კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 აკაკი ხოშტარიას „ირანის უგვირგვინო შაჰს“ უწოდებდნენ

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  აკაკი ხოშტარია ქველმოქმედი ბანკირი იყო.  ეხმარებოდა სოფელს, აფინანსებდა ქართველი სტუდენტების უცხოეთში სწავლას. აუქციონზე დავით სარაჯიშვილის სახლი შეიძინა და პარიზში გადასვლის წინ ქართველ ხალხს გადასცა. იქამდე კი ჟორდანიას მთავრობას, საკუთარი სახსრებით, ოთხი გემი უყიდა და ქართული ფლოტი წელში გამართა. მისი სახელი მსოფლიო მასშტაბით იყო ცნობილი.
  1920-იანი წლების დასაწყისიდან, თითქმის 70 წლის განმავლობაში, საბჭოთა ხელისუფლების დროს, აკაკი ხოშტარიას სახელის ხსენება აკრძალული იყო. დღეს კი მას, ძმები ზუბალაშვილების, დავით სარაჯიშვილისა და მიტროფანე ლაღიძის გვერდით, ქართველ მრეწველთა ოთხეულში მოიხსენიებენ. აკაკი ხოშტარიამ უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს, აზერბაიჯანისა და, განსაკუთრებით, ირანის ეკონომიკის განვითარებაში. მეტიც, წარუშლელი კვალი დატოვა ამ ქვეყნების კულტურასა და ისტორიაში. მას ნამდვილ ქართველ მილიონერს უწოდებდნენ. სამეწარმეო საქმიანობას კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, პარალელურად კი, საქართველოშიც ეწეოდა, ვიდრე ქონების კონფისკაციის შემდეგ, სამშობლო საბოლოოდ არ დატოვა.
  „აკაკი ხოშტარია, მსოფლიო ომის დაწყებისთვის, 1914-1918 წლებში, მთელი საქართველოსა და სპარსეთის მნიშვნელოვანი ნაწილის გამგებელი ხდება. არაჩვეულებრივი ნებისყოფისა და ასეთივე ენერგიის მქონე ადამიანი, იგი ომის წლებში, სპარსეთში, მთელი რიგი კონცესიების მოპოვებას ახერხებს, აშენებს იქ რკინიგზას, აარსებს სააქციო საზოგადოებას“.
  აკაკი ხოშტარიამ მთელი შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ბულვარისა და ბაღის მოწყობის სამუშაოები დაგეგმა, შემდეგ კი მეთვალყურეობას უწევდა პროცესს და ზრუნავდა მათ გამწვანებაზე. მისი დაფინანსებითა და უშუალო ხელმძღვანელობით გაშენდა ახალი ათონის ცენტრალური პარკი, იალტის მთავარი ბაღი, ბათუმის მთავარი ზღვისპირა ბულვარი და მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი. მებაღე-დეკორატორად 10 წლის მუშაობის შემდეგ აკაკი ხოშტარია სავაჭრო და სამეწარმეო საქმიანობაში ჩაება. „გადმოცემის მიხედვით, ახალგაზრდობაში იგი ფოთში მეწვრილმანე ვაჭარ, ვინმე ზოდელავასთან მეგობრობდა. ერთხელ, მათ გადაწყვიტეს, სავაჭრო გემით ნავთი ოდესაში წაეღოთ სარეალიზაციოდ, მაგრამ ტუაფსეში ამოვარდნილმა ქარიშხალმა გემი თურქეთში გაიტანა, სადაც ნავთი ოქროს ფასად გაყიდეს. აკაკი ამ შემთხვევამ სამეწარმეო საქმიანობაზე დააფიქრა. იგი თურქეთიდან ბაქოში გაემგზავრა და ნავთობმრეწველ მუსა ნაგიევისგან ნავთობის სარეწი დანადგარები, ბათუმში კი სავაჭრო აქციები შეიძინა და მთლიანად ნავთობ-სამრეწველო საქმიანობაზე გადაერთო“. პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში აკაკი ხოშტარიამ ბაქოში მსხვილი სამრეწველო კომპანია ჩამოაყალიბა, რომელიც სავაჭრო ოპერაციებს სამხრეთ კავკასიასა და ირანში წარმართავდა. აკაკი ხოშტარია იყო იმ დროის საქართველოში ერთადერთი ნამდვილი მილიონერი, რომელმაც სპარსეთში ნავთობის კონცესიები შეიძინა და ჩამოაყალიბა ფირმა, სახელად „რეპენტო”. ეს იყო ყველაზე დიდი და ფინანსურად ყველაზე ძლიერი ფირმა, რაც კი ქართველებს ოდესმე შეუქმნიათ.
  აკაკი ხოშტარიამ ბაქოში დააარსა კომერციული ორგანიზაცია – თურქულ-სპარსული „ხოშტარიას ბანკი“, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან აწარმოებდა ფინანსურ კომბინაციებს. 1913 წელს 99-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ჩრდილოეთ ირანის მიწათმფლობელებთან, დააარსა კომპანია „პერსლესი”, რომლის კაპიტალი რამდენიმე მილიონ ოქროს რუბლს შეადგენდა. ააშენა თავისი საკუთარი საამქროები, ელექტრონით მოქმედი ქარხნები და გაიყვანა სპეციალური სარკინიგზო ხაზი – „ტალრუდი”, ხის მორების გადასაზიდად. ეს ირანისთვის პირველი რკინიგზის ხაზი იყო. აკაკი ხოშტარიამ დააარსა, აგრეთვე, თეირანის რუსულ-ირანული ბანკი. მან ირანის შაჰის კარზე დიდი გავლენა მოიპოვა. მას „ირანის უგვირგვინო შაჰს” უწოდებდნენ. აკაკიმ დააარსა სატრანსპორტო კომპანია თეირანსა და ფეჰლევს შორის. მან პირველმა შეიყვანა ირანში ავტომობილი „ფორდი”, რომელსაც სამკაულად ოქროს ფრთები ჰქონდა. აკაკიმ მანქანა საჩუქრად იმჟამინდელ შაჰ აჰმედს მიართვა.
