კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 როგორ დაიხსნა საკუთარი თავი ქმრის „კლანჭებიდან“ თამუნა მუსერიძემ და რატომ სჭირდება მას ხშირად დაბმა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  არსებობს ტკივილი, რომელიც ყველა ბედნიერების მიღმა იმალება, თავს გახსენებს და გინდა თუ არა, მასზე გეფიქრება. თამუნა მუსერიძის ცხოვრებაში ახლა ბედნიერების ეტაპი დგას, თუმცა წარსულის კვალი, განცდა და ტკივილი, სულ მუდამ ახსენებს თავს. როგორც თავად ამბობს, ძლიერი ადამიანია, ქმრისა და შვილების გვერდით ბედნიერი და ცდილობს, თავისი კარგი განწყობა ყველას გაუზიაროს, თუმცა, გარეგნულად წარსულის კვალი მაინც შესამჩნევია.
  თამუნა მუსერიძე: ჩემნაირი ძლიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთი-ორი თუ შემხვედრია. შეიძლება, ეს ჩემი ნათქვამი თამამად ჟღერს, მაგრამ, ვფიქრობ, ასეა. არ ვარ დეპრესიული, ტირილისკენ და მოთქმისკენ მიდრეკილი, პრობლემებს ადვილად ვუმკლავდები. სხვებს არ ვაწუხებ. ჩემ ირგვლივ ბევრი ადამიანია, პატარა პრობლემა შეხვდება და იწყებს: ვაიმე, ნევროზი მაქვს, ვაიმე დეპრესია დამეწყო, აბა, მიშველეთ... არის კივილ-წივილში. ჩემი ნერვების პატრონს, არც დეპრესია მახასიათებს, არც ნევროზი და არც ნევროპათოლოგთან ვიზიტი მჭირდება (იცინის). მეგობრები მეუბნებიან: არ იცი, მაგრამ ჩუმი ნევროზი გაქვს და ერთ დღეს ვეღარ მოთოკავ და იფეთქებო (იცინის).
– ცხოვრების იოლი გზა ნამდვილად არ გამოგივლია და ვინც გიცნობს, დამეთანხმება. რა კვალი დატოვა იმ განცდამ, ტკივილმა და თუ გახსენებს წარსული თავს?
– რასაკვირველია, ცხოვრების იოლი გზა ნამდვილად არ გამომივლია და იმ ტკივილმა თავისი კვალი დატოვა.  ხასიათით არ ვიმჩნევ, მაგრამ ის ტკივილი არ იკარგება, კვალს ტოვებს. გარეგნულად, გამომეტყველებაზე მეტყობა – ისეთი ვეღარ ვარ, როგორიც ადრე ვიყავი. ამას ყველა აღნიშნავს.
– ვფიქრობ, შენი სიძლიერე იმაშიც გამოიხატება, რომ მიუხედავად რამდენიმე წარუმატებელი სიყვარულისა, მაინც გაბედე და კიდევ ერთხელ გადადგი ნაბიჯი, შეიყვარე და დღეს ბედნიერი ხარ.
– ასეა, თუმცა, მე ამ საკითხს არ ვუღრმავდები. უფრო სწორად, ადამიანს რამდენჯერაც არ გაუმართლებს, იმდენჯერ უნდა გადადგას ნაბიჯი ბედნიერებისკენ. შიში იმის გამო, რომ წარსულ სიყვარულებში არ გამიმართლა, არ გამომყოლია.
– ახლა ცხოვრების რა ეტაპი გიდგას?
– პირად ცხოვრებაში სიმშვიდის პერიოდი დგას, თუმცა, ახლა ჩემს უმცროს შვილს, მარიანას ვუმკლავდები და ეს პერიოდი მიდგას (იცინის). საოცრად მოძრავი და აქტიური ბავშვია, ვერ ვაკავებთ, ყოველდღე „გვატერორებს“. იცით, ამას წინათ, დილით მამამისი როგორ გააღვიძა? აიღო ჭიქა და ჩაარტყა საფეთქელში. სანდრო როგორ გადარჩა, არც კი ვიცი. მე კი თავი ჩამარტყა და წინა კბილი ჩამიმტვრია. მშობლების დალეწვაშია და თუ გადავურჩით, ხომ კარგი (იცინის). ეგვიპტიდან ჩამოტანილი უზარმაზარი ვაზა მქონდა დედისგან სახსოვრად, გაიარა მარიანამ, გაჰკრა ხელი, გადმოაგდო და დაამსხვრია. ძალიან მეტკინა, მაგრამ რა უნდა მეთქვა? გატეხილი ვაზა რომ დავინახე, სანდროს ვუთხარი: ან გამაკავე, ან დამაბი, სანამ გადავირიე-მეთქი. ასე რომ, ჩემი შვილის გადამკიდე, დაბმა ხშირად მჭირდება (იცინის).
– ბოლო პერიოდში საკმაოდ შეიცვალე იმიჯი. ამბობენ, ეს სანდროს დამსახურება და ქმრის გავლენააო.
–ასე გამოვიდა. სანდრომ დამსვა და თმა თავისი ხელით გადამპარსა. მე სულ ვიზრდიდი, ცხრა წელია არ შემიჭრია, სანდროს კი უნდოდა თავგადაპარსული ვენახე, მეუბნებოდა, მოგიხდებაო და აისრულა ოცნება – ჩართო ლაივი და თმა ნულზე გადამპარსა. სარკეში რომ ჩემი თავი დავინახე, ვერ აღვიქვი, რა დამემართა. ახლა ცოტა წამომეზარდა და ვარდისფრად შევიღებე. ახლა ძალიან მომწონს. ყველა აღნიშნავს, რა სხვანაირი და უცნაური გარეგნობა გაქვსო. ასე რომ, ქმრის შერჩეული ახალი იმიჯი მომიხდა და შემცვალა.
