კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№27 ფარმაცევტული თაღლითობა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #26(965)

– ბატონო გერმანე, ბაბუაძისა და კიკვაძის ტელეფონებს ვუსმენთ. ორივეზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალია დაწესებული და ჯერ მხოლოდ ვაკვირდებით. თუმცა, ვფიქრობ, რომ სულ მალე უფრო აქტიურ მოქმედებაზე გადავალთ, – უთხრა გიგაურმა კალაძეს.
– კარგი, კაპიტანო. გასაგებია. როგორც შევთანხმდით, ხვალ დილით მთავარ ვერსიასა და მოქმედების დაწვრილებით გეგმას წარმომიდგენ. ახლა კი წადი. თავისუფალი ხარ, – თქვა კალაძემ და ზაზა გიგაური კაბინეტიდან გაისტუმრა.
***
  მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ მერკვილაძემ უშიშროებას პირველადი ჩვენება მისცა და ყველა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედება ამის საფუძველზე ტარდებოდა, მასთან კიდევ ბევრი კითხვა არსებობდა. თუმცა, ტყუპისცალის საშინელი მკვლელობისგან მიღებულმა სტრესმა ზურაბი ღრმა შოკში ჩააგდო და მისი აბსოლუტური პარალიზება მოახდინა. და-ძმის გადაწყვეტილებით, ზურაბ მერკვილაძე გიგაურების ბინაში იმყოფებოდა და მას საცოლე – ეთო გიგაური და დედამისი – ქალბატონი ლელა უვლიდნენ. და-ძმა შეთანხმებულები იყვნენ, რომ როგორც კი დეპრესიაში ჩავარდნილი ზურაბი კონტაქტური გახდებოდა, ეთოს ეს ზაზასთვის უნდა ეცნობებინა, რომ კაპიტანი სასიძოს გასაუბრებოდა და საჭირო კითხვები დაესვა. როგორც კი ზაზა კილაძის კაბინეტიდან გამოვიდა, მისმა ტელეფონმა დარეკა.
– გისმენ, დედა, – უპასუხა ზაზამ.
– ზაზა, შვილო, ეთოს ტელეფონი დაუჯდა და მე დამარეკინა შენთან. ზურაბი გამოცოცხლდა. ლაპარაკი დაიწყო და ცოტა ჭამა კიდეც. ეთომ უთხრა, ზაზას უნდა შენთან ლაპარაკიო და დათანხმდა. გცალია, რომ მოხვიდე? – უთხრა ლელა გიგაურმა თავის ვაჟს.
– კი. მოვდივარ და მალე ვიქნები, – თქვა ზაზა გიგაურმა. მობილური ტელეფონი გათიშა და შენობის გასასვლელისკენ გაემართა.
სახლში მისულს ზურაბი სავარძელში მჯდომი დახვდა და სახეზეც ეტყობოდა უკეთესობა. ზაზამ სასიძოს ნაღვლიანად გაუღიმა და უთხრა:
– უკეთესად გამოიყურები, ზურიკო. გაქვს სურვილი, რომ რამდენიმე წუთი დამითმო სასაუბროდ?
– რამდენიც საჭიროა, იმდენი მესაუბრე და რაც გინდა, ის მკითხე. მე მზად ვარ და გისმენ, – მიუგო ზურამ ზაზას და სმენად იქცა. ზაზამ კი თავი დაუქნია და უთხრა:
– დრო არ ითმენს, ზურიკო და გამორიცხული არაა, რომ დიდი უბედურება გველოდება. ამიტომ შენი დახმარებაა საჭირო და ასეთ დროს ამიტომ გაწუხებ.
– ჰო. გამორიცხული არაა, რომ მართლაც დიდი უბედურება გვატყდებოდეს თავს და ამაშიც, ისევე, როგორც ჩემი ზალიკოს სიკვდილში, მე ვიყო დამნაშავე, – თქვა ზურაბ მერკვილაძემ. ამოიხვნეშა და დააყოლა, – თუმცა, ეს ორივე შემთხვევა ერთი ჯაჭვის რგოლებია.
– ზურიკო, მაინც, რას გულისხმობ  მომავალ დიდ უბედურებაში? – შემპარავად ჰკითხა სასიძოს კაპიტანმა.
– იმასვე, რასაც შენ, – მოულოდნელად მიუგო ზურაბმა ზაზას, რითაც კაპიტანი შეცბა:
– შენ რა იცი, მე რას ვფიქრობ?
– ჩემ მიერ შემოტანილ ტაბლეტებს. რა, ასე არაა?
– კი, სწორედ, ასეა, – უფრო კონკრეტულად?