აკაკი ხოშტარია ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობას საქართველოშიც ეწეოდა.
  ხოშტარიას ირანში ჰქონდა საკუთარი რკინიგზა მატარებლებით, მონოპოლია ხე-ტყის, საპნის, ბრინჯის წარმოებაზე, თევზის სარეწები, ვაჭრობდა მატყლით ინგლისელებთან და რაც მთავარია, იყო ჩრდილოეთ ირანის ნავთობის კონცესიებისა და მთელი ამ ტერიტორიის მიწების კერძო მფლობელი, რომელიც მან შეისყიდა მოჰამედ ალი-შაჰის პირველი მინისტრის, სპასალარის, პროვინცია გილანის მმართველ მოჰამედ ვალი ხანისგან. მის ხელში იყო კასპიისპირა ქალაქ ენზელის ელექტრიფიკაციაც, სადაც სერიოზულ კონკურენციას უწევდა ინგლისელებსა და ამერიკელებს.
  შაჰად კურთხევის პირველ დღეებში რეზა შაჰისთვის (1925-1941 წლები. კორონაცია 1926 წლის 24 აპრილი) მეჯლისის წევრებს ძვირფასი საჩუქრები მიუძღვნიათ. აკაკი ხოშტარიას იტალიიდან ჩამოტანილი მარმარილოს ქანდაკებები უჩუქებია, შაჰს უთქვამს, ჯერ ასეთი ძვირფასი ნივთების დასადებად შესაფერისი სასახლე არ მაქვს, მალე ავაშენებ და იქ მოვათავსებ ამ ქანდაკებებს, თქვენ კი სტუმრად აუცილებლად მოგიწვევთო.
  ირანში, გილანის პროვინციაში, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქ ენზელში, აკაკი ხოშტარიას ჰქონდა სასახლე 17 ჰექტარი მიწის ნაკვეთით. შემდეგ ის ირანის შაჰ რეზასთვის უჩუქებია. თუმცა, დღეს ნაგებობა პირვანდელი სახით არ არის შენარჩუნებული. გადმოცემის მიხედვით, იქ ხანძარი გაჩნდა და შაჰმა მოგვიანებით აღადგინა. ახლა ამ შენობის პირველ სართულზე სამხედრო-საზღვაო მუზეუმია, მეორეზე კი გამოფენილია აკაკის პირადი ნივთები.
  აკაკი ხოშტარია საქართველოს ანექსიის შემდეგ ყველანაირად ცდილობდა, დახმარებოდა ეკონომიკურად დაუძლურებულ სამშობლოს. სწორედ ამიტომ არ უნდოდა ურთიერთობის გამწვავება საბჭოთა რუსეთთან. 20-იანი წლების შიმშილობის დროს, კომუნისტების თხოვნით, მან დააარსა კომპანია „საბჭოთა კავშირი და ხოშტარია”, საკუთარი სახსრებით პურს ირანში ყიდულობდა და ბაქოში გზავნიდა, იქიდან კი „ხოშტარიას პური“ სხვა ქვეყნებში ნაწილდებოდა, და, თავისთავად, საქართველოშიც. საბოლოოდ, კომუნისტებმა დაპირებული თანხა არ გადაურიცხეს და საერთაშორისო მასშტაბის სკანდალის თავიდან ასაცილებლად მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს. აკაკი ხოშტარიამ გაქცევა მოასწრო, რადგან ბაქოში მიიღო ბუდუ მდივნის საიდუმლო დეპეშა: წადი, თორემ დაგიჭერენო. და ქალაქი სასწრაფოდ, გემით დატოვა. ამ დროს თან ახლდა მეუღლე მინადორა ეგნატეს ასული თურქია, რომელმაც დიდი როლი ითამაშა აკაკის ფინანსურ წარმატებებში.
  აკაკი ხოშტარიას ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგი 1921 წელს საქართველოში მისი უძრავი ქონების კონფისკაცია იყო. მასთან ერთად, საბჭოთა რუსეთსა და ირანს შორის 1921 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის მიერ მეფის რუსეთის აქტივებსა და ვალებზე უარის თქმის შემდეგ, ირანში რუსეთის მოქალაქეებს კონცესიები, ბანკები და ასე შემდეგ ჩამოართვეს. შესაბამისად, ხოშტარიას ქონებას ირანშიც იგივე ბედი ეწია, რაც საქართველოში.
  აკაკი საერთაშორისო მასშტაბის პიროვნება იყო – პირადად იცნობდა ჩერჩილს, რუზველტს. ჰქონია მათთან შეხვედრები თეირანში შაჰის კარზე... თავის დროზე დიდმა ილია ჭავჭავაძემ აღტაცებითა და სიყვარულით უსახსოვრა ლექსების კრებული.
  აკაკი ხოშტარია 1932 წელს, პარიზში, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, სადილობისას, შემთხვევით, ღომის ქერქმა სასულე გაუკაწრა. რადგან დიაბეტით იყო დაავადებული, ყელის შეშუპება დაეწყო და ვეღარ გადაარჩინეს. დაკრძალეს პერ-ლაშეზის სასაფლაოზე. თუმცა, დღეს მისი საფლავი დაკარგულია.

скачать dle 11.3