეტაპზე გვინდა ევროკავშირსა და „ნატოში“ ინტეგრირება და ამიტომ გასათვალისწინებელია, ჩვენსას რომ ვამბობთ, რამდენად ესმის ეს ფრანგს, იტალიელს, რუსს, თურქს, ამერიკელს?! ეს ურთიერთობაც დასამყარებელია. უნიკალობა, კეთილდღეობა და საკაცობრიო სივრცეში ცხოვრება არის სამი პირობა და მათ შორის ბალანსი მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს თითოეულ ლოკალურ პრობლემას. რიგ შემთხვევებში ეს ყველაფერი გვავიწყდება, ამიტომ ხან პირველ საუკუნეს ვიმოწმებთ, ხან – მეათეს, ხან – სხვების მაგალითებს და ეს ყველაფერი არ არის შეთანხმებული. ამ მიზეზით, ხან გამოვდივართ ირანი, ხან – რუსეთი, ხან ამერიკასაც ვუსწრებთ და ხან – ევროპასაც. არადა, შეუძლებელია ასეთი ნაწილების შეკრებით მივიღოთ მთელი. აი, ამ მთელის პრობლემა გვაქვს ჩვენ. მეორე მხრივ, ცივილიზებულ სამყაროში ადგილის მოძებნის თვალსაზრისით, ძალიან სწრაფად გავიარეთ სახელმწიფოებრიობის რაღაც ეტაპები, მიუხედავად იმისა, რომ ცხვირიც ხშირად წავიტეხეთ საკმაოდ მტკივნეულად.
– ვფიქრობ, კორუფცია მხოლოდ სანქციებით არ აღმოფხვრილა ასეთ მცირე დროში, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი საზოგადოებისთვის ბუნებრივი ყოფილა, რომ ვიღაცისთვის ჯიბეში ფული ჩუმად არ ჩაედო, თუმცა საპირისპიროში გვარწმუნებდნენ, ძალიან კომფორტული გახდა მომსახურების სფეროები: საბანკო სექტორი, იუსტიციის სახლი, სწრაფი გადახდის აპარატები, 24-საათიანი მარკეტები.
– სხვათა შორის, ეს არ არის ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც კი. სამხრეთ იტალიაში ვიყავი და იქ დღესაცაა შენარჩუნებული მაფიოზური მენტალიტეტი. მაგალითად, სამხრეთ იტალიაში დღესაც არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ანუ ჩვენ რაღაც წინსვლა გვქონდა, მაგრამ სიღატაკის დაძლევის, კეთილდღეობისა და უნიკალობის მხრივ, მაინც გამოვიყურებით, როგორც ინფანტილური საზოგადოება, რომელსაც არ აქვს ნათელი პასუხები ყოველდღიურ კონფლიქტებსა და პრობლემებზე.
– არავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, არც „ელ გე ბე ტე“ აქტივისტების, არც „გირჩის“, არც ჩვენი პოლიტიკოსების მიერ აღვირახსნილი ვაჭრობის გაჩაღების, ყველას აქვს არსებობის უფლება ისეთად, როგორიც არის, მაგრამ ამასობაში ისინი თავს გვახვევენ თავიანთ ნორმებს და ლაპარაკობენ ჩემი სახელით, აი, ასეთი პერსონები, ფსვდოტიპები ხდებიან ჩვენი დროის გმირები, ანუ ავტორიტეტები. მე აქ ვხედავ პრობლემას.
– მეც აღშფოთებული ვარ, როდესაც ასეთ რეალობას ვხედავ და ასეთ ეგრეთ წოდებულ ლიდერებს გმირებამდე ბევრი უკლიათ. მეორე მხრივ, რამ შეიძლება, წარმოაჩინოს გმირი დღევანდელ საზოგადოებაში? გმირი ისეთი ფენომენია, რომელიც უნდა შვას ფონმა, მას უნდა ჰქონდეს ენერგია, ძალა და, მეორე მხრივ, აზრი, იდეა და ცოცხალი უნდა იყოს. ძალიან რთული აღმოჩნდა ასეთი ცოცხალი ადამიანის პოვნა, რომელსაც იდეაც ექნება და ენერგიაც აღმოაჩნდება. არადა ჩვენს უნიკალობას დიდი ძალა აქვს, შვას გმირი.
– საბედნიეროდ, ჩვენ ვთანხმდებით წარსულზე, რომ ლიდერი და გმირია დავითი, ქაქუცა, პოეზიის მეფეა გალაკტიონი, უპირველესი გენიოსი – რუსთაველი და ასე შემდეგ.
– ის ადამიანები, რომლებიც ჩამოთვალეთ და რომლებიც ყველასთვის გამორჩეულები არიან, აი, ამ უნიკალობას გამოხატავენ. მეორე - ამავე რიგში არიან კეთილდღეობის მომტანი ადამიანებიც.
– ილიაა ამის ნათელი დასტური.
– ილია უნიკალობასა და კეთილდღეობას აერთიანებდა და საკაცობრიო იდეალებსაც. და, თუკი გამოჩნდება ლიდერი, რომელიც საზოგადოებას კეთილდღეობას მოუტანს და მატერიალურ ნახტომს გააკეთებინებს, ასეთი ადამიანი მოიპოვებს გმირის სტატუსს. თავდაპირველად, სააკაშვილს და შემდეგ – ივანიშვილს იმიტომაც მივყვებოდით, რომ, ფაქტობრივად, ამას გვპირდებოდნენ. ისინი არ ატარებდნენ უნიკალობას ან საკაცობრიო ღირებულებებს, ისინი ასოცირდებოდნენ კეთილდღეობასთან. წარსულის მექანიკური გამეორება კი სამყაროს არ ახასიათებს. ამას ნათლად ვხედავთ პოლიტიკურ ცხოვრებაში – როგორ აღარ არის ლიდერი დღეს ის, ვინც გუშინ იყო ლიდერი. არც იდეა აქვთ, არც ენერგია, არც ავტორიტეტი და ჩვენ თვალწინ ჭკნებიან. აჩრდილიც კი არ არიან თავიანთი წარსულის და ესეც ადასტურებს, როგორ მოითხოვს სამყარო ახალს, ადეკვატურს.

скачать dle 11.3