კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ვის უნდოდა აკაკი ბაქრაძისა და რობერტ სტურუას წაკიდება და რომელი მსახიობი გარდაიცვალა მასთან საუბრის შემდეგ

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  ეს კრიტიკოსის, ხელოვნებათმცოდნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, აკაკი ბაქრაძის დღიურებია. მოდი, ერთად ვნახოთ მისი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი.   
  „თქვენ გაინტერესებთ, რატომ წამოვედი თეატრიდან? გიპასუხებთ, მაგრამ ვიდრე უშუალოდ ამ პასუხს გეტყოდეთ, უნდა ზოგიერთი რამ განვმარტო (ზურაბ    ოდილავაძე) თეატრი, როგორც ხელოვნების დარგი, მე ყოველთვის ნაკლებ მაინტერესებდა… როცა კინოში ვმუშაობდი, მაშინ იმასაც კი ვფიქრობდი, რომ თეატრი დაბერდა, მოძველდა და აღარ უნდა არსებობდეს-მეთქი. შეიძლება, ეს გაგიკვირდეთ და მკითხოთ, რატომღა დავთანხმდი თეატრში მუშაობას? თეატრთან ჩემი დაკავშირება სერგო ზაქარიაძისა და აკაკი დვალიშვილის ინიციატივით მოხდა. თქვენ გახსოვთ, რომ სერგო ზაქარიაძემ შემომთავაზა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგის ადგილი. მე ყმაწვილობის ასაკშიაც კი არ ვეკუთვნოდი იმ ადამიანთა რიგს, რომელნიც ფიქრობდნენ, რომ კომუნისტურმა მოძრაობამ კაცობრიობას ბედნიერება მოუტანა... ჩემი მიზანი და ამოცანა ასე ჩამოვაყალიბე: რაკი მე საბჭოთა სინამდვილეს თავს ვერ დავაღწევ, უნდა ყოველგვარ პირობებში მოვახერხო და ვილაპარაკო სიმართლე. ვამხილო საბჭოთა სიცრუე და ორპირობა. რაც ეს გადავწყვიტე, მერე უკან არ დამიხევია და თქვენ 1957 წლიდან ვერ ნახავთ ჩემს ვერცერთ სტრიქონს, სადაც მე ის მეთქვას, რასაც არ ვფიქრობდი. ვერ ნახავთ სტრიქონს, დაწერილს ვინმეს საამებლად და სალაქიოდ. ჩემი და სერგო ზაქარიაძის ერთად მუშაობა აღარ მოესწრო. ის ჩვენი საუბრის შემდეგ მალე გარდაიცვალა. თეატრის დირექტორად ოთარ ქინქლაძე დანიშნეს. მე მაინც დავიწყე ლიტერატურული ნაწილის გამგედ მუშაობა, მაგრამ, როგორც იცით, ორიოდე თვეში ამ საქმეს თავი დავანებე. რატომ? იმიტომ, რომ ოთარ ქინქლაძეს თეატრი არ აინტერესებდა. იგი თეატრს უყურებდა, როგორც ტრამპლინს, ახალი, უფრო მაღალი თანამდებობის მისაღებად. ასეც მოხდა. მან მალე მიიღო მაღალი თანამდებობა. ცხადია, ამ მიზნით თეატრში მოსული კაცი ჩემს წინადადებებს არ დაეთანხმებოდა და ჩემს თეატრში მუშაობას აზრი არ ჰქონდა. მეც წავედი. მერე, როცა ოთარ ქინქლაძე გადაიყვანეს და ახალი თანამდებობა ჩააბარეს, აკაკი დვალიშვილის წინადადებით, თეატრის დირექტორად მე დამნიშნეს. ბევრ გამოჩენილ მსახიობს პირადად ვიცნობდი და ზოგიერთთან ახლო მეგობრობაც მაკავშირებდა, მაგრამ ეს არ ყოფილა საკმარისი...  ჩემდა გასაოცრად, დავინახე, რომ მათთვის სულერთია, რას დადგამენ, ოღონდ თეატრში იყოს მაყურებელი და ტაშს უკრავდეს. ჩემთვის ნათელი იყო, რომ ძირითადად, ორ კაცს - თემურ ჩხეიძესა და რობერტ სტურუას უნდა დავყრდნობოდი. უბრალოდ, იმიტომ, რომ უშუალოდ პროდუქციას (წარმოდგენას) ისინი ამზადებდნენ. სხვა რეჟისორები მე არ გამომადგებოდნენ და ჩემი ორიენტაციაც ამ ორ კაცზე იყო აღებული. თემურ ჩხეიძესთან კონტაქტის დამყარება მე უფრო გამიჭირდა, ვიდრე რობერტ სტურუასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა თეატრში პატარა კონფლიქტით