კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რა შემოთავაზება მიიღო ნიუ-იორკიდან თამუნა ზაუტაშვილმა და რა თანხით ჯარიმდებიან მისი მიმბაძველები

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  დიზაინერი თამუნა ზაუტაშვილი უკვე წლებია, რაც მსოფლიო მოდის მიმდევრებს განსხვავებული, ორიგინალური, დახვეწილი და ულამაზესი აქსესუარებით ანებივრებს. ის, ძირითადად, ინდივიდუალურ დაკვეთებზე მუშაობს, თუმცა ხშირად იღებს მონაწილეობას უცხოურ შოუ-რუმებსა და „ფეშენ-ვიქებზე“. თამუნას აქსესუარების მფლობელი არაერთი ცნობილი ვარსკვლავი და წარმატებული ქალი გახდა. ცოტა ხნის წინ მან ნიუ-იორკისა და პარიზის მოდის კვირეულებიდან მიიღო მიწვევა, ორგანიზატორებმა მისი შექმნილი საყურეები ბოლო ათწლეულის ყველაზე კრეატიულ ნამუშევრად შეაფასეს.
  თამუნა ზაუტაშვილი: ჩემი პირველი ნივთი უცხოეთში სრულიად შემთხვევით გაიყიდა და ამის მერე მათგან წამოვიდა მოთხოვნა. შესაბამისად, უცხოეთში უფრო ადრე დავიწყე ნივთების გაგზავნა და გაყიდვა, ვიდრე საქართველოში. სიმართლე გითხრათ, ნივთის გაყიდვაზე არასოდეს მიფიქრია. თან, დიდი რაოდენობითაც არ ვაკეთებდი აქსესუარებს, მით უმეტეს, სამკაულებს. თავად დიდად არ მიყვარს სამკაულების ტარება და იშვიათად მოვიხმარ. ჩემს ჩაცმულობაში საკუთარი ხელით შექმნილი არცერთი ნივთი არაა.  უბრალოდ, მიყვარს და მომწონს, რასაც ვაკეთებ. ხანდახან დღეში 17-18 საათი ვმუშაობ, მაგრამ არ ვიღლები. ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკისა და პარიზის „ფეშენ-ვიქებიდან“ დამიკავშირდნენ და მონაწილეობა შემომთავაზეს. არ ვიცი, ნიუ-იორკში რამდენად მოვახერხებ წასვლას, მაგრამ შოუ-რუმში აუცილებლად გავგზავნი აქსესუარებს. შემთხვევით დამიკავშირდნენ. ერთ გოგონას ჩემი საყურე დაუნახეს, ძალიან მოეწონათ, ჩაეძიენ და ასე გამოვიდნენ კონტაქტზე. ორგანიზატორმა მომწერა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სამკაულების დიზაინში ასეთი კრეატიული არაფერი მოუგონიათო. არ ვიცი, პარიზიდან როგორ დამიკავშირდნენ. ამ შემთხვევაშიც იმავე საყურეებს მოჰყვა დაინტერესება. საფრანგეთიდან ორი შემოთავაზება მაქვს. ერთი არის ერთთვიანი შოუ-რუმი, მეორე – მოკლე, მაგრამ ბევრად პრესტიჟული და აუცილებლად წავალ. რატომღაც, არ მეგონა, ამ საყურეებს ასეთი გამოხმაურება თუ ექნებოდა. ისე, აქსესუარებს დიდი ხანია, რაც ვქმნი –  2003 წლიდან.
– რაიმე ისტორია აქვს ამ საყურეს? როგორ შეიქმნა?