ზურაბს სევდიანად ჩაეცინა და მომავალ ცოლისძმას უთხრა:
– კონკრეტულად კი, ალბათ, იმასვე ფიქრობ, რასაც მე. მგონია, რომ გიუნტერ დიცმა წამლების ნედლეული კი არ შემომატანინა არალეგალურად, ვითომდა, ბაჟი რომ არ გადაეხადათ, არამედ რაღაც საშინელება. ანუ ამ აბების სახით, უცნობი ეპიდემიის გამავრცელებელი საშუალება შემოვიდა, რათა შემდგომ ამ ეპიდემიის გასანეიტრალებელი წამლები შემოიტანონ და მათი გაყიდვით ძალიან დიდი ფული იშოვონ. სწორად გამოვიცანი? ასე ფიქრობ, ხომ?
– კი. სწორედაც რომ ასე ვფიქრობ, – თქვა ზაზა გიგაურმა და დაუმატა, – სწორედ ასეთ ვერსიაზე მიუთითებს დანაშაულის სურათი.  პირველ რიგში, შენ არასასურველი მოწმე ხარ და სწორედ ამიტომ უნდა მოეშორებინეთ შენ და ცხონებული ზალიკო მოკლეს. აქ სხვა ვარიანტი თითქმის გამორიცხულია.
– თითქმის კი არა, აბსოლუტურად გამორიცხულია და ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც შენ ამბობ. სამწუხარო ისაა, რომ მე ვერ მოვახერხე, დიცის ვერაგობა მომეტვინა. ფულს დავხარბდი და ამ ყოველივეს ჩემი ზალიკოს სიცოცხლე შეეწირა.
– მართალი ხარ, ზურიკო და ჩვენი ვალია, რომ ზალიკოს სიკვდილს უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა არ მოჰყვეს. დროზე გავანეიტრალოთ ეს საფრთხე და მთელ მსოფლიოში გავავრცელოთ, რომ ასეთი ვერაგობა სხვაგანაც არ დააპირონ.
– ჩემგან არ გესწავლება, ზაზა, მაგრამ პირველ რიგში, აბების მიმღებ კურიერზე გასვლაა საჭირო და რაც უფრო ჩქარა მოხდება ეს, მით უკეთესია. გამორიცხული არაა, რომ ისიც თავიდან მოიშორონ, როგორც არასასურველი მოწმე.
– კურიერზე უკვე გავედით და მას და მის საყვარელს ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვუთვალთვალებთ, – თქვა ზაზამ.
ამ სიტყვების გაგონებაზე ზურაბს თვალები აენთო. სავარძლიდან წამოხტა და ზაზას უთხრა:
– მართლა, ზაზა?! ესე იგი, ზალიკოს მკვლელი მხედველობის არეში გყავთ? ასპროცენტიანია, რომ ჩემი ზალიკო სწორედ იმ კურიერმა მოკლა.
– კი. სწორედ ასეა და ალბათ, სულ მალე ავიყვანთ კიდეც, – დაუდასტურა ზაზამ ზურაბს.
– ვინაა? მისი სახელი მითხარი! – ანთებული თვალებით შეხედა ზურაბმა.
– რაში გჭირდება? – არ ესიამოვნა ზაზას.
– შენ რომ ჩემს ადგილზე იყო, არ დაინტერესდებოდი? – კითხვა შეუბრუნა ზაზას ზურაბმა.
– კი, ზურიკო, დავინტერესდებოდი და მისი გულის ამოგლეჯვასაც შევეცდებოდი, მაგრამ ახლა ამის გაკეთება არ შეიძლება.
– ვიცი, რომ არ შეიძლება და არც შევეცდები. უბრალოდ, მითხარი.
– გეტყვი, ზურიკო, მაგრამ მისი მოხელთება რომ სცადო,  იცოდე, ყველაფერს ჩაგვიშლი.
– არ შევეცდები, ზალიკოს სულს გეფიცები. მითხარი, – უთხრა ცრემლმორეულმა ზურაბმა ზაზას.
– ვინმე თემურ კიკვაძეა, – თქვა ზაზამ.
– რას წარმოადგენს?
– ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმოს დაცვის უფროსია.
– მისი საყვარელი ვინღაა? შენ წეღან საყვარელი ახსენე.
– ჟანა ბაბუაძე. იმავე საწარმოში მდივნად მუშაობს.
– გასაგებია, – თქვა ზურაბმა და დაამატა, – პერმანენტული თვალთვალით რის მიღწევას ცდილობთ?
