კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 გიგა კვეტენაძე: მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანი ვატირე, ძალიან მიხარია

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

  გიგა კვეტენაძე ყველაზე განსხვავებული და „ცხარე“ სპორტული გადაცემის – „წიწაკების“, წამყვანია. გიგა ერთადერთია, რომელიც ახერხებს ქართველი სპორტსმენების გამწარებას. მასთან მისული სპორტსმენები ხშირად მეტყველების უნარსაც კარგავენ და ცრემლებსაც ვერ იკავებენ. გადაცემას ხშირად ახლავს კომენტარები: როგორ უძლებს წამყვანი? თვითონ არ მწარდება? ამ საყოველთაო კითხვებს გიგა თავად გასცემს პასუხებს.
  გიგა კვეტენაძე: როგორც ჟურნალისტისთვის, „წიწაკები“ ჩემი პირველი გამოცდილება არ ყოფილა. მანამდე „პოსტივიზე“ ვმუშაობდი და კამერებთან და მიკროფონთან ჩემი პირველი ურთიერთობა იქ შედგა. მანამდე ვთამაშობდი „მანსანკანს“, იგივე „კავეენს“, ვიყავი საორგანიზაციო საკითხებში, ვმართავდი გვერდს. ჩემმა მეგობრებმა ერთად ჩამოაყალიბეს „პოსტივი“, დამირეკეს და მუშაობა შემომთავაზეს. მაშინ უარი ვუთხარი, რადგან უკვე სხვაგან ვმუშაობდი. არც მინდოდა მე და კამერა ერთმანეთთან ახლოს ვყოფილიყავით. ერთ მშვენიერ დღეს კი მომინდა. წავედი, საცდელი ჩავწეროთ-მეთქი და გავედით გარეთ. „რა ღირს თქვენი ტანსაცმელი?“ – ასეთ რაღაცებს ვიღებდი. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ყურებადი პროდუქტი იყო. ახლაც თუ მსგავს რამეს გავაკეთებ, ალბათ, ისიც ყველაზე ყურებადი პროდუქტი იქნება, იმიტომ რომ, ეს ქუჩის გამოკითხვები, ზოგადად, ძალიან სასაცილო გამოდიოდა. მერე საირმეში ვიყავი „მანსანკანის“ ფესტივალზე. იქაც რაღაც სიუჟეტს ვიღებდი. დამირეკეს და მითხრეს: ასეთი იდეა გვაქვს – გვინდა, კონკრეტული გადაცემა გავაკეთოთ და თუ შემოგვიერთდებიო. კი ბატონო, ვნახოთ, რა როგორ გამოვა-მეთქი, შევთანხმდით და ჩამოვედი. შევხვდი კაკის, მითხრა, რომ ეს იქნებოდა „წიწაკები“. მწარესთან პრობლემა ხომ არ გაქვსო? რომ მქონოდა, მაინც ვიტყოდი, რომ არ მაქვს, იმიტომ რომ სპორტი, ლაპარაკი და ჭამა ჩემი სამი საყვარელი საქმეა. სპორტი სულ მიყვარდა, ძალიან ადრე სპორტულ რადიო „ჯაკოში“ ვმუშაობდი, მერე – „ლელოში“, ბლოგებს ვწერდი სპორტზე. ფეხბურთსა და კალათბურთს ინტენსიურად ვუყურებდი და ძალიან გამიხარდა, რომ ეს შემომთავაზეს.
– რომელი გადაცემა გახსენდება განსაკუთრებულად?
– რადგან სპორტიდან ყველაზე მეტად კალათბურთი მიყვარს, სტუმრად მყავდა გიორგი ცინცაძე, რომელმაც თქვა ის, რისი მოსმენაც მე ყველაზე ძალიან მინდოდა. ძალიან გულახდილი კაცია. რამდენჯერაც უნდა ვუყურო კალათბურთს, თუნდაც გიო ცინცაძისა და სხვა კალათბურთელების თამაშს, სულ მგონია, რომ რაღაც სერიოზულ გადაწყვეტილებებზე არის დაფუძნებული. სულ არ არის ასე. გიო მოვიდა, ჯიგარი. წიწაკები ვჭამეთ. ვეკითხები ხორვატიასთან თამაშზე, რომელსაც ვაგებდით: გიორგი ცინცაძეს ბურთი მიაქვს და პასი რატომ არ გააკეთე, მანუჩარ მარკოიშვილი გეხსნებოდა-მეთქი და მიპასუხა: ოო, მაგი ვერ დევინახეო. ყველაზე სასაცილო ისევ კალათბურთიდან იყო. ჩვენ გვაქვს ასეთი წესი – ფრთებს რომ ვჭამთ, ყუთი დევს დაბლა, გვერდზე და იმაში ვყრით ძვლებს. დაახლოებით მეოცე გადაცემა ჩავწერეთ და ამათგან ერთადერთმა ტიპმა ააცილა ეს ფრთის ძვალი. ეს იყო ტოლი ბოისა. ტოლი, ბოდიში, რომ ვამბობ, მაგრამ ყველგან ვიტყვი ამას. გუშინ მითხრა ვიქტორ სანიკიძემ, ცაცია არის და ეტყობა, მაგიტომ ვერ ჩააგდოო. რეზი არველაძის სტუმრობაც ძალიან საინტერესო იყო. რეზი არის ადამიანი, რომლის მოსმენაც არ მოგბეზრდება, რადგან ყველა სფეროზე ისე საუბრობს, როგორც ფეხბურთზე. უნდა დაჯდე და უსმინო, სხვა გზა არ გაქვს. რეზი მოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ და მესამე კითხვის მერე რეზი ასეთ რამეს მეუბნება: ახლა მე უნდა წავიდე ესპანეთში, „რეალისა“ და „ბარსელონას“ თამაშს უნდა ვუყურო და კუჭზე რომ რამე მომივიდეს, პასუხისმგებელი ხომ არავინ არისო. არა-მეთქი, ჰოდა, აქ ვრჩები და „პროსტა“, მომისმინეთო.