– იმიჯი გასაგებია, მაგრამ სანდრო შენს ხასიათზე, შინაგან განწყობაზე თუ ახდენს გავლენას?
– ზოგადად, მე ვარ ადამიანი, რომელზეც გავლენის მოხდენა ძალიან მარტივია. ეს ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ასეა. ძალიან დამთმობი  და დამჯერი ვარ, თუმცა სანდროზე დამოკიდებული – არა. სხვათა შორის, ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი. ბოლო ორი თვე მომიწია უმუშევრად ყოფნა და ფინანსურად სანდროზე ვიყავი დამოკიდებული. აი, ქმარზე დამოკიდებულება საშინელება აღმოჩნდა (იცინის). სანდროს არასდროს უთქვამს უარი, მაგრამ ჩემთვის დამამცირებელია, ქმარს ვთხოვო: წარბები მაქვს გასაკეთებელი და ფული მომეცი-მეთქი. სამსახური რომ არ მქონდა, საკუთარ თავში ჩავიკეტე. ვფიქრობდი, რა მექნა და უხასიათოდ ვიყავი. ამაზე სანდრო გიჟდებოდა და მეუბნებოდა: უხასიათოდ რომ ხარ, ვერ გიტანო... და ცდილობდა, ხასიათზე მოვეყვანე. ზოგადად, არ უყვარს ჩემი ჩუმად ყოფნა და არ მაცლიდა სიმშვიდეს (იცინის). ახლა ვმუშაობ და მადლობა ღმერთს, ჩემი ფინანსები მაქვს, დავეხსენი ქმრის კლანჭებს (იცინის).
– ბოლო პერიოდში, გადაპრანჭული, ქორწილებში, საზოგადოებრივ შეკრებებზე თუ წვეულებებზე ქმრის გარეშე დადიხარ. ჭორიც კი გავრცელდა, თითქოს თქვენ შორის უთანხმოებაა. ამაზე რას მეტყვი?
– მე და სანდროს იდეალური ურთიერთობა გვაქვს და თუ ის გასტროლზეა და მე მარტო მიწევს გადაპრანჭულს ქორწილში დროის გატარება, იმას არ ნიშნავს, რომ უთანხმოება გვაქვს. სანდროს გარეშე მეც არ მიყვარს სადმე მისვლა, მაგრამ ამის გამო გასტროლებიდან ხომ არ მოვხსნი? მე და სანდრო, იცით, რაზე ვჩხუბობთ? არ არსებობს, მე სადმე დავაგვიანო, შემიძლია, ათ წუთში მოვემზადო, დავდგე კართან და ველოდო. სანდრო კი ორი საათი უნდება მოწესრიგებას, დადის, დადის... და აუცილებლად უნდა დააგვიანოს შეხვედრაზე. იმდენად სწრაფად ვიცი მოწესრიგება, ვამბობ, ამაშიც განსაკუთრებული ქალი ვარ-მეთქი (იცინის). სულ ვხუმრობ, სანდრო ჩემი მესამე შვილია-მეთქი. მითითება სჭირდება: მოდი ჭამე, მოდი ჩაიცვი...
– მერე, ქმართან ასეთი დედობრივი ინსტინქტების გამოვლენა რომ გჭირდება, ეს ცოტა მოსაბეზრებელი და გასაბრაზებელი არ არის?
– მე ასეთი სანდრო მომწონს და მიყვარს (იცინის). რაღაცნაირად ორნაირია და ზუსტად ვიცი, 80 წლის ასაკშიც ასეთი ბავშვური და ამის მიღმა, ძალიან კაცური იქნება. არ არსებობს პრობლემა, მან არ მომიგვაროს. არ ვარ რთული ადამიანი და ვფიქრობ, ჩემი ქმრობა არ არის რთული. თუმცა, მომთხოვნი ვარ. ბევრის გაცემა მიყვარს, იმავეს მოვითხოვ საყვარელი ადამიანისგან და სანდროც მყვება. ვფიქრობ, რომ ბედნიერების ეტაპზე ვარ, თუმცა წარსული მაინც მახსენებს თავს, არ მაქვს გადალახული და ვერც ვერადროს გადავლახავ.
– საკუთარი გენეტიკის ძიებას გულისხმობ?
– დიახ. ამის დავიწყება და გადალახვა წარმოუდგენელია. ცხოვრების ყოველ ეტაპზე წამოყოფს თავს. მარიანას რომ ვუყურებ, ვფიქრობ: იქნებ ჩემს ბიოლოგიურ დედას ჰგავს, იქნებ მისი ქცევები, ხასიათი და თვალები აქვს... რაც უნდა ბედნიერი იყო, რთულია ასე ცხოვრება. მეც მოუსვენარი ბავშვი ვიყავი და დედა მეუბნებოდა: შენნაირი შვილი რომ გეყოლება, მერე მიხვდებიო... ფაქტია, ეს წინასწარმეტყველება სანდროზე – ჩემს პირველ შვილზე, არა, მაგრამ მარიანაზე ახდა.

скачать dle 11.3