– აბების აღმოჩენას, რომ ხელში სამხილები დავიჭიროთ და მათი დაპატიმრების, მხილებისა და გასამართლების მყარი საფუძველი გვქონდეს, – თქვა ზაზამ
– ეს ძალიან რთული საქმეა. თითქმის შეუძლებელი და აბებს რომც მიაკვლიოთ, შეიძლება, მყარი საფუძველი გვქონდეს მაგრამ მათ თითიც კი ვერ დააკაროთ, – თქვა ზურაბმა და დაამატა, – უფრო სწორად კი, მასობრივი ეპიდემიის გამოწვევის მცდელობასა და დიდი ფულის მოგების მიზნით ანტიეპიდემიური წამლის შემოტანაში ვერ ამხილოთ.
– ეგ როგორ? – გაუკვირდა ზაზას და მხრები აიჩეჩა, – თუკი აბებს აღმოვაჩენთ, ფაქტები ხელში არ გვექნება?
– სწორედ რომ. ძაღლის თავი მანდაა დამარხული და ამ აბების აღმოჩენით, იმას ვერ დაამტკიცებთ, რომ მფლობელს ეპიდემია უნდა გამოეწვია და ასე შემდეგ, – თქვა ზურაბმა.
– ჩემთვის ეს გაუგებარია, – თავი გააქნია ზაზამ, – ქიმიური ანალიზი ხომ დაადასტურებს მის დანიშნულებას.
– ქიმიური ანალიზი აჩვენებს მის შემადგენლობას, რის მიხედვითაც ეს აბები შესაძლოა, ყოვლად უწყინარ ნივთიერებებად გამოჩნდეს, რაც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას არანაირ ზიანს არ აყენებას მას. ფარმაცევტი ვარ და ზუსტად ვიცი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ნივთიერებაში და რა დოზით გააზავებ ამ აბებს. ერთი სიტყვით, ეპიდემიის გამოსაწვევად დოზასა და ნივთიერებას აქვს მნიშვნელობა. ხოლო ეს მონაცემები კი, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ  და მხოლოდ იმ ადამიანს ეცოდინება, ვისაც თემურ კიკვაძემ აბები გადასცა და სწორედ ამიტომაა დარტყმის ქვეშ თავად კიკვაძეც. კვალის დაფარვის მიზნით, ის შესაძლოა, ყოველ წუთს გამოასალმონ სიცოცხლეს.
– შენი აზრით, ვინ შეიძლება, ამ აბების მიმღები იყოს?
– ფრიდრიხ დიცი და ამაში თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. მტკიცედ თქვა ზურაბმა.
– ეგ ვინღაა?
– თბილისში მდებარე ერთობლივი ფარმაცევტული საწარმოს დირექტორი. მთავარი ოფისის მენეჯერის, გიუნტერ დიცის უმცროსი ძმა, – თქვა ზურაბმა.
– თუ სწორ ანალიზს ვაკეთებ, სანამ ამ აბებს არ აამოქმედებენ, დამნაშავეებს თითსაც ვერ დავაკარებთ და მათი მხილება ამოქმედების მერეც საკმაოდ რთული იქნება. ასეა?
– კი. თითქმის ასეა, – დაუდასტურა ზურაბმა.
– გამოდის, რომ საშველი არაა და მათი კანონიერად მხილება თითქმის გამორიცხულია?
– ხომ გითხარი, რომ ასეა, რადგან ეს თანამიმდევრული პროცესია, ანუ დანაშაული უნდა ჩაადენინო. იმავდროულად, მთელი ეს პროცესი დააფიქსირო და ასე დაუმტკიცო, მაგრამ ყოველივე ძალიან სახიფათო თამაშია. და, ალბათ, ხვდები, რატომ?
– ალბათ, იმიტომ, რომ დანაშაულის ჩადენა ეპიდემიის გამოწვევაა, რაც უამრავი ადამიანის ჯანმრთელობაზე  აისახება, ოღონდ არ ვიცით, როგორ.
– სწორედაც რომ, ასეა, – თავი დააქნია ზურაბმა და დაამატა, – არ ვიცით, როგორ აისახება და რამდენზე. ამიტომ, გარისკვა არ ღირს და სხვა გზაა მოსაძებნი.
– სხვა გზა ფრიდრიხ დიცის გატაცებაა. უნდა გამოვტეხოთ და პრობლემა ამგვარად გადავწყვიტოთ, – თქვა ზაზამ.
– კი. ალბათ.
– ალბათ კი არა და, სწორედ რომ, ასეა და მე თანახმა ვარ, მაგრამ ყველაფერი კარგად მოსაფიქრებელია და რაც მთავარია, ხელმძღვანელობასთან შესათანხმებელი, – თქვა ზაზა გიგაურმა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ბოლოს სასიძოს წინ გაჩერდა და ჰკითხა:
– რა, არასწორი საქციელია?