– ერთი რუსი მომხმარებელი მყავდა, რომელიც რასაც გავაკეთებდი, ყველაფერს მიკვეთავდა. თუ ცოტას დავაყოვნებდი, პრეტენზიული ტონით მწერდა: რა ვქნა ახლა, რაღაც რომ მინდა?! ამ ქალბატონს ჰქონდა ყურების პრობლემა – მძიმე საყურეების გამო ბიბილოები ჰქონდა ჩამოწეული და მითხრა, რომ რაღაც მსუბუქი მომეფიქრებინა, ოღონდ ბუმბული არ უნდა გამომეყენებინა. ასე შეიქმნა ეს საყურეები. მას სხვადასხვა ფერის საყურე გავუკეთე, გამზადებული სახლში მქონდა და მოსკოვში მეორე დღეს უნდა გამეგზავნა. ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, მარიამი ჩემი ბიჭების ახლო მეგობარი და ჩემი შვილიშვილის ნათლიაა. ჩვენთან, სახლში იყო მოსული და ეს საყურეები რომ დაინახა, ისე მოეწონა, გადაირია. ორ ფერში არჩევანი ვერ გააკეთა და ორივე ვაჩუქე. მერე მას ერთი დედამისისთვის უჩუქებია. ზოგადად, რვა წელია ტელევიზორს არ ვუყურებ და საერთოდ ვერ ვცნობ ცნობილ ხალხს. ნანუკას არც ერთი გადაცემა არ მქონდა ნანახი. მარიამზეც ვიცოდი, რომ ცნობილი ჟურნალისტის შვილი იყო და მორჩა. ნანუკას გადაუღია ფოტო ჩემს საყურეში და სოციალურ ქსელში დაუდვია. მეორე დღეს ვიღვიძებ და მხვდება 618 შეკვეთა. მხოლოდ, წერილი კი არა, ზუსტად 618 შეკვეთა ამოვიწერე. საქართველოში ამ საყურეების ასეთ პოპულარობას მას ვუმადლი. დროთა განმავლობაში დავხვეწე, თავიდან სულ სხვა იყო. ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებ და ერთის დასამზადებლად 40 წუთი მაინც მჭირდება.
– უცხოურ მოდის კვირეულებსა და შოუ-რუმებში აქამდეც აქტიურად იღებდით მონაწილეობას?
– კი, დიდი ხანია ამ სფეროში ვარ. 2012 წელს მილანში ჩატარდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების კონკურსი, 18 ქვეყანა იღებდა მონანწილეობას და სულ არ ველოდებოდი. ახალი წლის წინა ღამეს მომივიდა შეტყობინება, რომ გავიმარჯვე და ამას თან მოჰყვა ორი კონტრაქტი. იმ დროისთვის კი კარგი იყო ეს შემოთავაზება, მაგრამ ახლა ასეთ კონტრაქტს ხელს არ მოვაწერ. მილა ანუფრიევასთან მოვაწერე კონტრაქტს ხელი, რომელიც მილანში ცნობილი მოდის კრიტიკოსია. კონტრაქტი გულისხმობდა იმას, რომ ჩემი იარლიყის მიკერება არ შემეძლო. მილანში არის ძალიან ცნობილი ბუტიკი IMARIKA, სადაც „არმანის“ ქუდის გვერდით იდო ჩემი ქუდი და ვარდებიანი „აბადოკი“. სულ ექვსი ნივთი მქონდა წარდგენილი და ერთი რომ გაიყიდებოდა, უნდა შემევსო. იქიდან ბევრმა ადამიანმა გამიცნო, მაგრამ ამ საყურეებს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავიდან, მილანში რომ წაიღეს ჩემი ნივთები, უყურებდნენ და ატრიალებდნენ, არ სჯეროდათ, რომ ხელით გაკეთებული იყო. საქართველოში მოდის კვირეულის 11 სეზონში მივიღე მონაწილეობა, უბრალოდ, მაშინ საყურეებს არ ვაკეთებდი, არც ვფიქრობდი ამ სამკაულზე.
– გამოდის, რომ მთელი თბილისი და არა მარტო, გააფერადეთ. ბევრი ატარებს თქვენს სამკაულს.
– საქართველოში მკაცრი სტილი გვაქვს, შავი ფერია აქტუალური, ნაცრისფერს კი ყველაზე კარგ შემთხვევაში გამოიყენებენ (იცინის). თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მართლა გავაფერადე მთელი თბილისი. ერთი რაღაც მიკვირს, ქართველები ისეთი პრეტენზიული ხალხი ვართ ერთმანეთის მსგავსს იშვიათად ვიცვამთ. ამ საყურეებზე კიდევ, არავის გასჩენია ისეთი დამოკიდებულება, რომ ყველას აქვს და მე არ მინდაო. ამბობენ, რომ ჩემს ნივთებს ბედნიერება მოაქვს და ბევრი ისტორიაც მაქვს: ამერიკაში მცხოვრები ერთი გოგონა მისმა მეუღლემ, საკმაოდ წარჩინებულმა პიროვნებამ, თურმე, პირველად  ჩემს საყურეებში შენიშნა.  მერე გამოელაპარაკნენ ერთმანეთს და დღეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. ორი პატარა ბავშვი უნდა მოვნათლო, ერთი – აგვისტოში და მეორე  – სექტემბერში. ერთს შვიდი წელი ელოდებოდნენ, მეორეს თერთმეტი. არცერთის მშობელს არ ვიცნობ. ორივე შემთხვევაში ისე მოხდა, რომ ჩემი საყურის გაკეთების შემდეგ დარჩნენ ფეხმძიმედ და ორივე ბავშვს მანათვლინებენ. იმდენად გულით ვაკეთებ ამ ყველაფერს, ალბათ, მადლი გადასდის. ხანდახან მეუბნებიან, შენთან მოვალთ, ძაფი შეგვაბი და ისე გაგვიშვიო (იცინის).