– ყველაზე ძალიან ვინ „გაამწარე“?
– გაგიკვირდება და ყველაზე მეტად ლაშა ტალახაძე გამწარდა. მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანი ვატირე და ძალიან მიხარია. პირველი ფრთა გვაქვს ტყემლით, სახლში რომ ტყემლები გვაქვს ბოთლებში შენახული, ისეთი და მაგის ჭამაზეც ძალიან გამწარდა. ლადო ხინჩეგაშვილი გვყავდა სტუმრად და როგორ უნდა გამოიყვანო ფიზიკურადაც და მენტალურადაც ასეთი ძლიერი ადამაიანი ადეკვატურობიდან, ვერ წარმომედგინა. მაგრამ გადაცემაში აღარ შეეძლო. გინება უნდოდა,  ვერ შეიგინა და კბილები მეწვისო. როგორ უნდა აეწვას კბილები. ყველაფერი ეწვოდა და ყველაზე ნაკლებად რაც შეიძლება აგწვოდა, ის თქვა და სიმწარე ასე გამოხატა. ბოლო კითხვაა ხოლმე ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კალიბრის სიმწარეს შეესაბამება. ვეკითხები გიორგი ნემსაძეს და თავი დამანებე ახლაო. კაი-მეთქი და დამთავრდა გადაცემა.
– ყველას აწუხებს კითხვა – არ ცხარდები, როგორ უძლებ?
– ძალიან ცხარეა. აი, ხომ წაიკითხავენ ახლა ინტერვიუს, რასაც წარმოიდგენენ ძალიან მწარედ, იმაზე ოთხჯერ მეტი მწარეა, ან შვიდჯერ, ან ათჯერ. ჩვენი წიწაკა, რომელსაც „კაროლინა“ ჰქვია, ძალიან მწარეა. ამ წიწაკის მთავარი პლუსი არის ის, რომ არ აქვს არომატი, მაგრამ ძალიან ამწარებს. საქართველოში არ იყიდება. ჩაწერა კვირაში ერთხელ გვაქვს, ან ერთ დღეში ორ გადაცემას ვწერთ ზედიზედ. შუალედებში ცხარეს არ ვჭამ, იმიტომ რომ არ მინდა –მთელი კვირის განმავლობაში ეს სიმწარე მყოფნის. ცხარე მიყვარს, მაგრამ მოგატყუებთ, რომ ვთქვა, ძალიან ცხარეს ვჭამდი-მეთქი.
– საწებლებს უცნაური სახელები აქვთ, თქვენ დაარქვით?
– კი. ჩვენ მოვუფიქრეთ. ყველაფერს ჩვენ ვამზადებთ.
– კომენტარებზე რა რეაქცია გაქვს?
– „პოსტივიზე“ რომ ვმუშაობდი, გადაცემას „გიგას სათვალე“ ერქვა. ხან ოპტიკური სათვალე მეკეთა, ხან – მზისგან დამცავი. ვიღაცები წერდნენ: ეს სათვალე რად უნდა ამას? იგივეა, ახლა რომ „წიწაკებზე“ დამიწერონ, რად უნდა წიწაკებიო. კონკრეტული სტრატეგია, ნიშა აქვს გადაცემას. ზამთარში რამდენიმენაირი როლინგი მაქვს, ლურჯი, შავი, წითელი. ორი შავი როლინგი მაქვს და მიწერენ: „მიგეწება ეგ როლინგი“. გავიგე, კარგი ჯიგარი ხარ, რომ ჩემზე ნერვიულობ. ამის შემდეგ სხვა კომენტარები არ იყო საერთოდ გულთან ახლოს მისატანი. „მოკვდები, ძმა“ – მეოცე გადაცემა გადის და ხომ ხედავენ, რომ ცოცხალი ვარ და მაინც რატომ წერენ, რომ მოვკვდები, ან რატომ მოვკვდები. ერთ მშვენიერ დღეს მამაჩემმა დამირეკა, როგორ ხარო. კარგად; მამა, შენ როგორ ხარ-მეთქი. რას შვრები, კუჭი როგორ გაქვს? კარგად, მამა. ღვიძლი? კარგად მაქვს. ნაღველი? კარგად-მეთქი და მპასუხობს: რა გაგაკეთე ასეთი სრულყოფილიო – იამაყა საკუთარი თავით.
– შენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?
– მესამე წელია, შეყვარებული მყავს. ლანა ჩემთან მუშაობს, მაგრამ უფრო მეხმარება, ვიდრე მუშაობს. გულწრფელად უნდა მოვყვე ჩვენი გაცნობის ისტორია. მე არ მიყვარს გურამ შეროზია, არ მიყვარს და რა ვქნა. დარწმუნებული ვარ, არც მას ვუყვარვარ. ვფიქრობ, რომ პოპულისტია. რადგან გურამ შეროზია არ მიყვარს, ეს ვთქვი სოციალურ ქსელში. აღმოჩნდა, რომ ლანასაც არ უყვარს და მანაც დაწერა. ასე მარტივად ვიპოვეთ ერთმანეთი, საერთო ინტერესი გამოგვიჩნდა. დიდი მადლობა გურამ შეროზიას. ახლა მიყვარს, მაშინ არ მიყვარდა. ახლა უნდა მიყვარდეს. უნდა დამეწყო ასე: არ მიყვარდა გურამ შეროზია... უკვე უნდა ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს გურამ შეროზია, რადგან ლანა გამაცნო.

скачать dle 11.3