– უკანონო, მაგრამ სწორი, – მიუგო ზურაბმა. შემდეგ სინანულით დააყოლა, – ასეა. ღმერთი არ პატიობს უზნეობას და ჩემი ბრალია, რაც მოხდა. მე რომ ოცი ათას დოლარს არ დავხარბებოდი, ზალიკოც ცოცხალი იქნებოდა და არც აბებს შემოიტანდნენ.
ზაზამ თავი დააქნია და სასიძოს უთხრა:
– გეთანხმები, რომ ყველაფერი ღმერთის ნებაა, მაგრამ კატეგორიულად არ გეთანხმები, რომ აბებს ვერ შემოიტანდნენ. სხვას შემოატანინებდნენ და, ალბათ, ვერაფერს გავიგებდით, სანამ ეპიდემია არ იფეთქებდა. შემდეგ კი გვიან იქნებოდა და ვინ იცის, რამდენ ადამიანს შეიწირავდა. სწორედ ღმერთის ნება იყო, ალბათ, რომ მოვლენები ასე განვითარებულიყო და უფალმა ზვარაკად ზალიკო აირჩია. ჩვენი ვალი კი ისაა, აღვკვეთოთ ეს საშინელება, შემდგომ კი სააშკარაოზე გამოვიყვანოთ ეს ნაძირლები და მთელი მსოფლიო გავაფრთხილოთ მოსალოდნელი უბედურების შესახებ. ამიტომ, მე ამისთვის ყველა საშუალებას მივმართავ. მათ შორის, უკანონოსაც, რადგან ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული იმაში, რაც ახლა ვთქვი.
– ანუ, რა კონკრეტულ ნაბიჯს დგამ ახლა? – იკითხა ზურაბმა.
– პირველ რიგში, გერმანე კალაძეს მივაწვდი ინფორმაციას და პოლკოვნიკი რომ თანხმობას მომცემს, ვიმოქმედებ.
– დარწმუნებული ხარ, რომ შენი უფროსისგან ამ თანხმობას მიიღებ?
ზაზა გიგაურმა მხრები აიჩეჩა და თქვა:
– რა თქმა უნდა. უარესი არ იქნება, რომ ეპიდემია გავრცელდეს?
– იცოდე, ყველაფერში გვერდით დაგიდგები და არ დამზოგო. მით უმეტეს, რომ არალეგალური, უკანონო ოპერაცია უნდა ჩაატარო და ჩემნაირი ადამიანი გამოგადგება, – უთხრა ზურაბმა ზაზას, რომელმაც თავი დაუქნია სასიძოს, სწრაფად წამოდგა სავარძლიდან და უხმოდ, ჩქარი ნაბიჯებით დატოვა ბინა.
***
  თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ ზაზა გიგაური უკვე გერმანე კალაძის კაბინეტში იმყოფებოდა და პოლკოვნიკმა მას უთხრა:
– ორი საათის წინ არ დავშორდით ერთმანეთს, რა მოხდა ისეთი, რომ ასე მალე დაბრუნდი?
– დრო არ ითმენს, ბატონო გერმანე. სასწრაფო მოქმედებაა საჭირო, – თქვა ზაზა გიგაურმა.
– დაჯექი და ყველაფერი მომიყევი. გულდასმით გისმენ, – მიუგო პოლკოვნიკმა.
გიგაური დაჯდა და პოლკოვნიკს ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ბოლოს უთხრა:
– არალეგალური ოპერაციაა ჩასატარებელი, რომ ეს საშინელება თავიდან ავიცილოთ.
– ჰო, ურთულესი მდგომარეობაა, – ჩაილაპარაკა პოლკოვნიკმა და გიგაურს ჰკითხა:
– დარწმუნებული ხარ შენს სიტყვებში?
– დიახ, ბატონო პოლკოვნიკო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე დაჟინებით არ გთხოვდით ნებართვას არალეგალური ოპერაციის ჩატარებაზე. მით უმეტეს, ასეთი ბობოლა უცხოელის მიმართ, – მტკიცედ და თავდაჯერებულად მიუგო გიგაურმა კალაძეს.
– რომ ცდებოდე და მაგ ფრიდრიხ დიცს ტყუილად ჩავუტაროთ ძალისმიერი დაკითხვა? – თქვა  პოლკოვნიკმა.
– მაშინ სამსახურიდან გამაგდეთ და დამაპატიმრეთ, – თქვა კაპიტანმა.
– დიდი ვერაფერი შეღავათია, – თავი გააქნია კალაძემ, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ ყოყმანობდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3