– ხშირად გიწევთ თქვენი იდეების დაცვა, რადგან ბევრი მიმბაძველი გამოგიჩნდათ. როგორ უმკლავდებით მათ?
– ეს ძალიან მტკივნეული თემაა. იმის დრო არ მაქვს, ვნახო ვინ მპარავს. უბრალოდ, ბევრი კეთილისმოსურნე მყავს, რომელიც ადგილზევე სცემს მათ პასუხს და მიუთითებს, რომ ეს ნივთი ჩემია. დავაპატენტე ჩემი აქსესუარები და ეს საქმე ბოლომდე მივიყვანე, დავიცავი ჩემი საავტორო უფლებები. ეს არ იყო პატარა პროცედურა, ერთი წელი გაგრძელდა. მოჩენილი მყავდა ექსპერტი, რომელიც ყველაფერს აკვირდებოდა. დეტალურად ჩაუტარდა გამოკვლევა ჩემს საყურეებს, რომ ეს ნამდვილად ჩემია და რომელიმე დეტალი ვინმესგან არ ამიღია. როგორც კი შევნიშნეთ, ბაზრობებზე დადიოდნენ და ჩემი სახელით ყიდდნენ საყურეებს, ჩემმა მეგობარმა მომკიდა ხელი და „საქპატენტში“ წამიყვანა. კონკრეტულად ეს საყურე ამოიჩემეს და ამას მპარავენ, ჩემს ფერებს იმეორებენ. თუმცა მათი მიმბაძველობა ჩემს პირველ გაკეთებულსაც კი არ შეედრება. ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, ღმერთო, ერთი ნორმალური მაინც გააკეთოს ვინმემ, რომ გაჭირვების ჟამს დავიხმარო-მეთქი (იცინის). რამდენიმე გოგო დავაჯარიმე,  ჯარიმა  კი 3 000-დან 4 000 ლარამდე მერყეობს. ძირითადად, თავხედობის გამო ჯარიმდებიან. მართლა მეცოდება ყველა და წინასწარ ვაფრთხილებ, რა შეიძლება მოჰყვეს მათ საქმიანობას. ვთხოვ, შეწყვიტონ ჩემი ნივთების ასლების კეთება და ვუგზავნი საბუთებს, ფოტოებს, რომ მართლა ჩემია.  ვწუხვარ, რომ ვერავის ვაგებინებ. კარგად მესმის ისიც, რომ გაჭირვების გამო აკეთებენ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ უნდა მოვიპაროთ, ეს ხომ სხვის ჯიბეში ხელის ჩაყოფაა. ბევრი მეუბნება, რომ საერთოდ არაფერი სმენია საავტორო უფლებებზე. არ ვიცი, ოცდამეერთე საუკუნეში ეს რას დავაბრალო. ერთი ქალი მწერდა, ძალიან ცუდად იქცევით, გაჭირვებულ ადამიანს რომ აჯარიმებთო. ჯარიმის თანხიდან მე არ ვიღებ ერთ თეთრს. იმ გაჭირვებულზე გაცილებით გაჭირვებულს ვპოულობ და მას ვაძლევ. მე რასაც ვაკეთებ, ჩემთვის საკმარისზე მეტია, თან, ჩემი ოჯახი ჩემი აქსესუარებით არ ცხოვრობს. ეს საქმე ჩემი სიამოვნების გამო დავიწყე. არიან ისეთები, რომლებიც მწერენ, რომ ჩემი სექტა მაქვს. ერთი ზუგდიდელი ქალი მწერდა, რომ სასაცილოდ არ ვყოფნიდი და მერე იმდენი მეხვეწა, შეტანილი სარჩელი გამომატანინა. ჩემი შვილები ნერვიულობენ და საჭმელს არ ჭამენო, მეც მყავს შვილები, რომლებიც ჩემზე ძალიან ნერვიულობენ. 17 წლის უკვე დედა ვიყავი და ძალიან კარგად მესმის დედაშვილობა რაცაა. მომავალშიც აუცილებლად დაჯარიმდება ის, ვინც ჩემს თხოვნას არ გაითვალისწინებს და მაინც განაგრძობს ჩემი აქსესუარების მისაკუთრებას.

скачать dle 11.3