დაიწყო. გახსოვთ, ალბათ, როცა მე უარი ვუთხარი რობერტ სტურუას, რეზო გაბრიაძის პიესას – ,,ხანუმა პარიზში” – არ დაგადგმევინებ-მეთქი, იგი თეატრიდან გაიქცა და ორი თუ სამი თვე არ მოსულა. კომპოზიტორი გია ყანჩელი აქეზებდა, არ მიხვიდე, იძულებული გახდება, შეგეხვეწოს და ,,ხანუმა პარიზში” დაგვადგმევინოსო. ნაირნაირი ხმებიც მოჰქონდათ ჩემთან – სტურუა განცხადებას წერს და თეატრიდან მიდისო. მაგრამ ამისათვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან კარგად ვიცოდი, არც რეჟისორი და არც მსახიობი, როგორი შეურაცხყოფაც უნდა მიაყენო მას, თეატრიდან არსად წავა. მართლაც, სეზონის ბოლოს იგი თეატრში მობრუნდა და გვქონდა საქმიანი საუბარი. მაშინ შევთავაზე მე მას პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი”. ჯერ თავი შეიკავა. თქვა, რომ ეს პიესა სუსტია და მისგან რა გამომივა, წარმოდგენილი არა მაქვსო. მე გავაცანი ჩემი გეგმა. ვუთხარი – ,,ყვარყვარეს” მოტივები კაკაბაძეს სხვა პიესებშიც აქვს. მოდი, ყველას ერთად მოვუყაროთ თავი, გავაერთიანოთ და ამით შევავსოთ ის ხარვეზები, რომელიც „ყვარყვარე თუთაბერს” აქვს-მეთქი. ეს მოეწონა და რამდენიმე დღე ითხოვა მოსაფიქრებლად. არ დასჭირვებია ეს რამდენიმე დღე. მეორე დილითვე მოვიდა და მითხრა: ვიცი, როგორც უნდა დავდგაო. მართლაც, მშვენიერი ფორმა მოძებნა: ბოროტი კეთილის უკანა მხარეა, ქრისტე და ანტიქრისტე. ჩვენ ორიოდე კვირაში დავამუშავეთ ლიტერატურული ვარიანტი. მერე ის დაიდგა. ,,ყვარყვარესთან” დაკავშირებით რაც მოხდა, ეს თქვენ კარგად იცით. მერე კარგა ხანს ჩვენ თანხმობით ვმუშაობდით. უსიამოვნება არც წამოსვლის წინ მომსვლია, მაგრამ ჩემი დარჩენა თეატრში აღარ ღირდა. თქვენ იცით, რომ 1978 წლის 14 აპრილსა და კონსტიტუციასთან დაკავშირებული ამბების გამო ხელისუფლება ძალიან გადამეკიდა. ჩემი მოხსნის საკითხი რამდენჯერმე იდგა, მაგრამ ვერ გაბედეს. ერთხელ ოთარ თაქთაქიშვილს დაუყვირა კიდეც შევარდნაძემ: შენ რა მინისტრი ხარ, ბაქრაძე ვერ მოგიხსნიაო. შეშინებული თაქთაქიშვილი სამინისტროში მოვარდა და მეხვეწებოდა, წადი თეატრიდან, კულტურის სამინისტროში გადმოგიყვან, იქ იმუშავეო. მე ჯიბრის გამო უარი ვუთხარი. ასეთი რამ ბევრჯერ მოხდა. ყველა რომ გიამბოთ, ძალიან გრძელი გამოვა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ორი წლის განმავლობაში ხან მხსნიდნენ და ხან მტოვებდნენ. ელოდნენ ჩემს განცხადებას. მე არ ვწერდი მას. ერთხელ ტრისტან ყველაიძეს ვუთხარი კიდეც: განცხადებას არავითარ შემთხვევაში არ დავწერ. თუ უნდათ, ისე მომხსნან-მეთქი. მერე მაინც დავწერე განცხადება და აი, რატომ. როცა ამგვარ სიტუაციაში ვიყავი, რობერტ სტურუა (და სხვები) ,,ცარცის წრის” გამო სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეს. ეს აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ სტურუას დაქირავებასა და ჩემთან მის დაპირისპირებას აპირებდნენ. ეს რომ ასეა, ამას ის ადასტურებს, რომ ,,ცარცის წრე” დაგვიანებით და ინსტრუქციის დარღვევით წარადგინეს პრემიაზე. სამინისტრომ ყალბი დოკუმენტი შეადგინა, თითქოს ,,ცარცის წრის” განახლებულ, გადაკეთებულ ვარიანტს ადგენდნენ. ,,ცარცის წრით” დაგვიანებული დაინტერესება ანგარებით იყო ნაკარნახევი. თუ სტურუას დააჯილდოებდნენ, ჩამოაცილებდნენ იმ გეზს, რომელსაც ერთად ვადექით. რა თქმა უნდა, სტურუას პრემიაზე უარის თქმა არ შეეძლო, მაგრამ, ჩემი აზრით, რაღაცით უნდა გამოეხატა პრემიისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამიტომ მე ვუთხარი მას, არ წასულიყო მოსკოვში პრემიის მისაღებად. ამით გასაგები გახდებოდა, რომ იგი მაინცდამაინც დიდად არაფრად აგდებდა პრემიას. ჯერ დამპირდა, არ წავალო, მაგრამ მერე, ეტყობა, სხვების შთაგონებით, მაინც წავიდა. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ იგი მაშინვე წამოეგება ანკესს, როგორც მას ხელისუფლება გადმოისვრის. ჩემი ეს ვარაუდი უტყუარად დაადასტურა შევარდნაძემ კორესპონდენტთან საუბარში – „...მოუთმენლად მოველით სპექტაკლს თანამედროვეობის მწვავე პრობლემებზე, რომელსაც რუსთაველის სახელობის თეატრში ამზადებს რობერტ სტურუა” (გაზ. „კომუნისტი”, 1980 წელი, 21 სექტემბერი). ცხადი გახდა, რომ სტურუა დაქირავებული რეჟისორი შეიქნა. დაქირავებულთან კი მე არაფერი მესაქმებოდა. სხვა რეჟისორი კი თეატრში არ იყო. ნ. ხატისკაცი და გია ანთაძე ძალიან სუსტები იყვნენ, რომ მათგან რაიმეს იმედი ჰქონოდა კაცს. თემურ ჩხეიძეს კი არ უნდოდა თეატრში მუშაობა. იგი ძალდატანებით რჩებოდა თეატრში... შევარდნაძე სთხოვს – დადგას წარმოდგენა, რომლის გმირი თავად შევარდნაძე იქნება. შევარდნაძეს ისევე უნდა უმღეროდნენ, როგორც სტალინსა და ბერიას, მაგრამ ამას აშკარად ვერ ბედავს, რამეთუ ჯერჯერობით მოსკოვის ცეკა არ ითხოვს ამას. ამიტომ ალეგორიულად უნდა ილაპარაკონ ამაზე. ისე, როგორც რეზო ჩხეიძე აკეთებს თავის ფილმში. მაგრამ რეზო ჩხეიძე იძულებულია ეს გააკეთოს, რადგან ეშინია, მისი შვილი თამრიკო არ დაიჭირონ, როგორც დისიდენტი. სტურუას რისი ეშინია, შინ კატაც კი კომუნისტი (ბოლშევიკი) ჰყავს!.. სტურუამ ეს არ იცის, მაგრამ, როცა მას პრემიით აჯილდოებდნენ, მე ენუქიძე მელაპარაკა და მისაყვედურა – რატომ უჭერ მხარს სტურუას. ხომ იცი, რომ ეგ შევარდნაძის მტრების ნათესავია (გულისხმობდა დევი სტურუას და ვ. სირაძეს) და მათი დავალებით მოქმედებს. მითხრა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ თქვენ კარგა ხნის დადგმული გქონდათ „რიჩარდ მესამე”, მაგრამ მის გამოშვებას განგებ აჭიანურებდით. როცა გაკვირვებულმა ვკითხე – რატომ ვაჭიანურებდით განგებ-მეთქი? ენუქიძემ მიპასუხა: შევარდნაძის მოხსნას ელოდით, რომ მერე ხალხი გაგეცინებინათ ხშირად გამეორებული ,,ედვარდ... ედვარდითო“. მაგრამ შევარდნაძე აღარ მოხსნესო და იძულებული გახდით სპექტაკლი გაგეშვათო. როცა ეს სისულელე მოვისმინე, მაშინვე მივხვდი, რომ ეს შევარდნაძის ნათქვამი იყო, რადგან ენუქიძე ამგვარ აბდაუბდას ვერ მოიგონებდა. ჩემი და ენუქიძის ლაპარაკი უსიამოვნოდ დამთავრდა. ეჭვით ავადმყოფს ქვეყნის მართვა არ უნდა ევალებოდეს-მეთქი, ვუთხარი და წამოვედი. დააკვირდით სიტუაციას: სტურუას თან აჯილდოვებენ და თან მტერს ეძახიან. რატომ? უბრალოდ, იმიტომ, რომ ჩვენ წაგვკიდონ და ამით თეატრში ისედაც ჩაშლილი საქმე მთლად ჩაშალონ. სტურუას მეტი ვერავინ ვერაფერს დგამდა. თუ ის და მე წავიკინკლავებდით, ისიც ვერაფერს გააკეთებდა და საქმე სულ წახდებოდა. ამას დაემატა ისიც, რომ ყველა ჩემს წინადადებაზე – თეატრს ესა და ეს სჭირდება-მეთქი – სამინისტროცა და ცეკაც უარს მეუბნებოდა. ესეც გამიზნული იყო.”
скачать dle 11.3